USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 25 მაისი?
 1087

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

მშვენიერი დღეა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რადიკალურ ცვლილებებს მოერიდოთ. განსაკუთრებული სიფრთხილით უცნობ საქმეებს უნდა მოეკიდოთ. შესაძლოა, მაცდური შეთავაზებები მიიღოთ, მაგრამ ინფორმაციის შესწავლამდე ნუ დათანხმდებით. გარდა ამისა, ზუსტად უნდა იცოდეთ, თქვენგან რას მოელიან.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ამ დღეს ადამიანებთან საერთო ენის პოვნის უნარი ძალიან გამოგადგებათ. ამ უნარის წყალობით მოკავშირეებსაც იპოვით და კონფლიქტების თავიდან აცილებასაც შეძლებთ. ხანმოკლე მოგზაურობა კარგად ჩაივლის - სასიამოვნო შთაბეჭდილებების გარდა, შეიძლება მოგებიანი შესყიდვები განახორციელოთ ან საინტერესო გარიგებები დადოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანს დაეხმაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, მაგრამ იოლი გამარჯვების იმედი ნუ გექნებათ. თუ გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერას ელით, ჭორების საბაბი არ უნდა მისცეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელსაც შეიძლება რომანტიკული გაგრძელება მოჰყვეს. ამ დღეს ყველაზე კარგად გარშემომყოფთა მოხიბვლა გამოგდით, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

შესაძლოა ამ დღემ სირთულეები და პრობლემები მოიტანოს, მაგრამ უახლოესი ადამიანების დახმარებით ადვილად გაუმკლავდებით. ინტუიცია ზუსტად გიკარნახებთ, ვის შეგიძლიათ ენდოთ და ვის უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში დაუგეგმავი შეხვედრები და დაუპატიჟებელი სტუმრები გელით - ზოგი მათგანი საჩუქრებს მოგიტანთ, ზოგი კი კარგ იდეას და შეთავაზებებს. ძველი წყენის გამო შესაძლოა საყვარელ ადამიანთან იკამათოთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად - კარგად იცით, ადამიანები საკუთარი იდეებით როგორ დააინტერესოთ. სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ და იპოვით გზას, რომ მიღებული თანხა სწორად განკარგოთ. ეს შეიძლება წარმატებული შენაძენი ან ხელსაყრელი ინვესტიცია იყოს. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის უნახავი ადამიანები ნახოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ, თუმცა ეს დიდ დროს და ძალას წაგართმევთ. ამიტომ საღამოსთვის რაიმე დამღლელი აქტივობა არ დაგეგმოთ. უმჯობესია დრო მშვიდად გაატაროთ და ძალები აღადგინოთ. დღეს ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს სწრაფად და სწორად მოაგვარებთ. შეიძლება რთული გადაწყვეტილების მიღება მარტო მოგიწიოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს თქვენზე უკეთ ვერავინ გაუმკლავდება.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ამ დღეს საშუალება გექნებათ, სასიამოვნო ადამიანებს ესაუბროთ. სავარაუდოდ, ახალ ნაცნობებს თქვენი იდეებით დააინტერესებთ და მათ სიმპათიას მოიპოვებთ. იღბლიანი შემთხვევა საშუალებას მოგცემთ მოგებიანი შესყიდვა განახორციელოთ ან ფული ხელსაყრელი პირობებით დააბანდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღეს შეცდომების გამოსარიცხად მხოლოდ კარგად ნაცნობი საქმეები უნდა აკეთოთ. ნათესავი ქალი თქვენს საქმეებში ჩარევას ცდილობს, რაც ძალიან გაღიზიანებთ, თუმცა კონფლიქტამდე საქმე არ მივა. გირჩევთ, პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე სხვების თანდასწრებით არ ილაპარაკოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ფრთხილად იყავით. თუ ემოციების გავლენით იმოქმედებთ, შესაძლოა, საკუთარ თავს პრობლემები შეუქმნათ. გაღიზიანების ნაცვლად, ეცადეთ, კრიტიკა მშვიდად მიიღოთ და მოსაუბრეს გასაგებად აუხსნათ, რისი გაკეთება გსურთ და რატომ. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სერიოზული სირთულეები.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

დღე იდეალურია დასვენებისთვის. გირჩევთ, ყველაფერი გვერდზე გადადოთ და ძალები აღიდგინოთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა დადებით ემოციებს და სიხარულს მოგანიჭებთ. თუ სახლში სიტუაცია დაძაბულია, ჩხუბის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გახდეს.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ადამიანები, რომლებიც ადრე თქვენს შეხედულებებს არ იზიარებდნენ, ახლა მზად არიან დაგეხმარონ და თქვენი მოკავშირეები გახდნენ. საქმის დასაწყისი წარმატებული იქნება. უპირველეს ყოვლისა, ეს შემოქმედებით საქმიანობას ეხება. პირად ურთიერთობებში ინტუიციას უნდა ენდოთ. მისი წყალობით კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. მოულოდნელი შემოსავალი გელით და შეძლებთ შეიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ფრთხილად იყავით. სულელური შეცდომის გამო შესაძლოა, ისეთი რამე გააკეთოთ, რასაც დიდი ხანი ინანებთ. ნებისმიერი მოლაპარაკება რთულად ჩაივლის. საკუთარი პოზიციის დაცვას შეძლებთ, მაგრამ ამაზე ტიტანურ ძალისხმევას დახარჯავთ. გამორიცხული არაა, ფინანსურად დაზარალდეთ, მაგრამ საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ. გირჩევთ საღამოს ვარსკვლავების დადებითი გავლენა გამოიყენოთ და მტკივნეული საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати