USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ამბავი იმაზე, თუ როგორ გააძევეს ვალენსიელებმა ქალაქიდან მაოხრებელი მდინარე
дата:  1139
იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარე ეს ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქი, სიდიდით მესამეა ესპანეთში და ისტორიული წყაროების მიხედვით, რომაელებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 138 წელს დაარსეს.
 
არსებობის მანძილზე ქალაქი არაერთხელ გადავიდა სხვადასხვა დამპყრობელთა მმართველობის ქვეშ. 5 საუკუნე მავრებიც კი მართავდნენ და კორდობის ხალიფატის დედაქალაქიც კი გახლდათ. საბოლოოდ ქრისტიანულად ქალაქი მხოლოდ 1238 წელს იქცა, ხოლო 1438 წელს ქალაქში ქრისტეს წმინდა გრაალის ჩამოტანამ, დიდ დიდი ხნით აქცია ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების ქრისტიანულ ცენტრად.
 
ორი სიტყვით ვალენსიის „წმინდა გრაალზე“ - ითვლება, რომ ეს გახლავთ სასმისი, რომლითაც საიდუმლო სერობის ღამეს ეზიარნენ ქრისტეს მოციქულები, ხოლო შემდგომში, სწორედ ამ სასმისში შეაგროვეს ჯვარზე გაკრული ქრისტეს სისხლი. ამ სასმისის მნიშვნელობა ვატიკანის მიერ არის აღიარებული და ამჟამად ვალენსიის საკათედრო ტაძარში ინახება.
 
ეხლა კი მდინარეს და ყვავილებს დავუბრუნდეთ!
 
ხშირად მოისმენთ ვალენსიის მკვიდრთაგან - მდინარეზე სასეირნოდ მივდივარ, ან ვალენსიის ყველაზე ლამაზ ადგილას - მდინარე ტურიას ნაპირას ვცხოვრობ... ამ ფრაზებში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ქალაქს მდინარე არ აქვს!
 
აქვს ულამაზესი პლიაჟი მალვაროსა, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, მაგრამ მდინარე არ აქვს. მაშ, რა მდინარეზე საუბრობენ ვალენსიელები და სად გაქრა იგი? საქმე იმაშია, რომ თავის დროზე პირველმოსახლეები ვალენსიაში სწორედ მდინარე ტურიას დელტაში დასახლდნენ და ორიათასი წელი პირდაპირ შუაგულში ჩამოუდიოდა ქალაქს მაცოცხლებელი მდინარე, რომლითაც თითქმის უდაბნოს კლიმატის პირობებში ქალაქისა და მისი შემოგარენის ბაღები ირწყვებოდნენ. მდინარე არა თუ ბაღებს ასულდგმულებდა, ერთგვარი თავდაცვის იარაღიც კი იყო მტრისგან, რადგან სწორედ მისი წყლებით ივსებოდა ქალაქის მთავარი ციხესიმაგრის ტორეს დე სერანოსის გასწვრივ მდებარე თხრილი.
 
 
ერთ მშვენიერ დღეს კი, 65 წლის წინ ყველაფერი შეიცვალა. 1957 წლის 14 ოქტომბერი ვალენსიის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ -ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე და ის ცნობილია როგორც ვალენსიის დიდი წყალდიდობა. სწორედ ამ დღეს, ორდღიანი განუწყვეტელი წვიმების შემდეგ, ადიდებულმა მდინარე ტურიამ ორ ტალღად გადაუარა ქალაქს. იმ შავ დღეს დაიღუპა 81 ადამიანი და უდიდესი ზიანი მიადგა ქალაქს, დაიტბორა შენობების პირველი სართულები, დაინგრა სახლები, ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
 
სტიქიას გამოქცეული ადამიანების ერთ-ერთ თავშესაფრად საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ სტადიონი „მასტალა“ იქცა, სადაც დღემდეა ამ ტრაგიკულ დღეს წყლის დონის აღმნიშვნელი აბრა და იგი ადამიანის სიმაღლეს ორჯერ აღემატება. ნგრევის მასშტაბები იმდენად დიდი იყო, რომ ფიქრობდნენ ქალაქი ვერ გადაიტანდა ამ დარტყმას... აღდგენითი სამუშაოები მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
ქალაქის ხელმძღვანელობამ იმ დროისათვის უპრეცედენტო საინჟინრო პროექტის განხორციელება გადაწყვიტა - ვალენსიის განაპირას გათხარეს მდინარის ახალი კალაპოტი, რომელიც ძველზე გაცილებით დაბლა იყო წყლის დონით და მდინარე ტურიამ ახალი გზა იპოვა ზღვისკენ ბუნებრივი გზით. ამით ქალაქს კვლავ დატბორვის საფრთხე ააცილეს. ამ არხის მშენებლობას 15 წელზე მეტი დასჭირდა. თუმცა პრობლემა მხოლოდ ამ ნაწილის გადაჭრით არ დასრულებულა. რა უნდა ექნათ ტურიას გამოთავისუფლებული კალაპოტისთვის, რომელიც საკმაოდ ფართე ზოლად შუაზე კვეთდა ქალაქს? შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ გენერალ ფრანკოს დიქტატორული მმართველობის წლები და პირადად მისი გადაწყვეტილებით, დაიწყო ტურიას გამოთავისუფლებულ კალაპოტში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აშენების პროექტირება. მოსახლეობა კი ეწინააღმდეგებოდა პროექტს, მაგრამ რთული იყო დიქტატურასთან გამკლავება... ამასობაში ბედისწერამ თავად გადაწყვიტა ვალენსიელთა ბედი - ფრანცისკო ფრანკო გარდაიცვალა და ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა, ფრანკოს შემდგომი დემოკრატიული რეფორმების ჭრილში, გადაწყვიტა ყურად ეღო ხალხის მოთხოვნა და ტურიას ფონი ვალენსიელებს მწვანე ზონის გასაშენებლად დაუთმო.
 
მაშ ასე, მდინარის ფონი დარჩა და ქალაქის მწვანე ფილტვებად იქცა, ასევე დარჩა 18 ხიდი, მე-16 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, რომელიც სხვადასხვა ადგილზე კვეთს მდინარის კალაპოტს და დარჩა სახელიც - მდინარე ტურიას ბაღები.
 
El Jardín del Turia - ვალენსიის მთავარი პარკი 110 ჰექტარზეა გაშენებული , სიგრძით 9 კმ-ია და ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქის პარკად ითვლება. იგი კვეთს მთელ ქალაქს და უამრავ დასასვენებელ ობიექტთან ერთად მისი მწვანე ნარგაობები სრულად წარმოადგენენ ხმელთაშუაზღვეთური ფლორის სიმდიდრეს. აქ ნახავთ კიპარისებსა და ბაობაბებს, ესპანუს სოჭსა და აგავებს, კაკტუსებს, ფიკუსებს, ქოქოსის და ფინიკის პალმებს, დრაცენას, აზალიებს, როდოდენდრონებს, ვარდების ულამაზეს ბაღებს, რომლებიც სხვათა შორის იანვარშიც ყვავიან...
პარკი ოფიციალურად 1986 წელს გაიხსნა და თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ვალენსიელთა და ქალაქის სტუმრების უსაყვარლეს ადგილად იქცა. ვალენსელები „გიჟდებიან“ ტურიას პარკში სეირნობაზე, იქ უამრავი საპიკნიკე ადგილია და ჩვეულებრივ, მოქალაქეები ყველა თავისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს, მეგობრების გარემოცვაში სწორედ ამ პარკში აღნიშნავენ.
 
აქვე განთავსებულია სპორტული ობიექტების საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობა - რამდენიმე სპორტული აკადემია, კალათბურთის, ხელბურთის, რაგბის, გოლფის მოედნები, გუბურები და ხელოვნური ტბები ნავებით სეირნობისათვის. აქ ყოველთვის შეხვდებით მორბენლებს სპეციალურად მათთვის მოწყობილ ბილიკებზე.
 
და რა თქმა უნდა ბავშვები - რომელ ქალაქის მთავარ პარკში არაა მოედნები ბავშვებისათვის? აი ტურიას პარკში კი ეს განსაკუთრებული ადგილია - რომელსაც გულივერის პარკი ქვია. დიახ, ეს გახლავთ ჯონათან სვიფტის ნაწარმოების გმირის გულივერის 70 მეტრიანი ფიგურა, რომელიც თითქოს ამ წამს გამოურიყავს ზღვას ქვიშიან სანაპიროზე, ლილიპუტები კი პარკის სტუმრები და ბავშვები არიან, რომლებიც გულივერის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მოწყობილ ატრაქციონებში დაძვრებიან. მერწმუნეთ, ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა...
 
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати