აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური (FinCEN) საფინანსო სერვისების მიწოდებით დაკავებულ ბიზნესებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ საეჭვო აქტივობების გამოვლენის და იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებთან, და რომლებიც ამერიკაში მყოფი არალეგალი უცხოელების მიერ შეიძლება განხორციელდეს.
როგორც FinCEN-ის საგანგებო შეტყობინებაში წერია, მათი მიზანია თავიდან აიცილონ "აშშ-ის ფინანსური სისტემის ექსპლუატაცია არალეგალი უცხოელების მიერ", რომლებიც სხვა ქვეყნებში უკანონოდ მოპოვებული თანხების გადარიცხვას ცდილობენ.
"როგორც წესი, MSB-ები (საფინანსო სერვისების მიწოდებით დაკავებული კომპანიები) ვალდებულნი არიან წარადგინონ საეჭვო საქმიანობის ანგარიში (SAR) ისეთი ტრანზაქციისთვის, რომელიც მოიცავს მინიმუმ 2000 აშშ დოლარს და რომლის შესახებაც MSB-ებმა იციან, ეჭვობენ ან აქვთ ეჭვის საფუძველი, რომ ეს დაკავშირებულია კანონის ან რეგულაციის შესაძლო დარღვევასთან; ეს მოიცავს უკანონო დასაქმებიდან ან სხვაგვარად მიღებული თანხებიდან საზღვარგარეთ გადარიცხვას, რომელთა შესახებ MSB-ის ინფორმაციით, ეჭვობენ ან აქვთ ეჭვის საფუძველი, რომ უკანონოდ იქნა მიღებული შეერთებულ შტატებში არალეგალური ემიგრანტების მიერ", - წერია FinCEN-ის საგანგებო შეტყობინებაში.
უწყების ინფორმაციით, აშშ-ის რეზიდენტი იმიგრანტებისგან უცხო ქვეყნის რეზიდენტებისთვის გადარიცხვების მოცულობამ 2024 წელს 72 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
"საფინანსო სერვისების მიწოდებით დაკავებული ბიზნესები ფხიზლად უნდა იყვნენ არალეგალი მიგრანტების მონაწილეობით საეჭვო ფინანსური საქმიანობის იდენტიფიცირებისას, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში სახაზინო მდივნის მოადგილემ ჯონ ჰარლიმ, - „ფინანსთა სამინისტროში ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის დაცვას შეერთებული შტატების კანონების დაცვით“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, საქართველოში ფულადი გადმორიცხვების კუთხით, აშშ პირველ ადგილასაა. 2025 წლის 10 თვეში ამ ქვეყნიდან 561 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 20%-ით აღემატება.
წყარო: https://bm.ge/
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/