USD 2.7013
EUR 3.1184
RUB 3.3726
Tbilisi
არჩილ მდივანი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჩოგბურთში, რომელიც დახვრიტეს
Date:  1807

არჩილ ბუდუს ძე მდივანი (დ. 30 ივნისი, 1911, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 13 სექტემბერი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — საბჭოთა ჩოგბურთელი.

ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში. 1934–1936 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი წყვილთა თანრიგში ედუარდ ნეგრებეცკისთან ერთად. 1931–1936 წლებში შედიოდა სსრ კავშირის უძლიერეს ათეულში.

სსრ კავშირის ჩემპიონი „დინამოს“ გუნდის შემადგენლობაში. ლენინგრადის ოთხგზის ჩემპიონი (1932–1936). პირველი ქართველი სპორტის ოსტატი ჩოგბურთში (1936). ბავშვობიდან არჩილს მდივანს ავარჯიშებდა იან ჰომერი.

ცნობილი ბოლშევიკის ბუდუ მდივანის (1877–1936) ოჯახში გაზრდილმა არჩილმა, ბავშვობაში კარგი განათლება მიიღო, ფლობდა გერმანულ და ფრანგულ ენებს. ის იყო სწრაფი, გამძლე, რაც ხელს უწყობდა მისი თამაშის პროგრესს. 20-იანი წლების დასასრულს მარტო ედუარდ ნეგრებეცკის შეეძლო მისთვის მოეგო. 1932 წელს არჩილი და ედუარდი საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდნენ (მაშინ ლენინგრადი საბჭოთა ჩოგბურთის ცენტრად ითვლებოდა). იწყება არჩილ მდივანის ნიჭის გაფურჩქვნის ხანა. წყვილი მდივანი-ნეგრებეცკი საბჭოთა ჩოგბურთის სიმბოლოდ იქცა.

თავის მოგონებებში ედუარდ ნეგრებეცკი წერს: „არჩილი ნამდვილი შოუმენი იყო. გულშემატკივართა გროვა ყოველთვის თან ახლდა. მისი თამაში საოცარი რამ იყო — სწრაფი, შთაგონებული, ის თამაშს არაჩვეულებრივ სანახაობას ანიჭებდა. კორტზე ის მდგრადი, შეუპოვარი, ცხოვრებაში კი რბილი, ღიმილიანი და იუმორით სავსე პიროვნება იყო. არჩილის დაკარგვის შემდეგ მე მყავდა სხვა პარტნიორები (ევგენი კუდრიავცევი, ნიკოლაი ოზეროვი, ევგენი კორბუტი), მაგრამ არჩილი ჩემთვის უბადლო და საუკეთესო იყო. 1936 წელს არჩილ მდივანი ბრუნდება თბილისში — აპატიმრებენ მამას.

 

იან ჰომერი იგონებდა: - ,,კარგად აღზრდილი ყმაწვილი იყო. უკვე იცოდა გერმანული და ფრანგული ენები. ვერც იფიქრებდი, რომ ჩოგბურთი მის ხანმოკლე ცხოვრებაში ყველაზე დიდ გატაცებად იქცეოდა. ძალიან ნიჭიერი იყო - სწრაფი, ათლეტური, ყოველდღე ხვეწდა ტექნიკას და ტაქტიკურად რაღაც ახალს სწავლობდა".

თვითნაბადი ტალანტი მალე გამოავლინდა და ლეგენდარულ სპორტსმენობამდე მიიყვანა, ამასთან ნახევარი მსოფლიოს აღიარებაც მოუტანა. ჩოგანი მის სავიზიტო ბარათად იქცა. როგორც ამბობენ, არჩილი კორტებზე ქმნიდა სანახაობას, აწყობდა ნამდვილ შოუს. მან დროს გაუსწრო და ისეთი სტილით დაიწყო ასპარეზობა, რომელიც 21-ე საუკუნის დამდეგს დაიწყეს.

26 წლის ახალგაზრდა ქვეყნის ჩოგბურთელთა უძლიერეს ათეულში შედიოდა.

,,კორტზე ერთი მიზანი გვქონდა - შესაშური პარტნიორობა და მეგობრობა. ის თითქოს ჩემი რეპერტუარის ნებისმიერ ტექსტს მღეროდა. არჩილი ერთეულთა თანრიგში დაუმარცხებელი იყო - უსწრაფეს კომბინაციებს ათამაშებდა, საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლებსაც კი შეშურდებოდათ. ჩვენი ოცნებები სპორტული მიღწევების მიღმა ის გახლდათ, იმდენად კარგები ვყოფილიყავით, რომ პუბლიკას მოვწონებოდით.. არჩილი თამაშებიდან დღესასწაულს ქმნიდა, მას სწრაფადვე გაუჩნდა გულშემატკივართა მთელი რაზმი. ეს სტილი საუცხოო იყო - მჩქარობლური, მოქნილი და ძალიან დახვეწილი,"- იხსენებდა მდივანის მეგობ­რი, ედუარდ ნაგრებეცკი.

ანა დმიტროევა საკუთარ წიგნში იხსნებდა, რომ არჩილ მდ­ვანს კორტზე ყველა კატას ეძახდა, გაზეთი ,,წითელი სპორტი" კი 1934 წელს წერდა: ,,არ შეგვედავოთ, ის ძალიან ენერგიულია, საჩოგბურთო კორტზე ნამდვილი ვეფხვი გახლავთ (ა. მდივანი - ლეოპარდი) სმეშების გარდა, ყველაფერს ედუარდ ნაგრებეცკის ბადეში ურტყამს".

მამისა და სამი ძმის დაპატიმრების მიუხედავად, არჩილმა ჩოგბურთს თავი მაინც არ დაანება. თავისუფალი იყო, თუმცა ჯოჯოხეთში უხდებოდა ცხოვრება - მთელი ოჯახი ციხეში იჯდა...

გაზეთი ,,წითელი სპორტიც" სპორტსმენის წარმატებებზე ჩვეულ სტილში წერდა:

,,ჩვენ არჩილ მდივანს ვიცნობთ, როგორც ბრწყინვალე მოთამაშეს წყვილთა თანრიგში. თუმცა ჩემპიონ ბორის ნოვიკოვთან ბოლო შეხვედრის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ სპორტსმენს 1937 წლის ინდივიდუალურ თანრიგშიც შეუძლია გამარჯვების მოპოვება."

მდივანი შეჯიბრებებზე მონაწილეობის მიღებას აგრძელებდა და ერთ-ერთ მათგანზე ლავრენტი ბერიასაც კი შეხვდა. არჩილმა ოჯახის ადგილსამყოფელი ჰკითხა, ,,გახდები ჩემპიონი და მთელ შენს ოჯახს გავათავისუფლებთ!" - დაპირდა ბერია. წარმოიდგინეთ, რამხელა მოტივაცია მიეცა არჩილს და გასაკვირიც არ არის, შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.

სპორტის ქომაგები და ოსტატები გამარჯვებას ზეიმობდნენ. არჩილის ტალანტის წინაშე ქედს იხრიდნენ და ეთაყვანებოდნენ....

ბერიამ კი დაპირება ასე აუსრულა: 1937 წლის 20 აპრილს მოსკოვში საკავშირო ჩემპიონატი იწყებოდა. იგი რუს ჩოგბურთელ კუდრიავცევს უნდა შეხვედროდა. 17 აპრილს არჩილი მოსკოვში დააპატიმრეს და თბილისში ბადრაგის თანხლებით გამოუშვეს....

ევტიხი სურმავა (შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველი) იგონებს:

,,დაკითხვებზე სასტიკად აწამებდნენ ბუდუ მდივნის უმცროს ბიჭს არჩილს. მას ისე სცემდნენ, რომ თავად სიარული აღარ შეეძლო და საკანში ხელით გადაგვყავდა. იგი ტიროდა და ამბობდა, რომ მას უმიზეზოდ აწამებენ. იმასაც ამბობდა, რომ თუ მამა დააპატიმრეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შვილი უნდა მოკლან".

1937 წლის აპრილში შინსახკომის ციხეში უკვე ხუთი მდივანი იმყოფებოდა _ ბუდუ და მისი ოთხი ვაჟი.

ბუდუ მდივანი დიდი ხანი ითმენდა ზეწოლას და დანაშაულის აღიარების ფურცელს ხელს არ აწერდა, თუმცა, როცა მეზობელი ოთახიდან შვილის, გიორგის წამების ხმა გაიგო, არარსებული დანაშაული აღიარა....

ბუდუ მდივანსა და მის შვილებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ბუდუ მდივანი 9 ივლისის ღამეს სოღანლუღის სიახლოვეს, ტრიალ მინდორში დახვრიტეს. 1937 წელს მასობრივი რეპრესიების დროს სწორედ სოღანლუღში ხვრეტდნენ სიკვდილმისჯილებს.

მამაზე ადრე, 27 ივნისს, მდივანის უფროსი ვაჟი, ივანე დახვრიტეს, ორი დღის შემდეგ მისი ბედი გიორგი მდივანმაც გაიზიარა. ბუდუს დახვრეტიდან ორ დღის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს მისი შუათანა ვაჟი დავითიც. 13 სექტემბერს სტალინის თანხმობით დახვრიტეს ბუდუ მდივანის უკანასკნელი ვაჟი, ჩოგბურთელი არჩილ მდივანი, რომელიც სტალინის თვალწინ გაიზარდა, მის სახლში ცხოვრობდა, როდესაც მოსკოვში ჩამოდიოდნენ.... ბუდუ მდივნის ქალიშვილი მერი და მეუღლე მარია ციმბირში გადაასახლეს. მერი გადასახლებაში დახვრიტეს, მეუღლეც იქ დაიღუპა.... ბუდუს მხოლოდ ერთი ვაჟი - შალვა არ დაუპატიმრებიათ. ვერ მოასწრეს - 1933 წელს თვითმფრინავის გამოცდისას დაიღუპა... დაიჭირეს ყველა, ვისაც ბუდუ მდივანთან შეხება ჰქონდა, მძღოლიც კი... 1937 წლის ბოლოს დააპატიმრეს მწვრთნელი იან ჰომერი, რომელიც მხოლოდ 1955 წელს დაბრუნდა თბილისში.

ასე გაანადგურა სტალინმა თავისი უახლოესი მეგობრის ბუდუ მდივანის დიდი ოჯახი და რა თქმა უნდა, ნაციონალ-უკლონისტების მთელი გვარდია, მხოლოდ ფილიპე მახარაძესა და მიხა ცხაკაიას არ ახლო ხელი ... ,,არ გაწირა რეჟიმმა გამომდინარე იქიდან, რომ ითვლებოდნენ ბოლშევიზმის ერთ-ერთ უხუცეს წარმომადგენლებად და სიმბოლოებად”.

1956 წელს რეაბილიტირებულ იქნა მდივნების ოჯახი. სპეც. კომისიამ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა ამოწყვეტილ ოჯახში....

ამონაწერი მისი „სისხლის სამართლის საქმიდან“: „სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1957 წლის 5 ივლისის 4ნ-024887/56 განჩინებით სისხლის სამართლის საქმე მოქ. არჩილ ბუდუს ძე მდივანის მიმართ, დაბ. 1911 წელს თბილისში, რომელიც გასამართლებული იქნა სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 58-8 (ტერორი) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის) მუხლებით 1937 წ. 13 სექტემბერს და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა (დახვრეტა), წარმოებით შეწყდა მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის გამო და იგი რეაბილიტირებულია. განაჩენი შესრულდა 1937 წელს 13 სექტემბერს“.

analytics
7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში - გიორგი კობერიძე
მოდით გავაანალიზოთ 7 ფუნდამენტური კითხვა რუსეთ-უკრაინის ომში:
1. პოლიტიკური თვალსაზრისით ვინ იმარჯვებს ომში?
- ჩინეთი: ამ ომს ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს ჩინეთია. ჩინეთზე ახლა მსოფლიო ლიდერების ფოკუსი არ არის მიმართული, ეს კი მას მეტ-ნაკლებად შეუმჩნეველი განვითარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტს იფიქრებს დასავლეთი რუსეთზე და რაც უფრო მეტ რესურსს დახარჯავს მის შესაკავებლად, მით უფრო ნაკლებად ეცლებათ ჩინეთისათვის.
ამასობაში პეკინის გავლენები კარდინალურადაც გაიზარდა რუსეთში, რომლისაგანაც რესურსებს საბითუმო ფასებში იღებს, ხოლო ჩინელებმა რუსეთის აღმოსავლური პროვინციების ათვისება კიდევ უფრო განავითარეს. ჩინური რბილი - კულტურულ-ეკონომიკური - ძალის ზრდასთან ერთად რუსი ქალები სიხარულით მიჰყვებიან ჩინელ მამაკაცებს, რომელთაც ქალების დეფიციტი აქვთ.
2. რატომ არ თანხმდება რუსეთი სამშვიდობო ინიციატივებს?
- რუსეთს სჯერა რომ ამ ომს იგებს. სანამ გჯერა რომ ომს იგებ, მანამდე ცეცხლს არ შეწყვეტ;
- რუსეთს ჯერ ვერ მიუღწევია სამხედრო მიზნებისათვის - მის ხელში არაა ხერსონი, ზაპორიჟია, ლუგანსკი და დონეცკი. ყირიმს ომამდე ისედაც ის აკონტროლებდა. შესაბამისად, ასობით ათასი მკვდარი სამხედრო, ოფიცრობა, გემები, ავიაცია და განადგურებული ტექნიკა ამ ტერიტორიების ოკუპაციით არ შეიძლება გამართლდეს.
- რუსეთს იმაზე მეტის წაღება უნდა, ვიდრე დაანონსებული აქვს. რუსეთის მიზანი არამხოლოდ ხერსონი, ლუგანსკი, დონეცკი, ყირიმი და ზაპირიჟიას ოლქია, არამედ მიკოლაივზე, დინიპროპეტროვსკზე, ხარკოვსა და ოდესაზეც არ იტყვის უარს თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. ნოვოროსიის პროექტი სწორედ ამას გულისხმობს თავის თავში. სწორედ ეს პროექტია, რომელიც პროგრამა მინიმუმად იყო მოაზრებული რუსი შოვინისტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, ნოვოროსიის პროექტის გარდა რუსეთისათვის უკრაინის სახელმწიფოს არსებობაც კი მიუღებელია.
- რუსეთს ძალიან გაუჭირდება ასობით ათასი რუსი მობილიზებული სამხედროს სახლში დაბრუნება და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაცია - ეკონომიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც და რეიციდივის თვალსაზრისითაც. ამაზე უკვე დიდი ხანია მსჯელობენ რუსები თავად. ამიტომ ომის თავისი პირობების გარეშე დასრულება არ აწყობს მოსკოვს;
- სამხედრო ეკონომიკის მუშაობა ერთია და ომის დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო ეკონომიკა როგორ იმუშავებს უმუშევარი ადამიანების და ომიდან დაბრუნებული დაუსაქმებელი ხალხის ფონზე - მეორე.
- ჩინეთს არ სურს რუსეთმა ომი შეწყვიტოს. რუსეთი კიდევ უფრო უნდა დასუსტდეს, რომ კიდევ უფრო მეტად დაექვემდებაროს მას.
3. ომი როდის დამთავრდება?
- მანამ არ დამთავრდება სანამ რუსეთს კიდევ უფრო არ გაეზრდება მსხვერპლი: ტრამპმა დღეს აღნიშნა რომ მხოლოდ ივლისის თვეში რუსეთს 20 ათასი მოკლული სამხედრო ჰყავს (მოკლული და არა დაჭრილი ან დაშავებული). გასაგებია, რომ ცუდად იკითხება და ისმინება, მაგრამ ფაქტია, თუ ბევრი სამხედრო არ კვდება, ომი გრძელდება.
- მანამ არ დამთავრდება სანამ დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავა და ელიტებს არ შეაწუხებს - დაბომბვები რუსეთის სამხედრო ეკონომიკასა და წარმოებზე უკმაყოფილების ზრდასთან ერთად ისედაც ომისაგან გაუცხოებულ საზოგადოებას, კიდევ უფრო გააუცხოებს და ომის ზიანზე დააწყებინებს ფიქრს. სანამ ომი რუსეთში არ აწუხებთ, მანამდე გაგრძელდეს რა. ვიღაც მდიდარ მოსკოველს სულაც არ დარდებს ბურიატისა და დაღესტანელის ფრონტზე სიკვდილი.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ უკრაინა არ დაიწყებს ტერიტორიების გათავისუფლებას - ისე არაფერი ახდენს საზოგადოების კონსოლიდაციას, როგორც გამარჯვებები, ხოლო ისე არაფერია დემორალიზების მომტანი, როგორც მარცხების სერია. რუსეთმა თუკი დაიწყო ტერიტორიების დაკარგვა უკრაინაში ეს ომის დასრულის დასაწყისი იქნება.
- მანამ არ დამთავრდება ომი სანამ რუსეთი არ დარწმუნდება რომ ომი მოგებადი აღარ არის. ომის დამთავრებაზე გადაწყვეტილება ადამიანების ტვინში მიიღება და არა ფრონტის ხაზზე.
- ამის საპირისპირო და უკრაინის საზიანო სცენარით რომ ვთქვათ: მანამ არ დამთავრდება ომი, სანამ რუსეთის არმია მასობრივად არ დაიწყებს უკრაინის დამარცხებას და რამდენიმე მიმართულებიდან ჩამოშლის უკრაინის თავდაცვას, უკან დახევა იქნება ქაოსური და უკრიანაში მასობრივად გაჩნდება მხარდაჭერა დათმობებთან დაკავშირებით.
4. რა სვლები აქვს აშშ-ს?
- ტოტალური სანქციები და რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა და რაც რუსეთის ყველა მოკავშირის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაა: ეს ეკონომიკური თვასლაზრისით ატომური სვლაა. ამით არამხოლოდ რუსეთზე იქნება დარტყმა, არამედ რუსეთთან მოვაჭრე მცირე თუ დიდ სახელმწიფოებზე. ამას დასჭირდება დიდი რესურსების მობილიზება და ხარჯვა. ეს მოითხოვს იმაზე ბევრად დიდ ენერგიას, ვიდრე ჩრდილოეთ კორეისა და ირანის სანქცირება იყო.
- ნავთობის ფასის ვარდნა - ბაზაზე ნავთობის ჭარბი მიწოდება და მოკავშირეების დარწმუნება. ამით ნავთობის ფასი უნდა დასწიონ 30 დოლარზე და დაბლა. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი დარტყმა მიადგება;
- უკრაინისათვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება და შეზღუდვების მოხსნა: აშშ-ს შეუძლია რუსეთის მუქარების მიუხედავად დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდოს უკრაინას და მისი თავისუფლად, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცეს. მაღალტექნოლოგიური შეიარაღება ომში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ვარიანტში აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ კონტრმუქარების წაყენება არანაკალებ რეალისტური იქნება, რისი მიზანიც რუსეთის მოლაპარკებებზე დაყოლიების იძულების მცდელობა იქნება.
- პროცესების ისე გაგრძელება როგორც არის: დროის გაყვანა, წინადადებებზე ფიქრი, კიდევ მეტი ვადების მიცემა და პროცესების გაწელვა. ამასობაში უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს, თუმცა ჩვეულ რიტმში.
- ჩახსნა: შეიძლება აშშ თანდათან ჩაეხსნას სიტუაციას და გადაერთოს სხვა საკითხებზე, უკრაინის თემა კი ევროპას მიუგდოს მოსაგვარებლად. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციასა და მის პერსონალურ პოლიტიკაზე ძალიან ცუდად აისახება, მით უფრო რომ ქვეყნის შიგნით ისედაც პრობლემები აქვს.
- რუსულ თამაშზე დაყოლა - უკრაინაზე ზეწოლა რუსულ ულტიმატუმებზე დათანხმების შესახებ. ეს ყველაზე ცუდი სცენარია.
აქვე:
- ევროპას სხვა სვლა არ აქვს: ევროპა ახლა უკრაინაში რუსეთის ჩაფლობით დროს იგებს და მილიტარიზაციას ახდენს. მოკლე ვადაში მას აშშ-ს სრული ჩანაცვლება გაუჭირდება, მაგრამ საშუალო ვადაში მან კარგად იცის, რომ ერთის მხრივ უკრაინის სამხედრო წარმოებაში უნდა ჩადოს ფული - და აკეთებს კიდეც ამას - ხოლო მეორეს მხრივ საკუთრი წარმოება უნდა აამუშაოს. ეს ომი პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების ომია. შესაბამისად, უკრაინის მარცხი ევროპის მარცხი იქნება.
5. რა მოხდება თუკი რუსეთმა გაიმარჯვა:
- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში პირველი დაპყრობითი ომი შედგება, რომელსაც აუცილებლად მიჰბაძავენ სხვები და დაპყრობითი ომები დაბრუნდება საერთაშორისო პოლიტიკაში;
- რუსეთი ულტიმატუმებს წაუყენებს მეზობლებს - ზოგი შეიძლება შთანთქას (მაგ. ბელარუსი), ზოგსაც თავის სამხედრო და პოლიტიკურ ორბიტაზე გადმოყვანა აიძულოს. ვინც ულტიმატუმებს არ მიიღებს, შეიძლება აწარმოოს ახალი ომები რუსული უმცირესობების დასაცავად, მაგალითად ყაზახეთში.
- რუსეთი წააქეზებს ახალ კონფლიქტებს ევროპის კონტინენტზე: ბალკანეთი დიდ ნაღმზე ზის, არც კავკასიაა მშვიდი, ბალტიისპირეთში რუსები ცხოვრობენ, ამ ფონზე ევროპის შიგნით სხვა ძალებიც გამოჩნდებიან, ვისაც მოუნდება თავისი წილი ტერიტორიული ნაჭრის მოთხოვნა - ასეთი დავები კი ევროპაში ძალიან ბევრია;
- მსოფლიოში სხვებიც მიბაძავენ რუსებს - თუკი ევროპაში შეიძლება დაპყრობითი ომი, რატომ არ შეიძლება სხვაგან, სხვა ძალების მიერ?!
- დასავლეთის დაისი - რუსეთი ახლა ფიქრობს რომ ის უპირისპირდება არა უკრაინას, არამედ მთელს დასავლეთს. თუ დაამარცა უკრაინა ამით ძალიან მძიმედ დაზარალებული და რეპუტაცია შერყეული გამოვა დასავლეთი, ხოლო ბირთვულ იარაღზე მუშაობა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან უფრო აქტიური გახდება.
6. რა არის რუსეთის მარცხი და რა არის გამარჯვება?
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინის ის ტერიტორიები ვერ დაიკავა, რომელიც ახლა გაცხდებული აქვს მის კუთვნილად - მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი დამარცხებული იქნება, თუკი უკრაინას სახლემწიფოებრიობის რაიმე საერთაშორისო განატია მიეცა და მისი მილიტარიზაცია გაგრძელდა (ანუ უკრაინა გრძელვადიანადაც გადარჩა): ნატო, ცის კონტროლი, ბირთვული იარაღი, მოკავშირეების ბაზები მის ტერიტორიაზე და სხვა. ამ შემთხვევაში უკრაინის მილიტარიზაციაც გრძელდება და რუსული ოკუპაცია ან მთავრდება ან ძალიან მყიფედ რჩება.
- რუსეთი გამარჯვებული იქნება, თუკი დასახული ტერიტორიული ამონაცა შეასრულა და ხელში ჩაიგო მთელი ხერსონი, ზაპორიჟია, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ცეცხლი შეწყდა ისე, რომ უკრაინის მილიტარიზაცია შეწყდა, მისთვის საერთაშორისო გარანტიები არ იქნა განსაზღვრული, ხოლო რუსეთს სანქციები მოეხნა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისოდ აღიარება მოახდინა და დაიკანონა.
- რუსეთი გამარჯვებულია თუკი ომში ან ომის შემდეგ კიევში პრორუსული მთავრობა მოიყვანა.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ:
- კიევის ვერ აღება უკვე წარუმატებლობაა რუსეთისათვის;
- უკრაინის წინააღმდეგ გამოცხადებული დემილიტარიზაციის კამპანია ამ ეტაპზე ჩავარდა - უკრაინა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული სახელმწიფოა.
7. რა სოციალური კონტრაქტი აქვს რუსეთსა და უკრაინას თავის ხალხთან:
- რუსეთში 90-ნების შემდეგ ასეთი სოციალური კონტრაქტი დაიდო: შენ პოლიტიკაში ნუ ჩაერევი, დიდ პოლიტიკურ ბიზნესში ცხვირს ნუ ჩაყოფ, უყურე ტელევიზორს, ტაში დაუკარი ლიდერს, იამაყე შენი ქვეყნის იმპერიული წარსულით და შენ არავინ შეგეხება, დანარჩენი რაც გინდა ის აკეთე. ეს კონტრაქტი ქრება, რადგან სალხში შენთვის ყოფნა მაინც ფრონტზე ყოფნით დამთავრდა.
ახლა რუსეთი საკუთარ მოსახლეობას ახალ კონტრაქტს უდებს და ეუბნება, რომ რუსეთის ინტერესებს დაცვა და ბრძოლა სჭირდება, რაც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს, მაგრამ ეს საამაყო ამბავია - წინაპრებიც ასე იბრძოდნენ და კვდებოდნენო. ეს ყველაფერი პროაქტიულად კი არ უნდა გააკეთო, არამედ თუკი სახელმწიფო მოგიხმობს უნდა გაჰყვე მას და კითხვები არ დასვაო. მწყემსმა კეთილმა კარგად იცის რა არის სწორი და არაო. ყველა ჩვენ გვებრძვის თორემ რუსეთი რა შუაშიაო. იდეალი სტალინია და მის პრინციპებს უნდა დაემორჩილოთო.
- უკრაინაში სოციალურ კონტრაქტს ორი საფუძველი აქვს:
1. ყველანი ვებრძვით გარე, ისტორიულ მტერს, რომელის ჩვენს არსებობასა და იდენტობას ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის და მზადაა მოაწყოს გენოციდი.
2. ვებრძვით კორუფციას, რომელმაც ათწლეულობით უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქვეაყანას. ამ უკანასკნელზე როდესაც კითხვები გაჩნდა რამდენიმე დღის წინ, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დემონსტრაციები გამართა კორუფციის ბიუროს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
 
 
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way