USD 2.6975
EUR 3.1825
RUB 3.4401
Тбилиси
ბექა კობახიძის პასუხი აფხაზეთის საკითხზე - აფხაზებმა, რუსეთის დახმარებით, ჩაატარეს ეთნოწმენდა, დაიტაცეს ჩვენი თანამოქალაქეების ქონება, დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გალში არის აპარტეიდი
дата:  1823
"ჩემი უფროსი კოლეგა მიშა ბახტაძის კედელზე, კომენტარებში (იხ. სტატუსი), შეიკრიბა ყრილობა: სოხუმის უნივერსიტეტის, თსუ-ის, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, მწერალთა კავშირის პროფესორთა და წევრთა შემადგენლობით.
განსახილველი საკითხია ამხ. კობახიძის ბლოგის კოლექტიური დაგმობა.
ამხანაგები შეთანხმდნენ, რომ საიდანღაც ვფინანსდები და სიტყვებით გამოვიდნენ მათი ეპოქისთვის დამახასიათებელი მძიმე ტერმინოლოგიის გამოყენებით.
ჩემი პოსტის პირველი ნაწილი არ ეხება აფხაზეთის საკითხს. მე მინდა მოკლედ მოგიყვეთ ბოლო ნახევარი საუკუნის ქართული ისტორიოგრაფიის ისტორია.
საბჭოთა საქართველოში საქართველოს ისტორიის კვლევის ორი მთავარი კერა არსებობდა: თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი და მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ისტორიის ინსტიტუტი. აწ განსვენებული მარიკა ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის შემდეგ, საქართველოს ისტორიის კათედრა არ განახლებულა 1990-იანი წლების მიწურულამდე. ეს განსაკუთრებით ეხება ქართულ მედიევისტიკას/შუა საუკუნეებს (თუ მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟს, ასევე აწ განსვენებულ გიორგი ოთხმეზურს არ ჩავთვლით). თაობებს შორის იყო რამდენიმე ათწლეულის წყვეტა.
რატომ? იმიტომ რომ იქ ჩაიბუდა ხალხმა და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოჩენას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ. ბევრი ადამიანი დაიკარგა, რადგან საქმეს არ გააკარეს.
ერთი ჩემი უფროსი კოლეგა მიყვებოდა, სანამ ადამიანის ხელმძღვანელი ცოცხალი იყო, მას ვინ მიუშვებდა კათედრაზეო. უნდა დალოდებოდა სიკვდილს, შანსი რომ გასჩენოდაო. ზოგის ხელმძღვანელის ხელმძღვანელი იყო ცოცხალი და დიდხანს მოუწევდა ლოდინი. ეს არის ფეოდალიზმი, ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმას არავინ იღებს, რადგან ესაა მათთვის ქართველობა, დედაუნივერსიტეტი და ასე შემდეგ.
მერე ამათ 2000-იანი წლებიდან დაევალათ კონკურსების ჩატარება. იქიდან დღემდე არის წივილ-კივილი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა ამ კონკურსებზე. არ გეგონოთ ამას მეცნიერებასთან აქვს რამე კავშირი - შეჯიბრი არის იმაზე თუ ვისი კლანი უფრო ძლიერია.
და აი, მოხდა ბედნიერება, თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრა და ისტორიის ინსტიტუტი არათუ აღარ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი შეიძლება ისტორიკოსი გახდეს (მხოლოდ ამ ორ ადგილას ხდებოდა დისერტაციების დაცვა), არამედ ხალხი გარბის იქიდან. როგორც მწერალს აღარ სჭირდება მწერალთა კავშირის წევრობა თავისი შემოქმედებისთვის, ისეა ახლა მომავალი თაობის ისტორიკოსი - მას შეუძლია სხვაგან, პატივცემული გვამებისა და დინოზავრებისგან დამოუკიდებლად შექმნას თავისი კარიერა.
ამას ესენი ვერ ეგუებიან. ჩვენო, ისევ ჩვენო, სულ ჩვენ უნდა ვიყოთო...
რა იყო ამათი ისტორიოგრაფია: პოზიტივისტური, შავ და თეთრ ფერებში, თარიღებზე, სახელებზე, გმირებზე და ანტიგმირებზე აგებული, შავი და თეთრი ფერის ეპოსური თხრობა, სადაც ქართველი სულ მართალია, ყველა გარშემო მტერია, ქართველი სულ მსხვერპლია და არის მუდმივი ბრძოლა დავითსა და გოლიათს შორის. ეს იყო ეთნონაციონალისტური ისტორია. გმირები და ანტიგმირები ეპოქების მიხედვით განისაზღვრებოდა: საბჭოთა დროს გმირი იყო მუშა, პარტია, გლეხი; ანტიგმირი იყო დასავლეთი, კაპიტალიზმი, ბატონი და 19-20 საუკუნეების პოლიტიკური ნაციონალისტები.
დაემხო საბჭოთა წყობა და იგივე ხალხმა მუშას, პარტიას, გლეხს გადაუსვა ხაზი და მთლიანად ეთნონაციონალიზმს მიაწვა, აი იმ სტილში, ათეიზმის კათედრები თეოლოგიის კათედრებად რომ გადაკეთდა.
1943 წელს, გაქანებული სტალინიზმის ეპოქაში, ჯავახიშვილის, ჯანაშიას და ბერძენიშვილის მიერ დაიწერა "საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე", რომელიც პირადად დაარედაქტირა და მას მსვლელობა მისცა სტალინმა.
წაიკითხეთ ეს წიგნი და თქვენ ვერ იპოვით განსხვავებას მასსა და ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებას შორის, მის ნარატივს ვერ განასხვავებთ იმისგან, როგორც დღემდე ვსწავლობთ ისტორიას.
საქართველოში გაგიჭირდებათ იპოვოთ 10 ისტორიკოსი, რომელიც კითხულობს და წერს რომელიმე დასავლურ ენაზე. ესე იგი, ჩვენში თანამედროვე სამეცნიერო ცოდნა ვერც შემოდის და ვერც გადის. საქართველოს ისტორიის შესახებ დაწერილი ხარისხიანი ინგლისურენოვანი წიგნებით ერთ თაროს ვერ გაავსებთ და რაც დაიწერა, უდიდესწილად, უცხოელმა ქართველოლოგებმა დაწერეს. ეს ხალხი მოწყვეტილია გარესამყაროს, ეპოქას და ჩვენც ისევ და ისევ გვასწავლიან ეთნონაციონალისტურ ისტორიას, სადაც სულ კარგები და გმირები ვართ.
ესენი თავს თვლიან მამულის მცველებად, კალმიან ჯარისკაცებად, მაგრამ ეს საყველპუროდ, თორემ კონკურსის ინტერესებს და პოლიტიკურ კონიუქტურას რომ დასჭირდება, როგორც უქნიათ ისე იზამენ.
და ვისგან იცავენ მამულს? საქართველოს გარეთ რა იწერება ისინი ვერ კითხულობენ და ვერც ეპასუხებიან (10 წელია ჯორჯ ჰიუიტის უკიდეგანოდ მდარე და ანტიქართული წიგნი უშედეგოდ უცდის რეცენზიას), მაქსიმუმ სოხუმელ სტანისლავ ლაკობას გამოეპასუხონ, მაგრამ მათი მთავარი როლი არის ქართული საზოგადოების გაგიჟება.
კონკრეტულად, აფხაზეთთან მიმართებით მუშაობს ორი ფაბულა:
1. ინგოროყვისტული - აფხაზები ჩამოთესლებულები არიან და ნოე რომ კიდობნიდან გადმოვიდა მას შემდეგ იქ მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ;
2. აფხაზებიც კი ცხოვრობდნენ იქ, მაგრამ სულ ისე ვიყავით, როგორც ყველი და პური. არასდროს არაფერი არ მომხდარა, რასაკვირველია, არავითარი შეცდომა არავის არ დაუშვია.
აქ ფაქტების უგულებელყოფა, გადაკეთება, დამახინჯება საყვარელი სპორტია, რადგან მამულს ასე სჭირდება.
ხმაურის გამომწვევ პოსტში დავწერე, რომ სოხუმის უნივერსიტეტის ორი პროფესორი კედელზე შეთანხმდა - ელარჯი კი არის აფხაზური სიტყვაო, მაგრამ აფხაზებმა რომ არ წაგვართვან ამიტომ ფრანგულად ჩავთვალოთო.
აფხაზურად სწავლა არ აუკრძალავთ სტალინის დროს. ოთხი კლასი რომ აფხაზურად სწავლობდნენ და მერე ეს აიკრძალა, აბა ეგ რა მოსატანია, ოთხი წელი რა არისო...
ასეთებზე არათუ პრეტენზია არ აქვთ ერთმანეთთან, არამედ აგულიენებენ ერთურთს - "მიდი-მიდი, მიაწექი, მაგარია"-ს ჟანრში. შედეგად ვიღებთ გამოლაყებულ საზოგადოებას.
შორს რომ არ წავიდე, აგერ ჩემს თვალწინ, გუშინ და დღეს მოხდა: წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა წურწუმიამ მოიგონა, თითქოს მე დავწერე რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საკავშირო რესპუბლიკა იყო სსრკ-ში და დამგმო, "ამაზრზენი" მიწოდა. დღისით, მზისით ქნა ეს ამბავი. რომ ვერაფერი ნახა დასაგმობი, თავად მოიგონა.
თსუ-ის პროფესორმა, როლანდ თოფჩიშვილმა მოიგონა თითქოს მე მეთქვას, რომ აფხაზეთში ქართული ტოპონიმები საერთოდ არ არისო. მანაც დამგმო და ვიღაცის ინტერესების გამტარებელი მიწოდა.
კიდევ მრავალი და მრავალი სხვა...
ხვდებით თქვენ ესენი ისტორიას როგორ ექცევიან? ისტორიულ დოკუმენტებს როგორ ატრიალებენ?
ჩემს პოსტში ჩამოვთვალე უკიდურესად საყურადღებო საკითხები, რომლებიც მიფუჩეჩებული აქვს ქართულ ისტორიოგრაფიას, თვალები აქვს მასზე დახუჭული, არ აწყობს მათზე საუბარი, რადგან ეთნონაციონალისტურ ჩარჩოს არ ერგება ისინი. ხმამაღალი დუმილია!
რატომ ჩნდება მეთვრამეტე საუკუნის ევროპულ რუკებზე "დამოუკიდებელი აფხაზები"?; რატომ არ მოაწერა შარვაშიძემ ხელი 1790 წლის ივერიელ მეფე-მთავართა ტრაქტატს? მუჰაჯირობის შემდეგ, რატომ ინიშნებოდნენ აფხაზეთში ეპისკოპოსებად ქართველი ნაციონალისტი მღვდელმთავრები? რა როლი ჰქონდათ ქართველებს იმპერიის მიერ დაარსებული მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების მუშაობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე? ბატონ-ყმობის გაუქმების შემდეგ, რა მიმართულებებით ხდებოდა აფხაზეთის მოსახლეობის შრომითი მიგრაცია? 1897 წლის საყოველთაო აღწერის ანალიზი სად არის? და მრავალი სხვა, რომელთა პასუხგაუცემლად ვერ დაიწერება აფხაზეთის ისტორია.
მაგრამ ეს ყველაფერი გვერდზე გადადეს, როგორც აქამდე ჰქონდათ გადადებული, და ჩააბჟირდნენ ჩემს რეპლიკას - ლეონ აფხაზთა მეფე ბერძნულენოვანი იყო თუ ქართულენოვანი. ჯერესერთი, თვითონაც ვერაფერს ამტკიცებენ რა ენაზე საუბრობდა ლეონი, მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ მათი ვარაუდიც რომ იყოს სწორი, ლეონი გამოიყენეს ზემოხსენებულ მთავარ კითხვებზე პასუხებისგან თავის ასარიდებლად.
ელარჯის ისტორია და ერთმანეთის მიერ ისტორიის პროფანიზაციაზე ყველაფერი რომ იციან, ხმას რომ არ იღებენ, მაგრამ აგერ უცებ ლეონზე აენთნენ, ბექა კობახიძემ არასწორი ფაქტი დაწერაო. ფაქტი კი არ აღელვებთ მაგათ, ის აღელვებთ რომ ბექა კობახიძე მათ ეთნონაციონალისტურ ჩარჩოს გასცდა. ახალგაზრდა კაცია, რამდენს ბედავს და ა.შ.
აღარ გამოვა, ბატონებო, აღარ გადაწყდება კოლექტიური მეხსიერების საკითხები თქვენს ვიწრო წრეში და წამოვა ახალგაზრდა თაობა, რომელიც ისე დაწერს ისტორიას, როგორც განვითარებულ ქვეყნებში წერენ. თქვენ ამას აღარავინ შეგეკითხებათ.
საერთაშორისო ლიტერატურაში აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, სამწუხაროდ, გლობალური ისტორიოგრაფია მთლიანად აცდენილია იმას, რასაც ეს ქართველი ისტორიკოსები წერენ და საუბრობენ.
წერენ ბევრს. ზემოხსენებულმა როლანდ თოფჩიშვილმა მომიწოდა, ისტორიკოსმა ბევრი უნდა იკითხოს და ცოტა უნდა წეროსო. მე თექვსმეტი წელია ერთ წიგნზე ვმუშაობ და თავად 266 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ყოფილა (თან ამ ასეულებით რომ ამაყობენ). მაგრამ არც ერთ ავტორიტეტული ავტორი ამათ ნაშრომებს არ ეყრდნობა. მკაფიო სიგიჟეებს რომ წერ, სერიოზული ხალხი შენს ნაწერს არ წაიკითხავს და მათი დამოწმებით თავს არ გაიბანძებს.
აფხაზეთის ისტორიაზე საერთაშორისო დისკურსი მიმდინარეობს ქართველი ისტორიკოსების მონაწილეობის გარეშე. ეს არის ფაქტი.
აქ მე რომ მეყელყელავებიან, მე შედეგები ვიცი რა ხდება! წამოვზრდით თაობას, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიისთვის გასაგებ მეცნიერულ ენაზე ისაუბრებს მსოფლიოსთან და იქ თქვენი ადგილი არ იქნება.
წარმოიდგინეთ, ესენი რომელიმე სოლიდურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე რომ გამოიყვანო (თარჯიმნით), თავიანთი უხამსი საბჭოთა ლექსიკით, "კალმიანი ჯარისკაცის" პათოსით და 266 ნაშრომით, ხალხს თავი ზოოპარკში ეგონება. სირცხვილია და ამ სირცხვილში ფულსაც ვიხდით, ჩვენს შვილებსაც მათ ვანდობთ.
ამ ხალხის ნაშრომები ჩვენი და ჩვენი შვილების გასაგიჟებლად გამოიყენება. ამ ეთნონაციონალისტურმა ნარატივებმა შვა კონფლიქტის ფესვები, რომლებიც შემდეგ რუსეთმა გამოიყენა. ამ ეთნონაციონალიზმს აქვს პოტენციალი სხვა კონფლიქტებშიც ჩაგვითრიოს. სულ მინიმუმ, საარჩევნო ყუთთან მიგვიყვანოს და "გარეჯი საქართველოა!" ლოზუნგებზე მიგვაცემინოს ხმა.
ასე გაზრდის ეს ხალხი თქვენს შვილებსაც და იქნება ამ სავოკის კვლავწარმოება. ან ეს უნდა შევცვალოთ ან ჩვენი დეგრადაცია გაგრძელდება და შვილები ამ ქვეყანაში აღარ იცხოვრებენ.
რამდენიც არ უნდა იწივლოთ და იკივლოთ, მე იმდენს მაინც გავაკეთებ, რომ საკუთარ თავზე სასაყვედურო არ მქონდეს, რამე დავაკელითქო.
ნაყალბევთაგან კიდევ ერთი ბრალდებაა ის, თითქოს, მე ისტორიის გამოყენებით ვცდილობ კონფლიქტის გამოსავლის პოვნას.
მე ისტორიკოსი ვარ და ამიტომ ვწერ ისტორიაზე. ისტორიის იმ კუთხეებზე, რომლებიც მიფუჩეჩებული აქვს ამ ხალხს.
ისტორია უნდა ვიცოდეთ. აუცილებელია. როცა აფხაზეთზე საუბრობ, უნდა იცოდე რას ფიქრობს იქ მცხოვრები ხალხი, უნდა იცოდე რა აძლევს მათ მოტივაციას, თუნდაც ეს დიდი სისულელეც იყოს. მათი ნარატივი აუცილებლად უნდა იცოდე.
მაგრამ! ცივილიზებული კაცობრიობა შეთანხმდა, რომ 1991 წლის საზღვრებში უნდა დარჩეს ყველა. ეს არის 2*2=4.
აფხაზებმა, რუსეთის დახმარებით, ჩაატარეს ეთნოწმენდა, დაიტაცეს ჩვენი თანამოქალაქეების ქონება, დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გალში არის აპარტეიდი.
ბოლო 30 წლის ისტორია მათ დამნაშავეებად აქცევს და აკისრებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებებისთვის. დღეს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, ასევე კაცობრიობის წინაშე დამნაშავე რუსეთის მიერ.
ამასთანავე, ბოლო 30 წლის ისტორია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ინგოროყვას თეორია გავამართლოთ და წარსულში კონფლიქტის ფესვები არ ვეძიოთ.
ამასთანავე, საფიქრალია, რას ვშვებით მას შემდეგ, როცა და თუ რუსეთი ჩამოიშლება? ამ ნაგიჟრებს თუ დავუჯერებთ, მგონი ეთნოწმენდამდე მივალთ და ამას არც ვინმე გაგვიტარებს, არც ჩვენ გვჭირდება. ზოგი იმდენად გულუბრყვილოც არის, რომ ჰგონია ურუსეთოდ დარჩენილი აფხაზები გულზე ხელებს დაიკრეფენ ან ჩაგვეხუტებიან.
გიჟებთან ერთად ამ გეგმებზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. ამიტომ, გიჟები გვერდზე უნდა გავწიოთ.
ცხადია, როცა ქართული ისტორიოგრაფიის ისტორიაზე ვსაუბრობ, იქ ყველა ერთ ქვაბში არ იხარშება. საკუთარი მამასავით მიყვარს ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი - ბატონი დიმიტრი შველიძე. ოთარ ჯანელიძეს აქვს დაუვიწყარი ისტორია, როცა ის 1990-იან წლებში საკუთარი "დვიჟოკით" და ბენზინით დადიოდა არქივში სამუშაოდ. კიდევ არაერთი საყვარელი ადამიანია, რომელთა ხსენებას მოვერიდები, რადგან მერე გიჟები მათ არ გაუნაწყენდნენ.
ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ამ საგიჟეთში..."
მიყევით ბმულს - ბექა კობახიძე
Тбилиси
გადასასვლელ ხიდთან 280-მეტრიანი საავტომობილო ესტაკადის მშენებლობაზე ₾100 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერია გადასასვლელ ხიდთან, ცოტნე დადიანისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობას გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და მასზე მომდევნო წელს 10 მილიონი ლარი დაიხარჯება, 2027 წელს კი დამატებით 87.5 მილიონი ლარი. მთლიანობაში 280-მეტრიანი ესტაკადის პროექტირება-მშენებლობის წინასწარი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტზე საგზაო მარშრუტის კვლევაზე 2025 წელს უკვე 2.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთს ყოფს იმგვარად, რომ მოედნის პარალელურად არსებულ ქუჩებს შორის დაკავშირებადობა მინიმალურია და აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნით ქალაქის უბნების დაკავშირებადობა გაუმჯობესდეს.

"ქალაქ თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის კორიდორი და თანმდევი ინფრასტრუქტურა ქმნის 4-კილომეტრიან მონაკვეთს აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო კავშირის გარეშე, გარდა შეზღუდული რაოდენობის საფეხმავლო კავშირებისა. ეს ისტორიული დაბრკოლება ხელს უშლის თბილისის სატრანსპორტო გეგმის პრიორიტეტებისკენ მისწრაფებას. სადგურის მოედანი მდებარეობს აღნიშნულ ამ 4-კილომეტრიან მონაკვეთში. ის წარმოადგენს დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო „ჰაბს“, სადაც თავს იყრის 61 ავტობუსის მარშრუტი, მეტროს 2 ხაზი, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის სერვისები. ტერიტორია ემსახურება საათში 330 ავტობუსის სერვისს, საიდანაც მომავალში 150 გამოიყენებს ხიდს. თბილისის სატრანსპორტო გეგმის თანახმად, სადგურის მოედანი ასევე იქნება თბილისის საგარეუბნო რკინიგზის სერვისების თავმოყრის წერტილი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის მისი, როგორც სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციას. ამჟამინდელი მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კავშირის არარსებობა აფერხებს მაღალი ხარისხის ჰაბის განვითარებას, ხშირად 22 ავტობუსის მარშრუტის შეწყვეტა ხდება ვადაზე ადრე ან ახორციელებენ 1.5 კილომეტრიანი შემოვლითი მგზავრობას, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გადაადგილების დროს, ჰაერის დაბინძურებასა და ვიბრაციას, ისევე როგორც ამცირებს მარშრუტების ხარჯეფექტიანობას. თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევამ, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ჩატარდა, მულტიკრიტერიუმიანი ანალიზის საშუალებით, გამოავლინა თბილისის ცენტრში არსებული რკინიგზის ხაზის ორ მხარეს (აღმოსავლეთ და დასავლეთ) შორის ახალი კავშირის შექმნის საუკეთესო ალტერნატივა - საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტის მქონე საავტომობილო ხიდი, დადიანის ქუჩასა და სადგურის მოედანს შორის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს თბილისის სატრანსპორტო გეგმით გათვალისწინებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის შეკავშირებულობის ალტერნატივების ანალიზის კვლევის საფუძველზე შექმნილ ანგარიშს, კონცეფციას. პროექტის მიზანი არის, ამ კონცეფციით განსაზღვრული, საავტომობილო ხიდის მშენებლობა.

აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს საავტომობილო ხიდს ქალაქ თბილისში, რომელიც დააკავშირებს სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან და იქნება 280 მეტრი სიგრძის, 8.5 მეტრი სიგანის სწორ მონაკვეთში, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე). ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი ითვალისწინებს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში იქნება 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით", - ნათქვამია 2026 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

წყარო: https://bm.ge

sadguris-moedani_o_h

более
голосование
Кстати