USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
თბილისი
ბესო ლაგვილავა: მე ვიყავი იმ პარლამენტის წევრი, რომელმაც საქართველოში პარლამენტარიზმი დაამკვიდრა
 3328

მწერალი, მათემატიკოსი, საქართველოს პარლამენტის ორგზის მოწვევის დეპუტატი ბესო ლაგვილავას მრავალმხრივი და საინტერესო შრომითი ბიოგრაფია აქვს. ბოლო რამდენიმე წელია პროფესიულად გაიტაცა წერამ და უკვე სამი წიგნის ავტორია. წლების წინ მის ბიოგრაფიაში იყო ცნობილი და საინტერესო კვლევითი ინსტიტუტის დახურული ლაბორატორიაც, სადაც ახალგაზრდა ბესო ლაგვილავას გასაიდუმლოებულ პროექტებზე უწევდა მუშაობა. როგორ გაიარა გზა რიგითი მათემატიკოსიდან  წარმატებულ ბიზნესამდე, ამას თავად ბესო ლაგვილავასგან შეიტყობთ, რომელიც საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს იხსენებს.

- ბატონო ბესო, მრავალმხრივი და საინტერესო შრომითი ბიოგრაფია გაქვთ. თქვენი ერთ-ერთი  წიგნის სათაურს „უკან დატრიალებული დრო“-ს თუ გამოვიყენებთ, თქვენი ცხოვრების ყველა დიდ წარმატებაში  გადამწყვეტ როლს ვის ან რას აკისრებს?

- ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩემმა ოჯახმა, მშობლები არაფერის იშურებდნენ იმისთვის, რომ კარგი განათლება მიმეღო. ჩემი მათემატიკოსობა დაიწყო 4 წლის ასაკიდან.  როდესაც სკოლაში შევედი, პირველი ორი კლასის პროგრამა უკვე გავლილი მქონდა დედაჩემის დამსახურებით. დედა ფილოლოგი იყო, მამა სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ისიც  აქტიურად იყო ჩართული ჩემს სწავლა-განათლებაში. მამა სახლში რაღაცას რომ აკეთებდა, გვერდით დამსვავდა და ორნიშნა რიცხვებს მამრავლებინებდა ხოლმე მაშინ, როდესაც ჩემი ტოლები წერა -კითხვას სწავლობდნენ. სკოლაში ძალიან კარგი მათემატიკის მასწავლებელი გვყავდა. ახლა როდესაც ვაკვირდები განათლების სისტემას, გული მწყდება, რომ ჩვენს სკოლებში იმ დონის მასწავლებლები თითქმის აღარ არიან, როგორებიც ჩემს ბავშვობაში იყვნენ.

ჩვენ ვცხოვრობდით ხობის რაიონის სოფელ ხეთას ერთ-ერთ ნაწილში, პირველ მაისში. ხეთა ძლიერი სოფელი იყო,  მაშინ ძალიან ფასობდა ციტრუსი, დაფნა, შესაბამისად მოსახლეობა  უხვშემოსავლიანი იყო. არსებობს ასეთი მხიარული ისტორია, რომ კომუნისტების დროს  ხეთაში ცხოვრების იმდენად მაღალი დონე იყო, ადგილობრივებმა ხელისუფლებას  ვერტმფრენების ყიდვის უფლება მოსთხოვესო(იცინის) სოფელმა  ბევრი რამ მომცა, სიყვარული, სილაღე, რაც მერე ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.  გარშემო კარგი ხალხი მყავდა, მათ შორის  ჩემი უნიჭიერესი ბიძა, პროფესიით  ისტორიკოსი და მათემატიკოსი, რომელმაც რაიკომის მდივნობაზე თქვა უარი.  მისი საუბრები,  გამოჩენილი ადამიანების ბრძნული ნათქვამები, ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა. ჩემთვის, პატარა ბიჭისთვის, დიდი ბედნიერება იყო ხოლმე სოფლის წისქვილში  ყოფნა, სადაც უფროსები ისე განიხილავდნენ მსოფლიო პოლიტიკას - ამერიკის, ევროპის, ჩინეთის  ამბებს, დღეს პარლამენტში რომ ვერ ნახავთ ასეთ განხილვას (იცინის).

 399719970_6322191701215546_4196546511148234447_n 

- წლების შემდეგ პოლიტიკა დიდი დოზით შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში,  ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხართ. ახლა როდესაც პოლიტიკურ პერიპეტიებს უყურებთ და ადარებთ თქვენი დროის პარლამენტს, როგორ აფასებთ იმ ყველაფერს რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება?

- მეამაყება, რომ საქართველოში ჩვენ დროს დაიწყო ქართული  პარლამენტარიზმის ისტორია. მე  ვიყავი იმ პარლამენტის წევრი და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, აქტიურად ჩართული ყველა პროცესში, რომელმაც საქართველოში პარლამენტარიზმი დაამკვიდრა. ეს იყო უცხო მოვლენა, ახალი სტრუქტურა პოსტსაბჭოთა სივრცეში. კარგად  მახსოვს, როდესაც საერთაშორისო კონფერენციებზე ვხვდებოდით როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ასევე ჩვენი რეგიონის -  აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის პარლამენტის წევრებს, მათ შორის ვიყავით  ლიდერები  ჩვენი დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით და ა.შ. 

მე კარგად ვიცი ქართული პოლიტიკის კულისებიც. მყავს მეგობრები პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც დღესაც აქტიურ პოლიტიკაში არიან, მათი ნაწილი მაშინ იწყებდა პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენ დროს ვახერხებდით, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის არსებული  დაპირისპირების მიუხედავად არ დაგვეზიანებინა ქვეყანა, არ ვსაუბრობდით ზიზღის ენით, რაც დღეს ხდება. ჩვენ  ვახერხებდით შეთანხმებას  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე, თითქმის გამორიცხული იყო კანონის მიღება, თუ ერთი ოპოზიციური პარტია მაინც არ  უჭერდა მხარს.  ძალიან ვიწრო დანის პირზე გავდიოდით, რასაც დღეს პარლამენტში ვერ ვხედავთ. ახლა აბსოლუტურად პოლარიზებულია გარემო, გაფუჭებულია ადამიანური ურთიერთობები. პრობლემა ის არის, რომ მათი დაპირისპირებით ზარალდება ქვეყანა. თუ პარლამენტში არ მიმდინარეობს დიალოგი, მაშინ ის კარგავს ფუნქციას და პროცესი გადადის ქუჩაში, ამას ვხედავთ ბოლო პერიოდში. პარლამენტმა დაკარგა  ფუნქცია, ქვეყნისთვის იყოს მეხამრიდი, კრიზისების დამრეგულირებელი ორგანო. ჩხუბი და დაპირისპირება, ასევე გამოსვლები ჩვენს დროსაც იყო. 2003 წელს  საქართველოში ხელისუფლების ცვლილებებისკენ მიდიოდა პროცესი და ვისაც ცოტა მაინც გაგვეგებოდა პოლიტიკის, ამას ყველა ვხვდებოდით. მარტივი განსასაზღვრი იყო, რომ ძველმა ხელისუფლებამ მოჭამა თავისი დრო და ის უნდა ჩანაცვლებულიყო ახალი ძალით, თუმცა არ იყო გარკვეული ვინ იქნებოდა ის ძალა. ქვეყანა ემზადებოდა ცვლილებებისთვის, რაც ახლაც  ასე ჩანს და ასეც უნდა იყოს.  ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს მაქსიმუმ ორი არჩევნების შემდეგ. არ შეიძლება პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში დარჩეს 8 წელი და კიდევ მეტი, მე თუ მკითხავთ, 4 წელიც საკმარისია ერთი პოლიტიკური ძალისთვის, რადგან მერე იწყება მორგება, ძალაუფლების გამოყენება, ჩვენ ვიცით, როგორ რყვნის ძალაუფლება და მით უმეტეს აბსოლუტური ძალაუფლება.

347413373_1653969221717602_975361132899163344_n

პარლამენტში გატარებულმა წლებმა დამიტოვა ბევრი მეგობარი როგორც  სახელისუფლებო გუნდიდან, ასევე ოპოზიციიდან, რომლებიც მართლაც გამორჩეული სახეები იყვნენ. ჩვენ დღესაც ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს, გვქონდა პოლიტიკურ-ეკონომიკური კლუბი,  რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ყოფილი მინისტრები, დეპუტატები. აქტიურ დისკუსიებს ვმართავდით კლუბის ფარგლებში.  ჩვენს მოსაზრებებს ვუზიარებდით  პარლამენტსაც, მაგალითად 2019 წელს ვიმუშავეთ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაციები ქვეყნის ბიუჯეტზე ეკონომისტებს, როგორც აღმოჩნდა ბიუჯეტის მიღება ხდება მექანიკურად ძველი პარამეტრების გადაკეთებით და მცირედი ცვლილებებით.  უფრო მეტსაც გეტყვით, ადამიანებს წაკითხული ჰქონდათ ბიუჯეტის მხოლოდ ის ნაწილები, რაც მათ ეხებოდათ. წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი და მისი პარამეტრები თავიდან ბოლომდე არავის არ ჰქონდა წაკითხული, გარდა იმ ადამიანისა, ვინც ის კომპიუტერზე ავტომატურად აკრიფა. (იცინის)

მე ვერაფრით ვიქნები გარე დამკვირვებლის როლში. აქტიურად გამოვხატავ ჩემს პოზიციას, ვესწრებოდი  ყველა პროტესტს, რაც ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გაიმართა. არ დაგიმალავთ, რომ  არ მომწონს ის,რასაც ახლა აკეთებს სახელისუფლებო პარტია და არც ის მომწონს, ამ სიტუაციაში როგორც იქცევა ოპოზიცია. არ ჩანს ისეთი ძლიერი გუნდი, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს საკითხი ასეთ რთულ სიტუაციაში.   სამწუხაროდ ახლა ჩვენთან ბერდიმუჰამედოვიზაციაა. თურქმენეთის პრეზიდენტი თავის ქვეყანაში  ხომ არის პრეზიდენტიც, აკადემიის მთავარი აკადემიკოსიც და თქვენ წარმოიდგინეთ, თავისი ქვეყნის პირველი როკმენიც. გამოდის პრეზიდენტი სცენაზე, უკრავს გიტარაზე, მღერის და  თურქმენეთის საზოგადოება უსმენს მის გამოსვლას, შემდეგ აფასებენ, სამწუხაროდ, არც ჩვენთან არ არის გამორიცხული ასე  მოხდეს.  

- პარლამენტამდე თქვენს შრომით ბიოგრაფიაში იყო ბევრი საინტერესო სამსახური, მათ შორის კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობდით ხელოვნურ ინტელექტზე მაშინ, როდესაც ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო ხელოვნური ინტელექტი.

- 16 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიე. თამამად შემიძლია თქმა, რომ არასდროს სამსახური არ მიძებნია, ყველა სამსახური თავად „მეძებდა“ (იცინის)  როდესაც ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, ეს ჩვეულებრივი რამ იყო.  როდესაც მათემატიკოსები უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებდნენ, კარგი სტუდენტების უმეტესობა,  სამუშაოდ ინსტიტუტებში მიდიოდა. მე მუშაობა დავიწყე მოსკოვის ავტომატური სისტემების ინსტიტუტის თბილისის ფილიალში, რომელიც ძალიან საინტერესო ინსტიტუტი იყო. ეს ინსტიტუტი, სახელად „სხივი“  დღესაც არსებობს.  წარმოიდგინეთ, საქართველოში ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერი მე მედგა სამუშაო მაგიდაზე.  ჩვენ ვმუშაობდით  ტექნოლოგიების, ძირითადად საფრენი აპარატების, მათი „ტვინის“ შექმნასა და ფუნქციონირებაზე. ჩემთვის, როგორც მათემატიკოსისთვის, ეს არ იყო რთული ამოცანა. საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა. ერთხელ ისეთი სირთულის ამოცანა გადავწყვიტეთ, ჩემმა კოლეგამ მითხრა: ამას თუ გადავწყვეტთ, ნობელის პრემია გვეკუთვნისო (იცინის)

347131454_994766088202582_5841405722212525338_n

უმეტესად  ვმუშაობდით თემებზე, რომელიც გასაიდუმლოებული იყო, შესაბამისად, ხელს ვაწერდით კონტრაქტს, რომლის მიხედვით მათი გახმაურების უფლება არ გვქონდა. ჩვენი სამუშაო, როგორც ავღნიშნე, ძირითადად დაკავშირებული იყო საფრენ აპარატებთან.  ამას წინ უძღოდა ძალინ ცუდი ინციდენტი, რომელმაც მთელ მსოფლიოში გამოიწვია დიდი დაძაბულობა, როდესაც საბჭოთა მფრინავებმა ვერ ამოიცნეს კორეის თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაგდეს იაპონიის ზღვაში. ეს მოხდა 1983 წელს, თვითმფრინავში  83 ადამიანი იყო. საბჭოთა მფრინავებს  არ ჰქონდათ ტექნოლოგია, რომ ამოეცნოთ, თუ  რა ტვირთი გადაჰქონდა თვითმფრინავს, რომელიც მათ გვერდით მიფრინავდა. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა შექმნილიყო ამომცნობი აპარატი, რომელიც ლაზერის სხივის მეშვეობით „იგებდა“ რა ტვირთი გადაჰქონდა თვითმფრინავს, რაც  დიდი მნიშვნელობის საკითხი იყო.

ინსიტუტიდან, რომელმაც დიდი გამოცდილება მომცა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ წამოვედი. უკვე აქტიურად ვიყავი  ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. ინსტიტუტიდან წამოსვლის შემდეგ გადავერთე ეკონომიკაზე. ამ სამსახურმაც თავისით მომძებნა (იცინის) ტრაბახში არ ჩამითვალოთ, როდესაც მრეწველობის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ორი სამსახური მეპატიჟებოდა ერთდროულად : ერთი იყო მინისტრთა კაბინეტში არსებული  პრივატიზაციის კომისია, მეორე  ეკონომიკური რეფორმების კომისია. ერთმა ხელმძღვანელმა, ვისაც უნდოდა  რომ მასთან დამეწყო მუშაობა, მეორე ხელმძღვანელის ხელში დაინახა ჩემი სამუშაო ანკეტა და ხელიდან წაართვა.  

- 90 -იანი წლების ე.წ „ ველური პრივატიზაციის“  პროცესში თქვენც მონაწილეობდით?

- არა, მე ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია, ასე რომ ყოფილიყო, ალბათ მეც ხომ მექნებოდა რამე პრივატიზებული (იცინის)  თუმცა მოგვიანებით, მე ვხელმძღვანელობდი პრივატიზაციის ქვეკომიტეტს, ასევე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ორგანიზაციების პრივატიზების კომისიის წევრიც გახლდით. სხვათაშორის, ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად, აღმოჩნდა სახელმწიფო ქონება  იმ დირექტორების ხელში, ვინც ამ საწარმოებს ხელმძღვანელობდნენ. ეს მათმა შრომითმა კოლექტივებმა გადაწვიტეს, იმ კანონმდებლობის  საფუძველზე,   რომელიც   შექმნილი იყო  1993 წელს, ამ კანონით  ძალიან ბევრმა მოახერხა საკუთარი საწარმოების გაფორმება. 1998 წლიდან, როდესაც ამ პროცესში ჩავერთე  ფაქტიურად დასრულებული იყო ყველაფერი, ძალიან მსხვილი ობიექტები იყო დარჩენილი საპრივატიზაციოდ.  მე მახსოვს როგორ დავიწყეთ  „აზოტის“ პრივატიზაცია. ამ ობიექტზე იმდენად დიდი კონკურენცია იყო, ვისხედით კომისიის წევრები დარბაზში, სადაც შემოდიოდნენ  კონკურენტი კომპანიები და ერთმანეთზე ისეთ კომპრომატებს გვაწვდიდნენ, გადაწყვეტილების მიღება შევაჩრეთ. უკვე წლების შემდეგ განხორციელდა „აზოტის“ პრივატიზაცია.

 - დღეს ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად რა გენატრებათ? 

- ძველი მეგობრები და ის ლაღი წლები. ახალგაზრდობის წლები გენიოსებში გავატარე, ჩემი ჯგუფიდან სამი პარლამენტარი გავხდით, მე, ირაკლი კოვზანაძე და ივანე კილაძე. ჩემი  ჯგუფის წევრი იყო დიტო პატარაია, გასაოცარი უნარის და  ნიჭის პატრონი, თვითონ  მესამე კურსელი  სპეც-კურსებს  კითხულობდა.  ჩვენი თანაკურსელი  ალეკო ლანდია  დღეს უდიდესი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელი და მმართველი დირექტორია.  დღეს ჩემი იმ პერიოდის მეგობრების დიდი ნაწილი, წარმატებით საქმიანობს უცხოეთში, მათ შორის ბევრი პროფესორია.

259393724_4092900337478038_4797267710820346610_n  

-  თქვენ პროფესიიით მათემატიკოსი, პროზასთან და პოეზიასთან როგორ დამეგობრდით, დღეს უკვე სამი წიგნის ავტორი ხართ.

- წერა ყოველთვის მიყვარდა, პატარა ასაკიდან ვწერდი. სკოლის ბოლო კლასებში ოლიმპიადებზე ვიღებდი მონაწილეობას. ქართული ენის ოლიმპიადაზე დასაწერად მოგვცეს თემა "ვინ გინდა,რომ გამოხვიდეთ?" მე დიდხანს არ მიფიქრია... იმ დროს მიყვარდა და დღესაც მიყვარს კრივი... ეს მთელი თემა იყო,როგორ შემოვიდა დასავლეთი ჩვენთან. იყო "ბითლზი" და ევგენი მაჭავარიანის გადაცემა "ეს ესტრადაა", იყო ვესტერნი "შესანიშნავი შვიდეული",რომლის ნახვის შემდეგაც მთელმა ჩემმა თაობამ სქელი ქამრების ტარება დაიწყო! ჩემთვის დასავლურ კულტრასთან ზიარების ერთ-ერთი წყარო იყო კრივი... ალი-ფრეზერის ბრძოლა,რომელიც რატომღაც იმ რკინის ღობით შემოსღვრულ და ჩაკეტილ სსრკ-ში ტელევიზიით ანახეს! ალის ფანი ვიყავი! და წავიკითხე რეპორტაჟი ალი- სონი ლისტონის ბრძოლაზე, რომლის შემდგომაც ალიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული წაართვა ლისტონს! ლისტონი მოკრივე იყო, რომელიც ახალგაზრდობაში ციხეში მოხვდა და იქ გაცნობილმა ყოფილმა მოკრივემ,რომელიც ლისტონთან ერთად იხდიდა სასჯელს კრივი ასწავლა. ციხიდან გამოსული ლისტონი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა და მას ტიტულისთვის შეხვდა კასიუს კლეი, რომელიც მოყვარულთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი იყო! ლისტონმა ციხეში მხოლოდ კრივი კი არა,  უმნიშვნელოვანესი სიტყვა - "მოვკლავ!" ისწავლა. კასიუს კლეის - მაჰმადიანური რწმენის მიღების შემდეგ მუჰამედ ალის კი უყვარდა პრესასთან ურთიერთობა. ის ორატორი იყო და შემდეგ პაცისტური მოძრაობის აქტიური და შავკანიანების უფლებების დამცველი... როცა ჟურნალისტები ალისთან ბრძოლაზე კითხვას უსვამდნენ ლისტონს ის პასუხობდა ერთი სიტყვით - "მოვკლავ!" მე ჩემი ოლიმპიადის თემა მივუძღვენი სპორტულ ჟურნალისტიკას და თემა დავიწყე სიტყვით - "მოვკლავ!" -ასე პასუხობდა რკინისმუშტიანი სონი ლისტოპნი ჟურნალისტთა კითხვას... შემდეგ კი აღვწერე ამ ბრძოლის პერიპეტიები... ოფლიც, ტკივილიც და ალის "ფანტომური დარტყმაც"... სხვა ბავშვები წერდნენ ექიმის  პრიფესიაზე, თუ  როგორ ოცნებობენ ადამიანების გადარჩენაზე, ზოგი წერდა,რომ უყვართ მასწავლებელი და მასწავლებლობაზე ოცნებობენ, მე  კი თემა დავიწყე სიტყვით - "მოვკლავ!", რის გამოც ოლიმპიადის მიღმა დავრჩი ( იცინის)

წერისთვის თავი არ დამინებებია არც სტუდენტობის დროს, მაგრამ არასდროს მიფიქრია ჩემი ნაწერების გამოქვეყნებაზე. პირველი რომანი „ლამაზად სიკვდილის თვითმასწავლებელი“ გამოვაქვეყნე 2019 წელს. ბოლო წლებში აქტიურად ვწერ, მალე  გამოვა  ჩემი წიგნი - „უკან დატრიალებული დრო“.  ეს არის ისტორია ადამიანის, რომელიც მოკლეს უკრაინაში და სწორედ აქედან იწყება მისი უკან „მიტრიალება“.  ამოდის საფლავიდან, იხსენებს წარსულს. სხვათშორის, მე ვარ პირველი, ვინც ამ სამყაროში  ფეისბუქ რომანი  დაწერა.  „ აუქციონი: ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად “, რომელიც  კოვიდპანდემიის პერიოდში დავწერე.  სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში ხალხს აღარ სცალია კითხვისთვის. ჩემი რომანი „ვინ გაყიდის ქრისტეს იუდაზე იაფად - აუქციონის“ აზრი სწორედ ეს არის - ჩვენ უნდა წავიკითხოთ, დავინახოთ ჩვენი სახეები. ყველა ადამიანი, ვისზეც მე ვსაუბრობ და ვწერ, რეალური სახეებია. საკითხავი და საფიქრალია, რას ვემსგავსებით ჩვენ ძალიან ხშირად, სწორედ ამაზეა საუბარი ჩემს წიგნში.

347237713_146345908425241_5819639203705313808_n

 - რა იყო თქვენი ცხოვრების  „ოქროს წესი“, ის, რაც ამ გადასახედიდან ფიქრობთ, რომ  ყველაზე მეტად გამოგადგათ?

 - ეს იყო  შრომა, დისციპლინა და სიახლეების ძიება. მე დღესაც 9 საათზე ვიწყებ მუშაობას, ბევრს ვწერ, რადგან არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმას, რაც ქვეყანაში ხდება. იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ზარმაციც ვიყავი. ჩვენს ინსტიტუტში, იქიდან გამომდინარე, რომ საიდუმლო თემებზე გვიწევდა მუშობა, არსებობდა სპეციალური სამსახური, რომელსაც ყველა ლაბორატორიაში აგენტურა ჰყავდათ მიჩენილი თანამშრომლების მეთვალყურეობისთვის. იმის მიუხედავად, რომ გაუთქმელობაზე გვქონდა ხელი მოწერილი, საბჭოთა სისტემა ასე იყო მოწყობილი, აუცილებლად უნდა გაკონტროლებულიყო, ვინმეს ლაბორატორიიდან ინფორმაცია  რომ არ გაეტანა. იყო ერთი რუსი ქალბატონი,  რომელთანაც თავს იყრიდა  თანამშრომლებზე გაკეთებული წერილები. ინსტიტუტიდან რომ მოვდიოდი, ამ ქალმა მითხრა: თქვენზე წერია, ზარმაცია მაგრამ 15 წუთში შეუძლია გააკეთოს ის, რასაც სხვები ერთი თვის განმავლობაში აკეთებენო. ამან ჩამაფიქრა და ჩამრჩა მეხსიერებაში.   

- ვერ გყოლიათ კარგი  მეთვალყურეები, მათი „კონტროლის“  მიუხედავად,  რომ მაინც მოახერხეთ ეროვნულ მოძრაობაში ჩართვა.
- არა თუ ჩართვა, ჩვენ მოვახერხეთ კომკავშირის დაშლა ჩვენს ინსტიტუტში, ერთ დღეს ერთ-ერთ ლაბორატორიაში გამოვაცხადეთ, რომ კომკავშირი დაიშალა. ამას დიდი ამბავი მოჰყვა. ჩაერთო უამრავი ხალხი, რომ თავი შეგვეკავებინე, ექსტრემიზმს დაანებეთ თავიო - გამოგვიცხადეს, ჩვენ ავუხსენით, რომ სამშობლოს სიყვარული ექსტრემიზმი არ იყო. ინსტიტუტიდან კი  წავედი, მაგრამ მაინც ვერ ჩამოვცილდი ბოლომდე.  მრეწველობის  სამინისტროში მეცნიერულ -ტექნიკური პროგრესის სამმართველოში, სადაც დავიწყე მუშაობა, ჩემს საკურაციო ზონაში შემოდიოდა ინსტიტუტი, სადაც კომკავშირი „დავანგრიე.“ სამინისტროში მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. მეგობრებთან ერთად პირადად ვიყავი საქართველოში მეწარმეობის განვითარების პროგრამის  ერთ-ერთი ავტორი.

- თავადაც იყავით ჩართული  ბიზნესში, კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობდით ბიზნესში?   

-თავიდან ეს იყო სატრანსპორტო გადაზიდვები. მეგობრებთან ერთად გავაკეთე სატრანსპორტო ხაზი ფოთი -ვარნა. ეს ბორანი წლების განმავლობაში, გაგანია სამოქალაქო ომის და კრიმინალების თარეშის დროს, უზრუნველყოფდა ქვეყანაში პროდუაციის შემოტანას, მაშინ  ისეთი  რთული და გაჭირვებული დრო იყო,  არაფერი  გვქონდა. პარლამენტიდან წამოსვლის შემდეგ ისევ ჩავერთე სატრანსპორტო ბიზნესში, შემდეგ იყო მეღვინეობის ბიზნესი. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ იმ პერიოდში როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა და ჩვენს ღვინის ქარხნებს ძალიან გაუჭირდათ, მე და ჩემმა მეგობრებმა  მოვახერხეთ და ჩვენი პროდუქციისთვის გავხსენით ბაზრები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, ჩინეთში.  

244633041_3956641101103963_6416996352470135334_n   

ცნობილია თქვენი გატაცება სპორტით და მოგზაურობით. სპორტში პროფესიული მიღწევებიც გაქვთ თუ მხოლოდ მოყვარულის დონეზე რჩებით? 

-პროფესიულად ვთამაშობდი ჭადრაკს. შემეძლო თამაში ორ დაფაზე ისე, რომ შეტრიალებულს არც დამეხედა დაფისთვის. ბევრი ნიძლავებიც  მაქვს მოგებული. ყოველთვის მაინტერესებდა კრივი, ვვარჯიშობდი კიდეც, დღესაც ვვარჯიშობ. სახლში მაქვს ამისთვის ყველაფერი. მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან მიგზავნიან ხოლმე კრივის ხელთათმანებს, იციან, რითი გამახარებენ. ჩემი დიდი სიყვარულია ფეხბურთი. ბევრ ისტორიულ მატჩს დავსწრებივარ სხვადასხვა ქალაქებში, კარგად ვიცი ფეხბურთის წესები, ვინ როდის რა შეცდომას უშვებს, ფეხბურთს ვერ ვთამაშობ, მაგრამ პროფესიონალი გულშემატკივარი ნამდვილად ვარ (იცინის)

რაც შეეხება მოგზაურობას, მართლაც ბევრს ვმოგზაურობ მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად. მე ძალიან მიყვარს საქართველო, ალბათ, ამიტომაც არასდროს მიფუქრია აქედან წასვლა, თუმცა მქონდა ბევრი შესაძლებლობა. ძალიან მინდა ჩემი ქვეყანა განვითარების სხვა გზაზე გავიდეს.  პოლიტიკამ და პოლარიზაციამ დაგვაკარგვინა ცხოვრების ხალისი,

რასაც ყველაზე მეტად უცხოეთში ყოფნის დროს ვგრძნობ. მიხარია, რომ  ერთი - ორი კვირა მოვწყდები ხოლმე ამ რეალობას და ვარ ხალხში, სადაც ბედნიერების განცდა აქვთ, იქ სხვა ხალისია ქუჩაშიც, ურთიერთობებშიც, ადამიანებს ბედნიერი სახეები აქვთ, ერთობიან. ამ ქვეყნებმა შეძლეს და  მოაგვარეს ის მთავარი პრობლემები, რაც დაკავშირებულია სოციალურ გარანტიებთან. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არსებობს სოციალური გარანტიები. არავინ იცის, რას მოუტანს  მათ ხვალინდელი დღე. იქ იციან რომ გარანტირებული აქვთ ხვალინდელიც, ზეგინდელიც და ცხოვრობენ თავისუფლად. გული მწყდება, რომ ჩამოვდივარ და ვხედავ იმას, რაც ჩვენთან ხდება. ჩვენ სამწუხაროდ, მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ გაგვეხლიჩა საზოგადოება და ეს ხდება იმისთვის,რომ ვიღაცამ ხელისუფლება შეინარჩუნოს. რამდენიმე დღეა ჩამოვედი ესპანეთიდან  და ტელევიზორი არ ჩამირთავს. წინასწარ ვიცი, რა ამბავიც იქნება. არავითარი კომპრომისი, არავითარი დიალოგი, ისევ სვლა არასწორი მიმართულებით, რაც საბოლოოდ  გვაბრუნებს წარსულში..    

თამუნა ნიჟარაძე 

347402049_587309766836717_5179657267791874_n

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის