USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
„ბაზრის უპრეცედენტო რეგულირების მცდელობა“ - ეკონომიკის სამინისტრომ ბიზნესს ფოსტის შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსია წარუდგინა
Date:  1011
ვიქტორია მღებრიშვილი
 

ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყანაში მოქმედ საფოსტო-საკურიერო კომპანიებს ფოსტის შესახებ კანონპროექტის ახალი ვერსია გაუგზავნა. საქართველოში საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია FedEx-ის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, ახალი კანონპროექტი „ბაზრის უპრეცედენტო რეგულირების მცდელობას“ წარმოადგენს. უწყების მხრიდან წარმოდგენილი ახალი კანონპროექტისა და დარგის უმსხვილესი მოთამაშეების პოზიციების შესახებ ნინო მენთეშაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა არაერთხელ გადამუშავდა, ვინაიდან მთავრობის ინიციატივით და ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო სექტორს არაერთი შენიშვნა ჰქონდა.

ნინო მენთეშაშვილი აღნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად ძველ - 10 წლის წინ წარმოდგენილ ვერსიას დაუბრუნდა, რაც კომპანიებისთვის სრულად მიუღებელია. FedEx-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მისი კონკურენტი საერთაშორისო კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობების DHL და UPS-ის სახელითაც საუბრობს და ამბობს, რომ 10 წელია ბიზნესოპერატორები ერთ წრეზე ტრიალებენ.

ნინო მენთეშაშვილი იმასაც ამბობს, რომ წლების განმავლობაში კანონპროექტის სხვადასხვა ვერსია ევროკომისიის სპეციალისტების მხრიდან სწორდებოდა, რასაც თითქოს ეკონომიკის სამინისტროც იზიარებდა.

„მაქვს უფლება ვილაპარაკო ჩვენი კოლეგების, ჩვენი კონკურენტების სახელით. ისეთი საერთაშორისო კომპანიების, როგორებიც არიან DHL და UPS. ჩვენი მთავარი პრობლემა ბოლო ათი წლის მანძილზე სტაბილურობის განცდა და საინვესტიციო გარემოა. სტაბილურობის განცდის არ ქონა პირდაპირ მიმართულია ეკონომიკის სამინისტროსთან, რადგან 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ერთ წრეზე გვატრიალებს. ეს არის „ფოსტის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მეათე ვერსია წარმოადგინეს დღეს და ზუსტად იგივე რუტინულ წრეს გავდივართ - წარმოადგენენ კანონპროექტს, ჩვენ ევროკომისიაში გავაგზავნით და მაღალი თანამდებობის პირები შეაფასებენ ამ კანონპროექტს, მისცემენ მითითებებს, შემდეგ აღმოჩნდება, რომ საქართველოში საკითხის კურატორი მინისტრის მოადგილე ან თავად მინისტრი ამ მითითებებს სათანადოდ ჩათვლიან, ასახავენ კანონპროექტში და ეს ვერსია თაროზე შემოიდება, ერთი წლის შემდეგ იგივე პრობლემის წინაშე ვდგებით.

1 თვის წინ ჩვენთვის წარმოდგენილი კანონპროექტი სრულად პირველი ვერსიის ანალოგია, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ვიდეოკონფერენცია მიეძღვნა, მაგრამ დღეს ისევ ვხედავთ ბაზრის უპრეცედენტო რეგულირების მცდელობას“, - აცხადებს ნინო მენთაშაშვილი.

საქართველოში FedEx-ის წარმომადგენელი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საფოსტო ბაზარი 2005 წლიდან სრულად ლიბერალიზებულია, რაც ბაზარზე თავისუფალ კონკურენციას ითვალისწინებს და კომპანიები თავისუფალი კონკურენციის პრინციპით ვითარდებიან. მისი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან კომპანიებისთვის გადაგზავნილი კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში საუბარია ბაზრის თავიდან დარეგულირებაზე, რაც კერძო ოპერატორებს შეეხებათ, ასევე სექტორის მარეგულირებლის გაჩენასა და საკონტრიბუციო გადასახადზე, რომელიც უნივერსალური ოპერატორის სტატუსის მქონე კომპანიის ფონდში კერძო კომპანიების მხრიდან განსაზღვრული თანხების ჩარიცხვას გულისხმობს.

„ახალი კანონპროექტი რერეგულაციას გულისხმობს, რაც დემოკრატიული ქვეყნების მაგალითზე უპრეცედენტოა. მსგავსი რეგულაციები თურქმენეთში გვხვდება, მაგრამ თურქმენეთი ჩვენთვის არ არის ისეთი მოდელი, რომელსაც უნდა მივბაძოთ. ევროპის ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს და მეტსაც გეტყვით, რომ ეკონომიკის სახელმძღვანელოებში წერია, რომ ბაზარზე მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს, რომ სრულად ლიბერალიზებული ბაზარი თავიდან დარეგულირდეს. მეორე - დანახვა უნდა იმ ფაქტს, რომ სრულად ლიბერალიზაციის შემდეგ საფოსტო ბაზარი საქართველოში განვითარდა და დღეს უპრეცედენტო განვითარებას მიაღწია, რადგან ელექტრონული კომერცია ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სავაჭრო ფორმაა და შესაბამისად მის განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ელექტრონულ კომერციას ემსახურება.

ასოცირების 99-ე და 100-ე მუხლში წერია, რომ საფოსტო-საკურიერო ბაზარი რეგულაციებისგან თავისუფალი უნდა იყოს და რაც რეგულირებას შეიძლება დაექვემდებაროს, ეს უნივერსალური საფოსტო მომსახურებაა. მსოფლიოში ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს სფერო უნდა იყოს დერეგულირებული. ეს კანონპროექტი სრულად ეწინააღმდეგება ამ მიდგომებს და საკურიერო მომსახურების სრულად დარეგულირებას ცდილობს. თავისუფალი კონკურენციის რეგულაცია, რომელიც ამ კანონპროექტშია ჩაწერილი, თავისუფალი ბაზრის არსს სრულად ეწინააღმდეგება.

კანონპროექტის მიხედვით შემოდის მარეგულირებელი, რომელიც მხოლოდ აღრიცხვის მეთოდებით არ მოქმედებს, არამედ შემოდის სრული კონტროლით, საკონტრიბუციო გადასახადით, სხვადასხვა ვალდებულებით, რომელიც საფოსტო-საკურიერო სამსახურმა უნდა წარადგინოს, ანუ სრულად რეგულირებული სფერო ხდება, რაც ევროპის ქვეყნების პრაქტიკას თუ შევხედავთ უპრეცედენტოა და ბაზარზე აბსოლუტურად მავნე ზეგავლენას მოახდენს“, - განაცხადა ნინო მენთეშაშვილმა.

 

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way