USD 2.6071
EUR 2.9911
RUB 3.0972
თბილისი
დავით ჭითანავა - ამერიკაში მცხოვრები ინჟინერი
თარიღი:  1606
თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე გამაჩნდა ინტერესი ტექნიკური საგნების მიმართ და პროფესიის არჩევისას გადავწყვიტე, ჩემი მომავალი ინჟინერიისთვის დამეკავშირებინა. მიმაჩნდა, რომ ეს იყო სფერო, რომელიც ახალგაზრდა პროფესიონალების ნაკლებობას განიცდიდა და ვფიქრობდი, სწორი პროფესიული განვითარების შემთხვევაში, თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების დანერგვით შევძლებდი როგორც დარგის ხელშეწყობას, აგრეთვე ჩემს წარმატებულ პროფესიულ რეალიზებას.
 
ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე და წარჩინებით დავიცავი ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი. შემდგომში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM-ში მომენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, წლის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტის სტატუსით.
 
ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას დავიწყე სამუშაო პრაქტიკა და გავიარე კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი ეტაპები, დაწყებული რიგითი მენეჯერობიდან, დამთავრებული ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელობით ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ სამშენებლო კომპანიაში. მონაწილეობა მივიღე ორმოცდაათზე მეტ მნიშვნელოვან პროექტში. ვხელმძღვანელობდი თბილისის და საქართველოს მასშტაბით არაერთი ხიდის, ესტაკადის, გზის, გვირაბის, პარკის, ისტორიული, კულტურული, კომერციული და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტებს.
 
გამიმართლა, რომ საწყის ეტაპზევე ჩემი პროფესიული ზრდა ისეთი ხელმძღვანელობის პირობებში ხდებოდა, რომლებიც თავად მაძლევდნენ მაგალითს მათი თვითგანვითარებისკენ სწრაფვით და თან ხელს უწყობდნენ ჩემს ყველა საგანმანათლებლო ინიციატივას. ვმონაწილეობდი არაერთ პროფესიულ ღონისძიებაში საზღვარგარეთ და მიღებული ცოდნის ქართველი კოლეგებისთვის გაზიარებას და მიმდინარე პროექტებში დანერგვას ვცდილობდი. პროფესიულ ზრდასთან ერთად მივხვდი, რომ სამშენებლო პროექტების მართვა-მენეჯმენტი იყო ის, რაც მაინტერესებდა და შემდგომში ამ მიმართულებით ვახდენდი ჩემი კვალიფიკაციის ამაღლებას. იმავდროულად, პროფესიულმა განვითარებამ გამიჩინა ამბიცია გავმხდარიყავი გლობალური ინდუსტრიის ნაწილი. შესაბამისად, მოვიძიე Columbia University in the City of New York, რომელსაც მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით ყველაზე გამორჩეული სამაგისტრო პროგრამა აქვს მსოფლიოში. უნივერსიტეტი 2021 წელს წარმატებით დავამთავრე როგორც პირველმა ქართველმა მაგისტრმა ინჟინერიის მიმართულებით.
 
უნივერსიტეტში სალექციო დრო უფრო მეტად ქეისების გარჩევასა და დარგში მოღვაწე წარმატებული სტუმრების ლექციებზეა აწყობილი, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, გარდა სახელმძღვანელო მასალით სწავლისა, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია და დღეში ასეულობით გვერდის კითხვას საჭიროებს, პირადად გაიცნოს ლიდერები, დაუსვას სასურველი შეკითხვა, გაცვალოს კონტაქტები, დამატებით მიიღოს ცოდნა და სასარგებლო ინფორმაცია.
 
უნივერსიტეტის ერთერთი მთავარი საქმიანობა, გარდა ცოდნის გაცემისა, არის კვლევითი საქმიანობა. კოლუმბიის უნივერსიტეტი ამ მიმართულებითაც ძალიან ცნობილი და გამორჩეულია. უნივერსიტეტში ყველაზე წარმატებული პროფესორები ხელმძღვანელობენ უნივერსიტეტთან არსებულ კვლევით ცენტრებს, რომლებიც კვლევითი და სამუშაო პრაქტიკის გავლის მიზნით თანამშრომლობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და კომპანიებთან. სწავლის პარალელურად ამირჩიეს კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული Center for Buildings, Infrastructure and Public Space-ის (CBIPS) მკვლევარად, შემდგომში ასოცირებულ თანამშრომლად და მოგვიანებით უკვე მრჩეველთა საბჭოს წევრად. ცენტრში, სხვადასხვა პროექტებთან ერთად, საშუალება მქონდა ნიუ-იორკის პარკების და რეკრეაციის სამსახურისთვის ერთი წლის მანძილზე მემუშავა კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ნიუ-იორკის წყლისპირა ინფრასტრუქტურის მდგრადობას, რაც ასევე მოიცავდა მათთან სტაჟირებას. პარალელურად გვქონდა არაერთი საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო უწყებებში თუ კერძო კომპანიებში; ვორქშოპები, მათ შორის კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტებთან, რომლებსაც სტუმრად ვეწვიეთ დიდ ბრიტანეთში და ა.შ.
 
სწავლის დამთავრების შემდეგ ვმოღვაწეობ ამერიკულ საინჟინრო კომპანია Gannett Fleming Engineers and Architects-ის ნიუ-იორკის ოფისში, პროექტის მენეჯმენტის გუნდში, პროექტის ინჟინერის პოზიციაზე, სადაც ნიუ-იორკის მერიის საჯარო სააგენტოებს ვუწევთ პროექტის მენეჯმენტს, პროექტირებას და მშენებლობას, რომ მათ განკარგვაში არსებულმა საინჟინრო სისტემებმა მათი საინჟინრო სრულყოფით დააკმაყოფილონ ახალი გარემოს დაცვითი რეგულაციები.
 
ასევე ვმუშაობ ნიუ-იორკში მოღვაწე საკონსულტაციო კომპანიაში Pena-Alcantara Consultants, Inc. როგორც უფროსი ინჟინერი და კონსულტაციებს ვუწევთ კერძო კომპანიებს და ნიუ-იორკის მერიის საჯარო სააგენტოებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.
აგრეთვე ვარ Columbia University CBIPS-ის ბორდის წევრი, სადაც ახალგაზრდა მკვლევარებს ვუწევ მენტორობას და ბორდის სხვა წევრებთან ერთად, რომელიც შედგება დარგის ლიდერებისგან, ვიხილავთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს, გამოწვევებს და სხვადასხვა საკითხებს. ვარ American Society of Civil Engineers, Institute for Sustainable Infrastructure და ორგანიზაციის - Engineers Without Borders-ის წევრი, სადაც მესამე წელია, შერჩეული ვარ საერთაშორისო სტუდენტური საინჟინრო კონკურსის ნამუშევრების შემფასებლად.
 
აშშ-ში ინჟინრად მუშაობა ერთის მხრივ გეხმარება შეძლებისდაგვარად დაიცვა ცხოვრების ბალანსი, მაგრამ ამასთან მოითხოვს არაერთი პროფესიული სერთიფიკატის და ლიცენზიის ფლობას, რაც საკმაო დროს, ენერგიას და რესურს მოითხოვს. წარმატებული კარიერისთვის საჭიროა ყოველდღიური სწრაფვა, ინიციატივები, და პროაქტიული მიდგომა საქმის მიმართ. მშენებლობა, ისევე როგორც სხვა დარგები, მუდმივად განვითარების პროცესშია და თანამედროვე ტექნოლოგიების და სიახლეების ცოდნა კარიერული წარმატების ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
ვთვლი ჩემი საბოლოო მიზანი მაინც არის ის, რომ აშშ-ში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ისევ საქართველოს მოხმარდეს. აშშ-ში ყოფნისას თუ თბილისში ჩასვლისას სიამოვნებით ვერთვები გარკვეულ აქტივობებში, პროფესიულ კონსულტაციებში, თუ სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებული რჩევების მიცემაში სტუდენტებისთვის. გასულ წელს, ილიას უნივერსიტეტის და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიწვევით, მქონდა პატივი, წამეკითხა საჯარო ონლაინ ლექცია მწვანე შენობებზე და მწვანე ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ჯერ კიდევ სიახლედ რჩება საქართველოსთვის.
 
მივმართავ სტუდენტებს, უმაღლეს სასწავლებლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ ნებისმიერი კითხვის ან საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდნენ. მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუკი ჩემი გამოცდილების გაზიარების საშუალება მომეცემა მათთვის. მომავალ სტუდენტებს ვურჩევ უნივერსიტეტის არჩევისას ყურადღება გაამახვილონ როგორც უნივერსიტეტის და პროგრამის რეიტინგზე, ასევე იმ აქტივობებზე, რაც სასწავლო პროგრამის პარალელურად ხდება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ასეთი აქტივობები არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლის პროცესზე და პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად შესანიშნავ სანაცნობო წრეს ქმნის შემდგომი დასაქმებისთვის. დამწყებ ინჟინრებს კი ვურჩევ, რომ დაისახონ მიზნები, იარონ მისკენ და აუცილებლად მიაღწევენ მას. ამ გზაზე ხშირად ექნებათ უსამართლობის განცდა, იქნება წინსვლაც და გარკვეული წარუმატებლობაც. თუმცა, თუკი იქნებიან მიზანდასახული, მონდომებული, და დაიცავენ პროფესიულ ეთიკას, აუცილებლად მიაღწევენ საწადელს.
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის