USD 3.2413
EUR 3.5460
RUB 4.1164
თბილისი
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
ახალი კორონავირუსი და ზიარების საიდუმლო- ცოდნისა და რწმენის კონფლიქტი
თარიღი : 03.18.2020 13:17  3193

ის, რასაც დღეს ჩვენი ქვეყანა გადის დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, არის სრულიად უპრეცედენტო მოვლენა, რომლის თანამედროვე  ანალოგი  არავის ახსოვს.

ამ კორონაკრიზისიდან მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები ადამიანური და ფინანსური დანაკარგებითაც  რომ გამოვიდეთ,  მისი ფსიქოლოგიური ზემოქმედება  გასტანს და შეინარჩუნებს  განუზომელი სიძლიერისა და  მასშტაბის ეფექტს.

ეს არის  კრიზისულ   მდგომარეობა, რომელშიც რადიკალურ ზღვარზე ჩანს ჩვენი რეალური წესრიგი, რომელიც ჩვეულებრივ დაფარულია ხოლმე და რომელსაც ფილოსოფოსები „საზღვრით სიტუაციას“ უწოდებენ.

ეს არის ნიღბების ცვენის მომენტი,  როდესაც ზედაპირზე  იწევს  ის, რაც არ ჩანდა, თავის ნამდვილ სახეს იბრუნებს ის, რაც შენიღბული იყო და იძულებულნი ვხდებით რეალობას თვალი გავუსწოროთ და მისი დანახვა გავბედოთ.

ხოლო როცა რეალობას ანუ ჭეშმარიტებას  თვალს გავუსწორებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას აქამდე ან, უბრალოდ,  ვერ ვხედავდით, ან გამბედაობა არ გვყოფნიდა დასანახავად.

პირველ რიგში ზედაპირზე ამოტივტივდა და გაცხადდა ჩვენი ნამდვილი დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ, რაც  ზიარების  წესის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პოლემიკის სახით წარმოჩინდა.

რა შუაშია და საიდან მოიტანე კანტი?

ზიარების მოქმედი წესის მომხრეთა და კრიტიკოსთა მწვავე დისკუსია  სინამდვილეში  სარწმუნოების საკითხისადმი  მეცნიერული ცოდნისა და რელიგიური რწმენის  მიმართების საკითხია, რაც გახლავთ კანტის ფილოსოფიის მთავარი თემა.

კანტი ამბობდა, რომ რელიგია და მეცნიერება, რწმენა და ცოდნა ერთმანეთისაგან გამიჯნული სფეროებია, რომლებიც ერთმანეთს არ კვეთენ.

რელიგია ადამიანის მსოფლმხედველობაა ანუ  მისი არჩევანია, ხოლო მეცნიერება არის დასაბუთებული აზროვნება, რომელსაც პრეტენზია აქვს საყოველთაობასა და აუცილებლობაზე.

ღმერთი არ შეიძლება იყოს მეცნიერების  საგანი,  რადგან იგი არ წარმოადგენს დროსა და სივრცეში აღქმადს.  ღმერთი რწმენის საგანია. ამიტომაცაა მეცნიერება და სარწმუნოება  ერთმანეთისაგან გამიჯნული სფეროები და  მშვიდობიანად თანაარსებობენ მანამ, სანამ  არ გასცდენიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებს და არალეგიტიმურად არ შეჭრილან  ერთმანეთის  კომპეტენციაში.

რისი მომსწრენი ვართ დღეს ჩვენ?

ზიარების წესის საკითხისადმი სამეცნიერო მიდგომის მომხრე საზოგადოება,   არა ეპიდემიოლოგები და  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, არამედ საზოგადოება, უფრო სწორად, მისი ნაწილი  ეკლესიისაგან მოითხოვს  დადგენილი წესის  შეცვლას-კერძოდ საერთო კოვზის ჩანაცვლებას ერთჯერადი კოვზებით.

Картинки по запросу "ზიარების საიდუმლო"

ეკლესია ზიარებას უყურებს როგორც სულისა და ხორცის მაკურნებელ და მაცხოვნებელ წმინდა საიდუმლოს, რომლის დროსაც პური და ღვინო სასწაულებრივად გარდაისახება მაცხოვრის წმინდა სისხლად და ხორცად. როგორც სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა: „ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი. გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქმნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სისხლი იესო ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს და განწმენდს ყოველგვარ დაავადებას.“

მედიცინა ზიარებას განიხილავს ჯანმრთელობისათვის სარისკო პროცედურად, რომლის დროსაც პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან კოვზზე დატანილი ვირუსები ინფიცირების წყარო ხდება  და მოითხოვს ამ „პრაქტიკის“ აღკვეთას.

ზიარების წესის რევიზიის მოთხოვნა იგივეა ეკლესიისგან მოითხოვო ეჭვი შეიტანოს  ამ წმინდა საიდუმლოებაში. ამიტომაც აცხადებს ჩვენი ეკლესია, რომ დადგენილი წესი არ გადაიხედება.  ის თანმიმდევრულად დგას საკუთარ პოზიციაზე  და არ თანხმდება საეკლესიო საიდუმლოების რევიზიის   რეკომენდაციას, რომელსაც სხვა ეკლესიები დათანხმდნენ (რუსეთის საპატრიარქომ უკვე  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზიარების შემდეგ კოვზს სპირტიანი ხელსახოცით გაწმენდენ. ასევე სხვა ქვეყნების მართლმადიდებელმა და სხვა  აღმსარებლობის ეკლესიებმაც შეიტანეს სხვადასხვა კორექცია ღვთისმსახურების წესებში. აქვე აღნიშვნის ღირსია, რომ საპატრიარქომ დასაშვებად მიიჩნია რიგი  რეკომენდაციები-მაგ. ტაძრების დეზინფექცია, ზიარების  შემდგომ მისაყოლებლის- „სიტკბოების“ ერთჯერადი  ჭიქებით  მიღება)

არ ვიცი რამდენად იცნობდნენ კანტის ნააზრევს ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, თუმცა მათი კომენტარები აღნიშნული საკითხის შესახებ სწორედ კანტიანური იყო.

„ჩვენ ვიძლევით სიტუაციურ რეკომენდაციებს. რელიგიურ ინსტიტუტებს არ ვაძლევ რეკომენდაციებს. ეკლესია გადაწყვეტს ამ საკითხებს, მე არ ვარ რელიგიამცოდნე, მე ვარ ეპიდემიოლოგი“-პაატა იმნაძე

„ამ შეხვედრებზე ლაპარაკი იყო ზოგად რეკომენდაციებზე ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება ზიარების საერთო კოვზით მიზანშეწონილობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ვერ გასცემს“-ამირან გამყრელიძე.
ეს პასუხები მოწმობს მხოლოდ იმას, რომ მედიკოსები  არ სცდებიან მეცნიერების ფარგლებს და   არ კვეთენ სარწმუნოების საზღვრებს.
Картинки по запросу "ზიარების საიდუმლო"
მაგრამ საეკლესიო  და  სამედიცინო მიდგომების გარდა არსებობს კიდევ სახელმწიფო პოლიტიკა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ვითვლებით დემოკრატიულ  და არა თეოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც იმართება კონსტიტუციით და რომელშიც  წერია, რომ სახელმწიფო გამიჯნულია ეკლესიისაგან. სახელმწიფო კი იყო, არის და უნდა იყოს  იძულების ერთადერთი ლეგიტიმური  ინსტიტუტი.
სახელმწიფოს ალბათ მოუწევს გორდიას კვანძის გახსნა, როგორ, რა ფორმით, როდის, არ ვიცი, მაგრამ ალბათ მოუწევს.
მაგრამ სულ სხვაა ეკლესია დაყაბულდება საზოგადოების ზეწოლას და შეცვლის წმინდა ევქარისტიის მის მიერ დეკლარირებულ  წესს  თუ სახელმწიფო თავისი ლეგიტიმაციის ფარგლებში გაატარებს საჭიროდ მიჩნეულ ზომებს.
მათ შორის პრინციპული და რადიკალური სხვაობაა.

ეკლესიის მისიაა მორწმუნეთა სულების ცხონებაზე ზრუნვა, ხოლო სახელმწიფოს საქმეა მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა.

შემეცნების თეორია არ არის ერთადერთი, რაც ამ კორონაფრონტის დროს კანტთან დაკავშირებით გაგახსენდება.

დღევანდელ „საზღვრით სიტუაციაში“, როდესაც ზედაპირზე  ამოდის ადამიანთა ნაირგვარი უგვანო რეაქცია და  სულმდაბალი საქციელი, რომელთა მოტივები ძნელი დასადგენი არ არის-უგუნურება, უნებისყოფობა, ეგოიზმი, სილაჩრე, სიზარმაცე, სიხარბე თუ მომხვეჭელობა, შეიძლება ითქვას, რომ  ზედ გვაკვდება კანტის კატეგორიული იმპერატივი.

კატეგორიული იმპერატივი არის ზნეობრივი ქცევის ფორმულა,  ქცევის წესი.

კანტი ამბობდა, რომ ადამიანის არჩევანზეა  იყოს ან არ იყოს ზნეობრივი, მაგრამ თუ მას უნდა, რომ იყოს ზნეობრივი და არ იცის როგორ მოიქცეს,  განუხრელად უნდა შეასრულოს შემდეგი წესი:

„მოიქეცი ისე, რომ შენს ყოველ მოქმედებაში კაცობრიობა როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის, ასევე საკუთარი თავის სახით ყოველთვის იყოს აგრეთვე მიზანი და არასოდეს  მხოლოდ საშუალება“.

უკეთესად ვერ იტყვი: „როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები... იყოს ყოველთვის აგრეთვე მიზანი...“.

ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დღევანდელ ვითარებაში  ზნეობრივად ყოფნა არჩევანი კი არა, ვალდებულებაა.

ვისწავლით ?

P.S.  ვაჟა-ფშაველას აქვს  პატარა მოთხრობა სახელწოდებით „ხოლერამ მიშველა“. მის მიხედვით გადაიღეს ფილმი სახელწოდებით „ზოგი ჭირი მარგებელია“.

შინაარსების რა მოგახსენოთ და ორივე სათაური შეგვეფერება.

 

ავტორი: ნანა თოფურიძე

ბლოგი
ლოგიკა vs სულიწმინდა, მედიცინა vs სასწაული

პანდემიას რომ გვერდს ვერ ავუქცევდით, ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ კორონავირუსის წინააღმდეგ  ფრონტი თუ  ღმერთისა და ღვთაებრივი საიდუმლოს არსებობა-არარსებობის  საკითხის გარშემო  სამკვდრო-სასიცოცხლო პოლემიკაში გადავიდოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.  

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მოკიდებული  ქართული ეკლესია არასოდეს  ყოფილა ისეთი მასირებული კრიტიკის სამიზნე, როგორც დღეს. სავარაუდოდ, მომავალ სოციოლოგიურ კვლევებში ეკლესიის რეიტინგის ვარდნას უნდა ველოდოთ.

სააგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, როცა ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად  ეკლესიამ  თავისი განჩინებით არ გააუქმა ღვთისმსახურება და  ზიარების ძველი წესიც  ძალაში დატოვა (თუმცა აღსანიშნავია, რომ  ეკლესიამ გაიზიარა  რეკომენდირებული უსაფრთხოების ზომები -მორწმუნეთა დაშორიშორება დადგენილ დისტანციაზე, დეზინფექციის უზრუნველყოფა, რიგ შემთხვევებში  ღვთისმსახურებმა მორწმუნეებს ზიარების სახლში მიღების პრაქტიკა შესთავაზეს). ეკლესიის პოზიციის მიმართ კრიტიკამ პიკს მიაღწია არგუმენტებით:  მრევლს იყენებს ბიოლოგიურ იარაღად  და ღმერთის სახელით  სასიკვდილოდ სწირავს. ამასთანავე  გამოცხადდა, რომ ეს პოზიცია არა მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისითაა გაუმართლებელი, არამედ ადამიანების სიცოცხლის სასწორზე შეგდებით „ჩვენ ღმერთს ვცდით“,  რაც   სახარებისეულადაც  მიუღებელი და დაუშვებელია.

ერთი სიტყვით, ეკლესიის პოზიცია ანტიჰუმანურად და არაქრისტიანულად გამოცხადდა.

არაზუსტია მთავარ სამიზნედ ეკლესიის შერჩევა.

ცოტა შორიდან და თვალსაჩინოებით დავიწყებ.

წარმოიდგინეთ,  რომ ბავშვები თამაშობენ,  მაგალითად,  ომობანას,   თამაშისას უსაფრთხო სათამაშოებს იყენებენ-პლასტმასის თოფებითა და ხმლებით „ვითომ-ვითომ“ მტრებს „ვითომ-ვითომ“ ებრძვიან.

ყველაფერი რიგზეა.

ბავშვები უნდა თამაშობდნენ-წარმოსახვით როლებს ირგებდნენ და ფანტაზიას გასაქანს აძლევდნენ,  ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობა და ჩვენგან მოსაწონი საქციელია,  ამიტომ არათუ  თამაშს არ ვუშლით, ვაქებთ კიდეც.

მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებმა  წარმოსახვით  კიარა, ნამდვილ მტრებად მიიღეს ერთმანეთი და პლასტმასის იარაღებით კიარა, ქვებით, ჯოხებით, დანებით  ან სულაც  ცეცხლსასროლი იარაღით დაერივნენ „ნამდვილ მოწინააღმდეგეებს“.

ვუბრაზდებით და   ვაწყვეტინებთ სახიფათო თამაშს.

ეკლესიის კრიტიკოსი რაციონალისტების თვალში  ზიარება ფორმალური,  ყოველგვარ ღვთაებრივ  შინაარსსმოკლებული ცრუმორწმუნე ადამიანების ფანტაზის თამაშია „ვითომ-ვითომ“, მაგრამ სრულიად უწყინარი და ამიტომ მისაღები რიტუალური ქცევა, როგორც ბავშვებისათვის პლასტმასის უსაფრთხო სათამაშოებით ომობანას თამაში. მაგრამ როგორც კი აღმოჩნდა,  რომ ამ  უწყინარი ცერემონიალით  ცდუნებული ადამიანები  უბრალოდ თავიანთ ჭიას კი არ ახარებდნენ თურმე, არამედ   იგი ჩვენი ჯანმრთელობისათვის   საფრთხისშემცველ აქტად  შეიძლება  აქციონ,   პირგამეხებულები ვუპირისპირდებით  სწორედ ამ შეუვალ რწმენას, რომელსაც აქამდე ვიწყნარებდით და ვახალისებდით კიდეც (დავაზუსტოთ: მორწმუნეთა შეკრების აკრძალვისა  და ზიარების წესის გაუქმების თხოვნით ეკლესიისთვის მხოლოდ ე. წ. კრიტიკოს რაციონალისტებს არ მიუმართავთ. ცალკეული ღვთისმსახურებისა  და მორწმუნე მრევლის  ნაწილიც იგივე აზრზე დგას. მაგალითად, გუშინ გამოქვეყნდა გიგი უგულავას ღია წერილი პატრიარქისადმი, რომელშიც  მის უწმინდესობას ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტისაკენ მოუწოდებს.  მანამდე გამოქვეყნდა ცალკეული მღვდლებისა და თეოლოგების განმარტება საპატრიარქოს განჩინებაზე).

ის, რაც თამაში გვეგონა, თავშექცევა  თუ მისტიფიკაცია, აღმოჩნდა ცოცხალი რწმენა.

არ დათმო კი არა, ჩვენ შეგვეშალა, რადგან არასწორი მოლოდინი გვქონდა.

გვეგონა ნელთბილი რწმენა, მოთხოვნილება გვქონდა ნელთბილ რწმენაზე და დაგვიხვდა შეუვალი რწმენა და  ნება, რომელზეც არ ჭრის სამედიცინო შეგონებები.

არ ჭრის შეგონებები  იმაზე, რომ ჩვენმა ეკლესიამ უნდა შეიცვალოს თავისი პოზიცია, როცა ართუ სხვა აღმსარებლობის, სხვა ქვეყნების მართლმადიდებელმა ეკლესიებმაც კი დააკორექტირეს  თავიანთი მიდგომა.

დიდი ხანია მოაზროვნე კაცობრიობა შეთანხმდა იმაზე, რომ სარწმუნოება მეცნიერება არ არის, მსოფლმხედველობაა, მსოფლმხედველობა მეცნიერულად დასაბუთებადი არ არის, ის არჩევანია.

ქართულ ეკლესიას დღემდე არასოდეს აურჩევია ყოფილიყო დემოკრატიული, წარმომადგენლობითი ინსტიტუცია, რომელიც მოქმედებს ხალხის, მრევლის აზრის გათვალისწინებითა და კარნახით. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ორთოდოქსული.

ეკლესია თანმიმდევრულია თავის დოგმატზმში, ხოლო სახელმწიფოს პოზიცია არ არის თანმიმდევრული, წინააღმდეგობრივია.

ისევ შორიდან მოვუვლი.

ქმარს (ცოლს) რომ გაშორდეთ, რომელთანაც ჯვარი გაქვთ დაწერილი, მაგრამ ხელი არ გქონიათ მოწერილი, გექნებათ თუ არა საერთო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება.

რასაკვირველია არა. ასეთი უფლება წარმოიშობა მხოლოდ რეგისტრირებული სამოქალაქო ქორწინების საფუძველზე. ჯვარდაწერილ, მაგრამ ხელმოუწერელ ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას ვერ წამოიწყებთ.

ნაკურთხი მანქანით, ტარების მოწმობის გარეშე, შეძლებთ თუ არა მანქანით სარგებლობას

არა, რასაკვირველია, დაჯარიმდებით.

მიეცეს კეისარს კეისრისა კი არადა, კეისარმა კეისრის საქმე უნდა აკეთოს.

ეროვნულ დარგობრივ პოლიტიკას, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკას შეიმუშავებს და ატარებს სახელმწიფო. დარგობრივ რეგულაციებს-აკრძალვებსა თუ ნებართვებს -აწესებს სახელმწიფო და მასვე ევალება აღსრულებაზე კონტროლი. განა ეკლესიის საქმეა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარება?! ეკლესია, რომელიც ზიარებას სულისა და ხორცის საკურნებელ ღვთაებრივ მისტერიად განიხილავს,  თვლის, რომ ზიარებისას  ინფიცირების რისკი კი არ ჩნდება, პირიქით, სულიწმინდის საიდუმლო  მადლი აუვნებელყოფს ინფიცირების საფრთხეს.

რა გვეთქმის სახელმწიფოზე, რომელიც, ერთის მხრივ,  წვეთოვანი გზით ინფექციის გავრცელების რისკებზე  გვაზღვევს, მეორეს მხრივ, უსაფრთხოდ მიიჩნევს საზიარებელი საერთო კოვზის  გამოყენებას და მასში ინფექციის გადამტან წყაროს ვერ ხედავს.

ეკლესიის ფიცი და ბოლო ერთია: ღვთაებრივი საიდუმლო აუქმებს მედიცინის კანონებს.

სახელმწიფოს რაც შეეხება, მისი ფიცი კი გვწამს, მაგრამ ბოლო გვაკვირვებს.

 თან ხშირად გვაკვირვებს.

მაგ: საპატრიარქოს გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩები მამაოებმა აკურთხეს(თბილისი რა მოსატანია, მამაოებმა მუსულმანებით დასახლებული მარნეულის ქუჩებიც აკურთხეს), მერე ნაკურთხ ქუჩებში ქალაქის მერიამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა, ბოლოს დეზინფიცირებულ ქალაქს მეუფემ შემოუფრინა სამოქალაქო ავიაციის ვერტმფრენით და დალოცა.

არ გაკვირვებთ?!

ავტორი: ნანა თოფურიძე

სრულად
გამოკითხვა
როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში
ხმის მიცემა
სხვათა შორის

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.

გონება ამბიციების გარეშე იგივეა, რაც ჩიტი ფრთების გარეშე. სალვადორ დალი

„შეასრულეთ თქვენი სამუშაო. შეასრულეთ არა უბრალოდ, არამედ დაუმატეთ ისეთი რამ, რაც ყველაფერ დანარჩენს გადაწონის“ - დინ ბრიგსი.