USD 2.7408
EUR 2.9623
RUB 2.8179
Tbilisi
ჩრდილოეთ კორეა 10 ათას სამხედროს გზავნის უკრაინის წინააღმდეგ ომში
Date:  784
გლობალური უსაფრთხოების სურათი მძიმდება და უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალი მოთამაშე ჩნდება - ჩრდილოეთ კორეა 10 ათას სამხედროს გზავნის უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათი დიდი ნაწილი ბურიატების დაჯგუფებასთან ერთად იბრძოლებს. ამ პროცესში ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რეალურ საბრძოლო გამოცდილებას მიიღებენ, რისი გამოყენებაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში შეეძლებათ და საკუთარ ქვეყანაში ინსტრუქტორებადაც გადაიქცევიან. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის სანაცვლოდ ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ დახმარებასაც გაუწევს.
 
ამ ყველაფერს თავისი პოლიტიკური განზომილებაც აქვს: როგორი იქნება დასავლეთის პასუხი? ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა ევროპის კონტინენტზე წარმოებულ ომში მასშტაბებს კიდევ უფრო იზრდება და ძალიან საშიშ ფაზაში შედის - გამოდის რომ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებითა და ჩინეთის მდუმარე თანხმობით, რუსეთი ევროპის კონტინენტზე დაპყრობით ომს აწარმოებს. ეს კი ძალიან მძიმე პრეცედენტია და მთელს დასავლეთს (ისევე როგორც ჩვენ) უქმნის საფრთხეს.
 
აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს ინტერესი ამ აგრესიული ღერძის მარცხი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში როგორც ჩვენთვის ისე მრავალი პატარა თუ საშუალო ზომის სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალური საფრთხე დგება და რეალისტური ხდება. ნებისმიერი მხარდაჭერა რუსეთისადმი კი გარდა პოლიტიკური სუიციდისა, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მხარდაჭერასაც გულისხმობს. როგორი სახელმწიფოა ირანი და ჩრდილოეთ კორეა და მათი მოკავშირეები ალბათ ბევრ ახსნას არ საჭიროებს.
analytics
«The Conversation» (ავსტრალია): „ხრუშჩოვის დამხობა: 60 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში მომხდარი „ყველაზე დემოკრატიული გადატრიალებიდან“

„ნიკიტა ხრუშჩოვის დამხობის დროიდან 60 წელი გავიდა. იგი საბჭოთა ისტორიაში რეფორმატორის სახელით შევიდა, რომელიც სტალინური რეჟიმის შედეგების შემსუბუქებას ცდილობდა. ბევრი თვლის, რომ სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვის რეფორმებმა და დემოკრატიისაკენ სწრაფვამ შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესს“, - ნათქვამია ავსტრალიური ჟურნალის „კონვერსეიშენის“ (The Conversation) ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ხრუშჩოვის დამხობა: 60 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში მომხდარი „ყველაზე დემოკრატიული გადატრიალებიდან“ (ავტორი - თომას სნიგონი - შვედეთის ლუნდსის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნიკიტა ხრუშჩოვის გათავისუფლება სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნისა და სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტებიდან 1964 წლის ოქტომბერში ჭეშმარიტად უპრეცედენტო მოვლენა იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ამ მოვლენას ხშირად „მცირე ოქტომბრის რევოლუციასაც“ უწოდებენ.

ოპოზიციამ ბელადი უსისხლოდ დაამხო. დაკარგა რა ძალაუფლება, ნიკიტა ხრუშჩოვი საპყრობილეში არ წაუყვანიათ და მისთვის პატიმრობა არ მიუსჯიათ. იგი არ ჰგავს თავის წინამორბედებს - ვლადიმერ ლენინი და იოსებ სტალინი, ლეონიდ ბრეჟნევი, იური ანდროპოვი და კონსტანტინე ჩერნენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალნენ, ნიკიტა ხრუშჩოვი კი დამსახურებულ საპატიო პენსიაზე გაუშვეს და დამხობიდან კიდევ შვიდი წელი იცოცხლა.

ბოლო საბჭოთა ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის ეპოქისაგან განსხვავებით, საბჭოთა კავშირი არ დაშლილა, როცა ნიკიტა ხრუშჩოვს ხელისუფლებიდან წასვლა მოუწია. 

იგი საბჭოთა იმპერიის მწვერვალზე იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა, 1953 წელს. მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა 1957 წელს, როცა კინაღამ დაამხეს: ნიკიტა სერგის ძის წინააღმდეგ იოსებ სტალინის თანამებრძოლები და მისი უახლოესი ამხანაგები გამოვიდნენ - ვიაჩესლავ მოლოტოვი და გიორგი მალენკოვი. მათ პარტიის უმაღლეს ორგანოში - პრეზიდიუმში - უმრავლესობა ჰქონდათ... მაგრამ იმ დროს ნიკიტა ხრუშჩოვი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკა) საერთო პოზიციამ, სამხედრო სარდლობამ და საიდუმლო საბჭოთა პოლიციამ - „კაგებემ“ გადაარჩინა.

შვიდი წლის შემდეგ კი, 1964 წლის ოქტომბერში, საბჭოთა ლიდერი მის მიერვე დაწინაურებულმა კადრებმა მოიშორეს. მათგან ყველაზე უფროსი იყო ლეონიდ ბრეჟნევი, რომელმაც ცეკას პირველი მდივნის გათავისუფლებული ადგილი დაიკავა (რომელსაც შემდგომ სახელი შეუცვალეს და გენერალური მდივანი უწოდეს - ისე როგორც იოსებ სტალინის პერიოდში იყო). ხრუშჩოვის დამხობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვლადიმერ სემიჩასტნიმ, რომელიც „კაგებეს“ მე-9 სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მის მოვალეობას არამარტო სახელმწიფო უმაღლესი ჩინოვნიკების დაცვა შეადგენდა, არამედ მათ მუდმივად თვალის დევნებაც.

სხვათა შორის, ვლადიმერ სემიჩასტნიმ არამარტო იცოდა ნიკიტა ხრუშჩოვის წინააღმდეგ მიმართული გადატრიალების შესახებ, არამედ თვითონაც მონაწილეობდა. მას რომ თავისი მოვალეობა ზუსტად შეესრულებინა და დროულად ეცნობებინა ლიდერისათვის შეთქმულების თაობაზე, „სასახლის გადატრიალება“ არ მოხდებოდა.

თავის მემუარებში ვლადიმერ სემიჩასტნი მოგვიანებით იხსენებდა, რომ ლეონიდ ბრეჟნევს თითქოს უთქვამს, რომ ხრუჩშოვი ფიზიკურად უნდა განადგურდესო, თუმცა ეს სცენარი არ განხორციელებულა. გადატრიალება არაძალადობრივად განხორციელდა.

ლიდერი - რეფორმატორი

ნიკიტა ხრუშჩოვი ისტორია რეფორმატორის სახელით შევიდა, რომელმაც საბჭოთა კომუნისტური წყობა უფრო ჰუმანური გახადა. მან გააკრიტიკა იოსებ სტალინი ძალაუფლების ბოროტად სარგებლობის გამო, თუმცა მოგვიანებით თვითონ მოაქცია მთელი ძალაუფლება თავის ხელში.

ნიკიტა ხრუშჩოვმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები იმ დროს შეწყვიტა, როცა დაინახა, რომ ცვლილებები კომუნისტური ხელისუფლების მონოპოლიას დაემუქრა. მან სისხლში ჩაახშო უნგრეთის 1956 წლის რევოლუცია, ხოლო 1962 წელს კინაღამ მესამე მსოფლიო ომი დაიწყო - კარიბის ზღვის ბირთვული კრიზისის დროს, როცა საბჭოთა ატომური იარაღი კუბაზე გადაიტანა.

მის რეფორმებს თავდაპირველად კონსტრუქციული ხასიათი ჰქონდა და საბჭოთა ადამიანების ცხოვრება ბევრად გააუმჯობესა, გააღო დახურული ქვეყანა, მსოფლიოს დაანახვა მოსკოვი, მაგრამ იმავდროულად სოციალურ დაძაბულობასაც იწვევდა - მან დახვრიტა 1962 წელს ნოვოჩერკასკში გამართული ანტისამთავრობო მიტინგის მონაწილეები. მისი რეფორმების შედეგები განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა სოფლის მეურნეობისათვის: სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვმა დაიწყო პირველად საზღვარგარეთ „კაპიტალისტური ხორბლის“ შესყიდვა - იმ კაპიტალისტებისაგან, როლებსაც ადრე „სამუდამოდ დამარხვას“ უპირებდა.

ნიკიტა ხრუშჩოვის დროს მოხდა განხეთქილება საბჭოთა კავშირისა და ჩინეთს შორის. მაო ძედუნმა ნეგატიურად შეაფასა საბჭოთა ლიდერის პოლიტიკა სტალინის წინააღმდეგ და მისი ნაბიჯები, ლიბერალიზმისაკენ გადადგმული.

დამხობა და ისტორიული მემკვიდრეობა

1957 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, განსაკუთრებით კი 1960-იანი წლების დასაწყისში, ნიკიტა ხრუშჩოვის ავტორიტეტი თანდათან დასუსტდა და 1964 წლის ოქტომბრისათვის იგი იზოლაციაში აღმოჩნდა.

პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ლეონიდ ბრეჟნევის თაოსნობით, რომელსაც მხარს უჭერდნენ ალექსი კოსიგინი და მიხეილ სუსლოვი, ხრუშჩოვს ბიჭვინთიდან, სადაც იგი ისვენებდა, მოსკოვში სთხოვეს ჩასვლა. კრემლში კი იგი უკვე მიხვდა, რომ უმცირესობაში მოხვდა (არმია და „კაგებე“ უკვე მის მხარეზე აღარ იყო) და ამიტომ იძულებული გახდა გადამდგარიყო.

მისმა მემკვიდრემ ლეონიდ ბრეჟნევმა გაითვალისწინა წინამორბედის შეცდომები და პარტიაში დისციპლინა გაამკაცრა, თუმცა ხრუშჩოვის დამსახურებაა ის, რომ რეპრესიებს ისეთი ფართო ხასიათი აღარ ჰქონია, როგორც იოსევ სტალინის დროს ხდებოდა.

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა კიდევ ერთი გადატრიალების მცდელობა გადაიტანა, როცა კონსერვატიული ოპოზიცია ხრუშჩოვის მსგავსი რეფორმატორის - მიხეილ გორბაჩოვის დამხობა განიზრახა. მართალია, შეთქმულება ჩაიშალა, მაგრამ საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშალა.

თუმცა ბევრი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის წინამძღვრები სწორედ ნიკიტა ხრუშჩოვმა ჩანერგა 1950-იან წლებში, თავისი „დათბობის“ პოლიტიკით. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნიკიტა ხრუშჩოვი ეზიზღება - განსაკუთრებით იმიტომ, რომ სწორედ ხრუშჩოვმა გადასცა ყირიმი უკრაინას 1954 წელს.

და მაინც, დასაფასებელია ის გარემოება, რომ ნიკიტა სერგის ძემ აღზარდა ის ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებსაც სტალინიზმის შიში აღარ ჰქონდათ, რომლებსაც არ შეეშინდათ და მისი დამხობა განიზრახეს. სამწუხაროდ, დღევანდელ რუს მბრძანებელზე ამას ვერ ვიტყვით.

წყარო: https://theconversation.com/fall-of-khrushchev-60-years-since-the-most-democratic-coup-in-soviet-history-how-comrade-nikita-was-toppled-241053

 

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way