საფრანგეთში დავიბადე. პირველი პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავალი ვარ. ბებიამ და ბაბუამ სამშობლო 1921 წელს დატოვეს, როდესაც რუსეთის არმია შემოიჭრა. 100%-ით ქართულ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი 3 წლის იყო, როდესაც მშობლებმა წამოიყვანეს, დედა აქ დაიბადა.
პირველად საქართველოში 2001 წელს ჩავედი. მას შემდეგ მჭიდრო კონტაქტი მაქვს სამშობლოსთან. მქონდა ბედნიერება ჩემი ქანდაკებების საქართველოში გამოფენის. ხელოვნება ყოველთვის მიზიდავდა, ხშირად ვსტუმრობდი მუზეუმებსა და გამოფენებს. სკულპტურა ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა და მიყვარდა, მაგრამ არ მეგონა, მე თუ შევძლებდი და გავაკეთებდი.
სკულპტურაზე მუშაობა საკმაოდ გვიან დავიწყე, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემს უმცროს შვილთან ერთად სახელოსნოში ჩავეწერე და თიხაზე მუშაობისას მივხვდი, რომ დიდ ემოციას ვიღებდი. ეს ვნება უკვე 25 წელია გრძელდება. ვქმნი როგორც პერსონაჟებს, ასევე ცხოველებს. ვცდილობ, ყოველთვის განსხვავებული ხედვა მქონდეს და შევქმნა ინდივიდუალური და გამორჩეული ნამუშევრები, რომელთაც ასლი არ ექნებათ. ჩემს ქანდაკებებს თავიანთი სტილი აქვთ. ხშირად ვეძებ საკითხებს, მოძრაობას, ხაზს, ელეგანტურობას, სიძლიერეს, მაშინაც კი, თუ ეს დეფორმაციას ნიშნავს… ვფიქრობ, რომ ჩემს ყველა ნამუშევარს ჩემი ქართული წარმოშობა ეტყობა. ეს იქნება თემების (ქეიფი, მოცეკვავეები), ფორმების (ნაბადი), აგებულების თუ სახეების მიხედვით.
ჩემი წარმოშობა და ორმაგი კულტურა ჩემს ნამუშევრებს ორიგინალურობას ანიჭებს. საერთოდ მე თიხაზე და თაბაშირზე ვმუშაობ. შემდეგ ბრინჯაოში ვაკეთებ იმ ფიგურებს, რაც მიმაჩნია, რომ საუკეთესო გამოვიდა.
შთაგონება ზოგადად პრეტენზიულია. როდესაც ქანდაკებაზე ვიწყებ მუშაობას, წინასწარ არ მაქვს კონკრეტული მიმართულება არჩეული , ყველაფერი პროცესში მოდის. ვაძლევ თავს უფლებას, რომ მივყვე ჩემს ხელებს და მასალას. ზოგჯერ( არა ყოველთვის) სასწაულიც ხდება და ჩნდება ფიგურა, რომელსაც მხოლოდ საბოლოო სახის მიცემა სჭირდება. კიდევ და კიდევ უნდა სცადო, ჯილდოდ კი სიამოვნებას იღებ, რადგან შენ შეგიძლია, ეს ყველაფერი შენი ხელებით შექმნა. ეს ის სიამოვნებაა, რომელსაც არაფერი შეედრება.