მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მშვენიერი ბავშვობა მქონდა, დედა და ბებია ფორტეპიანოზე ძალიან კარგად უკრავდნენ. მუსიკა და ხელოვნება ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. ფორტეპიანოზე დაკვრა 4-5 წლის ასაკში დავიწყე, სხვა გზა არ მქონდა.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოცარი წლები გავატარე. 90-იან წლებში კი, მანესის მუსიკალური სკოლიდან მივიღე მოწვევა და ნიუ-იორკში ჩამოვედი სასწავლებლად. მოგვიანებით გადავედი ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში, ბოლოს მაგისტრატურა შენანდოას კონსერვატორიაში დირიჟორობის განხრით დავამთავრე. გარშემორტყმული ვიყავი მუსიკით და შესანიშნავი ხალხით, რომლებიც მამხნევებდნენ და მეხმარებოდნენ, რომ გამეგრძელებინა ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. განსაკუთრებით დამეხმარა ბონდო კეკელია, რომელმაც თავისი სახლი გაგვიხსნა საცხოვრებლად ქართველ ახალგაზრდებს . ბონდოს დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ნიუ-იორკში დარჩენა. ძალიან მადლობელი ვარ მისი, სიკეთისა და დახმარებისთვის.
ყოველდღე საათობით სწავლა, ფორტეპიანოზე დაკვრა, ვარჯიში და შრომა მიწევდა. მახსოვს, ერთ ღამეს მივდიოდი ნიუ-იორკში, კოლეჯ პოინტის რაიონში და ვფიქრობდი, როგორ, როგორ არის შესაძლებელი ჩემს სიტუაციაში მუსიკის შესრულება კარნეგი ჰოლში? იმ დროს ეს შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ბევრად მოგვიანებით მომიწია იქ დაკვრა.
კლასიკური მუსიკა ისე მიყვარდა, როგორც რელიგია. არასოდეს მავიწყდება, როგორ მითხრა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა და ჩემმა მეგობარმა ეთერ ანჯაფარიძემ: ". ...შენი ერთადერთი მეგობარი ახლა არის სერგეი და სხვა არავინ (ის რახმანინოვზე ლაპარაკობდა), მხოლოდ მასზე გაამახვილე ყურადღება და ისწავლე.”.. მე დავიჯერე მისი. ვიცოდი, რომ ეთერი ყოველი დილის 8:00 საათზე იწყებდა ფორტეპიანოზე ვარჯიშს, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა კონცერტი. მეც ყოველ დილის 8 საათიდან როიალთან ვიჯექი. ამავე დროს, სკოლაში გაკვეთილებს ვესწრებოდი და შაბათ-კვირას ვმუშაობდი. ძალიან გამიმართლა, რომ გავიცანი მსოფლიო დონის მუსიკოსები, როგორებიც არიან კურტ მაზური, ლიანა ისაკაძე, იან დიუმინი, ბორის პევზნერი, ლორინ მააზელი, იან ვაგნერი, ვინსენტ ლასელვა, ეთერ ანჯაფარიძე.
ჯანსუღ კახიძისგან ბევრი რამ ვისწავლე თბილისის ოპერის თეატრში. 18 წლის განმავლობაში რიჩმონდის უნივერსიტეტში ვასწავლიდი, სადაც სიმფონიური ორკესტრი არაფრისგან შევქმენი, 9 სიმიდან 82 კაციან სიმფონიურ ორკესტრამდე მივედით. ბეთჰოვენის, ბრამსის, გრიგის, ჰოლსტის, სიბელიუსის, სტრავინსკის, ფალიაშვილის, ბალანჩივაძის მუსიკით, ორკესტრთან ერთად სამხრეთ ამერიკაში, კარტახენაში და კოლუმბიაში ვიმოგზაურე. მანამდე აშშ-ში მრავალ ორკესტრს ვხელმძღვანელობდი. ბევრ საინტერესო პროექტზე, სპექტაკლზე და კონცერტზე მიმუშავია. განსაკუთრებული იყო კარნეგი ჰოლი და ლინკოლნის ცენტრი, ასევე ვაშინგტონში თეთრი სახლის კონცერტი, სადაც ორჯერ მივიღე მონაწილეობა. ჩემთვის საინტერესო იყო იმ არტისტების ალბომებზე მუშაობა, რომლებმაც გრემი მოიპოვეს.
ამ პროფესიაში ჩვენ გავდივართ რეალურ ტრანსფორმაციას. ორკესტრისა და ოპერის დირიჟორობის ხელოვნებაში და ზოგადად, ორკესტრის დირიჟორობის პროფესიაში ბევრი ახალი შემსრულებლის არსებობა გვაჩვენებს, თუ როგორ განვითარდება, სად წავა ეს პროფესია. ვთანხმდებით, რომ ხელოვნება არ არის და არ უნდა დარჩეს ერთ ადგილზე. ის მუდმივად იცვლება და ვითარდება. მე აღფრთოვანებული ვარ ბევრი დიდი დირიჟორით აქ, აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში, რომლებიც ცდილობდნენ სიახლის შეტანას. მომწონს ის, რასაც ნიკოლოზ რაჭველი აკეთებს თბილისში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ვფიქრობ, ის ძალიან ნიჭიერია და სულ თვალს ვადევნებ.
იმისთვის, რომ იყო პროფესიონალი დირიჟორი, საჭიროა ბევრი შრომა, კარგი მეხსიერება, სწრაფად სწავლის და მუსიკოსებთან ურთიერთობის უნარი, დიდი ორკესტრის რეპერტუარის, ხელოვნების და ენების კარგი ცოდნა .
საქართველოდან 32 წლის წინ წამოვედი და იქ უკვე არავინ მიცნობს….. მერწმუნეთ, ვცადე და ვცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, შემდეგ კი COVID იყო.
განსაკუთრებული პროექტი უნდა იყოს, რომ საქართველოში მის გაკეთებას დავთანხმდე. ეს ალბათ მოხდება და მე ამის მჯერა.
საქართველოში ბევრი ნიჭიერი კლასიკური მუსიკოსია, რომელთაც მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. ქართული მუსიკა განსაკუთრებულია, არ არსებობს მსგავსი სხვა, როგორიც არის, მაგალითად, ანსამბლ ,,რუსთავის” მიერ საკათედრო ტაძარში შესრულებული ”შენ ხარ ვენახი.” —ეს ფასდაუდებელია!
საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც ბევრი ნიჭიერი ადამიანია. მუსიკოსებისა და კრეატიული ადამიანებისთვის შესაძლოა ზოგჯერ მწირი ადგილიც იყოს, რომ სრულად მოახდინონ თავიანთი ნიჭის რეალიზება.
მუსიკა იყო ჩემი ბილეთი სამყაროში, რითიც შევძელი საოცრებების გაკეთება და მადლობელი ვარ ამისთვის. ახლა კი მინდა, სხვა რამეც ვცადო ცხოვრებაში და არ ვიყო მიჯაჭვული მხოლოდ ერთ საქმეს, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. COVID-ის შემდეგ ყველა მივდივართ იმ აზრამდე, რომ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ინტერესები. მშვიდობა და ჩემი ოჯახი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მუსიკა კი ყოველთვის არის და იქნება ჩემი ყოველდღიური ცხოვრების უდიდესი ნაწილი.
ახალგაზრდა დირიჟორებს და მუსიკოსებს ვურჩევდი: იმუშავეთ ნებისმიერი დონის მუსიკოსებთან, ნებისმიერი ზომის ანსამბლებთან და შექმენით თქვენი ცხოვრება ისე, როგორც გინდათ, რომ საკუთარი ხედვით წარმართოთ. სიმფონიურ ორკესტრს არავინ მოგცემთ, თქვენ უნდა შექმნათ ის ნულიდან. ისეთმა გენიოსებმა, როგორიც არიან ოდისეი დიმიტრიადი და კურტ მაზური, ეს რჩევა მომცეს და ვფიქრობ, სწორედ ამას მივუძღვენი ჩემი ცხოვრება- რაღაცის შექმნას არაფრისგან.
გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და დაუკარით მეტი ქართული მუსიკა!