USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური ისტორია – 32 წელი რიცხვებში
Date:  2130

დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ამ სტატიაში დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკურ ისტორიას მიმოვიხილავთ, თუ რა გზა განვლო ქვეყანამ 1991 წლიდან დღემდე.

თანამედროვე საქართველოს ეკონომიკა რამდენიმე ისტორიულ ეპოქას მოიცავს, რომელიც, ძირითადად, სამთავრობო ცვლილებებთანაა დაკავშირებული. სანამ უშუალოდ ეკონომიკაზე გადავიდოდეთ, ისტორიული კონტექსტი უნდა მიმოვიხილოთ.

არსებობის ბოლო წლებში საბჭოთა კავშირი უმძიმესი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე იყო. გეგმური ეკონომიკის კრახი თვალსაჩინო იყო ფაქტობრივად ყველა სექტორში, ინფლაციის მაჩვენებელი 1,000%-ს აჭარბებდა, მიწოდების ჯაჭვები კი ფაქტობრივად პარალიზებული იყო. ამ ყველაფერს ამშვენებდა სისტემური კორუფცია და ქრონიკული ნეპოტიზმი, რომელსაც ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორი ჰქონდა მოცული. ამ პერიოდში განსაკუთრებით ხშირი იყო გაფიცვები, სასურსათო დეფიციტები და ტალონები.

1991 წლის დეკემბერში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და წარუმატებელი ეკონომიკური ექსპერიმენტი საბოლოოდ დასრულდა. კრემლის თავზე საბჭოთა კავშირის დროშა საბოლოოდ დაეშვა, მის ადგილას კი რუსეთის ფედერაციის დროშა აღიმართა, ამ ცერემონიით კი საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველო საშუალოდ განვითარებული სახელმწიფო იყო, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით სსრკ-ში მე-8 ადგილს იკავებდა. მისი ეკონომიკის მოცულობა 8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ამით ის ლატვიას და ესტონეთსაც კი უსწრებდა. დღეის მდგომარეობით, ლატვიას საქართველოზე თითქმის ორჯერ უფრო დიდი ეკონომიკა აქვს.

საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, კერძოდ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც მოსახლეობას ერთ საპასუხისმგებლო შეკითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა?“. რა არჩევანი გააკეთა ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ, ეს ისედაც ყველამ კარგად ვიცით.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას არაერთი გამოწვევა ახლდა თან, მათი უმეტესობა კი საბჭოთა მემკვიდრეობასთან იყო დაკავშირებული. გეგმური ეკონომიკის პირობებში, ქვეყანას ფაქტობრივად სრულად ჰქონდა დაკარგული დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარი, ერთადერთი ინდუსტრია, რომელსაც პროდუქციის შექმნის უნარი ისევ შესწევდა სოფლის მეურნეობა იყო.

სამოქალაქო ომის, არეულობისა და პარალიზებული ეკონომიკის ფონზე, 1991 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 21%-ით შემცირდა, ამით კი დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ყველაზე მძიმე პერიოდი დაიწყო.

ამ დროისათვის ჩრდილოვანი, ანუ არადეკლარირებული ეკონომიკის წილით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა, ინფლაციის დონე კი სწრაფი ტემპით იზრდებოდა.

1992 წლისათვის საქართველოს არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსი აქვს; მთავრობამ ოფიციალურად დაკარგა კონტროლი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე, 400 ათასამდე პირი კი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

სწორედ ამ წელს თბილისში ჩამოდის საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც დემოკრატიის დასაცავად ხელში ავტომატის აღებისათვის ინტელიგენციას მადლობას უხდის.

1992 წელს საქართველომ ერთდროულად დაამყარა რამდენიმე ანტირეკორდი, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 44 პროცენტით შემცირდა, ინფლაციამ კი ოთხნიშნა ნიშნულს გადააჭარბა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდეგ, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო იყო, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 550 დოლარს შეადგენდა, ამ მაჩვენებლით საქართველოს კონგოს და მოზამბიკის მსგავსი შედეგი ჰქონდა.

1993 წელს ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდა. რუსეთის ინიციატივით შექმნილ დსთ-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო, მოსკოვმა თბილისს კუთვნილი მანეთების მიცემა შეუწყვიტა. ამან კი ეროვნული ბანკის რეზერვების ამოწურვა გამოიწვია, ქვეყანაში ფული ფაქტობრივად გაქრა. საქართველოში ახალი ფულადი ერთეულის და მონეტარული სისტემის შექმნა გახდა საჭირო. ლარის სრულად შემოღებამდე მთავრობა გარდამავალი, დროებითი ვალუტის შექმნაზე შეთანხმდა, ეს ვალუტა კი ყველასათვის კარგად ცნობილი კუპონი იყო, რომელიც კარგი რეპუტაციით ნამდვილად არ გამოირჩეოდა.

კორუფციაში ჩაფლულმა ეროვნულმა ბანკმა კუპონის უკონტროლოდ ბეჭდვა დაიწყო, ეკონომიკაში კი ფულის მასა კატასტროფული ტემპით გაიზარდა. გარდა ამისა, ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს პირდაპირ ეროვნული ბანკიდან გამოჰქონდათ ულიმიტო მოცულობის კრედიტები. კიდევ ერთი საინტერესო პრაქტიკა სავალუტო სპეკულაციას უკავშირდებოდა, ეროვნული ბანკიდან გამოტანილ კუპონს ტრეიდერები იმ დღესვე ცვლიდნენ ამერიკულ დოლარზე, შემდეგ უკვე გაუფასურებულ ვალუტას ისევ უკან უბრუნებდნენ ეროვნულ ბანკს.

ფულის მასის უკონტროლო ზრდამ და კუპონების ჰაერიდან ბეჭდვამ ქვეყანაში რეკორდული ინფლაცია გამოიწვია, 1993 წელს კი ინფლაციის დონემ 15 ათას პროცენტს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ფაქტობრივად საათობრივად ძვირდებოდა. 1994 წლისთვის ინფლაცია 6,000 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა ის მსოფლიოში მაინც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

საერთო ჯამში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1994 წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 68%-ით შემცირდა. შედარებისთვის გეტყვით, რომ მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, გერმანიის ეკონომიკა დაახლოებით 60%-ით შემცირდა, ანუ 1995 წლისთვის საქართველო იმაზე უარეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ომში გაპარტახებული გერმანიის ეკონომიკა.
არონია:

1995 წელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ფისკალური წელია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა არ შემცირდა და პირიქით, 2.6 პროცენტით გაიზარდა. სწორედ ამ წელს მიმოქცევაში ჩაეშვა ახალი ეროვნული ვალუტა - ქართული ლარი, ამოქმედდა ახალი სტანდარტის მონეტარული პოლიტიკა და პირველად დამტკიცდა სრული სახელმწიფო ბიუჯეტი.

სამოქალაქო ომის დასრულებამ, ახალი მონეტარული სისტემის ამოქმედებამ და ცენტრალიზებული ხელისუფლების ჩამოყალიბებამ ქვეყანას განვითარების საშუალება მისცა. 1996-97 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 10 პროცენტით იზრდებოდა, ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა. ამ პერიოდში ინფლაციის დონე 57%-მდე შემცირდა, რაც ქართული სტანდარტებით დაბალი მაჩვენებელი იყო.

1998 წელს აზიის ფინანსური კრიზისი დაიწყო, რომელმაც განსაკუთრებით დააზარალა რეგიონის ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც, რომელის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. ამ პერიოდში რუსეთს ობლიგაციებზე დეფოლტის გამოცხადებაც მოუწია. რეგიონში გაუარესებული ვითარების ფონზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა და 1998 წლიდან 2000 წლამდე საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 2.5% შეადგინა. ამ პერიოდში მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტაც, ინფლაციის დონე კი 11%-მდე გაიზარდა.

2001 წლიდან საქართველო ეკონომიკური ზრდის ტრაექტორიას დაუბრუნდა და 2003 წლამდე არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის დაწყება გახდა შესაძლებელი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი იყო, რომელიც დღემდე რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტად.

2003 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდ ლარს გადასცდა. გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკა 11.2%-ით გაიზარდა.

მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, ქვეყანაში კვლავ აქტუალური იყო კრიმინალის, კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემა. გარდა ამისა, რეგიონები და სოფლები ფაქტობრივად არ ვითარდებოდა; ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება კი არასტაბილური იყო, რაც ქარხნებისა თუ საწარმოების ოპერირებას შეუძლებელს ხდიდა.

2003 წლის ნოემბრისათვის საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური და სოციალური პროტესტი ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო, ქვეყანა კი ცვლილებებს მოითხოვდა. მასშტაბური გამოსვლებისა და საპროტესტო აქციების კულმინაცია კი 23 ნოემბერი იყო, როდესაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.

ვარდების რევოლუციას საქართველოს ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ეკონომიკური ზრდა მოჰყვა. ამ პერიოდში ქვეყანაში არაერთი რადიკალური რეფორმა გატარდა და მნიშვნელოვნად შემცირდა კრიმინალისა და კორუფციის დონე.

კახა ბენდუქიძის თაოსნობით გაუქმდა ასზე მეტი სახელმწიფო გადასახადი და რეგულაცია, ბიზნესის კეთება მნიშვნელოვნად გამარტივდა, ეს ყველაფერი კი საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა. უმოკლეს პერიოდში საქართველო ბიზნესის დაწყების კუთხით მოწინავე სახელმწიფოების სიაში აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა კი ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი.

მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ეკონომიკური ბუმისა და ადგილობრივი რეფორმების ფონზე, 2003 წელს საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. 2004 წელს ზრდა 5.8% იყო. 2005 და 2006 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის მატების საშუალო მაჩვენებელი 9.5% შეადგინა, 2007 წელს კი დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში რეკორდული, 12.6%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამ პერიოდში მკვეთრად იკლო უმუშევრობის დონემაც, ქვეყნის მასშტაბით კი არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 2007 წელს ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელი იყო.

2008 წელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია, ამ დროს მსოფლიოში ფინანსური კრიზისი დაიწყო, აგვისტოში კი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში აღმოჩნდა.

2008 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2.4%-მდე შენელდა, 2009 წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტი 3.6%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ წელს საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს 4 მილიარდი დოლარის დახმარება და შეღავათიანი კრედიტები გამოუყო. მიუხედავად ამ დახმარებისა, ომგამოვლილ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა 58%-ით შემცირდა, ექსპორტის მოცულობა კი 24%-ით დაეცა.

2010 წლიდან საქართველო ისევ დაუბრუნდა ეკონომიკური აღმასვლის ტრაექტორიას და ამ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 6.2%-ით გაიზარდა. პარალელურად, იმატა უცხოური ინვესტიციების მოცულობამაც, მაგრამ უმუშევრობის დონე 27%-მდე გაიზარდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ამ დროს ინფლაცია 8.5%-ის ფარგლებში იყო, რასაც თან ერთოდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაც.

2011-12 წლებში ეკონომიკის მოცულობა საშუალოდ 7%-ით იმატებდა. ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა უცხოური დახმარებები და კრედიტები. ამ პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი საკმაოდ მაღალი იყო, მთავრობა დეფიციტური ხარჯვით ეკონომიკური ზრდის ტემპს ამაღლებდა. შედეგად, სახელმწიფო ვალი 9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ამ დროს უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ექსპორტის მოცულობა წლიურად 29%-ით იმატებდა. ძირითადი სექტორებიდან ყველაზე მაღალი ტემპით მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო საქმიანობა, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესი იზრდებოდა. ამ დროს შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორი.

2013 წლიდან საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც ხელისუფლების ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ახალმა მმართველმა გუნდმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, შეჩერდა არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, ამის გამო მშენებლობის სექტორის მოცულობა ერთ წელიწადში 10%-ით შემცირდა.

გაურკვევლობის პირველ წელს თან დაერთო პოპულისტური სენტიმენტებიც, მთავრობამ ხვნა-თესვის ვაუჩერების დარიგება დაიწყო, რის ხარჯზეც სოფლის მეურნეობის სექტორი 11%-ით გაიზარდა. მართალია, სოფლის მეურნეობის განვითარებაში ცუდი არაფერია, თუმცა ამ სექტორის განვითარება ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

მემარცხენე-ცენტრისტული ეკონომიკური რეფორმების გატარების გამო, საქართველოს განვითარების ტემპი შენელდა. 2013 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 3.6% შეადგინა, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 4.4% იყო, 2015-ში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დონე 3%-მდე შენელდა, 2016 წელს კი ზრდის ტემპი 2.9%-მდე დაეცა.

ამ პერიოდის განმავლობაში უცხოური ინვესტიციების საშუალო მოცულობა 1.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში იყო.

ინფლაცია საშუალოდ 3.7%-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური პოლიტიკით იყო განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ 2013-დან 2016 წლამდე მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რაც შემცირებული საგარეო შემოსავლებით იყო განპირობებული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დღემდე რჩება ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, მსხვილი კომპანიები და საერთაშორისო ინვესტორები მაინც თავს იკავებენ ქვეყანაში თანხის დაბანდებისგან, რაც არასანდო სასამართლო სისტემით და კორუფციითაა განპირობებული.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა.

2017-დან 2019 წლამდე საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4.9%-ით იზრდებოდა, რაც წინა წლებთან შედარებით ნამდვილად უკეთესი შედეგი იყო.

საქართველოს ინერციული ზრდა 2020 წელს დასრულდა, როდესაც მსოფლიოში პანდემიამ დაისადგურა. ამ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რაც ლოკდაუნებითა და კოვიდრეგულაციებით იყო განპირობებული. ამ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ინფლაციის დონეც, რომელმაც 10%-იან ნიშნულს გადააჭარბა.

2021 წელი ეკონომიკის აღდგენის პერიოდია, ამ დროს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელმა 10.5%-ს მიაღწია, რაც უმეტესწილად საბაზო ეფექტით, ანუ წინა წელს დაფიქსირებული ნეგატიური შედეგით იყო განპირობებული. 2021 წელი საქართველოს ისტორიაში მაღალი ინფლაციითა და უჩვეულოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკით იყო გამორჩეული. ეს ტენდენციები გაგრძელდა 2022 წელსაც, როდესაც ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ძირითადად 11%-ს შეადგენდა, ინფლაცია კი ისევ ორნიშნა ნიშნულზე რჩებოდა.

გარდა ამისა, 2022 წელი კიდევ ერთი ფაქტორითაა გამორჩეული. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ფონზე, ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა რუსი მიგრანტების ნაკადი, რამაც უძრავი ქონების რეკორდულად გაძვირებას, სამომხმარებლო ფასების ზრდას და ტურისტული შემოსავლების მატებას შეუწყო ხელი. საბოლოო ჯამში, 2022 წელი 10.1%-იანი ეკონომიკური ზრდით დაიხურა, რისი განმაპირობებელი მთავარი მიზეზიც სწორედ მიგრაციული ტალღა იყო.

გასულ წელს საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა მიიღო და მთავრობას ევროკავშირის მხრიდან 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც განესაზღვრა, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინაპირობად დასახელდა.

გასული 30 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად არაერთგვაროვნად იზრდებოდა, ქვეყანას ჰქონდა როგორც აღმავლობის, აგრეთვე მკვეთრი დაღმასვლის პერიოდები.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოთხი ძირითად პერიოდი შეგვიძლია გამოვყოთ, პირველია 1991 წლიდან 95 წლამდე პერიოდი, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ჯამში 68%-ით შემცირდა.

ამის შემდეგ მოდის სამი ძირითადი ეპოქა: 1995 წლიდან 2003 წლამდე საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 10.9 მილიარდი ლარიდან 17.8 მილიარდამდე გაიზარდა, რაც მატების 63%-იანი მაჩვენებელია

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ანუ 2004 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 17.8 მილიარდიდან 30.4 მილიარდამდე მოიმატა, რაც ზრდის 70%-იანი მაჩვენებელია.

მოქმედი ხელისუფლების პერიოდში, ანუ 2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოს ეკონომიკის მოცულობა 30.4 მილიარდი ლარიდან 45.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც მატების 45%-იანი მაჩვენებელია.

თუკი ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებლით შევაფასებთ, „ქართულ ოცნებას“ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.

მიუხედავად ყველაფრისა, ისტორია ცხადყოფს, რომ ქართველ ერს ყველანაირ გამოწვევასთან და სირთულესთან შეუძლია გამკლავება, მომავალი კი - ნამდვილად ჩვენია!

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way