USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
„ბი-ბი-სი“ (BBC) - „ისრაელის სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ, ღაზას სექტორში: სცენარები და სიძნელეები“
дата:  590

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ისრაელის სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ, ღაზას სექტორში: სცენარები და სიძნელეები“ (ავტორები - ფრენკ გარდნერი და ილია აბიშევი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მზად არის ღაზას სექტორში შესაჭრელად და „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად. ისრაელი უკვე მუდმივად ბომბავს ღაზას და  გამოცხადებული აქვს ბლოკადა - მოსახლეობას არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია, საკვები პროდუქტები.

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცახალის“) შენაერთები უკვე იმ საზღვართან არიან თავმოყრილნი, რომელიც, როგორც ცნობილია, „ჰამასის“ დაჯგუფებამ 7 ოქტომბერს გაარღვია, ისრაელში შეიჭრა, 1000-ზე მეტი ებრეელი დახოცა, მძევლად აიყვანა ისრაელის 150-ზე მეტი მოქალაქე და ღაზას სექტორში წაიყვანა.

შეიჭრება თუ არა ისრაელის არმია ღაზაში, ეს დროის საქმეა. შეიძლება ეს მოხდეს ამ დრეებში, ან ერთი კვირის შემდეგ. ყველა შემთხვევაში, თუ არმია შეიჭრება, ბრძოლები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდება და, აი რატომ:

რას წარმოადგენს ღაზას სექტორი

რუკას თუ დავხედავთ, ღაზას სექტორი პალესტინელი არაბებით დასახლებულ ანკლავს წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე. ფართობი - 363 კვადრატული მეტრია, მოსახლეობა - 2,2 მილიონი ადამიანი. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ღაზას სექტორი ისრაელისგან სასაზღვრო ღობით (კედლით) არის გამოყოფილი. იგივეა ეგვიპტესთანაც. სექტორის ტერიტორიაზე, ღაზას გარდა, კიდევ 5 პატარა ქალაქი მდებარეობს. არის მცირეოდენი სახნავ-სათესი მიწები და საძოვრებიც.

1948-1967 წლებში ღაზას ეგვიპტე მართავდა, ხოლო 1967 წლიდან, ექვსდღიანი ომის შემდეგ, 2005 წლამდე - ისრაელის კონტროლქვეშ იყო. 1993 წელს, ოსლოში ისრაელსა და „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“ შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ისრაელმა ღაზას სექტორიდან თავისი ჯარი გაიყვანა და ტერიტორია პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას გადასცა, რომელსაც არაოფიციალურად ნაწილობრივ აღიარებულ „პალესტინის სახელმწიფოს“ უწოდებენ.

„ჰამასი“ - ღაზას სექტორის ბატონ-პატრონი

ამჟამად ღაზას სექტორში ფაქტიურად ყველაფერს „ჰამასის“ დაჯგუფება წყვეტს, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-ის დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და რიგი სახელმწიფოების მიერ. „ჰამასის“ შემადგენლობაში შედის თავის სიმართლეში ფანატიკურად დარწმუნებული 40 ათასამდე მებრძოლი. დამატებით 10 ათასი მებრძოლი ჰყავს კიდევ ერთ დაჯგუფებას - „ისლამურ ჯიჰადს“. „ჰამასის“ შეიარაღება ასეთია: ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, მათ აქვთ ქვემეხები, ნაღმმტყორცნები, კომპაქტური ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, აგრეთვე სარაკეტო-გამშვები დანადგარები რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგით, რომლებსაც ნაწილობრივ ღაზაში არსებულ სახელოსნოებში თვითონვე ამზადებენ.

ღაზას სექტორში ძალიან ბევრი მიწისქვეშა კომუნიკაციაა, თვითონ ქალაქ ღაზას ქვეშ, შეიძლება ითქვას, მეორე ქალაქი არსებობს მრავალრიცხოვანი გვირაბებით, ბუნკერებით,  საწყობებით, სახელოსნოებით და ა.შ.

„ძალიან რთული ამოცანა“

2005 წლიდან, როცა ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარი გავიდა, „ჰამასის“ წინააღმდეგ „ცახალმა“ რამდენიმე სამხედრო ოპერაცია განახორციელა - მინიმუმ რვაჯერ მაინც. სულ ბოლოს - 2023 წლის მაისში. ეს იყო ისრაელის პასუხები „ჰამასის“ სარაკეტო სროლებზე. თუმცა „ცახალის“ ოპერაციები შეზღუდული იყო და სწრაფად მთავრდებოდა. ხანმოკლედ, მაგრამ მშვიდობა მაინც მყარდებოდა ხოლმე.

ამჟამინდელი სიტუაცია წარსულისაგან კარდინალურად განსხვავდება. იმდენი მოქალაქის მსხვერპლი, რამდენიც ისრაელმა 7-8 ოქტომბერს დაკარგა, არ მომხდარა არაბულ-ებრაულ ომების დროიდან, ამიტომაც ძნელი არ არის ისრაელის მოსახლეობის რისხვის გაგება.  „ჰამასის“ თავდასხმას ბევრი ებრაელი ისრაელის სახელმწიფოს არსებობის მუქარად აღიქვამს.

საქმე ეხება ღაზას სექტორის ტერიტორიის მთლიან გაკონტროლებას და „ჰამასის“, უპირველესად კი მისი რადიკალური სამხედრო ფრთის განადგურებას. ეს ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. ისრაელს საფრთხე ემუქრება ჩრდილოეთიდანაც - ლიბანის ტერიტორიიდანაც, სადაც „ჰამასის“ მსგავსი ორგანიზაცია - „ჰეზბოლაა“ გაბატონებული. საფრთხეა მოსალოდნელი სირიის მხრიდანაც... მოკლედ, ებრაელებს ირგვლივ ბევრი არაკეთილმოსურნე და მტერი ჰყავს. რა თქმა უნდა, ისრაელს მდიდარი საომარი გამოცდილება აქვს, ადრეც ბევრჯერ უბრძოლია რამდენიმე ფრონტზე, გაუმარჯვნია კიდეც, მაგრამ ღაზას სექტორი სპეციფიკურია. საკითხი ასე დგას: რას გააკეთებს და რას უზამს სექტორს ისრაელის არმია.

პირველი სცენარი: ტრადიციული...

ღაზას სექტორს ისრაელის ავიაცია და სარაკეტო ქვედანაყოფები ინტენსიურად უკვე ბომბავს, მაგრამ სახმელეთო ოპერაციას, არმია, ალბათ, ისევე როგორ ადრე აკეთებდა ხოლმე, ძლიერი საარტილერიო მომზადებით დაიწყებს: პირველ რიგში ისევ დაიბომბება სამხედრო ობიექტები, მართვისა და კავშირგაბმულობის ცენტრები, საწყობები და ა.შ. ამის შემდეგ ღაზაში შეიჭრებიან ჯავშანსატანკო ნაწილები და ქვეითთა ქვედანაყოფები, რომლებიც, ჰაერიდან დახმარებით, დაიწყებენ „ჰამასის“ ცოცხალი ძალის განადგურებას. გამოყენებული იქნება რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები, კავშირის ჩახშობის მიზნით.

ღაზას სექტორში მდებარე გვირაბების შესასვლელები დაიბლოკება ან ნადგურდება. ფინალურ სტადიაზე ისრაელის სპეცდანიშნულების რაზმები „ჰამასის“ მიმალულ მებრძოლებს და მათ მეთაურებს ან ადგილზე გაანადგურებენ, ან ტყვედ აიყვანენ.

მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულად კი... ღაზას გაკონტროლება ძალიან ძნელ ამოცანას წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, „ჰამასს“ არ სძინავს და ისიც გეგმებს ადგენს, ითვალისწინებს ისრაელის მოსალოდნელი დარტყმის სიმძიმეს და ზომებს იღებს.

ღაზას სექტორის ირგვლივ ადგილი ღიაა, ვაკეა და უბრალო დრონებითაც შეიძლება საჰაერო დაზვერვა და ისრაელის საჯარისო შენაერთების თავმოყრის ადგილის გაგება. შესაბამისად, სახმელეთო ოპერაციის დაწყების მოულოდნელობის ფაქტორი „ჰამასისათვის“ მეტ-ნაკლებად გამორიცხული იქნება.

ისრაელის არმია იოლად გადალახავს დანაღმულ ველებს (მას შესაბამისი ტექნიკა ბევრი აქვს), პალესტინელთა გამაგრებულ ზღუდეებს და ქალაქ ღაზას მიადგება. აი, აქ უკვე პრობლემები გაჩნდება: აქვს თუ არა ისრაელის არმიას მჭიდროდ დასახლებულ ქალაქის ქუჩებში ბრძოლის გამოცდილება, როცა მოწინააღმდეგე ყოველი შენობიდან ისვრის? ეს კითხვა რიტორიკულია.

ქალაქის ბრძოლებში უფრო მაღალ ეფექტურობას ავლენენ მსუბუქად შეიარაღებული პატარ-პატარა ჯგუფები - როგორც თავდამსხმელების, ასევე თავდამცველების მხრიდან

თავდამცველმა მხარემ, ცხადია, უკეთესად იცის ადგილმდებარეობა, იცის თუ სად აქვს დამალული იარაღი, მას აქვს მოსახლეობის მხარდაჭერაც, რომელთა გამოყენება, უკიდურეს შემთხვევაში, „ცოცხალი ფარის“ სახითაც შეიძლება.

თავდამსხმელი მხარე კი იძულებულია უფრო მეტად საკუთარი საბრძოლო ტექნიკის იმედად იყოს, რომელიც, ქალაქის ვიწრო ქუჩებში მოწყვლადი ხდება. „ცახალისათვის“ ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გვირაბები იქნება: პალესტინელი ინჟინრების ძალისხმევის წყალობით გვირაბები ისეთი პრიმიტიულები აღარ არიან, როგორებიც წლების წინ იყო. ამჟამად ღაზას ქვეშ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მთელი მიწისქვეშა ქალაქია - დერეფნების რთული სისტემა, რომელთა ამოსასვლელები ძნელად შესამჩნევია - მაგალითად, ამოსასვლელი შეიძლება იყოს რომელიღაც არაბი მარტოხელა მოხუცი ბებიის სახლი.

დიდი ალბათობით, სწორედ მიწისქვეშ არსებულ სათავსოებში ჰყავს დამწყვდეული „ჰამასს“ 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები, ანუ მათი გათავისუფლება უკიდურესად რთულ ამოცანას წარმოადგენს.

მეორე სცენარი - ბლოკადა

ღაზას სექტორი, პრინციპში, უკვე ბლოკირებულია - არ მიეწოდება გაზი, ელექტრონერგია, საწვავი... ბლოკადა ლოგიკური სვლაა, მაგრამ პროგნოზირებადი. „ჰამასმა“, სავარაუდოდ, ეს გაითვალისწინა და ამიტომ მას საკმაო რაოდენობით ექნება მომარაგებული საწვავიც და დიზელგენერატორებიც, რასაც ვერ ვიტყვით მოსახლეობაზე. საბოლოო ჯამში, ხანგრძლივ ბლოკადას მოსახლეობისათვის მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია - ცივილიზაციისაგან დახურულ ქალაქში შეიძლება ეპიდემია და შიმშილობა დაიწყოს.

ამის გამო საჭირო გახდება ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა, საფილტრაციო ბანაკების მოწყობა, ლტოლვილებისათვის ადგილის გამონახვა, რაც ისრაელისთვის ზედმეტი თავსატეხი იქნება. ღაზას სექტორის ორმილიონიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კრიზისით ისეთი პრობლემები გაჩნდება, რომელსაც ისრაელი საკუთარი ძალებით ვერ გადაწყვეტს და ამიტომ რაც მოხდება, ყველაფერი მას დაბრალდება..

თანაც ბლოკადის დროს ისრაელს მაინც მოუწევს სამხედრო ოპერაციის განხორციელება: გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ „ჰამასელებს“ მოშივდებათ, მოწყურდებათ, გვირაბებიდან ხელაწეულები ამოვლენ და „ცახალის“ ჯარისკაცებს ჩაბარდებიან.

არჩევანი ცუდს და უარესს შორის

სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა ისრაელი. „ჰამასის“ რადიკალური ფრთა დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ მისი მეთაურების ფიზიკური განადგურება ისრაელს არაბულ სამყაროსთან პრობლემებს გაუმრავლებს, მაგრამ მეორე მხრივ, ისრაელს სხვა გზა არ აქვს - 7 ოქტომბრის ტრაგედია ქვეყნის მთავრობას გადაუდებელი ზომების მიღებისაკენ აიძულებს.

თავისი მასშტაბებით ისრაელის არმიის მოსალოდნელი ოპერაცია შეიძლება 2015 წელს ერაყში მომხდარ ბრძოლას შევადაროთ - როცა ქალაქი მოსული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. ორმილიონიანი ქალაქისათვის ბრძოლა 9 თვე გრძელდებოდა, დაიღუპა ათი ათასობით ადამიანი, მილიონი კი ლტოლვილად იქცა.

სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, სახმელეთო ოპერაციის შედეგად ისრაელს შეუძლია გაანადგუროს „ჰამასის“ მეთაურთა უმრავლესობა და მოკლევადიან წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ თუ არ იქნება შეთანხმება მტკიცე მშვიდობაზე, „ჰამასი“ ალბათ, აღორძინდება, მის რიგებს განრისხებული და რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდები შეავსებენ.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/ckd9jd4rq5no

 

Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати