USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ბექა ჭიჭინაძე - როგორ დაამარცხეს ქართველი მებრძოლებმა თურქი ჯადოქრები - ბაბა ილია და ბაბა იშაკი
дата:  1409
ბევრი წარმოუდგენელი ფურცელია ისტორიაში, მაგრამ ერთი ამბით ვერადავერ ვწყვეტ გაოცებას, ფილმის სცენარს ჰგავს, მოქმედების არეალია -1230-ანი წლების რუმის სასულთნო, პერსონაჟები - ფრანგი რაინდები, ქართველი მებრძოლები და თურქი ჯადოქრები - ბაბა ილია და ბაბა იშაკი
რელიგიის ისტორიის მკვლევრები ისტორიის ამ ჩვენში უცნობ ფურცელს რელიგიური მოძრაობების ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მოვლენად მიიჩნევენ.
...
რუმის სულთნების ,,ლიბერალური" ტენდენციები საშინაო და საგარეო პოლიტიკაში უკმაყოფილებას იწვევდა რადიკალურ რელიგიურ წრეებში. 1240 წელს სასულთნოში გამოჩნდა რელიგიური შარლატანი - ბაბა ილია, რომელიც ახდენდა ,,სასწაულებს" და ელაპარაკებოდა ღმერთს, მან თავი ღვთისაგან მოვლენილ რესულ ულლაჰად გამოაცხადა და მოაწყო დიდი აჯანყება ,,ურჯულო სულთნის" - ყიასედდინ ქაიხუსრევ მეორის დასამხობად.
ბაბა ილიამ ,,იწინასწარმეტყველა" რომ ღმერთი მას და მის მიმდევრებს დიდ გამარჯვებას მიმადლებდა, მას უამრავი თურქმენი შეუერთდა, სექტანტებისაგან მალე აღებულ იქნა სივასი და ამასია, შემდეგ კი სამხრეთ ანატოლიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სულთნის დღეები დათვლილი იყო, რელიგიურად ეგზალტირებული ბრბო მის დასამხობად მიემართებოდა.
სულთანმა შეძლო მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება და ამასიაში ბაბა ილიას შეუტია, მაგრამ სწორედ ამ დროს ეს ჯადოქარი დაუკავშირდა თურქმენთა სხვ ცნობილ მჩხიბავს - ბაბა იშაკს, რომელსაც აგრეთვე დიდი ჯადოქრის სახელი ჰქონდა, ჯადოქრები შეთანხმდნენ ერთად ემოქმედათ სულთნის წინააღმდეგ, სწორედ იმ მომენტში, როცა სულთანმა ქაიხუსრევმა ბაბა ილიას ამასიაში შეუტია, კეფერსუდში მეორე ჯადოქარი - ბაბა იშაკი აჯანყდა, აჯანყებულებმა ხელში ჩაიგდეს კეფერსუდი, ჰისნ-მანსური და მალაქიისაკენ დაიძრნენ, მათი რიცხვი თანდათან იზრდებოდა.
ბაბა იშაკის წინააღმდეგ მობილიზებული სელჩუკი მებრძოლები არ დაემორჩილნენ სულთნის ბრძანებას ეომეათ მის წინააღმდეგ, რადგანაც ისინი თავზარდაცემული იყვნენ ჯადოქრის ზებუნებრივი უნარების შესახებ მოარული ხმებით.
გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილ სულთანს გამოსავლად ქრისტიანი ფრანგი მოქირავნე რაინდები მოევლინნენ, რომელთაც გადაწყვიტეს ვაჟკაცურად დაპირისპირებოდნენ ,,სატანის მიმდევრებს", მაგრამ ბაბა იშაკის აგზნებულმა მიმდევრებმა ფრანგთა დამარცხება შეძლეს და მათი საჭურველიც ხელში ჩაიგდეს. ამასობაში, ამასიაში სულთნის ნაწილებთან ბრძოლაში ჯადოქარი ბაბა ილია დაიღუპა, მაგრამ ბაბა იშაკი კვლავაც ძლევით მოიწევდა ამასიისკენ და გზად მრავალი მომთაბარე თურქმანი უერთდებოდა, მათი შეკავება ვერაფერმა შეძლო, სასოწარკვეთილი სულთანი ყუბადაბადში გაიქცა.
ამასიაში მისულმა ბაბა იშაკმა გამოაცხადა, რომ მისი თანამზრახველი ჯადოქარი, ბაბა ილია არ მომკვდარა და სინამდვილეში ზეცაში ავიდა, რათა იქიდან ანგელოზთა ლაშქართან ერთად დაბრუნებულიყო, ბაბა ილიას მთელი სექტა ქალების და ბავშვების ჩათვლით მთელი ძალით ღრიალებდა მკვდარი ჯადოქრის წოდებას: ბაბა რესულლაჰ !
სულთანმა დაინახა რა, რომ ჯადოქრის შემაკავებლად ფრანგები არ კმაროდნენ, სელჩუკებს კი გრძნეულების ეშინოდათ, მოიხმო მთელ აღმოსავლეთში ყველაზე მაღალი საბრძოლო უნარების მოქირავნეები - ქართველები და ქურთები, რომლებიც ჯადოქარ ბაბა იშაკის წინააღმდეგ კირშეჰირში გაგზავნა, ბრძოლა ფრანგებმა და ქართველებმა დაიწყეს, ჯადოქრის გააფთრებულმა მიმდევრებმა სასტიკი იერიში წამოიწყეს, სულთნის სელჩუკები ამ დროს ბრძოლას შორიდან აკვირდებოდნენ, როცა დაინახეს რომ არანაირ ზებუნებრივ ჩარევას ადგილი არ ჰქონდა და რამდენიმე დღის წინ მკვდარი ჯადოქარი - რესულლაჰ ბაბა ილიაც არა და არა ბრუნდებოდა ანგელოზთა ლაშქართან ერთად, თვითონაც ჩაერთვნენ ბრძოლაში. საბოლოოდ, ქართველი, ფრანგი და ქურთი მოქირავნეების წყალობით, სასტიკი ჟლეტა ჯადოქრის დამარცხებით და ბრძოლის ველზე დაღუპვით დასრულდა.
აქედან დაიწყო ქართველთა და ფრანგთა მეგობრობა რუმის სასულთნოში, ქართველთა ნაწილების სარდალი ამ ბრძოლაში, შესაძლოა, შალვა ახალციხელის ვაჟი - ფარადავლა თორელი ყოფილიყო, რადგანაც ამ მოვლენიდან მალევე იგი სულთნის ერთ-ერთ ყველაზე მამაც სარდლად მიიჩნევა.
სულთანმა ყიასედდინმა მონღოლებთან შეტაკებამდე სარდალთა თათბირი გამართა, მათი უმეტესობა შეშფოთებული იყო და სულთანს თავის შეკავებას ურჩევდა, ამ დროს ფარადავლა თორელმა, შალვა ახალციხელის ვაჟმა განაცხადა:
,,ესენი ლაჩრები არიან და ეშინიათ, მოაცილეთ აქედან, დაე სულთანმა მის ლაშქარში მყოფი ქართველები და ფრანგები მიბოძოს და მე შევებმები მონღოლებს, თუნდაც ისინი მართლაც ისეთები იყვნენ, როგორც ყვებიან".
შესაძლოა აქ ფარადავლას უფრო ადრეული შემთხვევაც ჰქონდა მხედველობაში, როცა სელჩუკებს ჯადოქრებთან ბრძოლის ეშინოდათ და წინამძღვრობა ქართველებმა და ფრანგებმა იკისრეს.
მიყევით ბმულს - ბექა ჭიჭინაძე
 
общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати