სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ ქობულეთში 112 მლნ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს აანონსებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი პროექტი „ალიანს რენესანსი“ საპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც სპორტულს, გამაჯანსაღებელსა და საინვესტიციო მიმართულებებს გააერთიანებს.
“ალიანს რენესანსი” რეგიონის პირველი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტია, რომელიც აჭარის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ქობულეთში, სანაპიროს პირველ ზოლში, ზღვიდან 30 მეტრში მდებარეობს.
კომპლექსი საერთო პოდიუმით აკავშირებს A, B, და C თაუერებს, ისევე როგორც დამოუკიდებელ, 14-სართულიან, საერთაშორისო ბრენდის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრსა და მის უნიკალურ, 15 სახეობის თერაპიული პროცედურების სივრცეს, რითაც აერთიანებს 3 ძირითად ფუნქციურ მიმართულებას, როგორიცაა: სპორტული, გამაჯანსაღებელი და საინვესტიციო“, - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროექტის განხორციელების ვადებსა და სხვა დეტალების გარკვევას BM.GE პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ალინს ჯგუფთან“ შეეცდება.