დღეს საქართველომ აირჩია ეპიდემიის მართვის ის პოლიტიკა, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს არჩეული. გაზაფხულის შემდეგ, ინფექციის მართვისადმი მიდგომა შეიცვალა. თუ გაზაფხულზე მეტი აქცენტი იყო შემზღუდავ ღონისძიებებზე, დღეს აქცენტი ე.წ. „ქალანსირებაზეა“, ანუ, ერთი მხრივ, წერტილოვანი შემზღუდავი ღონისძიებები და მეორე მხრივ - ინფიცირებულთა მართვა არაჰოსპიტალურ სექტორში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ მიდგომით, ჰოსპიტალურ სექტორში მხოლოდ მძიმე შემთხვევები, საშაუალოზე ოდნავ მძიმე, პნევმონიისა და რა თქმა უნდა, კრიტიკული შემთხვევები იქნება, რომლების აუცილებლად უნდა იმართონ ჰოსპიტლებში. დანარჩენი ადამიანები უნდა იმართონ ამბულატორიულ პირობებში. ამის პილოტირება საკმაოდ წარმატებით განხორციელდა აჭარაში და ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ დღეს აჭარაში, მოსახლეობაში, შიში და პანიკა არ არის“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 7093 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3714 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 46 პაციენტი.