USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ბესიკ ლაგვილავა - ომი ახლო აღმოსავლეთში... ტერორი, ისტორია, მიზნები, კითხვები და სადაც მოხერხდება პასუხები
дата:  1014

რომანტიკოსების და ცინიკოსების ომი

თავი 1. ტერორიზმის ისტორია
1. პირველი ტერაქტი თბილისში
როცა დემეტრე მეფეს ამბავი მიუტანეს, რომ თბილისის ყადის მკვლელი, იბრაჰიმ დანგანი, რომელმაც საჯაროდ მოკლა თბილისის მუსულმანთა მთავარი მოსამართლე, "არწივის ბუდის" ალამუტის მმართველის მუჰამედ იბნ ბუზურგ - უმიდის გამოგზავნილი ასასინი იყო, რომელსაც ყადის მოკვლის შემდეგ არც კი უცდია გაქცევა, ჯერ განრისხდა, შემდეგ კარგა ხნით ჩაფიქრდა!
თბილისის ყადი ცნობილი იყო თავისი სიმკაცრით და მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე მუსლიმანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა რითაც ძალიან გააღიზიანა ასასინთა წინამძღოლი.
დემეტრემ იცოდა, რომ ერთის მხრივ, ასასინების მტრად მოკიდება ძალიან სახიფათო იყო! მეორეს მხრივ კი, 1139 წელი იდგა, სულ 17 წელი იყო გასული, რაც მისმა დიდმა მამამ დავითმა შემდგომში აღმაშენებლად წოდებულმა არაბი ამირას გამგებლობაში მყოფი თბილისი მის დიდ სამეფოს შემოუერთა!
თბილისი მუსლიმანური ქალაქი იყო და მისი მუსლიმური მოსახლეობა ელოდა მეფის გადაწყვეტილებას!
მის დიდ მამას ამას ვერავინ გაუბედავდა! მას გაუბედეს! ამიტომ ის მართალი და მკაცრი უნდა ყოფილიყო, როგორც მახვილი!
ეს საქართველოში განხორციელებული პირველი ტერაქტია, რომლის შესახებაც ამბავი სპრასელმა ებრაული წარმოშობის ჟამთააღმწერელმა რაშიდ ად-დინმა, ამასთან ერთად ხულაგიუდების იმპერიის მმართველთა პირველმა ვეზირმა მის, „ჯამი ათ-თავარიხი“ - „ისტორიათა კრებულში“ შემოგვინახა. მადლობა მას! აბა, ჩვენ ქართველებს წერა ყოველთვის გვეზარებოდა!
ასასინები პირველი ტერორისტები იყნენ ვინც ტერორი სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანეს! მათ "სიკვდილის ანგელოზებს" ეძახდნენ!
სახელი ასასინი (ხაშაშინი) მომდინარეობს სიტყვა ჰაშიშიდან, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ "სიკვდილის ანგელოზები", რომელთაც დათესეს შიში მთელს ცენტრალურ აზიაში ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილო აფრიკაში, კავკასიასა და ევროპაში ჰაშიშის მომხმარებლები იყვნენ! ჰაშიშის მოხმარების უფლება მხოლოდ ასასინთა მაღალი იერარქიის წევრებს ჰქონდათ!
ასასინთა ალამუტის სახელმწიფო არ გამოირჩეოდა არც სიმდიდრით და არც ურიცხვი ჯარით! მეტიც, ალამუტის ლეგენდარულმა მმართველმა ჰასან იბნ საბახმა შექმნა ფაქტობრივად კომუნა, სადაც საზოგადოების მაღალი და დაბალი ფენების წარმომადგენლები ერთნაირად ცხოვრობდნენ! მან აკრძალა ყოველგვარი ფუფუნების საგნები, დროსტარება და ამ წესების დამრღვევებს დამრღვევებს სიკვდილით სჯიდნენ!
მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა, იბნ საბახი იწვევდა მეცნიერებს, ალქიმიკოსებს, ექიმებს და საყოველთაოდ განთქმული იყო ალამუტის ბიბლიოთეკა!
რეალურად მან შექმნა საბჭოთა კავშირის შექმნამდე 800 წლით ადრე პირველი უტოპიური "სოციალისტური სახლემწიფო" და ეტყობა, ასეთი სახელმწიფოს არსებობას სჭირდება სისატიკე, სისხლი და ტერორი!
პირველი ცნობილი ტერაქტი, რომელიც იბნ საბახის დროს მოხდა იყო, სელჩუკთა დიდი ვაზირის მკვლელობა, რომელმაც აწამებინა სუნიტი მუეძინის მკვლელი ასასინი მოძღვრები, შემდეგ კი ბრძანა ქალაქის ქუჩებში ეთრიათ ცხენებზე გამობმული მათი გვამები!
გაიხსენეთ "ჰამასი", "ჰეზბოლა" და "ალ-ყაიდა" და მათი ლიდერები... მაშინაც ცხრა საუკუნის წინ საკუთარი სახლის სახურავზე ავიდა იბნ საბახი და დასჭექა - "ამ შაითანის მკვლელობა დაგიმკვიდრებთ ზეციურ ნეტარებას!"
არ გაგონებთ დღევანდელი ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების პირობას, რომ ურჯულოთა მკვლელები, სამოთხეს დაიმკვიდრებენ?!
ჯერ კიდევ საკუთარი სახლის სახურავზე იდგა იბნ საბახი, როცა ახალგაზრდა კაცი მუხლებზე დაეცა და შესთხოვა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მიეცა მისთვის ამ განაჩენის ასრულების ნება!
არ გაგახსენათ, ჩვენი თანამედროვე "შაჰიდის ქამრიანები"?!
მიიღო რა ნება აღესრულებინა განაჩენი, ეს ახალგაზრდა კაცი გაემგზავრა სელჩუკთა დედაქალაქში. მასთან ერთად, მაგრამ მისგან დამოუკიდებლად სელჩუკთა დედაქალაქში აღმოჩნდნენ სხვა ასასინებიც. თავად ახალგაზრდა კაცი როგორღაც შეიპარა დიდი ვეზირის ბაღში. მას თან ჰქონდა შხამით მოწამლული დანა და როცა ვეზირი მცველებთან ერთად ბაღში გამოვიდა ის საფარიდან გამოვარდა და მოულოდნელად დაესხა თავს ვეზირს და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა! თავად ასასინ-"ტერორისტს" გაქცევა არც უცდია. დიდი ვეზირი კერ კიდევ სასიკვდილო აგონიაში იყო, როცა მკვლელი ადგილზე აკუწეს დიდი ვეზირის მცველებმა, თუმცა, ვეზირის სასახლეში შემოიჭრნენ სხვა ასასინები და დახოცეს სასახლის მკვიდრნი და ცეცხლი წაუკიდეს თავად სასახლეს!
ბუ ტახირ არანი - დაიმახსოვრეთ ეს სახელი! ასე ერქვა იმ პირველ ტერორისტს, რომლის სახელიც ისტორიამ შემოგვინახა.
სელჩუკთა დიდი ვეზირის მკვლელობა უცბად მოედო არა მხოლოდ სელჩუკთა სამეფოს , არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთის სამეფოებს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი! მთავარი ის იყო, რომ იბნ საბახი მიხვდა, მას არ დასჭირებოდა დიდი არმიის შენახვა იმისთვის, რომ მთელს სამეზობლოში და მის მიღმა საზარელი შიში დაეთესა.
მას სჭირდებოდა "სპეცსამსახური"... ყველაფერზე წამსვლელი ასასინები და ინფორმაცია.
მან შექმნა ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედების პირველი მეთოდიკა, რომლის თანამედროვე ვარიოანტებზე კიდევ მექნება საუბარი:
- ასასინები კი არ ეპარებოდნენ და სადღაც ბნელ კუთხეში კი არ კლავდნენ მსხვერპლს, არამედ, ხალხში შიშის დასათესად, სახალხოდ, უამრავი ადამიანის თვალწინ!
- ხალხში შიშის დასათესად ისინი არასდროს წამლავდნენ მსხვერპლს. ისინი როგორც წესი კლავდნენ მხოლოდ და მხოლოდ ცივი იარაღით!
ასასინები იყოფოდნენ ორ ნაწილად მკვლელებად და დამკვირვებლებად! პირველნი, როგორც წესი განწირულნი იყვნენ, მაგრამ მეორენი აბარებდნენ ანგარიშს ალამუტის მმართველს თუ როგორ იქნა განაჩენი სისრულეში მოყვანილი!
აღწერილია ერთადერთი შემთხვევა, როცა ეგვიპტის ხალიფის მკვლელობისას მკვლელმა ვერ მოახერხა მეფის მოკვლა და საქმეში ჩაერივნენ დამკვირვებელი ფადიები და სიცოცხლე მოუსწრაფეს უბედურ ხელმწიფეს!
ასასინების ტერორმა მოიცვა თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიო! მათ საკუთარი სისხლიანი კვალი დატოვეს პარიზსა და მილანში, კაიროსა და მარსელში, ისფაჰანსა და სამარყანდში, იერუსალიმსა და ბაღდადში, კონსტანტინეპოლსა და რომში...
როგორც გითხარით, მათ საკუთარი სისხლიანი კვალი დატოვეს თბილისშიც!
ასასინების გასაოცარ მოხერხებულობაზე, გაბედულებაზე, სისატიკეზე ლეგენდების დიდი ნაწილის რეალობის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ მათი მსხვერპლი შეიქნა 8 სახელმწიფოს მეთაური და სხვადასხვა სახელმწიფოს რამდენიმე ასეული სახელმწიფო პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელი...
ფანატიზმი
როცა, 1194 წელს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა ჰენრიხ III -მ ჯვაროსნული ლაშქრობიდან წამოსული, მის სამეფოში ინკოგნიტოდ შემოპარული ინგლისის ყველაზე პოპულარული და ყველაზე სულელი რაინდი მეფე რიჩარდ ლომგული ჯერ დაატყვევა და შემდეგ დიდი გამოსასყიდის 150 000 მარკის, ფასად, რაც ინგლისის სამეფო კარის ორის წლის შემოსავალს წარმოადგენდა ტყვეობიდან გაანთავისუფლა, მაგრამ მისი ვასალობა აჰკიდა;
1194 წელს როცა დაიბადა ფრიდრიx I ბარბაროსას შვილიშვილი, არამხოლოდ საღვთო რომის იმპერიის, არამედ შუასაუკუნეების ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორი ფრიდრიხ II, "გონთა მპყრობელი", პოეტი, ფილოსოფოსი, ადრეული რენესანსის შემოქმედი, ჯვაროსანი მეომარი, იერუსალიმის მეფე, რომელიც ისე დაუპირისპირდა რომის პაპებს, რომ ეკლესიიდან ერთხელ განკვეთა არ აკმარეს, სამჯერ განკვეთეს, "ანტიქრისტედ" მონათლეს... მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში...
1194 წელს როცა თამარ მეფესა და დავით სოსლანს შეეძინათ, ქალიშვილი რუსუდანი, რომელზეც არაფერს არც კარგსა და არც ცუდს ვიტყვი, რადგან მაინც თამარის შვილი იყო...
1194 წელს უცნაური და სასტიკი სანახაობის მოწმე გახდა ალამუტის ციხეში იერუსალიმის მეფე ანრი შამპანელი.
ის ალამუტის მმართველთან ან მოსალაპარაკებლად იყო ჩასული! საქმე იმაშია, რომ ჯვაროსნებსაც და ალამუტის მმართველებსაც ერთნაირად არ მოსწონდათ სუნიტი სელჩუკები და არ მოსწონდათ ეგვიპტის, სირიის, ლეგენდარული სუნიტი სულთანის სალახ ად დინის ( სალადინის) გაძლიერება...
ალამუტის მმართველი და ანრი შამპანელი ქუჩაში, სეირნობდნენ, როცა ანრიმ მაღალი კოშკის თავზე თეთრი სამოსით მოსილი რამდნიმე კაცი შენიშნა. ალამუტის მმართველმა კითხა ჯვაროსანთა გრაფს, რამდენად ერთგული იყვნენ მისი ქვეშემრდომები და ისე რომ პასუხს არც დალოდებია ხელი აიქნია და მაშინვე იმ კოშკზე მდგომმა ადამიანები იქიდან ჩამოხტნენ და ლოდებს დაასკდნენ..
ასეთი ერთგულება თუ შეუძლიათ შენს ქვეშემრდომებსო - კითხვა გაიმეორა ალამუტის მმართველმა და პასუხად დუმილი მიიღო.
ისევ გავიხსენოთ, "შაჰიდის ქამრიანი" ტერორისტები და ალამუტის ლეგენდარული მმართველის იბნ საბახის სიტყვები "ტერაქტისას" მოკლული ასასინის მიერ "ზეციური ნეტარების დამკვიდრების" შესახებ და კარგად მივხვდებით რა საფრთხის წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიო საზოგადოება და რატომ არის ესოდენ რთული მუსულმანური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

გაგრძელება იქნება (ტერორის მიზნები)

მიყევით ბმულს - ბესიკ ლაგვილავა

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати