USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
ავსტრია ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს
Date:  966

ავსტრია ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია Tass ავრცელებს. როგორც გამოცემა ავსტრიულ მედიაზე დაყრდნობით წერს, დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა და ქვეყანა პირველ სექტემბრამდე უნდა დატოვოს.

მათივე ინფორმაციის თანახმად, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დიპლომატმა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია დაარღვია.

სხვა დეტალების დასახელებისაგან, მათ შორის დიპლომატის ვინაობის დასახელებისაგან, საგარეო უწყებამ თავი შეიკავა.

თუმცა Tass ავსტრიულ გამოცემა Kronen Zeitung-ზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატი სამრეწველო ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. სტატიაში ნათქვამია, რომ დიპლომატი ავსტრიის მოქალაქის მეშვეობით ინფორმაციის შეგროვებაშია ეჭვმიტანილია, რომელიც ავსტრიის ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში მუშაობდა.

მათივე ცნობით, ავსტრიის მოქალაქემ ჯაშუშური საქმიანობა თავად აღიარა და თავის კურატორად რუსი დიპლომატი დაასახელა. თავად რუსმა დიპლომატმა კი დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ვენაში რუსეთის საელჩომ დიპლომატის გაძევება გააპროტესტა და ავსტრიული მხარის გადაწყვეტილებას უსაფუძვლო უწოდა.

რუსეთს ავსტრიიდან რუსი დიპლომატის გაძევებაზე სარკისებური რეაქცია ექნება, - ასე გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი მომხდარ ფაქტს. 

რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატის გაძევებაზე კომენტარი ავსტრიაში რუსეთის საელჩომაც გააკეთა. მათი განმარტებით, მოსკოვის „სარკისებური რეაქცია“ დიდხანს არ დააყოვნებს.

„აღშფოთებული ვართ ავსტრიის ხელისუფლების მიერ მიღებული უსაფუძვლო გადაწყვეტილებით, რაც რუსეთ-ავსტრიის კონსტრუქციული ურთიერთობისთვის საზიანოა. დარწმუნებული ვართ, რომ ამას მოსკოვის სიმეტრიული რეაგირება დაუყოვნებლივ მოჰყვება“, - განაცხადეს საელჩოში.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way