USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 10 მარტი?
Date:  2798

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ და იღბლიანი შანსი გამოიყენოთ, რომელსაც ბედისწერა გიმზადებთ. თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ.

კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება უსარგებლო ნივთებში მეტისმეტად ბევრი ფული დახარჯოთ, ამიტომ ჯობს, შოპინგის ნაცვლად, საყოფაცხოვრებო საქმეებზე იზრუნოთ. თუ ცდილობთ, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, იცოდეთ, ეს აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტის დაწყებისა და ინტერიერის შეცვლისთვის. გირჩევთ, ოჯახური პრობლემები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილოთ და გადაწყვეტილება ერთად მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ მათგან რაიმე სასარგებლო რჩევა ან წინადადება მოისმინოთ. მოერიდეთ თანამშრომლებთან კამათს ან მათ კრიტიკას.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

დაფიქრდით, ბოლო დროს ყველაზე მეტად რა გაწუხებთ და ეცადეთ, პრობლემის გადაჭრის არასტანდარტული გზები იპოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი გეგმები შესახებ არავის უამბოთ, თორემ ვიღაც თქვენთვის ხელის შეშლას ეცდება. სხვა ადამიანების აზრების ამოცნობას ადვილად ახერხებთ, მაგრამ მათი მანიპულირება არ უნდა სცადოთ, თორემ კარგ ურთიერთობას გააფუჭებთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

დღის პირველი ნახევარი ლომისთვის დაძაბული და ნერვიული იქნება. უბრალო საუბარიც კი შეიძლება ორმხრივ ბრალდებებში და ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ურთიერთობები უნდა შეზღუდოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ. დღის მეორე ნახევარში დაძაბულობა შემცირდება და შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ - ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, თუ არ გსურთ, რომ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეს შეძენილი ნივთები მალე იმედს გაგიცრუებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი უმცირეს დეტალებამდე უნდა გაიაზროთ, რისკები და მოსალოდნელი სარგებელი შეაფასოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან გულწრფელი საუბარი სტრესისგან ნებისმიერ ფსიქოლოგზე უკეთ გაგათავისუფლებთ. თანაც ამ საუბრის დროს ისეთ რჩევას ან შენიშვნას მოისმენთ, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დროებითი სირთულე, რომელსაც გულახდილი საუბრით მოაგვარებთ.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

წვრილმან ნივთებში ფულის ხარჯვას ჯობს ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად დააგროვოთ. ნუ უარყოფთ ძველი მეგობრების რჩევებსა თუ მოსაზრებებს - ისინი პრობლემებთან გამკლავებაში და ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ეს დღე აქტიურად გაატაროთ, ისეირნოთ და სპორტით დაკავდეთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან ირონიული შენიშვნით შეიძლება თანამოსაუბრე ძალიან შეურაცხყოთ. ეცადეთ, მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ. სასიხარულო სიახლე თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

იღბლიანი და წარმატებული დღეა. მოვლენები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება, რაც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. ახლა შრომითი გმირობისთვის განწყობილი არ ხართ, ამიტომ ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულება გაგიჭირდებათ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს თხოვოთ.

 მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

ემოციურად დაძაბული დღეა. ეცადეთ, გარშემო მყოფების კრიტიკაზე და შენიშვნებზე არ გაღიზიანდეთ და მთელი ყურადღება საქმეზე გადაიტანოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, უბრალოდ, კონტაქტები შეზღუდეთ. არის საქმე, რომლის გადადება აღარ შეიძლება, ამიტომ, პირველ რიგში, მის დასრულებაზე უნდა იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახს წევრთა ჯანმრთელობას.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

პიროვნული ხიბლი ბევრი დაკეტილი კარის გაღებაში დაგეხმარებათ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მიზნის მიღწევას და სოციალური პოზიციის გაუჯობესებას შეძლებთ. 10 მარტს ურთიერთობა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც იქნება. თუ ამომწურავი პასუხის მიღება გსურთ, კითხვა სწორად და გასაგებად უნდა დასვათ. გაურკვევლობამ შეიძლება დაწყებული საქმე ჩიხში შეიყვანოს და დამატებითი სირთულეები შეგიქმნათ.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way