USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
«Daily Mail»: „ექიმებმა გამოავლინეს იმის მიზეზი, თუ რატომ „ეყინება სახე“ და უშტერდება თვალი აშშ-ის პრეზიდენტს“
თარიღი:  

ბრიტანულ გაზეთ „დეილი მეილში“ (Daily Mail) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ექიმებმა გამოავლინეს იმის მიზეზი, თუ რატომ „ეყინება სახე“ და უშტერდება თვალი აშშ-ის პრეზიდენტს“ (ავტორი - ალექსა ლადერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჯო ბაიდენის ხანდაზმული ასაკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყბადაღებულ სალაპარაკო თემად იქცა. განსაკუთრებით „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ ამას წინათ 81 წლის პრეზიდენტის თავს გადახდენილმა ამბავმა, რომელმაც ამერიკული (და არა მარტო ამერიკული)  საზოგადოების შეშფოთება გააძლიერა.

ჯო ბაიდენს ბოლო დროს მზერა „ეყინება“. გასულ კვირას მისი სახის „გაქვავებამ“ და „თვალის გაშტერებამ“ ექსპერტები და ამომრჩევლები ჩვეულებრივზე მეტად შეაშფოთა.

ლოს-ანჟელესში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიისათვის ფინანსების შეკრებას უკავშირდებოდა, ჯო ბაიდენი სიტყვით გამოსვლისას უეცრად გაჩერდა, რამდენიმე წუთის განმავლობაში მზერა გაეყინა და ხალხს უაზროდ უყურებდა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა უარყო სატელევიზიო რეპორტაჟები პრეზიდენტის შენელებული რეაქციის თაობაზე და მათ „მონტაჟი“, „სიცრუე“ და „ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა, უბრალოდ, შეკრებილ ადამიანებს გადახედა და სურდა, რომ ყველა თავის თვალსაწიერში მოექცია.

ლოს-ანჟელესამდე ერთი კვირით ადრე თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე, ქალთა ემანსიპაციის დღის აღნიშვნის დროს გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პრეზიდენტი გაუნძრევლად დგას და კამალა ჰარისს (ვიცე-პრეზიდენტს) გაშტერებული უყურებს. გარდა ამისა, როცა ჯო ბაიდენმა ხმა ამოიღო, აშკარად ეტყობოდა, რომ ენა ებმებოდა და გაურკვევლად ლაპარაკობდა.

იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის დროს, როცა პარაშუტისტების ხტომებს უყურებდა, ჯო ბაოდენი კოლეგებისაგან განზე გავიდა, ხელი გაიშვირა და ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად, მაგრამ სულ სხვა მხარეს, სადაც არცერთი პარაშუტისტი არ ჩანდა. შემდეგ მასთან იტალიის პრემიერ-მინისტრი მივიდა და უკან წამოიყვანა. პრეზიდენტის გუნდში განაცხადეს, რომ პარაშუტისტები იმ მხარესაც ხტებოდნენ, მაგრამ ისინი, უბრალოდ კადრში არ ჩანდნენ.

თეთრ სახლს რეგულარულად უხდება მსგავსი ფაქტების უარყოფა და ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენი ამჟამად საუკეთესო ფორმაშია - როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად - და მას შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა კიდევ ერთი ვადით, 2028 წლამდე, როცა ჯო ბაიდენი 86 წლის გახდება.

თებერვალში გამოქვეყნდა ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველწლიური მედშემოწმების შედეგები დასკვნით, რომ პრეზიდენტს არაფერი არ ემუქრება. მოხსენებაში ჩამოთვლილია ის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც პრეზიდენტს სჭირს, მათ შორის აპნე, მჟავური რეფლექსი, არითმია, ქოლესტერინის მაღალი დონე, სეზონური ალერგია, ართრიტი და ფეხის ნერვების დაზიანება. დოკუმენტში ნაჩვენებია ის წამლები, რომლებითაც პრეზიდენტი სარგებლობს, მათ შორის სისხლის გამათხევადებელი პრეპარატები, რომლებიც უკუჩვენებსაც იძლევიან.

მაგრამ ბოლო დროს სამედიცინო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის „მზერის გაყინვა“ და „თვალის გაშტერება“ შეიძლება სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს.

ერთ-ერთი ლოს-ანჟელესელი ექიმის თქმით, „გაქვავებული სახე, თვალების ნელი ხამხამი და შესუსტებული ჟესტიკულაცია შეიძლება ნერვული სისტემის დარღვევის სიმპტომები იყოს, მაგალითად, პარკინსონის დაავადების ნიშნები“.

როგორც დოქტორმა შეილა ნაზარიანმა, პლასტიკურმა ქირურგმა, თავის „იქს-ქსელში“ აღნიშნა, „ჯო ბაიდენი ჩვეულებრივი მოხუცი მოქალაქე რომ იყოს, ასეთ ფაქტებზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, მაგრამ აშკარაა, რომ აშშ-ის არმიის უმაღლესი მთავარსარდლის გონებრივი სისუსტე ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება. ეს ჩვენ ყველას გვეხება... ჩვენ გვჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც აქტიური იქნება, რომელიც ძალას და ენერგიას გამოასხივებს“.

როგორც დოქტორმა ზიად ნასრედინმა „დეილი მეილს“ განუმარტა, პარკინსონის დაავადებაის დროს შეინიშნება პაციენტის ენის დაბმა და გაურკვეველი ლაპარაკი. გარდა ამისა, აღნიშნული სნეულება გავლენას ახდენს ტვინის მიერ იმ ჰორმონების გამომუშავებაზე, რომელიც სახის ნაკვთების მოძრაობას ამუხრუჭებს.

პარკინსონის დაავადება მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული და მეორე ადგილი უკავია ნეიროდეგენერატიულ დარღვევებში ხანდაზმულ ადამიანებს შორის, ალცჰეიმერის დაავადების შემდეგ. ამერიკულ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა ძლიერდება, თეთრი სახლი კი არასოდეს არ აცხადებს, სჭირს თუ არა ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება. რაც უფრო წლები ემატება ადამიანს, პარკინსონის დაავადების სიპმპტომები მით უფრო ღრმავდება. ის არ იკურნება, მაგრამ სასიკვდილოც არ არის. ავადმყოფი შეიძლება მოკვდეს მისი გართულებით, რომელიც გამოიხატება პნევმონიით, გულის მუშაობის დარღვევით, წაქცევით, სუნთქვის შეჩერებით და ა.შ. პარკინსონის დაავადებას თან ახლავს ნორმალური აზროვნების დარღვევა, კოგნიტიური სირთულეები, დეპრესია..

თებერვალში დამკვირვებლებმა შეამჩნიეს, რომ ჯო ბაიდენმა დაიწყო მსოფლიო ლიდერების სახელების ერთმანეთში არევა, რაც ადრე არ ვლინდებოდა. მას ეგვიპტის პრეზიდენტის სახელი მექსიკის პრეზიდენტის სახელში აერია. იმავე თვეში ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტს „ჰამასის“ სახელი დაავიწყდა. გარდა ამისა, ჯო ბაიდენს უეცრად დაავიწყდა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელი, შეჩერდა და შემდეგ მას ფრანსუა მიტერანი უწოდა, რომელიც 28 წლის გარდაიცვალა. ჯო ბაიდენს ასევე აერია ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აწ უკვე გარდაცვლილ ყოფილ კანცლერ ჰელმუტ კოლში.

დოქტორი ზიად ნასრედინი „დეილი მეილთან“ საუბრისას ამბობს, რომ დაბერების ნორმალური პროცესის დროს ამდენი შეცდომის ასეთი მასშტაბებით გამოვლენა მართლაც შემაშფოთებელია: „ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ყველანი ვცდებით, ვბერდებით და რაღაცეები გვავიწყდება, მაგრამ თუ ეს ხშირად ვლინდება, მაშინ ორგანიზმის მდგომარეობა კითხვებს იწვევს“.

ნიუ-იორკელი ცნობილი დოქტორის სტიუარტ ფიშერის თქმით, „აუცილებელია ჯო ბაიდენს კოგნიტიური ტესტი ჩაუტარდეს და შედეგები საჯაროდ გახდეს ცნობილი. რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს სიბერის აღიარება, მათ შორის მეც, მაგრამ პრეზიდენტი რომ ხარ, სახელმწიფო მოსამსახურე და უმაღლეს თანამდებობას იკავებ, პასუხისმგებელი უნდა იყო იმათ წინაშე, ვინც ხმა მოგცა და აგირჩია“.

ამერიკელების მიერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობით დაინტერესება გასაგებია (მით უმეტეს, რომ მას მეორე ვადით სურს პრეზიდენტობა), მაგრამ მოქალაქეები ინტერესდებიან პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის მდგომარეობითაც, რომელსაც ასევე ხშირად მოსდის ხოლმე ასაკთან დაკავშირებული კურიოზები. 77 წლის დონალდს ზოგჯერ უცნაური გამონათქვამები აქვს ხოლმე, თუმცა მისი მომხრეები ამას ტრამპის საუბრის თავისუფალი სტილით ხსნიან.

მაგრამ ექსპერტები ამჩნევენ, რომ ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის მეტყველებაში ჯანმრთელობის ფარული პრობლემები გამოიხატება. მაგალითად, დოქტორი ელისაბედ ლანდსვერკი, გერიატრი და ასაკობრივი ჭკუასუსტობის სპეციალისტი, ამბობს, რომ ჯო ბაიდენის გადაცდომები, როგორც წესი, მოკლევადიანია, მაგრამ სერიოზული (სიარულის დროს ფეხი ერევა, კიბეზე ასვლა უძნელდება, გონებას კარგავს, თვალი უშტერდება). ამასთან, იგი თავის შეცდომებს ამჩნევს და განიცდის. დონალდ ტრამპი კი, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარეგნულად ჯო ბაიდენზე უფრო ფიზიკურად ჯანმრთელად გამოიყურება, ბევრს ლაპარაკობს და შეცდომებს ვერ ამჩნევს. გარდა ამისა, ექსპერტებს სერიოზულ „დამამძიმებელ“ მოვლენად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპის მამა ფრედ ტრამპი დემენციით იყო დაავადებული, რომელიც მემკვიდრეობით სნეულებად ითვლება.

წყარო: https://www.dailymail.co.uk/health/article-13538817/Doctors-reveal-Biden-freezing-episodes-Parkinsons.html

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.