USD 2.7905
EUR 2.9350
RUB 3.1256
Tbilisi
«Daily Express» (დიდი ბრიტანეთი): „ევროპის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, გასაოცარი ბუნებით და საუკეთესო იაფი ღვინით“
Date:  439

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (Daily Express) რუბრიკით „მოგზაურობა“, დაბეჭდილია სტატია, რომლის სათაურია „ევროპის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, გასაოცარი ბუნებით და საუკეთესო იაფი ღვინით“ (ავტორი - ადრიან ზორზუთი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დაუსრულებელი ბანკეტები მადისაღმძვრელი საჭმელებით, ბუნება მომაჯადოვებელი პეიზაჟებითა, სასიამოვნო და მაღალხარისხიანი ღვინო, რომლის ერთი ბოკალი სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგი ღირს, იუნესკოს სიაში შეტანილი ისტორიული ძეგლები... ეს ევროპული ქვეყანა მოგზაურებისათვის შესანიშნავი არჩევანია. აბა, გამოიცანით, რომელი სახელმწიფოა? მიგახვედრებთ: საფრანგეთი ნამდვილად არ არის, არც იტალია და, რა თქმა უნდა, არც ესპანეთი...

აქტიური დასვენების მოყვარულები შოკირებულნი იქნებიან, როცა გაიგებენ, რომ საქართველო მათი ოცნების ქვეყანას წარმოადგენს. ქვეყანა, რომელიც ეგზოტიკურ კავკასიაში, შავი ზღვის პირას მდებარეობს, რუსეთს და თურქეთს შორის, განთქმულია თავისი ღვინოებითა და დელიკატესებით.

კახეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ რეგიონს წარმოადგენს და ვაზის ჯიშის - „საფერავის“ სამშობლოდ ითვლება.  ამ ვაზის ყურძნის დაწურვის შედეგად მზადდება ღვინო „საფერავი“, რომელიც საქართველოში წარმოებული სასმელის თითქმის 80%-ს შეადგენს. სწორედ აქ, კახეთში ღვინოს მოწყურებული მოგზაურები დაიმაყოფილებენ თავიანთ სურვილს: მათ ექნებათ შესაძლებლობა მიირთვან უძველესი ქართული წესით დამზადებული ღვინო - წესით, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაშია შეტანილი. და თქვენ წარმოიდგინეთ - ესოდენ ძველი ტრადიციით დაყენებული ღვინის ერთ ბოკალს თქვენ სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგად შესვამთ!

როგორც მეცნიერთა გამოკვლევები ადასტურებენ, თიხის დიდ ამფორებს - „ქვევრებს“ - ქართველები ღვინის დასაყენებლად ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 6 ათასი წლის წინათ იყენებდნენ. ღვინის დამზადების ქართულმა ტრადიციამ 2013 წელს იუნესკოს სტატუსი მიიღო. მეღვინეები  ფერმენტირებულ ყურძნის წვენს „ქვევრებში“ - მიწაში ჩადგმულ დიდ თიხის ჭურჭლებში ასხამენ შემდგომი დადუღებიათვის. გარკვეული დროის შემდეგ ჩინებული ღვინო შესასმელად გელოდებათ.

სტუმრები დატკბებიან და ისიამოვნებენ ქართული დროსტარების ტრადიციით, რომელსაც „სუფრა“ ჰქვია და მოიცავს ერთ დიდ მაგიდაზე გაშლილ საჭმელ-სასმელებს, სიმღერების თანხმლებით, სუფრის წევრებისათვის. სუფრის ხელმძღვანელია „თამადა“, რომელიც მღერის და თან სადღეგრძელოებს ამბობს. სუფრა შეიძლება დღე-ღამის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს, თამადას ერთიმეორეზე საუკეთესო სადღეგრძელოები არ გამოელევა.

მოგზაურებმა (დამსვენებლებს) სეუძლიათ მიირთვან ხაჭაპური - ყველისგან, კვერცხისგან  და ხორბლის ფქვილისგან მომზადებული ცხელი ღვეზელი. თუ თქვენ არ გსურთ ცომეულისგან დამზადებული საჭმელი, მაშიმ შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით, ან მწვადი, რომლებიც უგემრიელესია.

საქართველოში - ლონდონიდან თბილისში - წასვლა შესაძლებელია British Airways-სა და EasyJet-ის სამგზავრო თვითმფრინავებით. მოგზაურობისათვის საუკეთესო სეზონია შემოდგომა, როცა დღის ტემპერატურა 20-დან 30-მდე მერყობს.

შემოდგომაზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ პირადად მიიღოთ მონაწილეობა ყურძნის მოსავლის აღების ტრადიციულ დღესასწაულში - რთველში, როცა ქართული ღვინის ფესტივალი იმართება. ეს ხდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში: ადგილობრვი მოსახლეობა ერთად იკრიბება ყურძნის საკრეფად, მღერიან და ვაზის ნაყოფს დასაწურად აგროვებენ, შემდეგ კი ერთად სუფრაზე სხდებიან და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.

 

business
რატომ შემცირდა 2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები? – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

2024 წელს ბათუმში 977.5 მლნ დოლარის ღირებულების 15 195 ბინა გაიყიდა. აქედან 8 608 პირველად, 6 587 კი მეორად ბაზარზე. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვას აქვეყნებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო.

მათი განმარტებით, ეს კლება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით, მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (პროექტები, რომლებიც 2025 წელს სრულდება, თითქმის სრულად გაყიდულია), და სხვა.

„ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია. მომდევნო წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, 2025 წელს, ჩვენი მოლოდინით, ფასები არსებულ დონეზე დასტაბილურდება. ამასთან, მოსალოდნელია ქირის ამონაგების შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - ასე აფასებენ მიმოხილვის ავტორები ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს 2024 წლის ტენდენციების გათვალისწინებით.

Galt & Taggart-მა 2024 წლის იანვარში იმ 8 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა ჩაატარა, რომლებსაც სამშენებლო პროექტები ბათუმში აქვთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის მიზანი პირველად ბაზარზე გაყიდვების დაგვიანებით რეგისტრაციის საკითხის აღმოფხვრა და ბაზრის უახლესი ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობა იყო.

მიმდინარე შედეგებზე დაყრდნობით, პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ტემპი, რეკორდული 2022-23 წლების შემდეგ შემცირდა 2024 წელს. დეველოპერებისგან გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2024 წელს 42.7%-ით შემცირდა.

ამის მიზეზი კი იყო:

  • შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა;
  • მიგრანტების გადინება და დროებითი ფაქტორების ამოწურვა;
  • მოკლე ვადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული რაოდენობა (პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება ბინები თითქმის სრულად გაყიდულია)
  • მაღალი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები გლობალურად

დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი მოსახლეობის წილის კლება ჯამურ გაყიდვებში გაგრძელდა და 2024 წელს 16% შეადგინა. გარდა ამისა, 2023-24 წლებში რუსი მყიდველების წილი 20%-დან 18%-მდე შემცირდა. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების წილის კლება გაყიდვებში ისრაელის მოქალაქეების წილის ზრდით (7%-დან 10%-მდე გაიზარდა 2023-24 წლებში) დაკომპენსირდა.

Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ სამომავლოდ, უცხოური მოთხოვნის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქირის შემოსავლიანობა მიმზიდველ დონეზე შენარჩუნდეს.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, ამ მიმართულებით რეგისტრირებული ტრანზაქციები 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6,587 ბინა გაიყიდა.

„პირველად ბაზართან შედარებით მცირე კლება სავარაუდოდ მიუთითებს შეზღუდული რაოდენობის ბინებზე, რომელთა მშენებლობა მოკლე ვადაში სრულდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას დასრულებულ ბინებზე“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

ტრანზაქციების კლების მიუხედავად, 2024 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა ზრდა განაგრძო და წლიურად საშუალოდ 11.4%-ით გაიზარდა, თუმცა ფასების ზრდის ტემპი წინა წლებთან შედარებით შენელდა. „მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, ზრდის ტემპი 2022-23 წლებთან შედარებით დასტაბილურებულია და საშუალო თვიური ზრდა 23%-დან 1%-მდე შენელდა 2024 წელს“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

ბინების ფასის გათვალისწინებით, გასულ წელს გაიზარდა გაყიდული ბინების ჯამური ღირებულებაც, რამაც 977.5 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი წლიურად 4.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

„რეგისტრირებული ტრანზაქციების შემცირების მიუხედავად, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში მცირე ზომის ბინების (26-50 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, ასევე ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<1000/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - აღნიშნულია ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვაში.

რაც შეეხება უძრავი ქონების გაქირავების ფასებს, ბათუმში, 2024 წლის დეკემბერში ქირის ფასი როგორც მოსალოდნელი იყო მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დასრულებას უკავშირდება.

„ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება და 8.8%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შესადარისი ქალაქების მაჩვენებელს. თუმცა უახლოეს წლებში დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით, მოსალოდნელია იჯარის შემოსავლიანობის შემცირება, თუ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მნიშვნელოვანად არ გაიზრდება“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way