USD 2.6729
EUR 2.8469
RUB 2.8628
Tbilisi
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მომავალი ხელმძღვანელი- უილიამ ბერნსი და მისი მოგონებები რუსეთზე
Date:  1219
ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა უილიამ ბერნსის კანდიდატურა.
ეს უკანასკნელი სოლიდური სტაჟის მქონე გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ ეკავა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტი. იგი შესანიშნავად იცნობს რუსეთს და ურიგოდ არ ფლობს რუსულ ენას. 2005-2008 წლებში ბერნსი გახლდათ აშშ-ის ელჩი რუსეთში, არაერთგზის შეხვედრია პუტინს, მედვედევს, ლავროვს. ეს ჭკვიანი და საქმიანი ამერიკელი ბაიდენის თანაგუნდელთაგან ყველაზე უკეთ იცნობს რუსეთს. მით უფრო საინტერესოა, თუ როგორ გამოავლენს თავს ახალ თანამდებობაზე ყოფილი კარიერული დიპლომატი „ხანჯლისა და მოსასხამის რაინდების“ უწყების ახალი შეფის ამპლუაში.
 
რამდენიმე დღის წინ რუსულმა გავლენიანმა გამოცემამ " კომსომოლსკაია პრავდამ" გამოაქვეყნა მასალა სათაურით- "CIA-ს მომავალი შეფი-რუსეთი კვლავ გაძლიერდა იმაზე ადრე, ვიდრე ჩვენ ველოდით". აღნიშნული მასალა მოიცავს ამონარიდებს უილიამ ბერნსის წიგნიდან "უჩინარი ძალა". ვფიქრობთ, ქართველი მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება  CIA-ის მომავალი ხელმძღვანელის თვალით დანახული რუსეთის გაცნობა.
 
ნატოს გაფართოება-რუსეთისათვის ზურგში დარტყმა
"1990 წლის დასაწყისში პრეზიდენტ ბუშის მხარდაჭერით სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა მოახერხა დაერწმუნებინა გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი, რომ მიეღოთ ფორმატი „ორს პლუს ოთხი“, რათა დაეყოლიებინათ ისინი გერმანიის გაერთიანებასა და ნატოს სრულუფლებიან წევრობაზე, ხოლო საბჭოთა კავშირი კი იმაზე, რომ ცივი ომის დამთავრებისა და საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის პოტენციური განვითარების კვალად არ დაიგეგმებოდა არც ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და არც მისი რეფორმირება. რუსებმა ირწმუნეს ბეიკერის სიტყვა. მომდევნო წლებში ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება მათ ღალატად შეაფასეს მიუხედავად იმისა, რომ რომ ბეიკერის დაპირება არ ყოფილა წერილობით გაფორმებული და რომ ეს პირობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო გაცემული. მეორე ვადით არჩევის შემდეგ, 1996 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა კლინტონმა დაიწყო ნატოს გაფართოების პროცესი. 1997 წლის ზაფხულში მან ოფიციალურად მიიწვია ორგანიზაციის წევრებად პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი. მოგვიანებით ხელმოწერილ იქნა საგულდაგულოდ გაწერილი შეთანხმება ნატოსა და რუსეთს შორის(...) წყენამ, რომ მათი ინტერესები არად ჩააგდეს, რუსებს არ გაუარათ და ამიტომაც რუსეთის პოლიტიკური ცის კაბადონზე გამოჩნდნენ ღრუბლები, რომლებსაც „ზურგში დარტყმის“ თეორიის ავტორები მოერეკებოდნენ. ამან თავისი დაღი დაასვა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას, რომელიც კიდევ არაერთი ათწლეული გასტანს. თვით ისეთმა გამორჩეულმა სახელმწიფო მოღვაწემ, როგორიც გახლდათ ბირთვული შეკავების პოლიტიკის ავტორი ჯორჯ კენანი ნატოს გაფართოებას უწოდა „ამერიკელ პოლიტიკოსთა ყველაზე მძიმე შეცდომა ცივი ომის დამთავრების შემდეგ".
სახედარივით ჯიუტი ელცინი
თავის გამოსვლაში 1993 წლის აპრილში პრეზიდენტმა კლინტონმა განაცხადა: „თუ რუსეთში რეფორმები ჩავარდა, თუკი იგი მიუბრუნდება ავტორიტარიზმს, დაიშლება და ჩაიძირება ქაოსში, ჩვენ შევეჯახებით სერიოზულ საფრთხეს. მსოფლიო ვერ გაუმკლავდება ისეთივე პროცესებს, რომლებიც განვითარდა იუგოსლავიაში, თანაც ისეთი უზარმაზარი ქვეყნის მასშტაბით, როგორიც რუსეთია.“ თუ მხედველობაში მივიღებთ 90-იანი წლების რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის მთელ პერიპეტიებს და განსხვავებას ასაკსა და პოლიტიკურ კულტურას შორის, ცოტა არ იყოს, გასაკვირი აღმოჩნდა უჩვეულოდ თბილი ურთიერთობა ელცინსა და კლინტონს შორის. ისინი ორივენი იყვნენ მაღლები და ბრგე აღნაგობის, ორივე მოკლებული იყო თანდაყოლილ პრივილეგიებს და ორივეს მოუხდა ძალაუფლებისათვის ბრძოლის რთული გზის გავლა. ორთავეს წილად ხვდა მმართველობა რთულსა და არეულ დროში. „ამ ყმაწვილს პრობლემები აქვს-გვითხრა კლინტონმა ელცინთან შესახვედრად მიმავალთ-მეტისმეტი წნეხის ქვეშ არ უნდა მოვაქციოთ, იმიტომ, რომ რუსეთში მასზე უკეთესი პარტნიორი ჩვენ არ გვეგულება“ დაღლილი და ხალხის მხარდაჭერას მოკლებული ელცინი სულ უფრო მეტად იხრებოდა თავისი უახლოესი გარემოცვისაკენ, ანუ კონსერვატიულად განწყობილი ძალოვანი მინისტრებისა და თანამეინახეებისაკენ, რომელთა გავლენაც „მეფის კარზე“ ბევრად აღემატებოდა მათ პროფესიულ კომპეტენციას. ისინი არწმუნებდნენ ელცინს, რომ დუდაევის მოთვინიერების შემთხვევაში(ჯოხარ დუდაევი იმ დროისათვის ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერი იყო) ის ერთდროულად გადაჭრის სამ ამოცანას: დაამტკიცებს რომ შეუძლია სიტუაციის კონტროლი, ფლანგებიდან დაარტყამს თავის მოწინააღმდეგე-ნაციონალისტებს და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე დაამტკიცებს, რომ დაუძლურებულმა რუსეთმა დაიწყო აღმასვლა. მთელი ეს ძალისხმევა რუსეთისათვის ყველაზე თავისმომჭრელად ჩაფლავდა(... ) ელჩმა პიკერინგმა დამავალა გავრკვეულიყავი ჩეჩნეთში შექმნილ სიტუაციაში და წარმედგინა ჩემი მოსაზრებანი ვაშინგტონისათვის. 1995 წლის 11 იანვარს გავგზავნე ტელეგრამა, რომელშიც გადმოვეცი წინასწარი დასკვნები(... ) მე ვწერდი, რომ ელცინმა და მისმა მრჩეველებმა დაუშვეს მთელი რიგი სერიოზული შეცდომები და თანდათან გაიხლართნენ კონფლიქტში. ამასთანავე ყოველ მომდევნო მცდარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მოსდევდა უარესი ნაბიჯი. პარადოქსალურია, მაგრამ ფაქტია: სწორედ ის სახედრისებური სიჯიუტე რომელიც უწინ ეხმარებოდა გამარჯვებების მოპოვებაში, ახლა ელცინს მიაქანებდა მარცხისაკენ“-ვწერდი მე.
 
მძიმე საუბარი ბუხართან
ბარვიხაში მისულებს პრეზიდენტის თანაშემწე მიგვიძღვა შეხვედრისათვის განკუთვნილ სასადილო დარბაზში. უზარმაზარ, ხუთკუთხა მაგიდასთან, რომლის თავშიც პუტინი წამომართულიყო, სრული შემადგენლობით განთავსდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭო. პუტინმა სარდონკულად ჩაიცინა და თქვა, რომ რუსეთის ისტორიაში კარგად გათვითცნობიერებული კონდოლიზა რაისი უთუოდ საკადრისად შეაფასებდა ამ სურათს. სახელმწიფო მდივნი ხედავდა ახალ რუს მეფესთან დაახლოებულ თანამედროვე პოლიტბიუროს. პუტინი მიესალმა სახელმწიფო მდივანს და აუხსნა, რომ სტუმრები შეიკრიბნენ ერთდროულად ორი იუბილის აღსანიშნავად: ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ამჟამად უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივნის-იგორ ივანოვის,რომელსაც შეუსრულდა 61 წელი და მთავრობის მეთაურის პირველი მოადგილის- დიმიტრი მედვედევის , რომელიც 41-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა. სუფრის წევრები მხიარულობდნენ, დროდადრო წარმოსთქვამდნენ სადღეგრძელოებს. სადილის შემდეგ პუტინმა სახელმწიფო მდივანი მიიპატიჟა პრივატული საუბრებისათვის განკუთვნილ სასადილო ოთახში. საგარეო საქმეთა მინისტრი და მე შევუერთდით მათ და მოვეწყვეთ ბუხრის წინ. პუტინი და რაისი საქმეზე გადავიდნენ. რაისმა მას დაუსვა რამდენიმე შეკითხვა იმ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით(... ) პუტინს მაშინვე შეეცვალა გუნება, როგორც კი სახელმწიფო მდივანმა საუბარი წამოიწყო საქართველოს შესახებ და მოუწოდა რუსებს, არ დაეშვათ პრეზიდენტ სააკაშვილთან იმ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, რომელიც დაკავშირებული იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსების საკითხთან(...) -სააკაშვილი მხოლოდ და მხოლოდ შეერთებული შტატების მარიონეტია, თქვა პუტინმა-შეწყვიტეთ ძაფების აწევ-დაწევა, სანამ უბედურება არ დატრიალებულა. შემდეგ მიუთითა სასადილოსაკენ გამავალ კარზე და დაამატა: მინდა გითხრათ ის, რაც არ იცის არც ერთმა იქ მსხდომთაგან. თუ საქართველო მოაწყობს სისხლისღვრას ოსეთში, მე იძულებული გავხდები ვაღიარო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და გამოვიყენო ძალა. ვითარება თანდათან განიმუხტა. პუტინი და რაისი კვლავ დასხდნენ. პუტინი ჯერ კიდევ გაღიზიანებული ჩანდა, მაგრამ მშვიდად დაასრულა: ჩვენ შეგვეძლო დაუსრულებლად გვესაუბრა ამის შესახებ, მაგრამ მე მინდოდა თქვენ გაგეგოთ ერთი რამ: თუ სააკაშვილი რაიმეს წამოიწყებს, ჩვენ ამას სასწრაფოდ შევაჩერებთ. ამის თქმის შემდეგ პუტინმა მოიბოდიშა, თქვა, რომ მშვიდობიან ღამეს უსურვებს სტუმრებსა და იუბილარებს. მან ესტაფეტა გადასცა სერგეი ივანოვს, რომელიც შეეცადა კიდევ ერთხელ ნათელი მოეფინა პუტინიდან წამოსული სიგნალის მნიშვნელობისათვის, თუმცა ამის აუცილებლობა აღარ იყო,რადგან პუტინის საომარ განწყობილებას დამსწრეებზე უკვე მოეხდინა სათანადო შთაბეჭდილება. ეს არ იყო ის რუსეთი, რომელიც მე დავტოვე 10 წლის წინ, ორივე ბეჭებით მიწაზე გართხმული და დაცემული რუსეთი. ეს იყო ნავთობის სარეკორდო ფასის ტალღაზე უკვე ფეხზე წამომართული ქვეყანა, რომელმაც მთელი 15 წლის მანძილზე გულში გამოატარა დამცირება და მტკიცე აზრი, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა მისი ისტორიული სისუსტის მომენტი და ახლა ჯიუტად ცდილობს არ დაანებოს წელში გამართვა. პუტინს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ჩვენთვის დაემტკიცებინა, რომ რუსეთი კვლავ ძლევამოსილ დერჟავად აქცია და ჩვენ მოგვიწევდა ამ ფაქტთან შეგუება.
 
პროფესიონალი პროფესიონალის შესახებ
მის კაბინეტში ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოვიდა სპასო-ჰაუსში(აშშ-ის ელჩის რეზიდენცია მოსკოვში) პირისპირ შესახვედრად ლანჩზე. ლავროვი მოლაპარაკების ხელოვნებაში გაწაფული მსოფლიო კლასის დიპლომატია, რომელსაც მხედველობიდან არ ეპარება არც ერთი დეტალი და რომელიც ფლობს ამოუწურავ შემოქმედებით წარმოსახვას. მას შეუძლია იყოს გესლიანი და ქედმაღალი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცუდად არის განწყობილი თანამოსაუბრის მიმართ, ანდა როცა მას უწევს უსაფუძვლო პოზიციის დაცვა. გაეროს ვეტერანი, სადაც იგი თითქმის 10 წელი მუშაობდა ამ ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე, იგი მიეჩვია სტოიკურად აეტანა თავდასხმები ყოველი მხრიდან, რომელიც თავს ატყდებოდა მრავალრიცხოვანი სხდომების მიმდინარეობის დროს. მოსაბეზრებელი დებატების დროს ლავროვი თავს იქცევდა ხატვით, კარიკატურების შექმნით. ჩემთან დღემდე ინახება მისი ერთ-ერთი სკეტჩი-მგლის სიფათი, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ამერიკულ დელეგაციასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე გამეფებულ მოსაწყენ ატმოსფეროს. ლავროვმა კრიტიკულად მიმოიხილა ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში საგარეო უწყების მიერ დაშვებული შეცდომები (...). ის იყო ძალზედ ჭკვიანი და კვალიფიციური საიმისოდ, რომ უგლვებელეყო ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი, უწინარეს ყოვლისა ეკონომიკისა და ბირთვული განიარაღების სფეროებში. რუსეთისაგან არ დადგა უმცროსი პარტნიორი ფარული შეთანხმება, რომელიც პუტინს სურდა დაედო აშშ-სთან მოიცავდა გაერთიანებული ძალებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, სადაც რუსეთი დადგებოდა ამერიკის მხარეს „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთში, ვაშინგტონი კი, თავის მხრივ, მხარს დაუჭერდა ჩეჩენი ბოევიკების წინააღმდეგ რუსეთის ხისტ ტაქტიკას. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს, პუტინის აზრით, შეეძლო უზრუნველეყო რუსეთის განსაკუთრებული გავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე, აღარ გაეფართოებინა ნატო ბალტიის ქვეყნების საზღვრებს იქით და არ ჩარეულიყო რუსეთის შიდა პოლიტიკაში. მალე რუსეთის პრეზიდენტმა საქმით დაამტკიცა, რომ გარიგებაში პირნათლად ასრულებს თავის წილ ვალდებულებას. მიუხედავად სერიოზული საფრთხისა რუსი სამხედროებისა და უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა მხრიდან, მან გაუიოლა ამერიკულ ჯარს გადაადგილება და ტრანზიტი ავღანეთში შუა აზიის სახელმწიფოების გავლით(.... ) თუმცაღა პუტინი მალევე მიხვდა, რომ მსგავსი ტიპის გარიგება არასოდეს იგეგმებოდა აშშ-ის მხრიდან(... ) ვაშინგტონს არ ჰქონდა არავითარი სურვილი-არავითარი მიზეზი, შეეთავაზებინა რუსეთისათვის რაიმე „ალ-ქაიდას“ წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მონაწილეობის სანაცვლოდ. რამდენიც არ უნდა ვუმტკიცოთ რუსებს, რომ ცივი ომის დასრულებიდან და საბჭოთა კავშირის დაშლიდან ყველამ მოიგო და წაგებული არვინ დარჩენილა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათთვის თავიდან აგვეცილებინა ამ მოვლენებით გამოწვეული მარცხისა და დამცირების გრძნობები.. ისტორიული პროცესები მიედინება თვითნებურად და რუსეთი, როგორც ეს მოხდა უკვე არაერთგზის მის მშფოთვარე წარსულში, საბოლოო ჯამში ფეხზე უნდა დამდგარიყო კატასტროფის შემდეგ. ადრე თუ გვიან უნდა დამდგარიყო მომენტი, როცა რუსეთი გახდებოდა საკმარისად ძლიერი, რათა უარი ეთქვა უმცროსი პარტნიორის როლზე, რომელშიც ის ასე არაკომფორტულად გრძნობდა თავს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გრძელვადიან პერსპექტივაში მისი, როგორც დიადი დერჟავის როლი განაგრძობდა დასუსტებას. ეს მომენტი იმაზე ადრე დადგა, ვიდრე ამას ჩვენგან ვინმე წარმოიდგენდა.
 
 
culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way