ისტორია, რომელიც დღეს უნდა მოგიყვეთ ბრიტანელი ბლოგერის რუბისემ იანგზის შესახებ, უამრავი ბავშვისთვისაა კარგად ნაცნობი, შეიძლება ითქვას საერთოც კია. ესაა ამბავი იმაზე, როგორ ხდება ერთი სრულებით ჩვეულებრივი ბავშვი ბულინგის მსხვერპლი და საკუთარ თავში ჩაკეტილ, დაკომპლექსებულ მოზარდად ყალიბდება.
სრულიად უცხო გარემოში მოხვედრილ 10 წლის ბავშვს, ისე, რომ თავადაც ვერ გაუგია რა დანაშაულის გამო, აბუჩად იგდებენ, გარეგნულ ნაკლებზე უმახვილებენ ყურადღებას და მთლიანად კლასისთვის მხოლოდ და მხოლოდ დაცინვის ობიექტი ხდება. ეს კი ამ ასაკის მოზარდისთვის უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმაა. არ იცის რატომ, რის გამო შეიძლება სძულდეთ ასე ძალიან თანაკლასელებს და მიზეზის ძებნას საკუთარ თავში იწყებს.
იანგზი ამბობს, რომ მომდევნო კლასებშიც გაგრძელებული უმოწყალო ჩაგვრის შედეგებმა მისი ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა. სირთულეებთან გასამკლავებლად მან მოწევა და ალკოჰოლის სმა დაიწყო. ახლა უკვე 46 წლის ბლოგერმა მხოლოდ ერთი წლის წინ შეძლო, იმ შედეგებისთვის გაესწორებინა თვალი, რომელიც ბულინგმა მასში გამოიწვია. "ვფიქრობდი, არავის მოვწონვარ და მე რაღატომ უნდა მომწონდეს საკუთარი თავი-მეთქი", ამბობს იგი.
იანგზის გამოცდილება მტკივნეულ სიმართლეს ააშკარავებს. ბავშვები უცოდველები და ცხოვრებით გამოუცდელნი კი არიან, მაგრან ისინი ყველაზე სასტიკ მჩაგვრელებადაც შეიძლება მოგვევლინონ. რადგან მოზარდებს ის სოციალური ნორმები ნაკლებად ზღუდავთ, რომლებსაც მოგვიანებით, ასაკის მატებასთან ერთად ვეცნობით, მათი ქმედებები შოკისმომგვრელად სასტიკი და ძალადობრივია ხოლმე. ამის შედეგად კი მსხვერპლის ცხოვრებას სამუდამო დაღი შეიძლევა დაესვას.
რა უბიძგებს მოზარდს, გახდეს მჩაგვრელი?
"უდიდესი ხნის განმავლობაში, როგორც ეს ამ საკითხზე შექმნილ ლიტერატურაშიც ჩანს, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ არსებობს მჩაგვრელის მხოლოდ ერთი ტიპი: გამორჩეულად აგრესიული ბავშვი, რომელსაც მოძალადე ან უგულისყურო მშობლების ყოლის შედეგად თვითშეფასების პრობლემა აქვს", - ამბობს საგანმანათლებლო სფეროს პროფესორი, დოროთი ესპილაჟი, ჩაპელ ჰილში მდებარე ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტიდან. ეს სურათი ახლა იცვლება.
აკადემიური კვლევების მიხედვით, ჩაგვრის ფორმა, სახელად ბულინგი, აგრესიის ისეთი გამოხატულებაა, რომელიც თავს იჩენს უთანასწორო ძალაუფლების მქონე ინდივიდებს ან ჯგუფებს შორის. ეს განსაზღვრება, შესაძლოა, ბოლომდე ვერ გადმოსცემს, რამდენად საშინელი შედეგი მოჰყვება ამგვარ ქმედებას მსხვერპლში ან ვერ წარმოაჩენს იმ რთულ და კომპლექსურ მიზეზებს, რატომაც ხდებიან ადამიანები მჩაგვრელები, თუმცა მასში მაინც არის მნიშვნელოვანი მინიშნება: ძალთა უთანასწორობა.
"როცა შენ მე მჩაგრავ და შენ პოპულარული ხარ, მე კი არა, ძალებს შორის მსგავსი სხვაობა რთულს ხდის, საკუთარი თავი დავიცვა", ამბობს ესპილაჟი, "ოჯახური ძალადობა და აგრესია და-ძმის მხრიდან კვლავაა მიჩნეული მოზარდში მჩაგვრელის გაღვიძების შესაძლო მიზეზად, თუმცა უკვე არა ერთადერთად". ბავშვები, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემსწრენი არიან, თუმცა ისეთ სკოლაში დადიან, სადაც ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამა და მეგობრული გარემოა, ნაკლები შანსია, მჩაგვრელებად იქცნენ.
მკვლევრების მიერ შექმნილი ტიპური სკოლის მჩაგვრელის სურათი ბოლო წლებში უფრო დეტალიზებული გახდა. პირდაპირ და ღიად გამოხატული აგრესიის ტიპის გარდა გამოიყო უფრო მაკიაველური სახის ჩაგვრაც. ამ კატეგორიაში მოხვედრილ ბავშვებს უკეთესი სოციალური უნარები აქვთ, არიან ქარიზმატულები და მასწავლებლის სიმპათიასაც იმსახურებენ; ერთი სიტყვით, ისინი შორს დგანან სტერეოტიპული "ხეპრე" მჩაგვრელის სახისგან. და რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა, ამ ტიპის მოზარდები ბულინგისთვის დამახასიათებელ ქცევას ოსტატურად ნიღბავენ და მხოლოდ მაშინ ავლენენ, როცა ეს მათ ინტერესებშია.
"სოციალურად დომინანტ მჩაგვრელებს ჯგუფის ლიდერობა სურთ", ამბობს ესპილაჟი, "ამის განსახორციელებლად კი ისინი სხვა ბავშვებს აჩოქებენ და აგრძნობინებენ, რომ მათზე მაღლა დგანან".
კიდევ ერთი კვლევა განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ ბულინგის პრობლემა მჩაგვრელს უფრო უკავშირდება, ვიდრე მის მსხვერპლს. იტალიასა და ესპანეთში ჩატარებულ ექსპერიმენტში მოსწავლეებს შეასრულებინეს სავარჯიშო, რომელიც მათ უბიძგებდათ, ბულინგის ამსახველი სიტუაციიისთვის მჩაგვრელის თვალით შეეხედათ. მკვლევრებმა ბავშვებს აგრეთვე დაურიგეს კითხვარები, რათა თავიანთი თანატოლებიდან თითოეული მიეკუთვნებინათ მჩაგვრელის, მსხვერპლის ან აუტსაიდერის ტიპისთვის.
მოზარდებმა, რომლებიც თანატოლებმა მიაკუთვნეს მჩაგვრელის ტიპს, ჰიპოთეტური ბულინგის ფაქტის შეფასებისას მეტი ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ამ შემთხვევამ თავად მჩაგვრელზე; მაგალითად, ისინი ამბობდნენ მსგავს ფრაზებს: "ძალიან მაგრად ვიგრძნობდი თავს, სხვა ბავშვების ყურადღებას თუ მივიქცევდი!". ან გამოხატავდნენ პოზიციას, რომელიც თანაგრძნობის უნარის ნაკლებობაზე მიუთითებდა: "არ მიმაჩნია თავი დამნაშავედ, რადგან ამაზე არ ვფიქრობ"; "გულგრილად შევხედავდი, მსხვერპლს ხომ არაფერი დაშავებია".
ბულინგმა ბოლო წლების განმავლობაში ახალი ფორმებიც შეიძინა. ერთი ნიშანი, რომელიც წინათვე იყო განსაზღვრული და რომელიც მსგავსი ქცევის მახასიათებლად დღემდე ითვლება, მსხვერპლისადმი მიმართული აგრესიის განმეორებითობაა. თუმცა ინტერნეტის ეპოქაში ეს მოსაზრებაც იცვლება, რადგან კიბერბულინგის მხოლოდ ერთმა ფაქტმაც კი შემაშფოთებლად მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. "აუცილებელია, ეს ბევჯერ გააკეთო მაშინ, როცა შენი ერთი პოსტიც კი ინტერნეტში მილიონობით ადამიანის ყურამდე აღწევს?" - სვამს კითხვას ესპილაჟი, - ალბათ არა.
უფრო მეტიც, სკოლის ბულინგსა და კიბერბულინგს შორის იმდენი მსგავსება არსებობს, რომ მკვლევრების ნაწილს მათ შორის ზღვარის გავლება არამართებული ჰგონია; განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეისთვის მოზარდების უმეტესობა სკოლაშიც აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონს. "ჩემს კვლევაზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ სკოლაში ჩაგვრა და შევიწროება ხშირად გრძელდება ონლაინ სივრცეში", - ამბობს კალი ცანი-პეპელასი, კვლევითი ფსიქოლოგიის ლექტორი ჰადერზფილდის უნივერსიტეტიდან, "შესაძლოა, ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ საკლასო ოთახში, თუმცა ერთმანეთს ჩაგრავდნენ სოციალურ ქსელში, სადაც ქმედებას მეტი ადამიანი ხედავს და მათ იმის ილუზიას უქმნის, რომ პოპულარულები არიან".
რა უნდა გააკეთოთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი სხვა ბავშვებს ჩაგრავს?
დასაწყისისთვის, კარგი იქნება, სიტუაციას თუ ჩაუღრმავდებით და გაიგებთ, რა უბიძგებს მას ამ ქმედებისაკენ. "ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, შენი შვილი ასე იქცევაო, მე მაშინვე მას ვკითხავდი: კარგი, რას იღებ ამისგან? რისთვის აკეთებ ამას?", - ამბობს ესპილაჟი, "შესაძლოა, თქვენი შვილი ისეთ სკოლაში სწავლობს, სადაც მსგავსი ქცევა წახალისებულია. ასევე, საყურადღებოა, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ქმედებებიც შესაძლებელია, გავლენას ახდენდეს თქვენს შვილზე. ზოგჯერ მშობლების მიერ პირად ურთიერთობებში გამოვლენილი არაჯანსაღი ქცევა ბავშვისთვის მისაბაძი ხდება".
სკოლაში ჩაგვრის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს იმგვარი მეგობრობის პროგრამები, რომელთა მიზანიც თანატოლებისადმი მხარდაჭერის გაღვივებაა. ასეთ დროს სკოლაში სწავლის დაწყების წინ ასაკით უფროს მოსწავლეებს უმცროსების მენტორობა ევალებათ, რათა ეს უკანასკნელები პრაქტიკული რჩევებით მოამარაგონ.
"ის ფაქტი, რომ უმცროს მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, უფროსებისგან აიღონ კარგად მოქცევის მაგალითი, მსგავსი პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლიუსია", - ამბობს ცანი-პეპელასი. თუმცა ბულინგის პრევენციისთვის ზოგადად მეგობრული სასკოლო გარემოს შექმნაა მნიშვნელოვანი. "ეს ყველაფერი კი დიდ შრომას, შეუპოვრობასა და შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს მასწავლებლებისა და სკოლაში მომუშავე სხვა პირების მხრიდან, რადგან მათ გარეშე მსგავსი სისტემა ვერაფრით იმუშავებს", - დასძენს იგი.
ესპილაჟი ეთანხმება მოსაზრებას, რომ მასწავლებლებთან და თანატოლებს შორის ახლო ურთიერთობის დამყარება პრობლემის გადასაჭრელად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. "ჩვენი კვლევიდან ვიცით, რომ იმ სკოლებში, სადაც დიდ ყურადღებას აქცევენ მჭიდრო კავშირების გაბმას და ცდილობენ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს მიკუთვნილობის განცდა, ნაკლებად ვაწყდებით ბულინგის შემთხვევებს"- ამბობს ის. სამწუხაროდ, ასეთი სახის თანადგომა ხშირად ხელმიუწვდომელია.
2014 წელს ესპილაჟმა და მისმა კოლეგებმა გამოაქვეყნეს ხუთწლიანი კვლევის შედეგი, რომელიც სკოლაში ჩაგვრასა და სექსუალურ შევიწროებას შორის საგანგაშო კავშირს ააშკარავებს. ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ბულინგი დაბალკლასელებს შორის ხშირად ატარებს ჰომოფობიურ ხასიათს, რომელიც მომდევნო წლებში სექსუალურ შევიწროებაში გადაიზრდება ხოლმე.
თუმცა ბავშვები, რომელთაც სექსუალური შევიწროება შეეხოთ, იგულისხმება როგორც მოძალადე, ასევე მსხვერპლი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მომხდარის სიმძიმეს. ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ მასწავლებლები არაფერს აკეთებენ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. "ჩაგვრისას ჰომოფობიური სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოვლენილი აგრესია ხშირად გადაიზრდება ხოლმე სექსუალურ ძალადობასა და მოზარდებს შორის ძალადობრივ ინტიმურ ურთიერთობებში", - ამბობს ესპილაჟი.
მკვლევარი ასევე დასძენს, რომ როცა ბავშვები იზრდებიან და სკოლას ტოვებენ, მჩაგვრელთაგან ზოგი ბულინგს კი წყვეტს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თავისი აგრესიის გამოსახატად სხვა გზებს პოულობენ: "ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთი სკოლის მჩაგვრელი ისეთ პროფესიას ირჩევს, სადაც ბულინგის გაგრძელების საშუალება ეძლევა. მსგავს პროფესიებში შედის პოლიციელობა, პროფესორობა ან იურისტობა".
ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, რომ ჩაგვრის შედეგები ათწლეულების განმავლობაში იჩენს თავს მსხვერპლის ცხოვრებაში და ხშირად ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. იანგზი, რომელიც სკოლის ზედა კლასებში მუდმივად იყო ჩაგვრის ობიექტი, დღეს უკვე ფსიქოლოგიური დახმარების სპეციალისტია და მათ მკურნალობს, ვისაც მისი მსგავსი რთული წარსული და მძიმე დანაკარგები გადაუტანია. "ბულინგს გლოვასთან აქვს კავშირი, რადგან ის იწვევს ნდობის დაკარგვას, ნორმალურობის, უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნების დაკარგვას", - ამბობს იგი.
იანგზს გასული წლის დასაწყისში თავისი ბავშვობის მთავარი მჩაგვრელი ფეისბუქით დაუკავშირდა მოსაბოდიშებლად. როცა შეტყობინება მიიღო, პირველი, რაც იგრძნო, ბრაზი იყო: "ამან არანაირად არ შეამსუბუქა ჩემთვის ის ტკივილი, რომელსაც ის მაყენებდა. შესაძლოა, ეს მას დაეხმარა, გათავისუფლებულიყო დანაშაულის გრძნობისგან, არ ვიცი".
თუმცა იანგზი ფიქრობს, რომ მობოდიშება - ისევე, როგორც ბულინგი, რომელსაც საშინელი შედეგები ჰქონდა მის ცხოვრებაზე, უფრო მეტად ეხება მჩაგვრელს, ვიდრე თავად მას. "მე მაინც მაქვს მის მიმართ თანაგრძნობის განცდა, რადგან შემიძლია გავიგო, რატომ აკეთებდა ამ ყველაფერს. შესაძლოა, სახლშიც ჰქონდა პრობლემები",ამბობს ის, "მაგრამ ჩემთვის მიუღებელია, როგორ გამოხატავდა იგი ამას"
ინგლისურიდან თარგმნა ელენე ხვედელიძემ