ბაისანგურ ბენოელი (1794-1861), დიდი ჩეჩენი მებრძოლი იყო, რომელიც მთელი თავისი გმირული სიცოცხლის მანძილზე არნახულ წინაარმდეგობას უწევდა რუსულ იმპერიალიზმს და დიდ კავკასიურ ომში მრავალათეულ, დიდ და მცირე ბრძოლაში წარმატებით უმკლავდებოდა რუსულ საოკუპაციო არმიას, რომელიც მისი საყვარელი სამშბოლოს დაპყრობას აპირებდა.
ცნობილია, რომ 1825-1826 წლებიდან ბაისანგური უკვე აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის წინააღმდეგ ჩეჩნურ აჯანყებებში. 38 წლიდან ომში ჩართული ვაჟკაცი ყველას აოცებდა თავისი თავგანწირული სიმამაცით იმდენად, რომ თავად იმამ შამილი ამბობდა მასზე, სანამ ბაისანგური ცოცხალია, ჩვენ არ დავმარცხდებითო. 1842 წლის ივნისის თვეში ბაისანგურმა მონაწილეობა მიიღო იჩქერიის მხედართმთავრის, შოაიფ-მოლა ცენტროველის ხელმძღვანელობით რუსეთის იმპერიული ძალების განადგურებაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალ-ადიუტანტი გრაბე.
1846 წელს 51 წლის ასაკში გრაფ ვორონცოვის რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. ამ ბრძოლაში რუსეთის იმპერიამ სამი ათასზე მეტი ოფიცერი და ჯარისკაცი დაკარგა. ბაისანგურმა კი- ცალი თვალი და ცალი ხელი.
1847 წელს კი, გერგებილის ბრძოლებში საზარბაზნე ქვემეხმა ფეხიც წააგლიჯა. იგლიჯებოდა რა, ბაისანგურის სხეული, სწორედ ასევე იგლიჯებოდა კავკასიაც. სისხლისგან დაცლილი ბაისანგური მიწაზე გონდაკარგული დაეცა, რის გამოც 53 წლის ნაიბი რუსების ტყვეობაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მალევე მისი დაზიანებული ფეხის ამპუტირება თვით ნიკოლაი პიროგოვმა განახორციელა.
მძიმედ დაჭრილ ბაისანგურს დაღესტნიდან გროზნოს ციხეში გადაყვანა დაუპირეს, მაგრამ აღელვებული შამილი და მთის ხალხები, რომელთაც უკვე ყველაფერი კარგად იცოდნენ, თავს დაესხნენ ესკორტს და უკვე დასახიჩრებული ბაისანგური სამშვიდობოზე გაიყვანეს.
ღიმილით შეხვდა მთების არწივს მთის ხალხი, მაგრამ დაფლეთილი, განახევრებული სხეულის შემყურეთ ღიმილი სახეზე სევდად გადაექცათ. როდესაც დიდი ხნის განშორების შემდეგ იმამ შამილმა პირველად იხილა ბაისანგური, ცრემლები ვერ შეიკავა. რა არის კაცის ხვედრი, რომელიც ასე ჰგავს თავის მიწას, რომ სამშობლოც მასსავით დაფლეთილი და განაწამები აღმოჩნდება ხოლმე.
ჭრილობებიც კი არ ჰქონდა შეხორცებული, რომ არნახული სიმამაცით და თავგანწირვით უხელო, უფეხო და უთვალო ბაისანგური კვლავ ჩაერთო დიდ კავკასიურ ომში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ცხენზე ჯდომა რომ შეძლებოდა მაგრად აბამდნენ ხოლმე უნაგირზე ამ ფრთებდაგლეჯილ არწივს და ისე იბრძოდა.
1859 წლის 25 აგვისტოს, გუნიბის ციხის აღების შემდეგ ბაისანგური და მისი ხალხი ალყაში მოაქცია რუსული არმიის 40 ათასმა ოკუპანტმა. სიტუაცია გამოუვალს ჰგავდა, თუმცა ბაისანგური დანებებას ახლაც კი არ აპირებდა... მან წარმოთქვა: "შეუძლიათ სხეული დამისახიჩრონ, ძვლები დამალეწონ და მომკლან, მაგრამ მხოლოდ ჩემს ცხედარს მიიღებენ, მორჩილებას - ვერასოდეს".
ამ სიტყვით შეძრწუნებულმა ასეულმა, რომელიც ბაისანგურს ახლდნენ რაღაც არაადამიანური ძალა მიიღო. თავგანწირვით დაეჯახა 40 ათასიან რუსულ არმიას და ასმა კავკასიელმა ამხელა ალყის გარღვევა და გარდაუვალი ტყეობიდან თავის დაღწევა მხოლოდ 30-მა მათგანმა მაინც შეძლო და ჩეჩნეთში, მშობლიურ აულ ბენოიში დაბრუნდნენ.
ცნობილია, რომ როდესაც იმამ შამილი დანებდა და ტყვედ აიყვანეს, ბაისანგურმა დაუძახა არ დანებდე, გავარღვევ ალყას და გამოგიყვანო, მაგრამ შამილმა ყურადღება არ მიაქცია და მაინც დანებდა. როგორც ჩანს უკვე მობეზრებული ჰქონდა ცხოვრება ამდენი ომით და იაზრებდა რომ ძალა აღმართს ხნავს და საბოლოოდ მაინც მიაღწევდა იმპერია დასახულ მიზანს. მაშინ კი ბაისანგურმა წოდების გარეშე შესძახა:
შამილ!!!
შამილს მისკენ არ მიუხედავს...
ამის შემხედვარე რუსი ოფიცერი დაეკითხა, რატომ არ მიიხედეო
- რომ მიმეხედა, მესროდა, მიუგო შამილმა.
- თუ სროლა უნდოდა, ისეც ხომ ისროდა? გაოცდა ოფიცერი.
- ჩეჩნები ზურგში არ ისვრიან - უთქვამს შამილს.
ამის შემდეგ ბაისანგურის ხელით გენერალ მუსა კუნდუხოვის სამეფო არმიამ ერთ-ერთი უდიდესი მარცხი განიცადა კავკასიის ომის ისტორიაში. მაგრამ მალევე, ერთ-ერთ ბრძოლაში მისი ცხენი მოკლული, ხოლო თავად დატყვევებული იქნა რუსებს მიერ.
1861 წლის პირველ მარტს რუსმა ოკუპანტების ცარისტულმა სამხედრო საბჭომ ბაისანგურს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. როდესაც ბაისანგური სახრჩობელამდე მიიყვანეს, გარშემო მრავალ ყუმიხს, დაღესტნელსა და ჩეჩენს მოეყარა თავი ჯერ კიდევ ცოცხალი ლეგენდის სანახავად. ცალხელა, ცალთვალა და ცალფეხა 67 წლის ვაჟკაცის, რომელიც დამპყრობლების ხელით თავისი ტანჯული სიცოცხლის ბოლო გზას მიაშურებდა.
აი აქ კი, რუსეთის იმპერიამ ისევ და ისევ თავის უბინძურეს პოლიტიკას მიმართა, სიტყვის წარმოთქმის შემდგომ, ერთ-ერთ დამსწრეთაგანს (კავკასიელს) დაავალეს სახრჩობელაზე ბაისანგურის ფეხქვეშ მდგარი სკამისთვის ფეხის კვრა, რაც მომავალში პირდაპირ შიდაკავკასიური დიდი სისხლისღვრის გარდაუვალ დასაწყისს მოასწავებდა, ვინაიდან ჩეჩნები შურისგებას მიმართავდნენ მათი უსაყვარლესი ეროვნული გმირის სიკვდილისთვის იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისი, რუსების მონად ქცეული წარმომადგენელიც ბაისანგურის ჯალათის როლს იკისრებდა. ეს ხომ კარგად იცოდა "მოძმე და ერთმორწმუნე" ერის ცნობიერმაც. ამის დანახვისას ბაისანგურმა გამოიცალა ფეხქვეშიდან სკამი რომ მოძმე კავკასიელებს შორის მომავალი სისხლიღვრის მიზეზი არ გამხდარიყო. ბაისანგურის დაღუპვის შემდეგ, მალევე დაიღუპა დიადი კავკასიაც და რუსეთის მონობის ქვეშ აღმოჩნდა.