USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ჩვენ რეგიონში სიტუაცია შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს, რამაც საქართველოს გზაგამტარის ფუნქცია შეამციროს - გიორგი კობერიძე
Date:  429
ჩვენ რეგიონში და მომიჯნავედ სიტუაცია მალე შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს, რამაც საქართველოს გზაგამტარის ფუნქცია შეამციროს.
ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია სახელად ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) განიარაღებას აანონსებს. თუკი ეს პროცესი წარმატებით განხორციელდა აღმოსავლეთ ანატოლია ბევრად უსაფრთხო გახდება. ეს კი მათ შორის იმ ტერიტორიებსაც მოიცავს, რომელიც სომხეთს ესაზღვრება.
 
იმ ფონზე, რომ თურქეთი სომხეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაც გრძელდება, სრულიად შესაძლებელია მივიღოთ აზია-ევროპის დამაკავშირებელი ახალი ალტერნატიული დერეფანი: აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთის გავლით.
 
წლების განმავლობაში ყარაბაღის საკითხი, ქურთული საფრთხე ანატოლიაში და მოუწყობელი ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანი-სომხეთის სასაზღვრო სივრცეში, საქართველოს უალტერნატივოდ აქცევდა. ახლა კი შესაძლებელია ეს ტენდენცია შეიცვალოს: ყარაბაღის საკითხი მეტწილად გადაწყვეტილია, ტრანზიტული ინფრასტრუქტურა და გზების დიდი ნაწილი აზერბაიჯანმა უკვე მოაწყო, ხოლო ქურთული ტერორიზმის საფრთხე ქრება. ცხადია აღმოსავლეთ ანატოლიის რელიეფი რთულია, ისევე როგორც სამხრეთ სომხეთის - სიუნიქის პროვინციის - მაგრამ ნებისმიერი რელიეფი დამუშავებადია.
 
რა თქმა უნდა ამ ყველაფერს რამდენიმე ხელის შემშლელი ფაქტორიც შეიძლება ჰქონდეს:
1. რუსეთს სომხეთის დაკარგვა არ აძლევს ხელს. ეკონომიკურად მისი მიბმა თურქეთზე რუსეთის გავლენის ყველა ვარიანტში შემცირებას მოასწავებს. შესაბამისად, რუსეთი შეეცდება ხელი შეუშალოს ამ ამბავს;
2. აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც საბოლოო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ერთსულოვნება ნამდვილად არ არსებობს, შესაბამისად საშინაო პოლიტიკური ვითარებასა და საგარეო წნეხზე კვლავ ბევრი რამაა დამოკიდებული;
3. ქურთისტანის მუშათა პარტიაც რამდენად ბოლომდე მიიყვანს განიარაღების პროცესს საკითხავია.
 
ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს წინაშე სამომავლოდ შესაძლებლობაც შეიძლება გაჩნდეს და გამოწვევაც: ზოგადად, რეგიონი რაც უფრო მშვიდი იქნება მით უფრო კარგია ეს ჩვენთვის და მით უფრო დაკარგავს ბერკეტს საგარეო მეტოქე და მით უფრო საინტერესო იქნება ეკონომიკურად სამხრეთ კავკასია. მაგრამ სერიოზული გამოწვევაც იქნება ეს ყველაფერი, რადგან საქართველოს უალტერნატივო შუა დერეფანს სერიოზული ალტერნატივა შეიძლება გაუჩნდეს. ეს ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს, მით უფრო ჩვენი საზღვაო გასასვლელის ფონზე (თუმცა ღრმაწყლოვანი პორტები გვჭირდება), მაგრამ გამოწვევა ნამდვილად იარსებებს.
 
იმისათვის რომ საქართველომ პოზიციები არ დაკარგოს რაც შეიძლება მეტი მოკავშირისა და პარტნიორის ყოლაა საჭირო, საზღვაო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარებაა მნიშვნელოვანი და საგარეო საფრთხეების შემცირებაა პრიორიტეტული. ეს ყველაფერი კი რუსეთის სასარგებლო კურსით ნამდვილად არ მიიღწევა, რადგან რუსეთს სწორედ დასუსტებული საქართველოს ხილვა და შუა დერეფნის კონტროლი სურს. ხოლო თუკი აღარც იდეოლოგიურად და აღარც მოკავშირეობრივად იქნება საქართველო დასავლეთთან დაკავშირებული, ხოლო ეკონომიკურად სომხეთზე ალტერნატივა გაჩნდება, მაშინ დასავლეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური მხარდაჭერა ძველებურად ძლიერი აღარ იქნება. საფიქრალია ეს ყველაფერი.
tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way