USD 2.7328
EUR 2.9389
RUB 2.7873
Tbilisi
ბავშვობა, დაუვიწყარი ამბები, 83:93
Date:  1928
ერთხელაც გადავუხვიოთ ფეხბურთიდან კალათბურთისკენ. 1987 წელი, სსრკ ჩემპიონატის სუპერფინალი...
 მაშინ ასე იყო, ორ მოგებამდე. და იმ წლებში სისტემატურად ხვდებოდნენ ლიტვური კაუნასის ჟალგირისი და მოსკოვის ცსკა. სენა-პროსტივით, სელტიკ-რეინჯერსივით იყვნენ...
 
ხან ერთი იგებდა, ხან მეორე, მაგრამ აი, 1985 და 1986-ში ზედიზედ ორჯერ მოიგეს ლიტველებმა. დადგა 1987. პირველი თამაში კაუნასში ცსკა-მ მოიგო, მერე მოსკოვში ჟალგირისმა დაატრიალა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა. და ბოლო, გადამწყვეტი თამაში ისევ მოსკოვში...
 
გუშინდელი დღესავით მახსოვს ის მესამე მატჩი. სოფელში ვიყავით, შავ-თეთრი ტელევიზორი თავისი პე-ტე-კით და განწყობა: თითქმის მთელი თამაში არმიელები იგებდნენ. 16 ქულითაც კი იყვნენ წინ. არადა ჟალგირისი მიყვარდა...
 
მაშინ ბავშვი ვიყავი და ისედაც იმ წელს არაფერი დაძაბულობა, ან ეროვნული მოძრაობა არ იგრძნობოდა. უბრალოდ, უფრო ლამაზად თამაშობდნენ და შეიძლება გვარების გამოც... ისით და უსკასით დამთავრებულები.
 
საიდანღაც მეორე სუნთქვა, საოცარი ჩაგდებები და ჟალგირისი დაეწია. ჟალგირისის ხუთეული იყო: რიმას კურტინაიტისი, ვალდემარას ხომიჩუსი, სერგიუს იოვაიშა, გინტარას კრაპიკასი, არვიდას საბონისი... ყველა მაგარი იყო, მაგრამ ცენტრი საბონისი - სხვა მოვლენა. წაუვიდა და წაუვიდა თამაში ლიტველ გიგანტს. ვეღარ გააჩერეს.
 
ცსკა-ს ჰყავდა ვალერი ტიხონენკო, სერგეი ტარაკანოვი, ვიქტორ პანკრაშკინი, საშა ვოლკოვი და უზარმაზარი ვლადიმირ ტკაჩენკო.
აი ის, ნუგზარ ჯუღელის "გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა"
 
მოკლედ, ჟალგირისი დაეწია და მახსოვს, პირველად გავიდა წინ წუთნახევრით ადრე! ბოლო შეტევა, ოთხი-ხუთი წამია დარჩენილი და ჟალგირისი 3 ქულით იგებს. და ამ დროს ვოლკოვმა ჩააგდო ურთულესი პოზიციიდან. უფარებდნენ და მაინც ჩააგდო - 83:83. ერთ-ერთი გიჟური სამიანი, რაც დამამახსოვრდა.
 
დაიწყო დამატებითი დრო და როგორ დასრულდა? 10:0 ჟალგირისმა მოიგო. ბურთი არ ჩააგდებინეს მოსკოველებს, გააქრეს ტკაჩენკო... საბონისის ცეკვაც მაგარი იყო. ჟალგირისი ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი.
 
და რადგან ჟალგირისზე ვწერ, ერთსაც დავამატებ. მეორე წელს, 1988-ში, სპორტის სასახლეში იყო სიგიჟე თამაში. თბილისის დინამო ამ სუპერგუნდს პირველი ნახევრის მერე 8 ქულას უგებდა.
მახსოვს, რა დღეში იყვნენ ქომაგები დარბაზში. განახლდა თამაში და... მახსოვს, მინიმუმ ათი ქულით წავაგეთ.
 
(ფოტოზე: 11 ნომრები საბონისი და ტკაჩენკო, ბურთით 13 ნომერი ხომიჩუსი და წინ ტიხონენკო)
analytics
«The Hill» (აშშ): „მკვდრეთით აღმდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“

ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მკვდრეთით აღმსდგარი: დონალდ ტრამპი როგორც ამერიკული პოლიტიკის „ლაზარე“ (ავტორი - დერეკ ჰანტერი).

„სიტყვას „ისტორიული“ პოლიტიკაში ხშირად იყენებენ ხოლმე და მას ფეხბურთის ბურთივით ათამაშებენ, ზოგჯერ კი მიზანში ვერ ურტყამენ. დონალდ ტრამპთან მიმართებით კი ამ სიტყვის გამოყენება სამართლიანია. მისი მიღწევა მართლაც ისტორიულია. მან უდიდესი რევანში აიღო პოლიტიკაში.

დონალდ ტრამპი არამხოლოდ პოლიტიკური გვამი იყო, არამედ საერთოდ, „პერსონა ნონ-გრატა“ როგორც ვაშინგტონში, ასევე მშობლიურ ნიუ-იორკშიც. და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკაში, მას საპყრობლეში გაგზავნითაც ემუქრებოდნენ... და ახლა იგი თეთრ სახლში ძლევამოსილად ბრუნდება - ისეთ თამაშში გამარჯვების შემდეგ, რომელიც მანამდე არავის უთამაშია.

აშშ-ის ისტორიაში დონალდ ტრამპამდე მისნაირად მხოლოდ 22-ე და 24-ე პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი იქნა არჩეული ორი ვადით („შუალედური შესვენებით“ 1885-1889 და 1893-1897 წლებში). მსგავსი შემთხვევა ჰქონდა რიჩარდ ნიქსონს, რომელმაც 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო, გუბერნატორის არჩევნებიც (1962 წელს) და განაცხადა - „მორჩა, მეგობრებო, რიჩარდ ნიქსონს ვეღარსად ვეღარ ნახავთ - იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო პრეს-კონფერენციაა“. ჩვენ მისი ნახვა მაინც მოგვიწია 1968 წელს, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში. თუ რითი დაასრულა მან თავისი პრეზიდენტობა, გვახსოვს („უოტერგეიტით“), მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაბრუნება იმ დროისათვის ძალზე შთამბეჭდავი იყო.

დონალდ ტრამპმა კი რიჩარდ ნიქსონსაც გადააჭარბა. იგი ფაქტიურად „დამარხული“ იყო  საკუთარი რესპუბლიკური პარტიის წევრების მხრიდანაც კი, სხვები კი მოთმინებით ელოდნენ, რომ იგი უბრალოდ გუდა-ნაბადს აიკრავდა და პოლიტიკიდან წავიდოდა. მაგრამ ასე არ მოხდა.

ამერიკელებმა თავისი პოზიცია გამოხატეს: მათ ცვლილებები სურდათ და კიდეც განახორციელეს. დონალდ ტრამპი ვერაფერმა ვერ შეაჩერა - ვერც ბრალდებებმა, ვერც თავდასხმებმა... ყველა მემარცხენე გაზეთი და ტელევიზია აკრიტიკებდა, ემუქრებოდა, აშინებდა, მაგრამ ისინი ყველა „ქაღალდის ვეფხვები“ აღმოჩნდნენ, დონალდ ტრამპმა ყველა „დაიკიდა“. რას იზამენ ახლა ტელეარხების MSNBC-სა და CNN-ის ხელმძღვანელები და მაყურებლები? ვინ აღმოჩნდა მარგინალი - ისინი თუ დონალდ ტრამპი? აღიარებენ თუ არა იმას,  რომ არასწორად იქცეოდნენ - როცა ყველას, ვინც დონალდ ტრამპის გვერდით იდგა, გიჟებად და  სულელებად თვლიდნენ?

მოკლედ, დონალდ ტრამპი „კონსტანტის“ (მუდმივის) განსახიერებაა: იგი იყო, არის და იქნება.

წყარო: https://thehill.com/opinion/campaign/4975713-donald-trump-greatest-comeback-since-lazarus/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way