USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ბულინგი მოზარდებში: როგორ ყალიბდება ბავშვი მსხვერპლად ან მოძალადედ
дата:  2266

ისტორია, რომელიც დღეს უნდა მოგიყვეთ ბრიტანელი ბლოგერის რუბისემ იანგზის შესახებ, უამრავი ბავშვისთვისაა კარგად ნაცნობი, შეიძლება ითქვას  საერთოც კია.  ესაა ამბავი იმაზე, როგორ ხდება ერთი  სრულებით ჩვეულებრივი ბავშვი ბულინგის მსხვერპლი და  საკუთარ თავში ჩაკეტილ, დაკომპლექსებულ მოზარდად ყალიბდება. 

სრულიად უცხო გარემოში მოხვედრილ 10 წლის ბავშვს, ისე, რომ თავადაც ვერ გაუგია რა დანაშაულის გამო, აბუჩად იგდებენ, გარეგნულ ნაკლებზე უმახვილებენ ყურადღებას და მთლიანად კლასისთვის მხოლოდ და მხოლოდ დაცინვის ობიექტი ხდება.  ეს კი ამ ასაკის მოზარდისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა. არ იცის რატომ, რის გამო შეიძლება სძულდეთ ასე ძალიან თანაკლასელებს და მიზეზის ძებნას საკუთარ თავში იწყებს.

იანგზი ამბობს, რომ მომდევნო კლასებშიც გაგრძელებული უმოწყალო ჩაგვრის შედეგებმა მისი ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა. სირთულეებთან გასამკლავებლად მან მოწევა და ალკოჰოლის სმა დაიწყო. ახლა უკვე 46 წლის ბლოგერმა მხოლოდ ერთი წლის წინ შეძლო, იმ შედეგებისთვის გაესწორებინა თვალი, რომელიც ბულინგმა მასში გამოიწვია. "ვფიქრობდი, არავის მოვწონვარ და მე რაღატომ უნდა მომწონდეს საკუთარი თავი-მეთქი",  ამბობს იგი.

იანგზის გამოცდილება მტკივნეულ სიმართლეს ააშკარავებს. ბავშვები უცოდველები და ცხოვრებით გამოუცდელნი კი არიან, მაგრან ისინი ყველაზე სასტიკ მჩაგვრელებადაც შეიძლება მოგვევლინონ. რადგან მოზარდებს ის სოციალური ნორმები ნაკლებად ზღუდავთ, რომლებსაც მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად ვეცნობით, მათი ქმედებები შოკისმომგვრელად სასტიკი და ძალადობრივია ხოლმე. ამის შედეგად კი მსხვერპლის ცხოვრებას სამუდამო დაღი შეიძლევა დაესვას.

რა უბიძგებს მოზარდს, გახდეს მჩაგვრელი?

"უდიდესი ხნის განმავლობაში, როგორც ეს ამ საკითხზე შექმნილ ლიტერატურაშიც ჩანს, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ არსებობს მჩაგვრელის მხოლოდ ერთი ტიპი: გამორჩეულად აგრესიული ბავშვი, რომელსაც მოძალადე ან უგულისყურო მშობლების ყოლის შედეგად თვითშეფასების პრობლემა აქვს", - ამბობს საგანმანათლებლო სფეროს პროფესორი, დოროთი ესპილაჟი, ჩაპელ ჰილში მდებარე ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან. ეს სურათი ახლა იცვლება.

აკადემიური კვლევების მიხედვით, ჩაგვრის ფორმა, სახელად ბულინგი, აგრესიის ისეთი გამოხატულებაა, რომელიც თავს იჩენს უთანასწორო ძალაუფლების მქონე ინდივიდებს ან ჯგუფებს შორის. ეს განსაზღვრება, შესაძლოა, ბოლომდე ვერ გადმოსცემს, რამდენად საშინელი შედეგი მოჰყვება ამგვარ ქმედებას მსხვერპლში ან ვერ წარმოაჩენს იმ რთულ და კომპლექსურ მიზეზებს, რატომაც ხდებიან ადამიანები მჩაგვრელები, თუმცა მასში მაინც არის მნიშვნელოვანი მინიშნება: ძალთა უთანასწორობა.

"როცა შენ მე მჩაგრავ და შენ პოპულარული ხარ, მე კი არა, ძალებს შორის მსგავსი სხვაობა რთულს ხდის, საკუთარი თავი დავიცვა",  ამბობს ესპილაჟი,  "ოჯახური ძალადობა და აგრესია და-ძმის მხრიდან კვლავაა მიჩნეული მოზარდში მჩაგვრელის გაღვიძების შესაძლო მიზეზად, თუმცა უკვე  არა ერთადერთად". ბავშვები, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემსწრენი არიან, თუმცა ისეთ სკოლაში დადიან, სადაც ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამა და მეგობრული გარემოა, ნაკლები შანსია, მჩაგვრელებად იქცნენ.

მკვლევრების მიერ შექმნილი ტიპური სკოლის მჩაგვრელის სურათი ბოლო წლებში უფრო დეტალიზებული გახდა. პირდაპირ და ღიად გამოხატული აგრესიის ტიპის გარდა გამოიყო უფრო მაკიაველური სახის ჩაგვრაც. ამ კატეგორიაში მოხვედრილ ბავშვებს უკეთესი სოციალური უნარები აქვთ, არიან ქარიზმატულები და მასწავლებლის სიმპათიასაც იმსახურებენ; ერთი სიტყვით, ისინი შორს დგანან სტერეოტიპული "ხეპრე" მჩაგვრელის სახისგან. და რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, ამ ტიპის მოზარდები ბულინგისთვის დამახასიათებელ ქცევას ოსტატურად ნიღბავენ და მხოლოდ მაშინ ავლენენ, როცა ეს მათ ინტერესებშია.

"სოციალურად დომინანტ მჩაგვრელებს ჯგუფის ლიდერობა სურთ", ამბობს  ესპილაჟი, "ამის განსახორციელებლად კი ისინი სხვა ბავშვებს აჩოქებენ და აგრძნობინებენ, რომ მათზე მაღლა დგანან".

კიდევ ერთი კვლევა განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ბულინგის პრობლემა მჩაგვრელს უფრო უკავშირდება, ვიდრე  მის მსხვერპლს. იტალიასა და ესპანეთში ჩატარებულ ექსპერიმენტში მოსწავლეებს შეასრულებინეს სავარჯიშო, რომელიც მათ უბიძგებდათ, ბულინგის ამსახველი სიტუაციიისთვის მჩაგვრელის თვალით შეეხედათ. მკვლევრებმა ბავშვებს აგრეთვე დაურიგეს კითხვარები, რათა თავიანთი თანატოლებიდან თითოეული მიეკუთვნებინათ მჩაგვრელის, მსხვერპლის ან აუტსაიდერის ტიპისთვის.

მოზარდებმა, რომლებიც თანატოლებმა მიაკუთვნეს მჩაგვრელის ტიპს, ჰიპოთეტური ბულინგის ფაქტის შეფასებისას მეტი ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ამ შემთხვევამ თავად მჩაგვრელზე; მაგალითად, ისინი ამბობდნენ მსგავს ფრაზებს: "ძალიან მაგრად ვიგრძნობდი თავს, სხვა ბავშვების ყურადღებას თუ მივიქცევდი!". ან გამოხატავდნენ პოზიციას, რომელიც თანაგრძნობის უნარის ნაკლებობაზე მიუთითებდა: "არ მიმაჩნია თავი დამნაშავედ, რადგან ამაზე არ ვფიქრობ"; "გულგრილად შევხედავდი, მსხვერპლს ხომ არაფერი დაშავებია".

ბულინგმა ბოლო წლების განმავლობაში ახალი ფორმებიც შეიძინა. ერთი ნიშანი, რომელიც წინათვე იყო განსაზღვრული და რომელიც მსგავსი ქცევის მახასიათებლად დღემდე ითვლება, მსხვერპლისადმი მიმართული აგრესიის განმეორებითობაა. თუმცა ინტერნეტის ეპოქაში ეს მოსაზრებაც იცვლება, რადგან კიბერბულინგის მხოლოდ ერთმა ფაქტმაც კი შემაშფოთებლად მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. "აუცილებელია, ეს ბევჯერ გააკეთო მაშინ, როცა შენი ერთი პოსტიც კი ინტერნეტში მილიონობით ადამიანის ყურამდე აღწევს?" - სვამს კითხვას ესპილაჟი,  - ალბათ არა.

უფრო მეტიც, სკოლის ბულინგსა და კიბერბულინგს შორის იმდენი მსგავსება არსებობს, რომ მკვლევრების ნაწილს მათ შორის ზღვარის გავლება არამართებული ჰგონია; განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეისთვის მოზარდების უმეტესობა სკოლაშიც აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონს. "ჩემს კვლევაზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ სკოლაში ჩაგვრა და შევიწროება ხშირად გრძელდება ონლაინ სივრცეში", - ამბობს კალი ცანი-პეპელასი, კვლევითი ფსიქოლოგიის ლექტორი ჰადერზფილდის უნივერსიტეტიდან, "შესაძლოა, ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ საკლასო ოთახში, თუმცა ერთმანეთს ჩაგრავდნენ სოციალურ ქსელში, სადაც ქმედებას მეტი ადამიანი ხედავს და მათ იმის ილუზიას უქმნის, რომ პოპულარულები არიან".

რა უნდა გააკეთოთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს ჩაგრავს?

დასაწყისისთვის, კარგი იქნება, სიტუაციას თუ ჩაუღრმავდებით და გაიგებთ, რა უბიძგებს მას ამ ქმედებისაკენ. "ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, შენი შვილი ასე იქცევაო, მე მაშინვე მას ვკითხავდი: კარგი, რას იღებ ამისგან? რისთვის აკეთებ ამას?", - ამბობს ესპილაჟი, "შესაძლოა, თქვენი შვილი ისეთ სკოლაში სწავლობს, სადაც მსგავსი ქცევა წახალისებულია. ასევე, საყურადღებოა, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ქმედებებიც შესაძლებელია, გავლენას ახდენდეს თქვენს შვილზე. ზოგჯერ მშობლების მიერ პირად ურთიერთობებში გამოვლენილი არაჯანსაღი ქცევა ბავშვისთვის მისაბაძი ხდება".

სკოლაში ჩაგვრის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს იმგვარი მეგობრობის პროგრამები, რომელთა მიზანიც თანატოლებისადმი მხარდაჭერის გაღვივებაა. ასეთ დროს სკოლაში სწავლის დაწყების წინ ასაკით უფროს მოსწავლეებს უმცროსების მენტორობა ევალებათ, რათა ეს უკანასკნელები პრაქტიკული რჩევებით მოამარაგონ.

"ის ფაქტი, რომ უმცროს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, უფროსებისგან აიღონ კარგად მოქცევის მაგალითი, მსგავსი პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლიუსია", - ამბობს ცანი-პეპელასი. თუმცა ბულინგის პრევენციისთვის ზოგადად მეგობრული სასკოლო გარემოს შექმნაა მნიშვნელოვანი. "ეს ყველაფერი კი დიდ შრომას, შეუპოვრობასა და შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს მასწავლებლებისა და სკოლაში მომუშავე სხვა პირების მხრიდან, რადგან მათ გარეშე მსგავსი სისტემა ვერაფრით იმუშავებს", -  დასძენს იგი.

ესპილაჟი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მასწავლებლებთან და თანატოლებს შორის ახლო ურთიერთობის დამყარება პრობლემის გადასაჭრელად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. "ჩვენი კვლევიდან ვიცით, რომ იმ სკოლებში, სადაც დიდ ყურადღებას აქცევენ მჭიდრო კავშირების გაბმას და ცდილობენ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს მიკუთვნილობის განცდა, ნაკლებად ვაწყდებით ბულინგის შემთხვევებს"- ამბობს ის. სამწუხაროდ, ასეთი სახის თანადგომა ხშირად ხელმიუწვდომელია.

2014 წელს ესპილაჟმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს ხუთწლიანი კვლევის შედეგი, რომელიც სკოლაში ჩაგვრასა და სექსუალურ შევიწროებას შორის საგანგაშო კავშირს ააშკარავებს. ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ბულინგი დაბალკლასელებს შორის ხშირად ატარებს ჰომოფობიურ ხასიათს, რომელიც მომდევნო წლებში სექსუალურ შევიწროებაში გადაიზრდება ხოლმე.

თუმცა ბავშვები, რომელთაც სექსუალური შევიწროება შეეხოთ, იგულისხმება როგორც მოძალადე, ასევე მსხვერპლი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მომხდარის სიმძიმეს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ მასწავლებლები არაფერს აკეთებენ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. "ჩაგვრისას ჰომოფობიური სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოვლენილი აგრესია ხშირად გადაიზრდება ხოლმე სექსუალურ ძალადობასა და მოზარდებს შორის ძალადობრივ ინტიმურ ურთიერთობებში", - ამბობს ესპილაჟი.

მკვლევარი ასევე დასძენს, რომ როცა ბავშვები იზრდებიან და სკოლას ტოვებენ, მჩაგვრელთაგან ზოგი ბულინგს კი წყვეტს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავისი აგრესიის გამოსახატად სხვა გზებს პოულობენ: "ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთი სკოლის მჩაგვრელი ისეთ პროფესიას ირჩევს, სადაც ბულინგის გაგრძელების საშუალება ეძლევა. მსგავს პროფესიებში შედის პოლიციელობაპროფესორობა ან იურისტობა".

ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ჩაგვრის შედეგები ათწლეულების განმავლობაში იჩენს თავს მსხვერპლის ცხოვრებაში და ხშირად ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. იანგზი, რომელიც სკოლის ზედა კლასებში მუდმივად იყო ჩაგვრის ობიექტი, დღეს უკვე ფსიქოლოგიური დახმარების სპეციალისტია და მათ მკურნალობს, ვისაც მისი მსგავსი რთული წარსული და მძიმე დანაკარგები გადაუტანია. "ბულინგს გლოვასთან აქვს კავშირი, რადგან ის იწვევს ნდობის დაკარგვას, ნორმალურობის, უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნების დაკარგვას", - ამბობს იგი.

იანგზს გასული წლის დასაწყისში თავისი ბავშვობის მთავარი მჩაგვრელი ფეისბუქით დაუკავშირდა მოსაბოდიშებლად. როცა შეტყობინება მიიღო, პირველი, რაც იგრძნო, ბრაზი იყო: "ამან არანაირად არ შეამსუბუქა ჩემთვის ის ტკივილი, რომელსაც ის მაყენებდა. შესაძლოა, ეს მას დაეხმარა, გათავისუფლებულიყო დანაშაულის გრძნობისგან, არ ვიცი".

თუმცა იანგზი ფიქრობს, რომ მობოდიშება -  ისევე, როგორც ბულინგი, რომელსაც საშინელი შედეგები ჰქონდა მის ცხოვრებაზე,  უფრო მეტად ეხება მჩაგვრელს, ვიდრე თავად მას. "მე მაინც მაქვს მის მიმართ თანაგრძნობის განცდა, რადგან შემიძლია გავიგო, რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს. შესაძლოა, სახლშიც ჰქონდა პრობლემები",ამბობს ის,  "მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როგორ გამოხატავდა იგი ამას"

 

ინგლისურიდან თარგმნა ელენე ხვედელიძემ 

 

 

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати