USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
აუდიოჩანაწერი: „აქ ვერასდროს შემოხვალთ“ - მესაზღვრემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა
თარიღი:  448

„უკან გაბრუნებთ, უნდა წახვიდეთ ირანში ან თურქეთში, სულ ესაა. გასაგებია?! ესაა მიზეზი. აქ კითხვების დასმის ადგილი არ არის, ეს საზღვარია... არავინ ხართ. მე საქართველოს მცველი ვარ, რაც უფლებას მაძლევს, ისე გელაპარაკოთ, როგორც მომინდება...“ - ეს არის ფრაგმენტი აუდიოჩანაწერიდან, რომელიც bm.ge-ს საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებულმა თურქმენეთის მოქალაქემ მიაწოდა. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა გვიყვება, რომ დღეს, გამთენიისას, საქართველოში თურქეთიდან ჩამოფრინდა, მაგრამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ის უცხოელი ვიზიტორია, რომელიც 2020 წელს საქართველოში სამთავრობო პროგრამის - „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარი იყო და თბილისში ცხოვრობდა; შემდეგ ქვეყანა დროებით დატოვა და 12 თებერვალს, როცა ისევ ჩამოსვლა გადაწყვიტა, მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს და ახსნა-განმარტებაში მიზეზად „სხვა“ ჩაუწერეს ანუ არაფერი კონკრეტული.

BM.GE-ისთან საუბრისას ვიზიტორი ირწმუნება, რომ თებერვალშიც და ახლაც თბილისის აეროპორტში საზღვარზე ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა და აღნიშნა, რომ მას შეეძლო, როგორც თურქმენეთის მოქალაქე, ისე შემოსულიყო, რადგან ამ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა დაშვებულია.

„საზღვარზე წარვადგინე როგორც ნეგატიური PCR-ტესტის პასუხი, ასევე მისამართი, სად უნდა გავჩერებულიყავი; ვაჩვენე უკან დასაბრუნებელი ბილეთიც, მქონდა თანხაც... მიუხედავად ამისა, მესაზღვრეებმა მომთხოვეს სასტუმროს ჯავშანი, რაც არ მქონდა. განვუმარტე, რომ ქვეყანაში პირველად არ შემოვდიოდი და აქამდე სასტუმროს ჯავშნის მოთხოვნა აუცილებლად წარსადგენი საბუთების სიაში არ ყოფილა. ცოტა ხნის შემდეგ განმიცხადეს, რომ უკან მაბრუნებდნენ, მაგრამ ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებიათ, მეტიც შეურაცხყოფაც მომაყენეს“, - ამბობს უცხოელი ვიზიტორი.

Bm.ge თურქმენეთის მოქალაქესა და ქართველ მესაზღვრეებს შორის დიალოგს უცვლელად გთავაზობთ. აუდიოჩანაწერის შესახებ საქმის კურსშია შინაგან საქმეთა სამინისტრო და ველოდებით პასუხს - რა რეაქცია ექნება ვახტანგ გომელაურის უწყებას აღნიშნულ ფაქტზე. განახლება: აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.




მესაზღვრე: საქართველოში შემოსასვლელად თურქეთის რეზიდენტის მოწმობა გჭირდებათ... <მესაზღვრის მოთხოვნა სრულად გასაგებად არ ისმის> ახლა თურქეთში დაბრუნდებით. საელჩოს მიმართეთ...

ვიზიტორი: საელჩოს მივმართე და მითხრეს, რომ შემიძლია საქართველოში შემოსვლა. გაბრუნების მიზეზების შესახებ კი იქ მითხრეს, რომ თქვენ უნდა განგემარტათ ეს საკითხი.

მესაზღვრე: უკან გაბრუნებთ, უნდა წახვიდეთ ირანში ან სტამბულში, სულ ესაა. გასაგებია?! ესაა მიზეზი. აქ კითხვების დასმის ადგილი არ არის, ეს საზღვარია. აქ დაჯექი ახლა, შენთან ლაპარაკი არ მინდა, მანდ დაჯექი. ჩაგსვამთ თვითმფრინავში და გაგგზავნით.

ვიზიტორი: შემიძლია, სახელი და გვარი გკითხოთ?

მესაზღვრე: არა, იმიტომ რომ უკან გაბრუნებთ და ჩემი სახელი თქვენი საქმე არაა.

ვიზიტორი: კარგი, მე დავრუნდები უკან, არ არის პრობლემა...

მესაზღვრე: თქვენ ვერასდროს შემოხვალთ საქართველოში...

ვიზიტორი: აღარასდროს მომინდება საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მიუღებელია ის, როგორც ექცევით ხალხს.

მესაზღვრე: ეს ჩემი ქვეყანაა და მე ვიცავ მას.

ვიზიტორი: თქვენ არ ხართ პრეზიდენტი... და არანაირი უფლება არ გაქვთ, ასე ელაპარაკოთ ადამიანებს.

მესაზღვრე: ახლა დაბრუნდებით სტამბულში და დაკარგავთ თქვენს გასაჩერებელ ადგილს. შენ წახვალ თურქმენეთში და იქ დარჩები სამუდამოდ, გაიგე თუ ვერა?!

ვიზიტორი: არ დავრჩები თურქმენეთში სამუდამოდ...

მესაზღვრე: აქ დაჯექით.

ვიზიტორი: რატომ მაშინებთ, შემიძლია თქვენი სახელი გავიგო? ვინ ხართ?

მესაზღვრე: არ გაშინებთ, არ შეგიძლიათ ჩემი სახელის გაგება, იმიტომ რომ არავინ ხართ. მე საქართველოს მცველი ვარ, რაც უფლებას მაძლევს, ისე გელაპარაკოთ, როგორც მომინდება...

ვიზიტორი: არ გაქვთ უფლება, ადამიანებს ასე ელაპარაკოთ... თქვენ არც პრეზიდენტი ხართ... არც ღმერთი... შეიძლება ასე მოქცევა?

მესაზღვრე: ოჰოოო, არ მიყვარს, როდესაც ვინმე რუსულად მელაპარაკება... გაგგზავნით უკან სტამბულში, საიდანაც თურქმენეთში დაგაბრუნებენ.

ვიზიტორი: რატომ მომაყენეთ შეურაცხყოფა?

მესაზღვრე: იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიღებთ ბ...ს და ა.შ. გასაგებია?!

ვიზიტორი: გგონიათ, რომ ასეთი საუბარი გამშვენებთ?

მესაზღვრე: არა, ეს სიმართლეა. იმ საქმით, რომლითაც თქვენ დაკავებული ხართ თურქეთში და საქართველოში. მორჩა, აქ დებილები არ ვართ.

წყარო:https://bm.ge/

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.