ის, რასაც დღეს ჩვენი ქვეყანა გადის დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, არის სრულიად უპრეცედენტო მოვლენა, რომლის თანამედროვე ანალოგი არავის ახსოვს.
ამ კორონაკრიზისიდან მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები ადამიანური და ფინანსური დანაკარგებითაც რომ გამოვიდეთ, მისი ფსიქოლოგიური ზემოქმედება გასტანს და შეინარჩუნებს განუზომელი სიძლიერისა და მასშტაბის ეფექტს.
ეს არის კრიზისულ მდგომარეობა, რომელშიც რადიკალურ ზღვარზე ჩანს ჩვენი რეალური წესრიგი, რომელიც ჩვეულებრივ დაფარულია ხოლმე და რომელსაც ფილოსოფოსები „საზღვრით სიტუაციას“ უწოდებენ.
ეს არის ნიღბების ცვენის მომენტი, როდესაც ზედაპირზე იწევს ის, რაც არ ჩანდა, თავის ნამდვილ სახეს იბრუნებს ის, რაც შენიღბული იყო და იძულებულნი ვხდებით რეალობას თვალი გავუსწოროთ და მისი დანახვა გავბედოთ.
ხოლო როცა რეალობას ანუ ჭეშმარიტებას თვალს გავუსწორებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას აქამდე ან, უბრალოდ, ვერ ვხედავდით, ან გამბედაობა არ გვყოფნიდა დასანახავად.
პირველ რიგში ზედაპირზე ამოტივტივდა და გაცხადდა ჩვენი ნამდვილი დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ, რაც ზიარების წესის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოლემიკის სახით წარმოჩინდა.
რა შუაშია და საიდან მოიტანე კანტი?
ზიარების მოქმედი წესის მომხრეთა და კრიტიკოსთა მწვავე დისკუსია სინამდვილეში სარწმუნოების საკითხისადმი მეცნიერული ცოდნისა და რელიგიური რწმენის მიმართების საკითხია, რაც გახლავთ კანტის ფილოსოფიის მთავარი თემა.
კანტი ამბობდა, რომ რელიგია და მეცნიერება, რწმენა და ცოდნა ერთმანეთისაგან გამიჯნული სფეროებია, რომლებიც ერთმანეთს არ კვეთენ.
რელიგია ადამიანის მსოფლმხედველობაა ანუ მისი არჩევანია, ხოლო მეცნიერება არის დასაბუთებული აზროვნება, რომელსაც პრეტენზია აქვს საყოველთაობასა და აუცილებლობაზე.
ღმერთი არ შეიძლება იყოს მეცნიერების საგანი, რადგან იგი არ წარმოადგენს დროსა და სივრცეში აღქმადს. ღმერთი რწმენის საგანია. ამიტომაცაა მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთისაგან გამიჯნული სფეროები და მშვიდობიანად თანაარსებობენ მანამ, სანამ არ გასცდენიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებს და არალეგიტიმურად არ შეჭრილან ერთმანეთის კომპეტენციაში.
რისი მომსწრენი ვართ დღეს ჩვენ?
ზიარების წესის საკითხისადმი სამეცნიერო მიდგომის მომხრე საზოგადოება, არა ეპიდემიოლოგები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, არამედ საზოგადოება, უფრო სწორად, მისი ნაწილი ეკლესიისაგან მოითხოვს დადგენილი წესის შეცვლას-კერძოდ საერთო კოვზის ჩანაცვლებას ერთჯერადი კოვზებით.
ეკლესია ზიარებას უყურებს როგორც სულისა და ხორცის მაკურნებელ და მაცხოვნებელ წმინდა საიდუმლოს, რომლის დროსაც პური და ღვინო სასწაულებრივად გარდაისახება მაცხოვრის წმინდა სისხლად და ხორცად. როგორც სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა: „ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქმნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სისხლი იესო ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს და განწმენდს ყოველგვარ დაავადებას.“
მედიცინა ზიარებას განიხილავს ჯანმრთელობისათვის სარისკო პროცედურად, რომლის დროსაც პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან კოვზზე დატანილი ვირუსები ინფიცირების წყარო ხდება და მოითხოვს ამ „პრაქტიკის“ აღკვეთას.
ზიარების წესის რევიზიის მოთხოვნა იგივეა ეკლესიისგან მოითხოვო ეჭვი შეიტანოს ამ წმინდა საიდუმლოებაში. ამიტომაც აცხადებს ჩვენი ეკლესია, რომ დადგენილი წესი არ გადაიხედება. ის თანმიმდევრულად დგას საკუთარ პოზიციაზე და არ თანხმდება საეკლესიო საიდუმლოების რევიზიის რეკომენდაციას, რომელსაც სხვა ეკლესიები დათანხმდნენ (რუსეთის საპატრიარქომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიარების შემდეგ კოვზს სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდენ. ასევე სხვა ქვეყნების მართლმადიდებელმა და სხვა აღმსარებლობის ეკლესიებმაც შეიტანეს სხვადასხვა კორექცია ღვთისმსახურების წესებში. აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ საპატრიარქომ დასაშვებად მიიჩნია რიგი რეკომენდაციები-მაგ. ტაძრების დეზინფექცია, ზიარების შემდგომ მისაყოლებლის- „სიტკბოების“ ერთჯერადი ჭიქებით მიღება)
არ ვიცი რამდენად იცნობდნენ კანტის ნააზრევს ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, თუმცა მათი კომენტარები აღნიშნული საკითხის შესახებ სწორედ კანტიანური იყო.
„ჩვენ ვიძლევით სიტუაციურ რეკომენდაციებს. რელიგიურ ინსტიტუტებს არ ვაძლევ რეკომენდაციებს. ეკლესია გადაწყვეტს ამ საკითხებს, მე არ ვარ რელიგიამცოდნე, მე ვარ ეპიდემიოლოგი“-პაატა იმნაძე
ეკლესიის მისიაა მორწმუნეთა სულების ცხონებაზე ზრუნვა, ხოლო სახელმწიფოს საქმეა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა.
შემეცნების თეორია არ არის ერთადერთი, რაც ამ კორონაფრონტის დროს კანტთან დაკავშირებით გაგახსენდება.
დღევანდელ „საზღვრით სიტუაციაში“, როდესაც ზედაპირზე ამოდის ადამიანთა ნაირგვარი უგვანო რეაქცია და სულმდაბალი საქციელი, რომელთა მოტივები ძნელი დასადგენი არ არის-უგუნურება, უნებისყოფობა, ეგოიზმი, სილაჩრე, სიზარმაცე, სიხარბე თუ მომხვეჭელობა, შეიძლება ითქვას, რომ ზედ გვაკვდება კანტის კატეგორიული იმპერატივი.
კატეგორიული იმპერატივი არის ზნეობრივი ქცევის ფორმულა, ქცევის წესი.
კანტი ამბობდა, რომ ადამიანის არჩევანზეა იყოს ან არ იყოს ზნეობრივი, მაგრამ თუ მას უნდა, რომ იყოს ზნეობრივი და არ იცის როგორ მოიქცეს, განუხრელად უნდა შეასრულოს შემდეგი წესი:
„მოიქეცი ისე, რომ შენს ყოველ მოქმედებაში კაცობრიობა როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის, ასევე საკუთარი თავის სახით ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება“.
უკეთესად ვერ იტყვი: „როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები... იყოს ყოველთვის აგრეთვე მიზანი...“.
ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღევანდელ ვითარებაში ზნეობრივად ყოფნა არჩევანი კი არა, ვალდებულებაა.
ვისწავლით ?
P.S. ვაჟა-ფშაველას აქვს პატარა მოთხრობა სახელწოდებით „ხოლერამ მიშველა“. მის მიხედვით გადაიღეს ფილმი სახელწოდებით „ზოგი ჭირი მარგებელია“.
შინაარსების რა მოგახსენოთ და ორივე სათაური შეგვეფერება.
ავტორი: ნანა თოფურიძე