მსოფლიო მოდის ლეგენდა, "ეშმაკი" რომელიც ატარებს "პრადას"- ეს ანა ვინტურია. ამერიკული VOGUE-ის ბრიტანელი მთავარი რედაქტორი, მსოფლიო მოდის ინდუსტრიისა და მოდური ჟურნალისტიკის ლეგენდა. ქალი, რომლის მთავარი ვიზუალური სავიზიტო ბარათი მოკლედ შეჭრილი მკაცრი კარე და შავი სათვალეებია, მთელი მსოფლიოს მოდის ინდუსტრიის მთავარ ტენდენციებსა და უამრავი ნიჭიერი ადამიანის ბედს სწორედ მოდის ბიბლიად აღიარებული ჟურნალის მეშვეობით მართავს. მისი უდიდებულესობა „ატომური ვინტურის“ ბავშვობაზე, პროფესიულ განვითარებასა და პირად ცხოვრებაზე უფრო დაწვრილებით სტატიიდან შეიტყობთ.
ანა ვინტური 1949 წლის 3 ნოემბერს, ლონდონში დაიბადა. ანას მამა – ჩარლზ ვინტური Evening Standard-ის რედაქტორი იყო, ხოლო დედა –ელეანორ ბეიქერი ჰარვარდში მოღვაწე პროფესორის ქალიშვილი. ანას 3 ძმა და ერთი და ჰყავდა, რომელთაგან ერთი ძმა ბავშვობაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
პატარა ანა ჩრდილოეთ ლონდონის დამოუკიდებელ საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლობდა. გოგონამ, საკუთარი სტილის გრძნობით, კოლეჯშივე გამოთქვა პროტესტი სავალდებულო გრძელი ქვედაბოლოს ჩაცმასთან დაკავშირებით. ამბოხებულმა ანამ კაბის სიგრძე დაამოკლა და თმა ბიჭურად შეიჭრა, რაც მოგვიანებით მის სავიზიტო ბარათად გადაიქცა დიდ შავ სათვალესთან ერთად. ცნობილია, რომ სტილთან დაკავშირებით კონსულტაციებს თინეიჯერ ანასთან რეგულარულად გადიოდა მამამისი, რომელიც ჟურნალის ახალგაზრდა მკითხველების მასის გაზრდითა და მათი ჟურნალით მეტად დაინტერესებით იყო დაკავებული. ასეთი გახლდათ ანა ბავშვობიდან – მან ზუსტად იცოდა თავისი საქმე, როგორ გაეღვიძებინა სტილის განცდა ადამიანებში.
„ვფიქრობ, სწორედ მამაჩემმა გადამაწყვეტინა, რომ ჩემი საქმიანობა მოდის სფეროსთვის დამეკავშირებინა“, – იხსენებს ვინტური თავის ერთ-ერთ ინტერვიუში. ჩარლზმა 15 წლის ანას ძალიან ცნობილ და მოდურ მაღაზია „ბიბაში“ დააწყებინა მუშაობა. ცოტა ხანში ანამ, მშობლების დაჟინებული თხოვნით, მოდის სფეროში განათლების მისაღებად მომზადება დაიწყო, თუმცა ძალიან მალე გაკვეთილებს თავი გაანება არგუმენტით – „შენ ან გრძნობ მოდას, ან არა. ამას ვერ ისწავლი“.
1970 წელს ჟურნალი Harper’s Bazaar UK და Queen გაერთიანდნენ და მიიწვიეს ანა Harper’s and Queen-ში სარედაქციო თანაშემწედ. სწორედ აქედან იწყება ანა ვინტურის კარიერა მოდის ჟურნალისტიკაში. ვინტურმა ერთხელაც თავის თანამშრომლებს გაუმხილა, რომ Vogue-ის რედაქტორობა უნდოდა. ვინ იცის, რამდენმა მათგანმა ჩაიღიმა ირონიულად ან სულაც უნდობლად, ჯიუტი და მიზანსწრაფული გოგონას გაბედულ ფიქრებზე, რომელიც წლების შემდეგ მან რეალობად აქცია.
ჟურნალში 5 წლის ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ, 1975 წელს, ანამ ცხოვრება ნიუ-იორკს და ნიუ-იორკულ Harper’s Bazaar-ს დაუკავშირა მოდის უმცროსი რედაქტორის თანამდებობაზე. შემდეგ იყო ჟურნალი VIVA, Savvy, New York...
1986 წლიდან ანა ხდება ინგლისური „ვოგის“ უფროსი რედაქტორი, რამაც მას გაორმაგებული ხელფასი და მხოლოდ ამ ჟურნალისთვის დამახასიათებელი მძიმე ვალდებულებები მოუტანა. თუმცა ანა ვინტური ყველაფრისთვის მზად იყო – მას ჟურნალის განვითარების თავისებური ხედვა ჰქონდა შემუშავებული. „მე მინდა, რომ ეს ჟურნალი დინამიკური, მზარდი და სექსუალური იყოს. მინდა ჩვენი მკითხველები იყვნენ ენერგიული, შემდგარი ქალები – საკუთარი გამომუშავებული ფულითა და მთელი რიგი ცხოვრებისეული ინტერესებით“, – ამბობს ანა ერთ-ერთ ინტერვიუში. „ჩვენი მკითხველი განსაკუთრებული ქალია, საკუთარი საქმითა და ფულით. მან ზუსტად იცის რა, რატომ, სად და როგორ“.
„მე მიყვარს, როცა მოვდივარ და ვცვლი ჟურნალებს“, – ამბობს ანა. მომდევნო ცვლილებების კასკადი ჟურნალ Home and Garden-ს შეეხო, რომელსაც უპირველესად სახელწოდება შეუმოკლა – HG.
1988 წლიდან ვინტური კვლავ ნიუ-იორკში ბრუნდება ამერიკული „ვოგის“ მთავარ რედაქტორად. ჟურნალი, რომელიც 1960 წლიდან მოდის სამყაროს წინა ხაზზე იდგა, თავის ძალაუფლებას და ავტორიტეტს კარგავდა, არც მეტი არც ნაკლები, სულ რაღაც სამიოდე წლის ELLE-სთან ბრძოლაში, რომელმაც თავისი ტირაჟი 850 000-მდე ელვისებური სისწრაფით გაზარდა – მაშინ, როცა „ვოგი“ ინერციით ინარჩუნებდა 1.2 მლნ ეგზემპლარის გაყიდვის უნარს. თავისი მუშაობის პირველ ორ დეკადაში ანამ არა მხოლოდ ჟურნალის აღდგენის მისია შეასრულა, არამედ ეს ყოველივე გააკეთა საოცარი ხერხით – გამოუშვა ჟურნალის უზარმაზარი გამოცემა. მაგალითად, 2004 წლის ნომერი 832 გვერდს ითვლიდა.
ანამ ფაქტობრივად ბოლო მოუღო სუპერმოდელების დაუსრულებელ ერას და ჟურნალის ყდა მოდელებთან ერთად სხვა ცნობილ პირებსაც დაუთმო. სწორედ მას ეკუთვნის გაბედული ნაბიჯი, ფოტოსესიების დროს მოდელებზე დაბალფასიანი და ძვირადღირებული სამოსის მიქსი გამოეყენებინათ. ჟურნალში მისი მისვლის სადებიუტო ნომერში, 1988 წელს, ჟურნალის გარეკანზე გამოყვანილია 19 წლის ებრაელი მოდელი, რომელსაც 50-დოლარიანი ჯინსი და 10 000-დოლარიანი თვლებით მოოჭვილი მაისური ამშვენებს.
ძალიან მალე ვინტური მსოფლიო მოდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა – არა მხოლოდ კრეატიული და გაბედული მიდგომებისა თუ გადაწყვეტილებების წყალობით, არამედ იმითაც, რომ ახალ, უნიჭიერეს ადამიანებს პოულობდა. ის წინასწარ გრძნობდა იმ დიდ ტალანტს, რომელიც ადამიანებს პოპულარულსა და საქვეყნოდ ცნობილს გახდიდა. სწორედ ანას აღმოჩენილია უამრავი ცნობილი დიზაინერი და ფოტოგრაფი, როგორებიც არიან მარკ ჯეიქობსი, ალექსანდრ მაკქუინი, პატრიკ დემარშელიე და სხვა ნიჭიერი ადამიანები.
ანა ვინტურს, ადამიანების მწვავედ გაკრიტიკების სიყვარულისა და მოთმინების უნარის არქონის გამო ძალიან მალე შეერქვა ყველასთვის ცნობილი მეტსახელები – „ატომური ვინტური“ და „უკმაყოფილო ვინტური“. ცნობილია, რომ ანასთან მუშაობა საკმაოდ რთულია – ის მეტისმეტად მომთხოვნია, თანამშრომლებისგან კატეგორიულად მოელის სტილის განცდის უნარის გამოვლენას, მოდურად ჩაცმასა და წონის განსაკუთრებულ კონტროლს, რაც სულაც არ არის გასაკვირი ქალისგან, რომელმაც ორივე ორსულობა „შანელის“ ვიწრო ქვედაბოლოებში გაატარა. ანას ერთ-ერთმა ყოფილმა თანაშემწემ ლორენ ვეისბერგერმა დაწერა მსოფლიოს ერთ-ერთი ბესტსელერი – „ეშმაკი ატარებს პრადას“, რომელშიც ზედმიწევნით ასახა ვინტურთან მუშაობის პერიოდი. წიგნის 2006 წლის ეკრანიზაციაში მთავარი – ანას როლი მერილ სტრიპმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერაზე ვინტური „პრადაში“ გამოწყობილი მივიდა, რითაც მთელ მსოფლიოს, კრიტიკოსებსა და ფანებს დაანახა თავისი გამორჩეული იუმორი.
ანას ორი შვილი – ჩარლზი და ქეთრინი ჰყავს ბავშვთა ფსიქიატრ დევიდ შეფერთან, რომელთანაც 1984 წელს შექმნა ოჯახი. წყვილი 1999 წელს დაშორდა და ამჟამად ვინტური თავის დიდი ხნის მეგობარ მამაკაცთან – ინვესტორ შელბი ბრაიანთან ერთად ცხოვრობს. ვინტური საკმაოდ გახმაურებული ფილანტროპია. მას 10 მილიონ დოლარზე მეტი აქვს შეწირული შიდსთან ბრძოლის ფონდებისათვის.
ანა ვინტური ყოველ დილით, 6 საათზე დგება, თამაშობს ჩოგბურთს, ამის შემდეგ ივარცხნის თმას და იკეთებს მაკიაჟს, 2 საათის შემდეგ კი მიდის „ვოგის“ ოფისში. მოდის ჩვენებაზე ის ყოველთვის დათქმულ დროზე ადრე მიდის. „ლოდინის დროს მნიშვნელოვანი ზარების განსახორციელებლად და ჩანაწერების გასაკეთებლად ვიყენებ ხოლმე“, – ამბობს ანა. წვეულებებზე არასოდეს რჩება 20 წუთზე მეტხანს და ყოველთვის 11-ის 15 წუთზე იძინებს. ანას მთლიანად აქვს აღებული ჟურნალის ფოტო და ტექსტურ შინაარსზე კონტროლი. „ვოგის“ მთავარ რედაქტორს 3 ასისტენტი ჰყავს, თუმცა ხშირად თავადაც პასუხობს სატელეფონო ზარებს, რითაც ყველას გაოცებას იწვევს. ლანჩის დროს ის ხშირად თიშავს თავის მობილურ ტელეფონს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საყვარელ სტეიკს მიირთმევს.
სწორედ ასეთია ანა – მსოფლიო მოდის ლეგენდად აღიარებული „ეშმაკი“, რომელიც ატარებს „პრადას“.