USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«Dagens Nyheter» (შვედეთი): „პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ: მათ ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ, საქართველო კი ჯერ-ჯერობით მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“
Date:  770

შვედეთის ყველაზე მრავალტირაჟიან ყოველდღიურ გაზეთ „დაგენს ნიჰეტერში“ (Dagens Nyheter) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ: მათ ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ, საქართველო კი ჯერ-ჯერობით მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“, რომლის ავტორი ანალენა ლორენი საქართველოში იმყოფებოდა.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ზოგჯერ, როცა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ვმოგზაურობ, ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი იქნებოდა ფინეთი დღეს, მისი ტერიტორია რომ 1944 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო. იქნებოდნენ თუ არა ფინელი პოლიტიკოსები პოპულისტები და შეთქმულების თეორიების მოყვარულნი? გააშავებდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს პოლიტიკური დებატების დროს? დააბრალებენ თუ არა ერთმანეთს რუსეთის გავლენის აგენტობას და ჯაშუშობას?

თბილისში, რონდელის ცენტრის ცენტრის კონფერენც-დარბაზში ვარ, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან ფინანსდება. ვესაუბრები კახა გოგოლაშვილს, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის კვლევის განყოფილებას ხელმძღვანელობს. იგი უკმაყოფილოა საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაციით: ხელისუფლება ნეგატიურადაა განწყობილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელთა საქმიანობა უცხოეთიდან ფინანსდება: „საქართველო შვედეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. თქვენთან და საერთოდ, ჩრდ. ევროპის ქვეყნებში სოციალურ პრობლემებს, ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მოქალაქეებისადმი დახმარებას ადგილობრივი ადმინისტრაციები წყვეტენ, საქართველოში კი დასავლეთის გარეშე მსგავსი საკითხების მოგვარება შეუძლებელია“, - ამბობს იგი.

„მე ყოველთვის ვცდილობდი საქართველოს იმიჯის ბალანსირებას, როცა ევროპელ დიპლომატებს ვხვდებოდი. ვამბობდი, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქარტველოს ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. მაგრამ დღეს, სამწუხროდ, ასე აღარ ვფიქრობ. ვატყობ, რომ ხელისუფლება განგებ და წინასწარგანზრახულად ანელებს ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

ერთი წლის წინ სიტუაცია უფრო პოზიტიურად გამოიყურებოდა: საქართველომ განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, უკრაინისა და მოლდოვას კვალდაკვალ. ოპტიმიზმი დიდი იყო, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრით სიტუაცია მოულოდნელად ხელსაყრელი გახდა: ომმა ევროკავშირი აიძულა მეტი ყურადღება გამოეჩინა პერიფერიაში მდებარე იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, რომლებიც პროევროპულად იყვნენ განწყობილნი. მოკლედ, ის დრო დადგა, როცა ამბობენ ხოლმე - „რკინა სანამ ცხელია, მაშინ უნდა გამოჭედოო“.

მაგრამ საქართველოსთვის მიღების პროცესი შეჩერდა: უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში მიღების კანდიდატის სტატუსი გაინაღდეს, საქართველოს კი არ მისცეს. ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურია.

„მოლდოვა ჩვენზე ღარიბი სახელმწიფოა, უკრაინაში კი კორუფცია მეფობს. და მაინც, ამის მიუხედავად, ევროკავშირმა, ჩვენთან შედარებით, უპირატესობა მათ მიანიჭა - იმიტომ, რომ მოლდოვასა და უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადვილია. ევროკომისია არ ენდობა საქართველოს მთავრობას და იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ. ამ საკითხში კატალიზატორის როლი შეასრულა კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მმართველი პარტიის მხარდამჭერმა დეპუტატებმა შეიმუშავეს და რომელიც ფაქტიურად, რუსული ანალოგიური კანონის ასლს წარმოადგენს. სამდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა კანონპროექტი საპარლამენტო განხილვიდან მოეხსნა და უკან გაეტანა“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ პრორუსული პარტიის რეპუტაცია აქვს, რაც მის დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება - რუსეთის ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მთელი თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. თავისი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით ბოლო დროს „ქართული ოცნება“ არასამთავრობო სექტორის გაკონტროლებასაც შეეცადა - ისეთებისას, რომლებიც მთავრობის საქმიანობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი, მაგალითად, „ღია საზოგადოება“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. ზემოთ ხსენებული კანონპროექტის მიხედვით, მათ მიაწებებდნენ უცხოური აგენტების იარლიყებს.

გიორგი ჩიტიძე, რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილ ფონდში „ღია საზოგადოება - საქართველოში“ მუშაობს, ამბობს, რომ მსგავსი საკითხი პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროსაც არსებობდა, თუმცა დღეს იგი აშშ-სათვის და საერთოდ, დასავლეთისათვის გმირს წარმოადგენს. როცა იგი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააპატიმრა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის შარავანდედი დასავლეთში უფრო გაბრწყინდა.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ერთიდაიგივე ადგილს ვტკეპნით, თითქოსდა მოჯადოებულ წრეში ვართ. ყველა მთავრობა ერთნაირ შეცდომებს უშვებს: ჯერ რეფორმებს გვპირდებიან, შემდეგ კი, როცა დაპირებას არ ასრულებენ და მათ კრიტიკას ვიწყებთ, უკმაყოფილებას გამოხატავენ და ჩვენთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ. სწორედ ასეთ დროს ცდილობენ გვიწოდონ აგენტები და ქართველი ხალხის მტრები“, - ამბობს გიორგი ჩიტიძე.

საქართველოში, საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან აქტიურია ისეთ საკითხებში, როგორიცაა გამჭვირვალობა და ადამიანის უფლებების დაცვა, სოციალური სექტორი. „საქართველოს ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მცირე ყურადღება ექცევა სოციალურ უზრუნველყოფას, ისეთი ლიბერტარიანული იდეალებით, როგორიც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში არსებობენ.

„ჩვენი ინტიტუტები სუსტია, საზოგადოება მთავრობის მიერ კონტროლდება. ოპოზიციას მოსახლეობა არ ენდობა, მასმედია პოლარიზებულია. ჩვენი მრავალპარტიული სისტემა არ მუშაობს. ჩვენტან არ არსებობს ხელისუფლების გაყოფის პოლიტიკური კულტურა. ამ ყველაფერს კი იქამდე მივყავართ, რომ მხოლოდ მოქალაქეთა არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოადგენენ იმ ერთადერთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთადერთი საშუალებაა, რომ რიგითმა მოქალაქემ ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს. აი, რატომ არ მოვწონვართ მათ, ვინც ხელისუფლებაში იმყოფებიან“, - ამბობს გიორგი ჩიტიძე.

„ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ გამოთქმული შეფასება ეხება მოლდოვასა და უკრაინაში შექმნილ ანალოგიურ სიტუაციასაც, რომელთა მიმართ  ევროკავშირს ადრე თუ გვიან იგივე პრობლემები გაუჩნდება.

წყარო: https://www.dn.se/varlden/anna-lena-lauren-postsovjetiska-lander-vill-se-varlden-i-svartvitt/

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way