ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ჩრდილოეთ კორეის სანქციების რეჟიმის დარღვევის გამო, რუსული რეჟიმის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში შექმნილი MRB Bank-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი წერს, რომ ფულის გათეთრების სქემა ორკესტრირებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ, რომლის ნებართვითაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში MRB Bank-ი (Международный Расчетный Банк) დაფუძნდა და ამ ბანკის მეშვეობით მილიონობით დოლარის ოპერაციები შესრულდა კლიენტებთან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდნენ.
საქმეში ჩართული იყო რუსეთის TSMRBank-იც, რომლის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი ნიკულინი პირადად ახდენდა სამხრეთ ოსეთის ბანკში მილიონობით დოლარის ნაღდი ფულის შეტანას, რომელიც შემდგომ ჩრდილოეთ კორეაში გადაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ MRB ბანკი ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით 2023 წლის ივნისში იქნა სანქცირებული, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკთან, ლუგანსკთან და ზაპოროჟიესთან გადარიცხვებს უკავშირდებოდა.
MRB Bank-ი (Международный Расчетный Банк) 2015 წელს დაფუძნდა, მან 2017 წლის აპრილში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცენტრალური ბანკისგან საქმიანობის ლიცენზია მიიღო.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/