კორონავირუსის "დელტა" და "ომიკრონ" შტამებით ერთდროულად დაინფიცირების შანსი არსებობს. ამის შესახებ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Moderna-ს მთავარმა სამედიცინო სპეციალისტმა, პოლ ბარტონმა განაცხადა.
"მომავალ თვეებში ეს ორი შტამი ერთდროულად იარსებებს. "დელტა" შტამთან დაკავშირებული ძალიან რთული ვითარების ფონზე, ხალხი "ომიკრონით" დაინფიცირდება. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ორმაგ ინფიცირებას ჰქონდეს ადგილი და ადამიანები ორივე შტამით დაინფიცირდნენ. ეს შესაძლებლობას მისცემს ამ შტამებს კიდევ უფრო განვითარდნენ და მუტაცია განიცადონ", - განაცხადა ბარტონმა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას.
გამოცემა The Sun აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის საავადმყოფოებში "დელტა" შტამით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა "ომიკრონით" დაავადებულებისას უტოლდება.
ექსპერტის თქმით, სიტუაცია შეშფოთებას იწვევს და ყველაზე მეტად რისკის ქვეშ დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები არიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.
უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).
COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.
კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.