შვედეთის ყველაზე მრავალტირაჟიან ყოველდღიურ გაზეთ „დაგენს ნიჰეტერში“ (Dagens Nyheter) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის მიერ დანიშნული „კეთილი კაცი“ ომის უპირველეს მომხრე-გამჩაღებლად გადაიქცა“ (ავტორი - ინგმარ ნევუსი), რომელშიც დიმიტრი მედვედევის - რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - პოლიტიკური პორტრეტის შტრიხებია გადმოცემული.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
2010-იანი წლების დასაწყისში დიმიტრი მედვედევში ბევრი ხედავდა თანამედროვე რუსეთის სიმბოლოს - ვლადიმერ პუტინის შედარებით უფრო კეთილ ვარიანტს, რომელსაც ასევე „კარგი პირადი ქიმია“ (ურთიერთშეწყობის კარგი უნარი) ჰქონდა ბარაკ ობამასთან. ამჟამად კი ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ ომის ნომერ პირველი გამჩაღებელი გახდა მოსკოვში, რომელიც ყოველდღიურად ავრცელებს მუქარის შემცველ განცხადებებს და სიძულვილს აფრქვევს უკრაინისა და დასავლეთის მისამართით.
როგორ მოხდა ასეთი კონტრასტული ტრანსფორმაცია?
2008 წლის თებერვალი იყო, როცა მე სანქტ-პეტერბურში ჩავედი დიმიტრი მედვედევზე სტატიის დასაწერა, მისი პოლიტიკური პორტრეტის შესაქმნელად, იმ დროს უკვე იგი წამოყენებული ჰყავდა ვლადიმერ პუტინს თავის მემკვიდრედ, პრეზიდენტობის კანდიდატად. მე ვიყავი კუპჩინოში, სანქტ-პეტერბურგის მოწყენილ გარეუბანში, სადაც დიმიტრი მედვედევი გაიზარდა, ავიღე ინტერვიუ მისი პირველი მასწავლებელისგან... მოკლედ, მასალა მოვამზადე, რამდენიმე კვირის შემდეგ კი იგი რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს. ეს უბრალო ფორმალობა იყო, იმიტომ მას,როგორც ვლადიმერ პუტინის მიერ რეკომენდებულს, აუცილებლად აირჩევდნენ. მალე დიმიტრი მედვედევსა და მის ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას შორის, რომელიც ასევე 2008 წლის ბოლოს აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად, კარგი მეგობრული ურთიერთობა დამყარდა.
დიმიტრი მედვედევი ყველაფერს ვლადიმერ პუტინს უნდა უმადლოდეს: იგი მისი ტალანტიური და ერთგული ქვეშევრდომი იყო, რომელიც კარიერულად თანდათან მაღლა მიდიოდა, მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა და საბოლოო ჯამში სწორედ მას ხვდა წილათ თავისი დამრიგებელი ოთხი წლის განმავლობაში ჩაენაცვლებინა.
მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი მედვედევს ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, მე და ბევრი უცხოელი ჟურნალისტები მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებასაც ვხედავით - ყოველ შემთხვევაში, მუშაობისა და ქცევის სტილში მაინც.
ყველა აღნიშნავდა მედვედევის მიდრეკილებას ბრიტანული „ჰარდ-როკისადმი“ და იმ ფაქტი, რომ მას ბრიტანული როკ-ჯგუფის Deep Purple-ს ფირფიტების სრული კოლექცია ჰქონდა და რომ იგ თანამედროვე ადამიანი იყო - ყოველ შემთხვევაში „აიფონით“ სარგებლობდა და „ეს-ემ-ეს“-ების გაგზავნა ეხერხებოდა. მისი გარეგნობა შორს იყო „მაგარი მაჩოს“ სტილისაგან, რომელსაც „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკი ვლადიმერ პუტინი კულტივირებდა - თავისი უხეში სლენგებით, შიშველი სხეულისა და კუნთების ჩვენებით სხვადასხვა ველური ბუნების ადგილებში.
აი, როგორ ვწერდი დიმიტრი მედვედევზე ჩემს სტატიაში იმ დროს, 15 წლის წინათ: „იგი ისე დადის, იცვამს და ისე იქცევა, როგორც რომელიღაც ტრანსეროვნული კომპანიის ფინანსური დირექტორი. მისთვის უცხოა უხეში სიტყვები და მკაცრი განცხადებები შინაური და გარეული მტრებისადმი. მათ ნაცვლად მისი სიტყვების ლექსიკონში ვხედავთ და გვესმის „თავისუფლება“, „კანონის უზენაესობა“ და „დასავლური და ევროპული ფასეულობები“ - ანუ ისეთი ტერმინები, რომელთა მოსმენისას დასავლელ ექსპერტებს და ლიბერალებს მოსკოვში სიამოვნებისაგან თვალები უბრწყინდებოდათ...
დღეს დიმიტრი მედვედევს ისეთნაირად უკვე არავინ აღარ დაახასიათებს. ოდესღაც თავშეკავებული ექს-პრეზიდენტი ამჟამად რუსულ ელიტაში ერთ-ერთ ყველაზე გააფთრებულ ადამიანად და ომის გამჩაღებლად არის გადაქცეული. 2023 წლის დროინდელი დიმიტრი მედვედევისათვის უხეში სიტყვებისა და დამცინავ-დამამცირებელი განცხადებების გაკეთება ჩვეულებრივ საქმედ იქცა. იმის ნაცვლად, რომ პუტინის „კეთილი“ ვარიანტი ყოფილიყო, მედვედევი პრეზიდენტის მკაცრი ხმა გახდა რუსეთის გარეთ დასავლეთისა და უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის შიგნით - „შინაური გამყიდველების“ წინააღმდეგ.
ზოგჯერ დიმიტრი მედვედევის განცხადებები ისეთ მძიმე შთაბეჭდილებას ქმნის, რომ მასთან შედარებით ვლადიმერ პუტინი ზრდილობიან და უფრო თავშეკავებულად გამოიყურება.
აი, რას წერს დიმიტრი მედვედევი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით:
„სრულიად შესაძლებელია იმ ჰიპერბგერითი რაკეტის გაშვება ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული სამხედრო ხომალდიდან პირდაპირ ჰააგის სასამართლოს შენობაზე. ასე რომ, ბატონო მოსამართლეებო, ყურადღებით უყურეთ ცას...“.
უკრაინის ომის დაწყებიდან პირველ წლისთავზე:
„ეს იყო წელი, როცა ჩვენმა სამხედროებმა წესრიგი, მშვიდობა და სამართლიანობა აღადგინეს ჩვენს მიწაზე, როცა ისინი ჩვენს ხალხს იცავდნენ და ნეონაციზმის ფესვებს ანადგურებდნენ. ისინი გმირები არიან“.
დასავლეთის მიერ უკრაინისადმი იარაღის მიწოდებაზე:
„ჩვენი მტრები ვერ ხვდებიან იმას, რომ მათ მოქმედებას აპოკალიფსისაკენ მივყავართ - იქით, სადაც ივიწყებ შენს წინა ცხოვრებას რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში - მანამ, სანამ ნანგრევები რადიოაქტიურ გამოსხივებას არ შეწყვეტენ“.
დღევანდელი დიმიტრი მედვედევისათვის უხეში გამონათქვამები მისი ტირადის გაუყოფელ ნაწილად ითვლება: იგი ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს ხშირად უწოდებს „იმბეცილებს“, „ქვეშაფსიებს“ და კიდევ უფრო უარეს ეპითეტებს.
დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხშირად მოიხსენიებს „ცირკის ძაღლად“, „ნარკომანად“, „წვეროსან ფოტომოდელად აყროლებულ მწვანე სვიტერში“... ევროპის კომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს კი მეტსახელად „დეიდა გინეკოლოგს“ ეძახის.
რა დაემართა ახალგაზრდა, „კარგად დავარცხნილ პრეზიდენტს“ - თეთრ მტრედს, რომელიც ცდილობდა ყველას მოსწონებოდა?
პირველ რიგში, ალბათ, უნდა ავღნიშნო, რომ იმედები იმისა, რომ დიმიტრი მედვედევი „ლიბერალია“ და მშვიდობისმოყვარული ადამიანიო, უკიდურესად გადაჭარბებული იყო ჯერ კიდევ 15 წლის წინათ. გავიხსენოთ, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა რუსეთის თავდასხმა საქართველოზე 2008 წელს - ამ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის არმიის მიერ დღემდე გრძელდება.
დიმიტრი მედვედევის ლაპარაკი „თავისუფლებაზე“ და „კანონის უზენაესობაზე“ მალევე შეწყდა. მისი მმართველობის დროს არცერთ სფეროში არანაირი მნივნელოვანი რეფორმა არ გატარებულა. წარუმეტებელი გამოდგა მისი ეკონომიკური გეგმაც - შეემცირებინა რუსეთის დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის ექსპორტზე.
ბევრი ექსპერტი ეთანხმება აგრეთვე იმ აზრს, რომ დიმიტრი მედვედევის ოთხწლიანი პრეზიდენტობა მისთვის ძირითადად აზარტული თამაშის ტოლფასი იყო, რომლის დროსაც ყველაფერს ვლადიმერ პუტინი განაგებდა. ამ მხრივ ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ დიმიტრი მედვედევი სამსახურებრივად დაქვემდებარებულ პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს „თქვენობით“ და „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩით“ მიმართავდა იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინი საუბრის დროს მის სახელს საერთოდ არ ახსენებდა.
ნამდვილად ჰქონდა თუ არა იმ დროს რუსეთის მესამე პრეზიდენტს ქვეყნის მოდერნიზების ამბიციები და დასავლეთთან დაახლოება, ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ.
დიმიტრი მედვედევი - ისევე როგორც კრემლის ელიტის ყველა სხვა წარმომადგენლები, იყო და რჩება უბრალო პაიკად, რომელიც ვლადიმერ პუტინისათვის თამაშის წესებს ცვლის. მეტი არაფერი. სხვათა შორის, როცა იგი 2020 წელს, 8-წლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ ჩამოაქვეითეს (ეს თანამდებობა სპეციალურად მისთვის შეიქმნა), მას მადლობის თქმის მეტი არაფერი რჩებოდა - სხვა გზა არ ჰქონდა.
სწორედ ის ძალოვანები სხედან უშიშროების საბჭოში, რომლებსაც დიდ პოსტებს უკავიათ სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებში, რომლებიც ვლადიმერ პუტინის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს. აკადემიკოსი დიმიტრი მედვედევი მათთვის არაფერია.
ბრიტანელი პროფესორი მარკ გალეოთი, რომელიც რუსეთის პოლიტიკის მკვლევარია, უშიშროების საბჭოში ყოფილი პრეზიდენტის როლს ასე აღწერს: „ეს იმას ჰგავს, როცა კლასის სულელ ნიჭს მაგარი ბიჭების მერხზე დაჯდომას აიძულებენ. ახლა მას სურს აჩვენოს, რომ იგი სწორედ ერთ-ერთი მაგარი ბიჭია. შესაძლოა მისი მხრიდან მუშტების ქნევა და ყოველივე უკრაინულისადმი ზიზღი, „განკითხვის დღით“ დამუქრება იმას ემსახურება, რომ ბოსმა - ვლადიმერ პუტინმა - მადლობის ნიშნად თავზე ხელი გადაუსვას“.
თუმცა აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტის პოსტზე დიმიტრი მედვედევს მიღებული აქვს ერთადერთი სრულიად დამოუკიდებელი გადწყვეტილება, რომელიც ვლადიმერ პუტინის პოზიციას მართლაც ეწინააღმდეგებოდა: ეს იყო 2011 წლის მარტში, როცა რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო არ დაადო ლიბიაში დაწყებული სამოქალაქო ომის საკითხის განხილვას, მხოლოდ თავი შეიკავა და ამით ლეგიტიმურად მისცა შესაძლებლობა ამერიკას და მის მოკავშირეებს ლიბიის ომში ჩარეულიყვნენ და მშვიდობიანი მოსახლეობა დიქტატორ მუამარ კადაფის ჯარისაგან დაეცვათ.
ვლადიმერ პუტინმა იმ დროს განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუცია „ჯვაროსნულ ლაშქრობისათვის შუა საუკუნეების მოწოდებას გვაგონებსო“. დიმიტრი მედვედევმა კი რეპლიკით უპასუხა - „კი, მაგრამ ასეთმა განცხადებამ ცივილიზაციათა ომამდე შეიძლება მიგვიყვანოსო“. ეს იყო და ეს. ამის შემდეგ პრეზიდენტი „თავისი ბოსის“ - პრემიერ-მინისტრის - დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდა.
დღეს იგივე დიმიტრი მედვედევი უკრაინაში მიმდინარე ომს (ანუ ე.წ. „სპეცოპერაციას“) სწორედ „ცივილიზაციათა ომად“ მიიჩნევს, ოღონდ ამჟამად მხოლოდ ბოროტი დასავლეთის, ნაციტების, ნარკომანებისა და სატანისტების წინააღმდეგ მიმართულად. იგი მიესალმება ასეთ ომს. დიმიტრი მედვედევი პუტინის თვალში მუდმივ რეაბილიტაციას ცდილობს. დღეს საკითხი ასე დგას - რამდენად საკმარისია მისი მკაცრი და გაბოროტებული ტონი იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინმა მას ლიბიის ამბების დროს დაშვებული შეცდომა აპატიოს. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ადვილი არ არის: ვლადიმერ პუტინი თავის წინამორბედს საჯაროდ არასოდეს არ ახსენებს სახელითა და გვარით.
წყარო: https://www.dn.se/varlden/putins-snalla-underhuggare-blev-krighetsaren-nummer-ett/