USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
"აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი მზარდია" - ვინ სტუმრობს საქართველოს?
თარიღი:  415

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში ვიზიტორების დიდი ნაწილი მეზობელი ქვეყნების, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის.

როგორც სასტუმროების მმართველი კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაია წერეთელმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ტურისტების ნაკადები გააქტიურებულია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი.

მისივე თქმით, ვიზიტორების ნაკადები ფიქსირდება ევროპიდანაც, თუმცა მსოფლიო ტენდენციის მსგავსად, მეტად მზარდი აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია.

“ეს არის არა მხოლოდ საქართველოს ტენდენცია, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე ახლახან დავბრუნდი ევროპიდან და იგივე სიტუაცია აღინიშნება იქაც, სადაც მოგზაურთა უმრავლესობა გახლავთ აზიური ქვეყნებიდან, გააქტიურებულია ჩინეთი, მოგეხსენებათ, ინდოეთია საკმაოდ აქტიური. რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ბევრი ვიზიტები, რაც ძალიან კარგია, ვინაიდან გეოგრაფიულად ეს ყოველთვის მისასალმებელია. ევროპის ქვეყნებიდანაც გვყავს გარკვეული რაოდენობაის სტუმრები. დიდი მოჭარბებაა ისრაელიდან და კიდევ მეტ სტუმარს ველოდებით მომავალი წლისთვის. ზოგადად, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ, ეს არის ის სურათი, რისი განზოგადებაც შეიძლება მთელი ევროპის და შეიძლება ითქვას მსოფლიოს მასშტაბითაც, რომ მოგზაურთა ეროვნება და ზოგადად დემოგრაფია იცვლება და უმეტესი წილი მოდის აზიის, აფრიკის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებზე.

როდესაც საუბარი გვაქვს აზიის ქვეყნებთან და ინდოეთთან და ჩინეთთან, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არ მოგზაურობენ როგორც ინდივიდუალური ტურისტები. ხშირად ისინი არიან ჯგუფის წევრები, რომელიმე ტურისტულ კომპანიას ჩამოჰყავს ჩვენთან და ცდილობენ ჩაეტიონ იმ ბიუჯეტში, რასაც მათ ტურისტული კომპანია სთავაზობს. შესაბამისად, ვერ გეტყვით, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ტურისტული კომპანიის ბიუჯეტის ზემოთ ბევრ თანხას დახარჯავენ სასტუმროში, მაგრამ ამავე დროს ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შედარებით ნაკლები ფასი აქვთ და რაიმე განსაკუთრებული ფასთა ცვლილება მოგვიწია ამის გამო, ქვეყნების მიხედვით და ეროვნების მიხედვით ფასწარმოებას არ ვაკეთებთ”, - განაცხადა მაია წერეთელმა.

ცნობისთვის, ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, რომ წელს სამ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით 5.3 მილიონამდე გაიზარდა და ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა - 1 245 744. წლიური ზრდა 12%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 963 633 ვიზიტით, თურქეთის შემთხვევაში კლება 9%-ს შეადგენს. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს 720 114 ვიზიტით, აქ კლება 1.7%-ია. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის