USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Tbilisi
ბექა ჭიჭინაძე - თამარ/თინათინის ,,ზანგ მონაზე"
Date:  560

დააკვირდით მე-12 საუკუნის ქართული სახარებების - ვანისა და ლაბსყალდის ოთხავის აფრიკული მოტივების მინიატურებს, სპილოსა და შიშველი ზანგის - შიშველმართლის გამოსახულებას, შიშველმართლებად ქრისტიანულ ტრადიციაში მიიჩნეოდნენ შიდა აფრიკის პრიმიტიული ტომები, რომლებიც ამ ეპოქაში ქრისტიან განდეგილებად წარმოედგინათ.

მე-12 საუკუნის ქართული რენესანსის ფენომენი სრულიად გაუგებარი და გაუაზრებელია და სწორედ ამიტომ ჩნდება დიდი გაკვირვება თამარის ზანგი მონის პოპულარულ მოტივზე.
მრავალი ფრანგისა და ესპანელის მოხსენიება მე-12 საუკუნის ქართულ ტექსტებში (აღაპებში) თავისთავად უკვე აკვირვებს კაცს, მაგრამ როცა ამას ზანგთა მინიატურები ემატება, ეს უკვე ნებისმიერ მოლოდინს აღემატება.
როგორ უნდა ავხსნათ ეს ყველაფერი ?
ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ, ჩახრუხაძე ,,თამარიანში" წერს:
,,ვნახე ინდონი, ვითა რინდონი,
რომე ჩნდეს ზანგნი ალაღებულად".
რას უნდა გულისხმობდეს შავკანიან (ზანგ) ინდოელთა გარინდებასა და ალაღებაში ავტორი ? სავალდებულო არაა იქ რინდთა სპარსული ტრადიციით ავხსნათ ეს პასაჟი, ჩახრუხაძე საუბრობს გარინდებულ და გალაღებულ ინდოებზე, აქ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ბუნებრივად იგულისხმება ბუდიზმისა და ინდუიზმის ცნობილი იოგური პრაქტიკები - ნირვანა და მოქშა, გარინდება - ფიქრის გაჩერება და შედეგად გასხივოსნება, გალაღება. ამ ულამაზეს პოეტურ სახეში ჩახრუხაძე გულისხმობს, რომ თამარი ბუდისტური ნირვანის შთამაგონებლია.
მაგრამ მე-12 საუკუნის ქართველებს შორეულ აღმოსავლეთთან ერთად აინტერესებთ დასავლეთ ევროპაც, ამიტომ თამარის ისტორიკოსი წერს, რომ ფრანგი მეზღვაურები ზურგის ქარისას თამარს უმღეროდნენ.
რამდენად ახლოსაა ეს მოვლენა ისტორიულ რეალობასთან, არის თუ არა შესაძლებელი, რომ თამარი ყოფილიყო ერთგვარი ხიდი მე-12 საუკუნის ინდოელებსა და დასავლეთ ევროპელებს შორის ? ძველ ფრანგულ და ლათინურ წყაროებში თამარის პოპულარობა სრულად ადასტურებს ქართული ტექსტების ჩვენებას, რაც შეეხება ინდოელებს, ცნობილია, რომ შამქორის ომში ქართველებმა ინდოელთა ელიტური რაზმებიც დაატყვევეს და თამარს მიჰგვარეს, ამდენად, ამ პოეტურ მოტივს ისტორიული საფუძველი აქვს, მაგრამ უფრო საყურადღებოა მე-12 საუკუნის ქართველთა პოზიციონირება, რომ ერთის მხრივ, თამარი ინდოელთა ნირვანის შთაგონებაა, მეორეს მხრივ კი ევროპელი მეზღვაურების ზურგის ქარის.

დავით აღმაშენებლის ეპოქაში ქართულ მონარქიას პრეტენზია ჰქონდა უნივერსალურ ქრისტიანულ მონარქიაზე, ამიტომ უწოდებდა დავითი თავს იმპერატორს და იერუსალემის პირველ ქრისტიან მეფესაც თავად უგზავნიდა ძალაუფლების ნიშნებს, მაგრამ თამარის დროს ქართული მონარქია პრეტენზიას აცხადებს არა უბრალოდ ინტერნაციონალურ ქრისტიანულ, არამედ ინტერელიგიურ და მულტიკულტურულ მონარქიაზე, როგორც ინსპირატორზე ერთის მხრივ შორეული აღმოსავლეთის - ინდოეთის ნირვანული ცივილიზაციისათვის, რომლისთვისაც გაცისკროვნების, ,,გალაღების" ტრადიციული საშუალება შინაგანი ძიებაა (გარინდება, ფიქრების კონტროლი), მეორეს მხრივ კი დასავლეთ ევროპის საზღვაო ცივილიზაციისათვის, რომელიც უფრო გარემომცველი სამყაროს ძიებისკენაა მოწოდებული. ქართული მონარქიის ამ პროექტის ჩანასახი გვხდება ხაყანის ენშაში ქართველთა მეფისადმი: ,,აღმოსავლეთი და დასავლეთი თქვენით აღწევენ სრულქმნას". სწორედ ეს იდეაა დასურათებული მე-12 საუკუნის ქართულ ტექსტებში - აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების წყარო - შინაგანი ნირვანა და გარეგანი ზურგის ქარი, როგორც პეტრიწი იტყოდა ,,,თანაეწყაროების" ქართველთა შუამფლობელ მეფეს.

თამარი თავის იამბიკოებში თავს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოისა და სამხრის შუამფლობელად მიიჩნევდა, რაც სწორედ ფრანგთა (ევროპელთა) და ინდოთა ცივილიზაციების შუამფლობელობას ნიშნავს, მაგრამ შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის გარდა არსებობს ჩრდილოეთიც და სამხრეთიც (,,ბღუარი"), რომელიც ასევე უნდა ინტეგრირდეს თამარის, როგორც ინტერკულტურული, უნივერსალური მონარქის სიცოცხლიდან დაწყებულ ლეგენდაში. ასე, თამარმა ,,იპყრა კავკასისა ჩრდილონი", გოგ-მაგოგელთა ველური ხალხები და როგორც მანდევილი წერს, აქ, ჩრდილოეთით ქართველთა და სომეხთა ეს დედოფალი ასრულებს დიდ ცივილიზაციურ მისიას - იცავს ცივილიზებულ სამხრეთს ჩრდ. კავკასიის სტეპების ველურთაგან,

თამარი იერუსალემის მცველი დედოფალია, ეს უკვე სამხრეთია, მაგრამ პოლიტიკურად იგი ჩადის კიდევ უფრო სამხრეთით, ეგვიპტეში, სალადინის სახელმწიფოში, სადაც მფარველობას უწევს ალექსანდრიის საპატრიარქოს, ალექსანდრია სამხრეთის კულტურულ საზღვრად მიიჩნეოდა, მაგრამ კულტურულად თამარის საქართველო ჩრდილოეთ აფრიკასაც სცდება და როგორც უნივერსალური მონარქია, აღწევს შიდა აფრიკის პრიმიტიულ ტომებამდე - შიშუელმართლებამდე და ციდამტკაველადამიანებამდე, რომლებზეც თამარის მეხოტბეები მიუთითებენ, ყველაფერ ამის გამოა აუცილებელი რომ თამარს ჰყავდეს არამხოლოდ ინდოელი (უკიდურეს აღმოსავლეთი), ფრანგი (უკიდურეს დასავლეთი) და გოგ-მაგოგელი (უკიდურეს ჩრდილოეთი) მონა/შთაგონებული, არამედ ზანგი მონაც, რაც მხოლოდ ,,ვეფხისტყაოსნის" მოტივი არ არის და თამარის შესახებ არსებულ ხალხურ გამოცემებშიც გვხვდება.

მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way