USD 2.7252
EUR 3.1599
RUB 3.4691
Tbilisi
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა (ბლოგი)
Date:  1412
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს სროლები როგორც ყარაბაღის ხაზთან, ისევე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. შეტაკებები არამხოლოდ ქალბაჯარის სასაზღვრო რაიონში, არამედ ნახიჩევანის მიმართულებითაც ფიქსირდება. ნახიჩევანისაკენ სომხეთი აზერბაიჯანს აბრალებს ესკალაციას, აზერბაიჯანი კი სომხეთს. არადა ამ აზერბაიჯანულ ექსკლავში აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ერთ-ერთი გამორჩეული დანაყოფები არიან ბაზირებულნი.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს ზანგეზურის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც სომხეთის სიუნიქის ოლქზე გადის, სწორედ ნახიჩავენისაკენ გადასაადგილებლად სჭირდება, ხოლო აქედან კი გზა თურქეთისაკენ მიდის.
სიტუაცია განსაკუთრებით ორი მიზეზითაა ყურადსაღები:
1. აზერბაიჯანის არმია სამხედრო სწავლების ფონზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისაკენ გადაადგილდება, რომელთა სამხედრო მანქანებზეც ამოტრიალებული A ნიშანია დატანილი. ეს კი წააგავს უკრაინის ომში რუსულ სამხედრო ტექნიკაზე დაწერილ Z, V და O სიმბოლოებს. ყველაფერთან ერთად ამას ფსიქოლოგიური წნეხის მოტანა შეუძლია ოფიციალური ერევნის წინააღმდეგ.
2. მიმდინარე პროცესებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობა ფაშინიანის მთავრობას აჰკიდა, ხოლო ფაშინიანმა რუსეთზე სომხეთის უპირობო დამოკიდებულებას შეცდომა უწოდა.
იმ ფონზე, რომ რუსეთი პრაქტიკულად მთლიანადაა გადართული უკრაინაში პოზიციების შენარჩუნებაზე, ხოლო ევროპისათვის კავკასიის შუა სატრანსპორტო და ენერგო დერეფანი კრიტიკული მნიშვნელობისაა, ამიტომ აზერბაიჯანი საკმაოდ თამამად მოქმედებს. ამას ემატება დიდი შიდა პოლიტიკური დაძაბულობა სომხეთის შიგნით, რომელშიც რუსეთი არანაკლებადაა ჩარეული - კრემლისთვის ფაშინინზე მეტად ქოჩარიანის ფრთა და დაშნაკცუთიუნია მისაღები. ქოჩარიანისა და საღათელიანის ფრთა უფრო რადიკალური და შეიძლება ითქვას, რომ რევანშისტულიცაა და პრინციპში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს.
შიდა კრიზისის ეს გზა აზერბაიჯანმა 92-93 წლებში გაიარა: როდესაც ოფიციალური ბაქო ყარაბაღში მარცხდებოდა ქაოსი და დაპირისპირება (მათ შორის სამხედრო გადატრიალება) თითქოს ჩვეულ ამბად იქცა იქ.
მიმდინარე მოვლენები აპრიორი არ გულისხმობს, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანი ზეწოლას ზრდის სომხეთთან მიმართებით. ამაზე კი არც სომხეთია პასიურ მდგომარეობაში - ფაშინიანს პასიურობას რთულად თუ აპატიებენ.
ბაქოს ორი უმთავრესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - ყარაბაღის სრული კონტროლი და ზანგეზურის დერეფანზე ტვირთების შეუფერხებლად გატარება. აზერბაიჯანში ალიევის მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერია, რასაც ემატება დრო და გარემოებაც - დასუსტებული სომხეთისა და რუსეთის გარდა დასავლეთიც გასათვალისწინებელია, რომელსაც თვალები ახლა უკრაინისაკენ უფრო აქვს მიპყრობილი, ვიდრე სამხრეთ კავკასიისაკენ და არც ბაქოსთან დაპირისპირებისათვისაა მზად. შესაბამისად, აზერბაიჯანის მცდელობა პოლიტიკური მიზნები ზეწოლით მიაღწიოს - ნათელია, მაგრამ რა მოხდება თუკი ეს ზეწოლა ნაწილობრივ ან სრულად უშედეგო იყო? მოიმატებს თუ დაიკლებს ესკალაცია ეს ჯერ კიდევ საკითხავია. გასათვალისწინებელია, რომ კრიზისს ორი მიზეზი აქვს - ერთი თავად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხია, სადაც აზერბაიჯანული პოზიციები შედარებით მყარია (როგორც სამხედრო, ისე სამართლებრივი კუთხით), ხოლო მეორე, სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი დერეფნის საკითხია. აქ კი სიტუაცია ლოკალურის გარდა საერთაშორისო მასშტაბებამდე გადის სადაც დაინტერესებულ მხარედ აზერბაიჯანის გარდა თურქეთიც გვევლინება, ხოლო სამართლებრივად და პოლიტიკურად უფრო მეტი კითხვები ჩნდება, ვიდრე პასუხებია.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე
analytics
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“, რომლის ავტორები არიან ფრიდრიხ მერცი (გერმანიის კანცლერი) და ემანუელ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

 „ჰააგაში ნატოს სამიტის ფონზე მსოფლიოში ქაოსური მოვლენები სუფევს: ბობოქრობენ ომები, ჩვეული ქცევის წესები და ნორმები ინგრევა,  ხოლო დიდი ხნით განმტკიცებული რწმენები ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეპოქალური გამოცდის ჟამს გერმანია და საფრანგეთი - თავიანთ ევროპელ და ატლანტის ოკეანის გაღმა ნაპირზე მყოფ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად ერთიანი და მტკიცე ფრონტით გამოდიან, რათა დაიცვან ჩვენი საერთო ფასეულობები, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

ავტორთა აზრით, „ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენს: „2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, შემდეგ, 2014 წელს - მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია, 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმერ პუტინის მიზანია ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს. ეს ყველაფერი რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა უნდა დავიცვათ“.

„თუ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკის ტრაექტორია არ შეიცვლება, რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის ურყევ და მტკიცე პოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ამჟამად სასწორზე დევს ევროპული სტაბილურობის ბედი ათწლეულების განმავლობაში.

ნატოს სამიტზე საფრანგეთი და გერმანია დაადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას იმ ძალისხმევისადმი, რასაც აშშ მიმართავს კონფლიქტების შეწყვეტისათვის და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად. საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და გააძლიერებენ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის სანქციების მეშვეობით“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - „ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ უკრაინა კონფლიქტიდან გამოსვლის შემდეგ აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ მხრივ უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული - ევროკავშირი უკრაინას 130 მილიარდი ევროთი დაეხმარა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაგმო კრემლის აგრესიული პოლიტიკა, რისთვისაც რუსეთს მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული. „მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. ამიტომ ჩვენ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ხელს შევუწყობთ უკრაინის არმიის გაძლიერებას, განვაახლებთ უკრაინის თავდაცვით მრეწველობას იმ მიზნით, რომ სამომავლოდ მას რუსეთის სავარაუდო აგრესიის წარმატებით მოგერიება შეძლოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები მხოლოდ უკრაინას არ ეხება. როგორც ჩანს, ახლო მომავალში კონფლიქტურ გარემოში ცხოვრება მოგვიწევს - იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი მოკავშირეების წინაშე ახალი დილემები და პრიორიტეტები დადგება. რუსეთის გარდა, ჩვენ, ალბათ, კიდევ ბევრი გამოწვევის მოწმენი გავხდებით. ამისათვის ახლავე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნავენ ავტორები და იქვე მიუთითებენ: აუცილებელია ნატოს გაძლიერება - თავდაცვის სფეროს ალიანსის წევრების საერთო ბიუჯეტის 3,5% უნდა მოხმარდეს, 2%-ის ნაცვლად. დამატებითი ხარჯები აუცილებელია. მათი მეშვეობით ჩვენ იმ ბზარს ამოვავსებთ, რომელიც ნატოს სამხედრო პოტენციალს გაუჩნდა რევანშისტული რუსეთის პირისპირ“, - ხაზს უსვამენ ავტორები.

„ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს საერთო უსაფრთხოების დაცვაში. გერმანიას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციის დასასრულს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რათა უკეთ იქნას გამოყენებული ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა [რუსეთის წინააღმდეგ]. „ჩვენ ვადასტურებთ სამოკავშირეო ერთიანობას, სოლიდარობას და ერთგულებას ჩვენი კონტინენტის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way