USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
,,არავის არაფერს ვაბრალებ, ჩემი ბრალია,,- მიხეილ მესხი უმცროსი
Date:  3364

იგი განსაკუთრებულად ნიჭიერი კაცი იყო - მარტო ფეხბურთში, კინოში ან სხვა რაიმე კონკრეტულ საქმეში ნიჭიერი კი არა, ზოგადად - მრავალნიჭიერიო, რომ იტყვიან, აი, ისეთი... ჩემი ან სხვისი დასტური რად უნდა - უფროსი მიშა მესხი ამბობდა, ჩემზე გაცილებით ნიჭიერიაო და ვინც უფროს მიშა მესხს იცნობდა, ყველა ადასტურებს, კომპლიმენტს არც შვილის, არც სხვა ვინმეს მიმართ ჰაერზე არ ისროდა... თუმცა, გაფლანგა ეს ნიჭი და მერე როგორ.

ადრე კი წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ რამდენჯერმე მოვახერხე მასთან შეხვედრა და ერთხელ ლამის მთელი დღე ვილაპარაკეთ: ბატონები მურთაზ ხურცილავა, ავთო ხელაძე და მისი ვაჟიშვილი, ასევე, იმხანად 15 წლის მიშა მესხი-მესამე ესწრებოდნენ საუბარს. ბუნებრივია, ბევრი რამე ითქვა, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ინტერვიუს დასაწყისში მისმა ნათქვამმა გადაფარა ყველაფერი - კაცი არ გამოჩნდა ისეთი, თავზე ხელს რომ გადამისვამდა და ისე გამაკეთებინებდა საქმეს, სიმკაცრით და კატეგორიულობით ფიქრობდნენ ჩემს მორჯულებას და აკი არც არაფერი გამოვიდაო.

რაღა გავაგრძელო - მოვყვები ნაწილს და ჩემის აზრით, განსაკუთრებით საინტერესოს იმ საუბრიდან, რომელიც მაშინ, 15 თუ 16 წლის წინათ, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ დირექტორის კაბინეტში შედგა.

„ვერ ვიტყვი, რომ მათამამებდა მამაჩემი - ზოგადად, არ იყო რბილი კაცი, მაგრამ „ნაგლუშა“ ტყუილად კი არ დამარქვეს, მაინც ვახერხებდი რაღაცეებს. მერე პოპულარობა, ცნობილი კაცის შვილობა. პირველად იმ კადრებიდან გამიცნეს, მამაჩემი რომ ბურთს მეთამაშებოდა - პატარა სატელევიზიო ჩანახატი იყო - „ვმატაობდით“ რა. მერე „ნერგებშიც“ გადამიღეს - ბაბუაჩემის როლს რამაზ ჩხიკვაძე თამაშობდა და გავაწამე კაცი. თუმცა, რაღა მარტო ბატონი რამაზი, მთელი გადამღები ჯგუფი. რაიონებში გვიწევდა გასვლა, ყველა მაგრად იღლებოდა და რასაკვირველია, „ბაბუაჩემიც“.

ერთხელაც როლისგან დაღლილ რამაზ ჩხიკვაძეს ჩაეძინა. მოხუცის წვერ-ულვაშს ბამბისგან აწებებდნენ, ეს სულ მახსოვდა და რაკი ჩაძინებული დავინახე, მაშინვე დრო ვიხელთე. ის ბამბის წვერ-ულვაში ნავთით დავუსველე და ცეცხლი წავუკიდე - აბა, იქ დატრიალდა ამბავი... მამა კი იძახდა, ჩემზე ნიჭიერიაო, მაგრამ მისი გამეორება ვერ შევძელი - ნიჭი კი მეყოფოდა, მაგრამ შრომის უნარი, ჟინი არ მეყო. თავადაც ამას მეუბნებოდა - მე შენი ნახევარი მონაცემები არა მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ მუშაობა შემეძლო ათჯერ მეტიო.

ფეხბურთს რომ თავი დაანება, სვამდა - ბევრს. ხომ ტანმორჩილი კაცი იყო, ბარეორ ახმახს წააქცევდა, ექვს-შვიდ ბოთლამდე ადიოდნენ. განსაკუთრებით აგარაკზე უყვარდა ქეიფი და ამდენი ღვინის დამლევი ისე მსუბუქად შეხტებოდა მაგიდაზე, თან ადგილიდან, მართლა ყურებად ღირდა... ლიმონათის გაუხსნელ ბოთლს დადგამდა და ბუციან ფეხს ისე აჰკრავდა, საცობს ახდიდა - ბოთლი წაუქცევლად იდგა. გასაგები და მისახვედრია, რომ ბუცის ქაცვით აკეთებდა ამას, მაგრამ მიდი და მოახერხე.

ჩვენი ფინტი - „მესხოვსკი“, ქართველებიდან, მარტო მე და შოთა არველაძემ გავიმეორეთ - შოთა ძალიან მაგარია და მაგარი კარიერაც ექნება, მაგრამ მაგანაც მოძრაობაში არა, ადგილზე გააკეთა. საერთოდ, თამაშში ძალიან ძნელი გასაკეთებელია და როგორ ახერხებდა ასე კამფეტივით, გაუგებარია... ახალკაცთან თავიდან რთული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა - ჩემი ბრალიც იყო და ალბათ - მისიც. არაფერი დამითმო. მამაჩემი იმის კაცი არ იყო, ვინმესთვის ჩემი მფარველობა ეთხოვა, ფარსადანოვიჩიც თითქოს ჯიბრში ჩამიდგა - ისე გამოვიდა, მიშა მესხის შვილობა უპირატესობად კი არა, ტვირთად მექცა.

ახალგაზრდა ვიყავი, „მწვანე“ და ვფიქრობდი, მამაჩემის შვილს ხელისგულზე მატარებდნენ, მითუმეტეს, მართლა მაგრად ვაგორებდი ბურთს. „დინამოში“ რომ გამომიძახეს, ბაზაზე „ზაპოროჟეცით“ მივედი და მიუხედავად იმისა, ამხელა „კიტები“ დამხვდნენ - ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი, სხვა დიდი ფეხბურთელები, ვითომც აქ არაფერიაო, ისე დავიჭირე თავი. სხვას თავი დაანებეთ, სავარჯიშო ფორმაც კი არ მქონდა წაღებული. პირველ ვარჯიშზე ჟვანიას შარვალი და ჯოხაძის მაისურა მეცვა - ორივე ჩემზე დაბალია და ჭიპი მიჩანდა რა. ბაზის კედელს მიღმიდან ჩემი შეყვარებული უყურებდა იმ ვარჯიშს და რა უნდა მექნა, როცა მის წინ გავირბენდი, წელში ვიღუნებოდი, სასაცილოდ მოკლე ტანსაცმელი და ჭიპი რომ არ დამენახებინა.

ახალკაცმა ერთხანს მიყურა, მიყურა და მერე ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა, თან რაღაც დაილაპარაკა - როგორც აღმოჩნდა, საბოლოო დიაგნოზი დაუსვამს: ეს ნაღდად ავადმყოფი ყოფილაო... ფორმასთან დაკავშირებულ მაგ ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა - ვარჯიშის მერე მთავარი მწვრთნელის კაბინეტში შევედი და პირდაპირ ვაჯახე: ფარსადანოვიჩ, ჩემთვის - მიშა მესხის შვილისთვის, „დინამოს“ ერთი ფორმა რა გახდა-მეთქი... ადგა, ხელი მხართან პიწკად მომკიდა, შემაბრუნ-შემომაბრუნა და შენი საჯდომის ზომა ფორმა არა გვაქვსო.

რა გამაჩერებდა და „ვისაც მე და შენს შორის დიდი საჯდომი აქვს-თქო“ და... იქ დამთავრდა ჩემი კარიერა - კი, მათამაშა მერე, გუნდშიც რამდენიმე წელიწადი გავატარე, მაგრამ... იმ სიტყვებით და იქ დამთავრდა ჩემი ფეხბურთელობა. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ჩემი ფასი კარგად იცოდა და განსაკუთრებულს არც არაფერს მავალებდა, ბიჭებს ეუბნებოდა, რამე რომ იყოს, მიშას მიეცით ბურთი და მაგან იცის, რას როგორ გააკეთებსო. ერთმა ჰკითხა მერე, მიშას ყოველთვის და ყველგან როგორ მივცეთ პასიო და კაცო, რომ გეუბნებით, ისე ჰქენით, ტრიბუნაზეც რომ იყოს, იქ მიაწოდეთო. „სტანდარტთან“ ცოტა ხანი კი მათამაშა, მაგრამ თუ გახსოვთ, მაგრად შემოვედი. გერეტსის ფრთაზე მიწევდა თამაში და თავიდან არც მომაქცია ყურადღება - იმხელა მცველი იყო, ჩემისთანებისთვის სად ეცალა. ჰოდა, კარგადაც ჩავუტარე - ერთი ისეთი ვუფინტე, ტრიბუნებზე ასრიალდა, არც მანამდე და არც მერე, ის კაცი მაგ დღეში არ მინახავს.

ერთხელ პატიაშვილთანაც კი დამჭირდა ლაპარაკი - ხომ ხედავთ, „დინამოში“ რომ არ მათამაშებენ, ჩაერიეთ, ისედაც უჭირს გუნდს და რას ჰკარგავთ, თუ არ გამომივა თამაში ან საერთოდ ვერ ვითამაშო, გამიშვით, ბოლო შანსი იყოს-მეთქი. ჩაერია თუ რა იყო, მომცეს ის შანსი და 2 გოლი გავიტანე... არავის არაფერს ვაბრალებ - ჩემი ბრალია, ბოლომდე რომ ვერ გავიხსენი, „დინამოშიც“ მეტი შემეძლო, „სპარტაკშიც“ (ჩემპიონი კი გავხდი, მაგრამ მაინც) და აწი უკვე გვიანია. მესხები? რა ვიცი, მგონი, დადგა დრო, „გენმა დაიძინოს“ - მგონია, ასე იქნება.

კონსტანტინე გოგიშვილი

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way