USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
ასტროლოგი - რას გვპირდება 17 ოქტომბერი?!
 705

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დღეს თქვენი წარმატების გასაღები სიფრთხილეა: შეიძლება უამრავ დაძაბულ სიტუაციას შეეჯახოთ, რასაც კონფლიქტი მოჰყვება ახლობელ ადამიანებთან ან კოლეგებთან. უზარმაზარი მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ იმისთვის, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ეს დღე თქვენს სიმტკიცეს და ნებისყოფას გამოცდას მოუწყობს. სავარაუდოდ, საკუთარი ინტერესების დაცვა და თავდასხმის მოგერიება მოგიწევთ. რაც არ უნდა მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ აღელდეთ და საჭირო არგუმენტები მშვიდად იპოვოთ. არ აჰყვეთ ემოციებს და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ვარსკვლავები ტყუპებს ნაყოფიერ დღეს ჰპირდებიან, თუმცა ის უმიზეზო იმედგაცრუებას განიცდით და ყველაფრით უკმაყოფილო ხართ. შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბოლო დროს თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა და გადაიღალეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი ხელში აიყვანოთ და ბედის საჩუქრებს კმაყოფილებით შეხვდეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

ამ დღეს თქვენში ორგანიზაციული უნარები გაიღვიძებს, რაც მენეჯმენტს შეუმჩნეველი არ დარჩება და შეიძლება, ახალი პროექტის განხორციელებაც მოგანდონ. თქვენი ყურადღების მიღმა არც ოჯახის წევრები დარჩებიან.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ამ დღეს ახალი საქმის დაწყება არც კი სცადოთ, რადგან ვარსკვლავების აზრით, ის, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ასე რომ, ჯობს არ აჩქარდეთ და ერთი დღე დაიცადოთ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ამ დღეს რაღაცის გამოსწორების შანსი გაქვთ. ეს შეიძლება ძველი პრობლემა იყოს, რომელიც გამუდმებით თავს გახსენებთ ან მოვლენა, რომელიც შეგიძლიათ საჭირო მიმართულებით მიმართოთ. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ პესიმისტი ყველა შესაძლებლობაში საფრთხეს ხედავს, ხოლო ოპტიმისტი - ყველა საფრთხეში შესაძლებლობას.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და, ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს ეხებათ როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და, ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს ეხებათ როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებების ეტაპი, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ პარტნიორს უფრო ხშირად მოუსმინოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ამ დღეს გარშემო მყოფებს არ უნდა დაეყრდნოთ - ნებით თუ უნებლიეთ, შეიძლება იმედი გაგიცრუონ. თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედავთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ვიღაც ხაფანგს გიგებთ, ჭორებს გივრცელებთ ან თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს. ასე რომ არ მოხდეს, განსაკუთრებული სიფხიზლე და ყურადღება გმართებთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ამ დღეს შეიძლება როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი იყოთ! გსურთ, გარშემო ყველაფერი აკონტროლოთ. თქვენი ასეთი დამოკიდებულება გარშემო მყოფთა უკმაყოფილებას გამოიწვევს. იმისთვის, რომ ამ დღემ მეტი დადებითი ემოცია მოგიტანოთ, უნდა შეეგუოთ, რომ ყველაფერი თქვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ამ დღეს ნებისმიერ წამოწყებაში მხარდაჭერას მიიღებთ. უპირველეს ყოვლისა, ეს ურთიერთობებს ეხება. თუ ერთობლივი ცხოვრების გეგმებზე საუბარს აპირებთ, ამისთვის უკეთეს დროს ვერ ნახავთ. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც საპასუხოდ გაგიღიმებთ.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати