USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 20 მაისი?
 1174

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

ამ დღეს უნდა ეცადოთ, რომ მწვავე თემებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. სავარაუდოდ, ორშაბათი თქვენს ნერვებს და მოთმინებას გამოცდას მოუწყობს, ამიტომ სახლშიც და სამსახურშიც ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. სხვების დახმარება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, მით უმეტეს - თუ ამისთვის მადლობას იღებთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევისა და მშვიდობის დამყარებისთვის. სავარაუდოდ, ის თქვენს არგუმენტებს დამაჯერებლად მიიჩნევს, ასე რომ, შეგიძლიათ, სასიამოვნო მოლოდინები გქონდეთ. სამაგიეროდ, სამსახურში დამქანცველი დღე და დაუსრულებელი ქაოსია. გახსოვდეთ, რომ საკუთარი საიდუმლო ან პირადი ინფორმაცია სხვებს არ უნდა გაუზიაროთ.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ფინანსური პრობლემები შეიძლება ნამდვილ თავის ტკივილად გექცეთ. აქ აუცილებლად ვალებს და სხვა ფინანსურ სირთულეებს არ ვგულისხმობთ, რადგან ამ დღეს უბრალო გადასახადებიც კი გაღიზიანებთ. თუ ინტუიციას მოუსმენთ, შესაძლოა, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეძლოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ - გამოიჩინეთ ინიციატივა სამსახურში და იყავით სახლში ლიდერი. ისედაც დიდი ხანია, ჩრდილში ხართ. დროა თქვენი საუკეთესო უნარები გამოავლინოთ. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. შესაფერისი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

მუშაობის ხასიათზე არ ხართ, ამიტომ ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. თავი შეიკავეთ რთული პროექტის დაწყებისგან და უარი თქვით მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავ შეცდომას დაუშვებთ და კოლეგებს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებთ. უმჯობესია, ამ დღეს იზარმაცოთ და დაკარგული დრო მომდევნო დღეებში აანაზღაუროთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მშობლებთან ან ახლო ნათესავებთან ურთიერთობის გარკვევას დაუთმოთ. თუ თქვენ შორის გაუგებრობა წარმოიშვა, სადავო საკითხები დროულად უნდა განიხილოთ და ნდობა აღადგინოთ. მათი რჩევები რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის შესაფერისია. თუ თავგადასავლების მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ ეგზოტიკური კერძი დააგემოვნოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ორშაბათი პატარა დღესასწაულად აქციოთ! გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო დარჩებით, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ ნიშნის წარმომადგენლებს წარმატებული დღე ელით. შეგიძლიათ ყველაზე რთულ დავალებებსაც კი თამამად შეეჭიდოთ - იღბალი თქვენს მხარესაა და ყველაფერი გამოგივათ. გირჩევთ, სამუშაო საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილოთ - ისინი სწორი გადაწყვეტის პოვნაში დაგეხმარებიან. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება და მოგებიანი გარიგების დადებასაც შეძლებთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

სცადეთ სახლიდან საფულის გარეშე გასვლა და მიხვდებით, რომ აქამდე ფულს ქარს ატანდით. დროა, მომჭირნედ ცხოვრება ისწავლოთ, თუ არ გინდათ, რომ ვალები დაგედოთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

თქვენი ჯანმრთელობა ახლა იმდენად დაუცველია, რომ ორპირმა ქარმაც კი შეიძლება დაგაზიანოთ. მოერიდეთ საყოფაცხოვრებო ტრავმებს და ეგზოტიკურ კერძებს, რათა ქრონიკული დაავადებები არ გაამწვავოთ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

შესანიშნავ ხასიათზე ხართ, ამიტომ სახლშიც და სამსახურშიც ყველაფერი გამოგდით. ეცადეთ, ეს განწყობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ. თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების წარმატება დიდწილად თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. გირჩევთ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ. ასევე, ნუ იჩქარებთ გარიგებების დადებას, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად მოგებიანია.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრს და გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. უმჯობესია, ეს დღე რუტინას დაუთმოთ. ცვლილებების განხორციელებისა და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის სხვა დღეები შეარჩიეთ. საღამო ხელსაყრელია აქტიური დასვენებისთვის - თავად გადაწყვიტეთ სპორტდარბაზში სიარული გირჩევნიათ თუ ჰაერზე სეირნობა.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way