სტრატეგიულ დონეზე ასე დგას საკითხები უკრაინის და ჩვენს გარშემო:
1. როგორც ჩანს, რუსებმა ისეთი თავდაცვა ააშენეს, რომ სტრატეგიული გარღვევა ვერ მოხდება. არც უკრაინას აქვს ბრძოლის ველზე გამარჯვების შესაძლებლობა და არც რუსეთს. ანუ, ეს იქნება გამოფიტვის ომი, რესურსების დაცლისა და დაღლის ომი. ვინც პირველი წაიქცევა შიგნიდან, ის წააგებს;
2. სტრატეგიულად რუსეთმა უკვე წააგო და უკრაინამ დასავლეთთან ერთად უკვე მოიგო. ომი არსებული შედეგითაც რომ დასრულდეს, რუსეთი წაგებულია, რადგან ეს ომი შობს ნატოს და ევროკავშირის წევრ, სწრაფად განვითარებად უკრაინას. არ არის ცნობილი ვის რა ტერიტორია ეკავება ომის შემდეგ, მაგრამ ეს ამბავი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლავე ცნობილია;
3. ბაიდენის განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ამერიკას რაც შეიძლება მალე უნდა ომის დამთავრება, რუსეთთან მოლაპარაკებების გზით. რატომ? იმიტომ რომ უკრაინა კი დარჩება მუდამ პრობლემური აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის გარეშე, მაგრამ მისი 80% იქნება წარმატებული და დაცული ევროპული ქვეყანა. ნატოს და ევროკავშირის წევრი დიდი ქვეყანა შეემატება აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის მეგობრების რიგებს.
ამასთანავე, ომის ასეთი დასრულება გამოიწვევს რუსული სამხედრო საფრთხის ზრდას ძველი ევროპისთვის და, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო, გაიზრდება ამერიკის როლი ევროპაში; შესაბამისად, გაიზრდება ამერიკის გავლენა ბერლინზე, პარიზზე, ბრიუსელზე;
4. ასეთი გაყოფა ნიშნავს, რომ რკინის ფარდა ისევ ეშვება. არაოკუპირებულ უკრაინაში და მის დასავლეთით იქნება სინათლე, მისგან აღმოსავლეთით, საქართველოს ჩათვლით, იქნება ავტორიტარიზმის და რუსული გავლენის ბატონობა. ამ "რასკლადს" ჩვენს სიცოცხლეში არაფერი შეცვლის და ის გაიყინება თუ ჩინეთმა მსოფლიო ომი არ დაიწყო.
არც ევროპა მოკვდება უჩვენოდ და არც ამერიკა. ჩვენ ვართ ცოდვები, რომ ხელისუფლება რკინის ფარდის მიღმა მიგვათრევს;
5. ადრე თუ გვიან, უკრაინა შეიძლება იყოს მზად მოლაპარაკებაზე წასვლისთვის (კორეული სცენარისთვის), რადგან ის ყველა ვარიანტში გამარჯვებული გამოდის. დაღლა დაიწყება და ნელ-ნელა მოლაპარაკებების სურვილი გაჩნდება, რადგან არ ჩანს, რომ სტრატეგიული გარღვევა ბრძოლის ველზე შესაძლებელია;
6. ამ სცენარში ჩვენ ვიღუპებით და ვიწირებით, მაგრამ აქ ჩვენი მთავარი "იმედი" და "მოკავშირე" არის ვლადიმირ ვლადიმირის ძე. მან რომ ომი სტატუს კვოთი დაასრულოს, მისი მოღვაწეობის შედეგი იქნება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებული უკრაინა; ჩრდილოეთ კორეად ქცეული, შემოქმედი ხალხისგან დაცლილი და ღარიბი რუსეთი, რომელიც აღარ არის დიდი სახელმწიფო და მაქსიმუმ შეუძლია ჩინეთს მიეკედლოს ვასალად.
მის შენაძენებს შორის იქნება აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინა, ბელარუსის ანექსიაც შესაძლოა და საქართველო უკვე მისი ვასალია, მაგრამ ეს ზემოხსენებულ კრახს ვერ აბალანსებს. ის ისტორიაში შევა იდიოტად.
ამიტომ, მე მგონია, რომ პუტინი იომებს ბოლომდე, ანუ რუსეთის ჩამოშლამდე და, შესაბამისად, ჩვენს გათავისუფლებამდე.
ის 71 წლის ხდება და ახლა თუ შეეპარა უკრაინა ნატოში, ის ამას თავის სიცოცხლეში ვეღარ გამოასწორებს. მისი ერთადერთი იმედია, რომ დასავლეთი დაღალოს. ამიტომ, იომებს;
7. ამ სცენარში მთავარი საფრთხე არის ის, რომ გაისად ტრამპმა ან დი სანტისმა არ მოიგონ ამერიკაში არჩევნები და არ შეაჩერონ უკრაინის დახმარება.
ამ ეტაპზე, გარემოებები გამოიყურება ასე.