USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
თბილისი
7 მთავარი კითხვა ყარაბახის კონფლიქტის და სამშვიდობო შეთანხმების გარშემო
თარიღი:  1249

44  დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელსაც ათასობით ჯარისკაცი შეეწირა, ოფიციალურად 10 ნოემბრის ღამეს დასრულდა. შეთანხმებას ხელი სამმა მხარემ - აზებაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს. 

შეთანხმების მიხედვით სომხეთი კარგავს მთიანი ყარაბახის მნიშვნელოვან ნაწილს და გარშემო ოკუპირებულ ტერიტორიებს სრულად.  მოვლენების ასეთი დასასრული სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ სურათს ქმნის. ზემოხსენებულ სამ სახელმწიფოსთან ერთად თამაშში  თურქეთიც  აქტიურად ერთვება.

 

რა არის შეთანხმების პირობები?

შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტისაგან შედგება. რა თქმა უნდა, უმთავრესი მხარეთა შორის უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლაა.   შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ რეგიონში სამომავლოდ მშვიდობის დაცვას რუსეთი უზრუნველყოფს. ცნობილია კონკრეტული რიცხვებიც: ტერიტორიაზე 1960  ჯარისკაცი, 90 ჯავშანტრანსპორტიორი და 370 ერთეული სპეცტექნიკა განთავსდება. 

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ახსენა, რომ რუსი სამშვიდობოების მხარდამხარ თურქეთიც გადმოსხამს თავის სამხედროებს, თუმცა ოფიციალურ ტექსტში მსგავსი პუნქტი არ იძებნება.   მოგვიანებით პუტინის პრესსამსახური უფროსმა  პესკოვმა განმარტა, რომ თურქეთი „მეგობრულად“ დაეხმარება აზერბაიჯანს სიტუაციის გაკონტროლებაში, თუმცა არა ყარაბახის ტერიტორიიდან.

 

რატომ დასრულდა ომი ახლა?

დაპირისპირებული მხარეების განმარტებით ომის ბედი ქალაქმა შუშამ გადაწყვიტა. შუშა თავისი მიუდგომელი და ამავდროულად  ცენტრალური მდებარეობის გამო სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტია და მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მისი ხელში ჩაგდება 8 ნოემბერს მოახერხა, სომხეთის პოზიციები საგრძნობლად დასუსტდა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ სომხეთი მაინც დაკარგავდა ოკუპირებულ ტერიტორიებს და ომის შეწყვეტით ორივე მხარემ უსარგებლო მსხვერპლი  აირიდა თავიდან.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის აუცილებლობაზე თხოვნა და რჩევა პირდაპირ თავისი არმიის მეთაურებისგან მიიღო. „წარმოიდგინეთ, რომ შენი ჯარისკაცები გეუბნებიან, რომ იმედი აღარ არის, ცხადია, უნდა შევჩერებულიყავით“.

 

რატომ არ არის შეთანხმებაში საკითხი ყარაბახის სტატუსი შესახებ? რას ამბობენ დაპირისპირებული მხარეები სამომავლო მშვიდობის შესახებ?

შეთანხმებაში არაფერი არაა ნათქვამი მთიანი ყარაბახის არაღიარებული ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური სტატუსის შესახებ, რომლის ტერიტორიაც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული.

დიმიტრი პესკოვის განცხადებიდან ირკვევა, რომ, მოკლევადიან პერსპექტივაში ოფიციალური მოსკოვი არ აპირებს ავტონომიურ რესპუბლიკას მკაცრი პირობები წაუყენოს. ტერიტორიაზე დარჩებიან როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი სამხედროები, ისევე როგორც ეს ომის დაწყებამდე იყო. 

„დღევანდელი მდგომარეობა სამომავლო მშვიდობის გარანტი ნამდვილად არაა“ - წერს ბიბისის ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჰანს გუტბორგი. მისი აზრით, სიტუაციის დასტაბილურებისა და საზღვრების უსაფრთხოდ გახსნის მიზნით აზერბაიჯანმა გამარჯვების ეიფორია უნდა დაივიწყოს და სომხეთთან და რუსეთთან დიალოგში შევიდეს.

ამ მოსაზრებას ეთანხმებიან როგორც სომეხი, ისე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები. „ ჩვენ ძალიან დიდხანს ვებრძოდით ერთმანეთს, დროა ერთმანეთის მოსმენა და გაგებაც დავიწყოთ, ამისთვის კი ნეიტრალური ქვეყნების მხარდაჭერა გვჭირდება“ - ვკითხულობთ ერთ-ერთ სტატიაში.

 

რას მიაღწია აზერბაიჯანმა და რითაა ბაქოსთვის ნახიჩევანი მნიშვნელოვანი?

ზერბაიჯანმა ისტორიულად საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნა და ერთმნიშვნელოვნად აკონტროლებს ქალაქ შუშას, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყარაბახის მხარის გაკონტროლების გასაღებია.  გარდა ამისა, სამ მხარეს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანი უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო დერეფანს მიიღებს.თუ ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით წავიდა, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის შეიძლება დიდ გამოწვევად იქცეს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სატრანსპორტო ნაკადი შესაძლოა აზერბაიჯანის ახალშეძენილმა სატრანსპორტო დერეფანმა ჩაანაცვლოს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილ სიკეთეებთან ერთად აზერბაიჯანს რუსი სამშვიდობოებიც ხვდათ წილად. ოფიციალური აზერბაიჯანი ამ თემის განხილვას ჯერ-ჯერობით თავს არიდებს, თუმცა კეთდება განცხადებები ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან. პარლამენტის წევრი რასიმ მუსაბეკოვი პირდაპირ აცხადებს, რომ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა მშვიდობის გარდა ყველაფერს მოიტანს. რა თქმა უნდა, ამ ეჭვს იგი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით გამოთქვამს. „მოლდოვის გაყინული კონფლიქტი და საქართველოს დაკარგული ტერიტორიები ბევრს ამბობს რუსული სამშვიდობო მისიების შესახებ“.

 

რა ელის სომხეთს და ემუქრება თუ არა ფაშინიანს რევოლუცია?

შეთანხმებაზე ხელის მოწერამ ერევანში დიდი არეულობა გამოიწვია. ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სათავეში 2018 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ მოვიდა, თავად შეეჩეხა ქუჩის ბუნტის საფრთხეებს.

პროტესტი 11 ნოემბრის დილასვე დაიწყო და საღამოსთვის მთავრობის სახლის წინ რამდენიმე ათასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი. ისინი შენობაში შეიჭრნენ,პრემიერის კაბინეტის კარი  ჩამოიღეს და პარლამენტის სპიკერ მირზოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი გერეგინ II და ფაშინიანს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

პრემიერი პრეზიდენტმა სარქისიანმაც დაადანაშაულა და საზოგადოებას განუცხადა, რომ ფაშინიანს ხელის მოწერის წინ მასთან კონსულტაცია არ გაუვლია.  

პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტისა და სამშვიდობო შეთანხმების სასწრაფოდ შეწყვეტის მოთხოვნით ერთდროულად 17 ოპოზიციური პარტია გამოვიდა, მათ შორის იყო ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც.

თავად ფაშინიანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერის მიზეზი არმიის გენერლებთან კონსულტაცია გახდა.  მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიები პოპულისტურ, იაფფასიან  პროვოკაციებს აწყობენ და ამით საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან.

ასეთი ქაოსის მიუხედავად, სომხეთში არც თუ ისე ცოტა თვლის, რომ ომის ასე დასრულება სომხეთისთვის შეიძლება სულაც არ იყოს ძალიან საზიანო და ქვეყანამ,  რომელიც მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული, შესაძლოა პოლიტიკური კომპასი უკვე დასავლეთის მიმართულებით მომართოს.

 

რატომ ადრევე არ ჩაერია კონფლიქტში და რას მოუტანს რუსეთს ყარაბახის სამშვიდობო მისია?

ფორმალურად, სანამ სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანის აღიარებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა რუსეთს  ჩარევის უფლება არ ჰქონდა, ხოლო სამშვიდობო მისიის შეყვანა მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში შეეძლო.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის „უმოქმედობის“ რეალური მიზეზი თურქეთი იყო, რომელმაც აზერბაიჯანის მხარე თავიდანვე ერთმნიშვნელოვნად დაიჭირა.  რუსეთ-თურქეთის კონსტრუქციული ურთიერთობები კი რუსეთისათვის სირიის კონფლიქტში ძალზედ საჭიროა, ამიტომ სომხეთის დასახმარებლად თურქეთთან პარტნიორობა საფრთხის ქვეშ არ დააყენა.

ვითარება 10 ნოემბრის ღამეს, ჯერ კიდევ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე შეიცვალა, როცა  აზერბაიჯანულმა მხარემ ნახიჩევანის საზღვართან რუსეთის ვეტმფრენი ჩამოაგდო. დაიღუპა 2 და მძიმედ დაიჭრა 1 სამხედრო პირი. 

რუსეთმა ეს ინციდენტი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დასაჩქარებლად გამოიყენა. მიიღო ოფიციალური აზერბაიჯანის ბოდიში და იმ ღამესვე მხარეები მრგვალ მაგიდასთან მიიწვია. 

„რუსეთის ერთადერთი ინტერესი რეგიონში მშვიდობის დამყარებაა, ჩვენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ არანაირი ზომების მიღებას არ ვაპირებთ “ - აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.  

რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ორივე მხარის თანხმობით ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების მობილიზება შეძლეს, სამომავლო პერსპექტივაში რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.  ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს უორლიკის სტატიაში ვკითხულობთ: „რუსეთი კულისებიდან მართვისა და სამშვიდობო მისიების ტერიტორიების ოკუპაციად გადაქცევის ვირტუოზია, საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ ამ შემთხვევაში“.

 

რას მიაღწია თურქეთმა  და რამდენად გაიზარდა ანკარას გავლენა კავკასიის რეგიონში?

კონფლიქტის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყვეტა თურქეთის პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში ცალსახად ამყარებს.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, ისევე როგორც აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვისაც პირდაპირი სატრანსპორტო დერეფნის გახსნაა სომხეთის გავლით.

„თურქეთმა ამ ომისგან მაქსიმუმი გამოწურა. მისი პოზიციები ერთმნიშვნელოვნად გამყარდა და როგორც ჩანს, საქართველოსთანაც აპირებს ურთიერთობების გაღრმავებას, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიაში ფეხი უკვე მყარად აქვს მოკიდებული“ - აცხადებს რუსი ექსპერტი ალექსეი მაკარკინი.

ერი რამ მკაფიოა - თურქეთის მცდელობები, კავკასიის შიდა პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონიოს, პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს.   დანარჩენი უკვე მომავლის საკითხია.

 

მასალა მომზადებულია bbc-ის რუსული ბიუროს სტატიის მიხედვით

კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.