USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Tbilisi
„ბიბისი“ (BBC): „პრეზიდენტმა სამხედრო მდგომარეობის შემოღება დააპირა, მაგრამ ფიასკო განიცადა“
Date:  460

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს ვრცელ რეპორტაჟს სამხრეთ კორეაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სათაურით „პრეზიდენტმა სამხედრო მდგომარეობის შემოღება დააპირა, მაგრამ ფიასკო განიცადა“ (ავტორი - ჯეიკ ვონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სოკ იოლის მოულოდნელი მცდელობა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების თაობაზე ექვსი საათის შემდეგ კრახით დასრულდა; პარლამენტმა პრეზიდენტს მხარი არ დაუჭირა. იუნ სოკ იოლს სხვა გზა აღარ ჰქონდა და ამიტომ უკან დაიხია.

„ეროვნულმა კრებამ მოითხოვა, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდესო და ამიტომ მე უკან გავიწვიე საარმიო ქვედანაყოფები, რომლებიც სამხედრო მდგომარეობის უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ტელემიმართვაში პრეზიდენტმა. მისი გამოსვლის შემდეგ სწრაფად შეიკრიბა მინისტრთა კაბინეტი, რომელმაც სამხედრო მდგომარეობა გააუქმა. საარმიო ნაწილები ყაზარმებში დაბრუნდნენ.

გუშინ მთლიანად გადადგა პრეზიდენტის აპარატის პერსონალი. თვითონ პრეზიდენტს გადადგომა ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა მისი ოპონენტები დემოკრატიული პარტიიდან, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, აცხადებენ, რომ თუ იუნ სოკ იოლი თვითონ არ დატოვებს პოსტს, მას იმპიჩმენტს მოუწყობენ.

მოვლენები კი ასე დაიწყო: სამშაბათს საღამოს, პრეზიდენტი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქვეყანას ჩრდილოეთ კორეიდან „კომუნისტური საფრთხე“ ემუქრება და საჭიროა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად. „მაგრამ მთავარი ისაა, რომ საფრთხე გვემუქრება როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე ადგილობრივი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების მხრიდანაც, რომლებიც უნდა ამოიძირკვონ“, - ხაზი გაუსვა იუნ სოკ იოლმა, - „ოპოზიცია ხელს უშლის სახელმწიფოს ნორმალურ საქმიანობას და ცდილობს მინისტრებს და მეც, პრეზიდენტსაც, იმპიჩმენტი მოგვიწყოს“.

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არღვევს კორეის რესპუბლიკის დემოკრატიას და აშკარად ჰგავს სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის ტექსტი მის საიტზეა გამოქვეყნებული, - „ჩვენი პარლამენტი იქცა დანაშაულებრივი ჯგუფების ბუდედ და ცდილობს ქვეყნის კოლაფსი გამოიწვიოს, ლიბერალური დემოკრატია საკანანონმდებლო დიქტატურით ჩაანაცვლოს“.

თუმცა არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ არ დაეთანხმა. პარლამენტში უმრავლესობის მქონე სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტიის ლიდერის ლი ჯე მიონის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ხოლო საპრეზიდენტო პარტიის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა  ხან დონ ხუნმა თავიანთი ლიდერის ბრძანებულობას უკანონო უწოდა.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, არმიის გენერალ პაკ ან სუს დაევალა სამხედრო მდგომარეობის უზრუნველყოფა - აიკრძალა ყოველგვარი პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის პარლამენტის, ადგილობრივი ორგანოებისა და ასოციაციების მუშაობა, ასევე მიტინგები და დემონსტრაციები. „საგანგებო სამხედრო მდგომარეობის წესების დამრღვევები მკაცრად დაისჯებიანო“, - ნათქვამი იყო პრეზიდენტის ბრძანებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეტ კორეაში სამხედრო მდგომარეობა სულ ბოლოს მხოლოდ 1979 წელს იქნა შემოღებული, პრეზიდენტ პაკ ჯონ ჰის მკვლელობასთან დაკავშირებით.

რა ხდებოდა პარლამენტის წინ

როგორც კი მოსახლეობამ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება შეიტყო, ეროვნული კრენის (პარლამენტის) შენობის წინ ხალხმა შეკრება დაიწყო. შესასვლელთან მივიდნენ პოლიციელებიც... შენობის თავზე შეიმჩნეოდნენ სამხედრო ვერტმფრენებიც.

მოვლენები პირდაპირი ტელეეთერით გადაიცემოდა. ჟურნალისტები და შეშფოთებული მოქალაქეები დეპუტატების გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. მოხდა რამდენიმე შეტაკება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის. მომიტინგეები სკანდირებდნენ - „არა სამხედრო მდგომარეობას“, „დიქტატურა დაემხობა“, „გახსენით კარი“ და ა.შ. საბოლოოდ 190-მა დეპუტატმა 300-დან ხმა მისცა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას. პარლამენტის გადაწყვეტილებას მოქალაქეები სიხარულით შეხვდნენ.

როგორც სამხრეთ კორეის ეროვნული კრების წევრი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიიდან ხონ კი ვონი იხსენებს „ბიბისის“ კორესპონდენტთან ჯეიკ ვონთან საუბარში, „შუაღამისას ცოლმა გამაღვიძა და მითხრა, რარაც უსიამოვნო ამბავი ხდებაო. ჯერ ყურებს არ დავუჯერე, მაგრამ შემდეგ პარლამენტში გავქანდი, იქ უკვე პოლიციიელები იდგნენ და არ შემიშვეს, იძულებული გავხდი მესერზე გადავმძრვრალიყავი. პარლამენტის დარბაზში სხვა დეპუტატებიც მოვიდნენ, ყველას ერთი აზრი ჰქონდა - პრეზიდენტი შეცდა. მისი პარტიის წევრებიც კი გაკვირვებულები იყვნენ.

პოლიტიკური კრიზისის მიზეზები

მიმდინარე წლის გაზაფხულზე სამხრეტ კორეაში საპარლამენტო არცევნები გაიმარტა, რომელშიც ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ 300-დან 192 ადგილი მიიღო, ანუ პრეზიდენტის პარტიამ „ხალხის ძალამ“ გამანადგურებელი კრახი განიცადა. პარტიის ლიდერი ხან დონ ხუნი და პრემიერ-მინისტრი ხან დოკ სუ გადადგნენ.

მასმედია წერდა, რომ გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნები შეიძლება ერთგვარ რეფერენდუნადაც კი ჩაითვალოს პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ნდობის მიმართ, რომელსაც ვადის დასრულებამდე კიდევ სამი წელი რჩება.

საბოლოო ჯამში დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იუნ სოკ იოლს ჯერ „კოჭლ იხვად“, შემდეგ კი „მკვდარ იხვად“ გადააქცევდა. თავის მხრივ, მუქარებში არც პრეზიდენტმა უკან არ დაიხია და გაჩაღდა სიტყვიერი ომი. იუნ სოკ იოლი აცხადებდა, რომ პარლამენტი მის ინიციატივებს ბლოკავდა და ნორმალური მუშაობის სესაძლებლობას არ აძლევდა.

მოკლედ, პრეზიდენტის ინიცირებულ კანონებს პარლამენტი მხარს არ უჭერდა, პრეზიდენტი კი ოპოზიციური პარლამენტის მიღებულ კანონებს ბლოკავდა და ვეტოს ადებდა, თუმცა ზოგჯერ უშედეგოდ. მაგალითად, ამას წინათ პარლამენტმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბიუჯეტი შეუმცირა, იუნ სოკ იოლმა კი ვერაფერი გააწყო.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ცოლი ჯიმ გონ ჰი 2023 წელს სკანდალის ცენტრში მოხვდა - საზოგადოების წინაშე „დიორის“ ფირმის მდიდრული ხელჩანთით გამოვიდა. ამბობენ, ნაჩუქარიაო, მაგრამ კანონი პოლიტიკოსებს და მათ ცოლებს ძვირფასი საჩუქრების მიღებას უკრძალავს.  იუნ სოკ იოლს ბოდიშის მოხდა მოუწია ცოლის საქციელის გამო.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cy890pznpx7o

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way