USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
ალექსანდრე ბითაძე - დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში მოღვაწე ინჟინერ-ფიზიკოსი
თარიღი:  772
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2003 წელს დავამთავრე და მაგისტრის ხარისხი ბირთვული ინჟინერიის განხრით მოვიპოვე. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ საშუალება მომცა, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული CAD/CAM Engineering ჯგუფის წევრი გავმხდარიყავი. სწორედ ამ ჯგუფს ჰქონდა და აქვს აქტიური კოლაბორაცია CERN_თან. 2004 წელს ჩავედი შვეიცარიაში და დავიწყე მუშაობა CERN_ში ასოცირებულ თანამშრომლად. 11 წლის მანძილზე CERN Based თანამშრომელი ვიყავი, ვცხოვრობდი ჟენევაში და ვმუშაობდი ATLAS Inner Detector ჯგუფში.
 
ამ წლების განმავლობაში მონაწილება მივიღე მრავალი პროექტის განხორციელებაში, მათ შორის ATLAS ექსპერიმენტში არსებული SCT (SemiConductor Tracker), Pixel (Detector) და IBL (Insertable B Layer) დეტექტორების დიზაინში (Rresearch & Development), ტესტირებასა და ინსტალაციაში. ეს იყო დიდი შესაძლებლობა გამოცდილების დაგროვების, ცოდნის გაღრმავების და კარიერული ზრდის. ბოლო ათწლეულის მანძილზე, ამ ჯგუფის მიერ დაპროექტებული, აწყობილი და გამართული დეტექტორების უნაკლო მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ისეთი ფუნდამენტური აღმოჩენები ბირთვულ ფიზიკაში, როგორიც არის ჰიგსის ბოზონის (Higgs boson) აღმოჩენა და მისი თვისებების შესწავლა. 2009-2013 წლებში ვსწავლობდი გლაზგოს უნივერსიტეტის (შოტლანდია, UK) დოქტორანტურაში და მომენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ექსპერიმენტალური ფიზიკის განხრით.
 
ჩემი კვლევა მოიცავს ATLAS ექსპერიმენტის დეტექტორების განახლება- გაუმჯობესებისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების შესწავლას და დანერგვას. ნაშრომში აღწერილი რამდენიმე ახალი ტექნოლოგია დღესაც გამოიყენება ამ ექსპერიმენტში. 2015 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტში მოვიპოვე პერმანენტ პოზიცია, მაღალი ენერგიების და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ჯგუფში.
 
ამჟამად ვარ ATLAS და LHCb ექსპერიმენტების აქტიური წევრი, თასკ-მენეჯერი და რამდენიმე პროექტის კოორდინატორი. CERN_ის დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტებიდან, ATLAS_ი ზომით ყველაზე დიდი ექსპერიმენტია და მის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ITK (Inner Tracker). სწორედ ამ ქვე-დეტექტორის, კერძოდ კი Pixel EndCap დეტექტორის დაპროექტება, დიზაინი, ტესტირება და ინსტალაცია ევალება ჩვენს ჯგუფს. ჩემს მოვალეობაში შედის დეტექტორის "Global Mechanics" - რაც მოიცავს ამ დეტექტორის საერთო დიზაინის პროექტირებაში მონაწილეობას. ამავდროულად, ვარ Pixel EndCap დეტექტორის გაციების სისტემის დიზაინერი და თასკ-მენეჯერი. ეს სისტემა წარმოადგენს თხევადი CO2_ის ევაპორაციულ თვისებებზე დაყრდნობით შექმნილ კომპლექსურ სტრუქტურას, რომელიც გამოიყენება დეტექტორის ტემპერატურის შესანარჩუნებლად და გათვლილია შემდეგი ათი წლის მანძილზე მუდმივი და საიმედო მუშაობისთვის. სწორედ დეტექტორის საერთო ტემპერატურა და კერძოდ, სილიკონის მოდულების ტემპერატურა განსაზღვრავს ამ დეტექტორის მუშაობის საიმედოობას და ხანგრძლივობას.
 
ჩემს მოვალეობაში შედის 3D CAD დიზაინი, თერმო-დინამიკური კვლევები - დეტექტორის შიგნით არსებული წნევების, მათი ცვალებადობის, ტემპერატურის და ტენიანობის გაანგარიშება და გათვლა, საინჟინრო პროექტების და ნახაზების შექმნა, სამუშაოების განაწილება და ამ საინჟინრო სამუშაოების შესრულების კოორდინირება. მანჩესტერის უნივერსიტეტის ჯგუფი ასევე აქტიურად მონაწილეობს LHCb ექსპერიმენტში და ჩვენი ჯგუფის მოვალეობაში შედის LHCb VELO (ვერტექს ლოკატორის) - ცენტრალური მოდულების Research & Development. თითოეული მოდული წარმოადგენს კომპლექსურ და რთული კონსტრუქციის მქონე სტრუქტურას, რომელიც, პირველ რიგში, შეიცავს "Innovative Technology Design - Micro-Channel Cooling Substrates" - რაც სრულიად ახალი სიტყვაა ნაწილაკების დეტექტორების დიზაინში. ეს ტექნოლოგია დამყარებულია ძალიან თხელი (100 მიკრო-მეტრის სისქის) სილიკონის ფირფიტების გამოყენებით ელემენტარული ნაწილაკების დეტექტორების მოდულების შექმნაზე. ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს სწორედ ამ ფირფიტებზე, მიკროსკოპული სიზუსტით სენსორების, Read-Out ელექტრონიკის და ჩიპების განთავსება. კოლეგებთან ერთად ვმონაწილეობ ამ მოდულების დიზაინში, ლაბორატორიულ ტესტირებასა და წარმოებაში. კიდევ ერთ დიდი პროექტი, რომელშიც მონაწილეობს ჩვენი ჯგუფი არის LHCb Mighty Tracker. ეს ახალი დეტექტორია, რომელიც CERN_ში არსებული SciFi დეტექტორის ცენტრალურ, ნაწილაკების ნაკადთან (Beam Pipe) ახლოს მდებარე, სილიკონის სენსორებისგან შემდგარ კომპლექსურ სტრუქტურას წარმოადგენს (18m2 საერთო ფართობის - 6 დეტექტირების შრე). მისი ინსტალაცია დაგეგმილია 2031 წლისთვის და ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ამ დეტექტორის დიზაინზე მუშაობა. კოლაბორაციაში ჩართული არიან ფიზიკოსები, ინჟინრები და ტექნიკოსები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან. სამუშაო პროცესი იყოფა სამ ნაწილად: "Performance/Simulation", "Chip Design" და "Mechanics and Modules". სწორედ ამ საინჟინრო სამუშაოების, დეტექტორის საერთო დიზაინის და მოდულების დიზაინის "Work package" კოორდინატორი გახლავართ. ამავდროულად ვარ პროექტის მთავარი ინჟინერი და ჩემ მოვალეობაში შედის სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე სამუშაოების კოორდინირება და მენეჯმენტი.
 
ჩვენს სფეროში მთავარია სამეცნიერო-ტექნიკური განათლება. ეს სფერო ძალიან ფართო და მრავლის მომცველ ცოდნას მოითხოვს. შეუძლებელია გქონდეთ ფუნდამენტური ცოდნა ყველა საკითხში, თუმცა იმ ნაწილში, რომელიც თქვენი კვლევის საგანს წარმოადგენს ფუნდამენტური და ღრმა ცოდნა და რაც მთავარია გამოცდილება აუცილებელია! სამეცნიერო სფერო საქართველოში მაღალ დონეზეა განვითარებული. ძალიან მაღალი დონის მრავალი კვლევითი თუ სასწავლო ინსტიტუტი და უნივერსიტეტი გვაქვს, შესაბამისად სტუდენტებს და მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქვთ კარგი შესაძლებლობა, მიიღონ ფუნდამენტური ცოდნა და განათლება. ქართული უნივერსიტეტები და ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო კოლაბორაციებში, ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა, გახდნენ საერთაშორისო დონის მეცნიერები და მიიღონ მონაწილეობა მსოფლიოში მიმდინარე მოწინავე კვლევით შრომებში. მხოლოდ დაუღალავი შრომით შეიძლება შედეგის მიღწევა.აუცილებელია ახლის შემეცნება და რაც მთავარია, ღრმა ინტერესის ქონა. საქართველოში მიღებული განათლება საკმაოდ ფართო შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, თუმცა ეს ალბათ ფუნდამენტია და ამ ცოდნას გაღრმავება და უფრო მეტი გამოცდილების მიღება სჭირდება.
 
სამეცნიერო სფეროში წარმატება პირველ რიგში ნიშნავს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას. წამყვან უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, ისეთ ექსპერიმენტებში და კვლევებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც კაცობრიობის წინსვლას, მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ემსახურება. ვერც ერთი პროფესორი, ლექტორი და მასწავლებელი ვერ გასწავლით იმას, რაც არ გაინტერესებთ. ახალგაზრდებისთვის უპირველესი და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის საქმის სიყვარული, რომელსაც ემსახურებით და გეგმავთ მიუძღვნათ თქვენი კარიერა და ცხოვრება! თუ შეძლებთ თქვენთვის საყვარელი საქმის პოვნას, წინ საინტერესო და წარმატებული კარიერა გელოდებათ!
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.