- ორი დღის გათავისუფლებულ პიატიხატკის ხელახლა ოკუპირებისათვის რუსულმა სამხედრო ძალებმა ლოკალური კონტრშეტევა განახორციელა. იერიში რუსული შემტევი ძალებისათვის კატასტროფულად დასრულდა. მოიერიშე მძიმე ტექნიკა ცოცხალ ძალასთან ერთად პიატიხატკის მისადგომებთან უკრაინელებმა გაანადგურეს. ახლა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ჟერებიანკასათვის. შეტაკებები ძალიან ინტენსიურ ხასიათს ატარებს. როგორც ჩანს უკრაინელები ვასილივკასაკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობის ყველა კერის განეიტრალებასთან ერთად ვასილივკადან ჩრდილოეთით ვასილივკა-კამიანკას მონაკვეთზე ოკუპირებულ დასახლებებსა და პოზიციებზე მყოფ რუსულ ნაწილებს ქალაქისაკენ უკან დახევას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
- ბახმუტის შემოგარენში სატანკო ბრძოლა მიმდინარეობს. სამხრეთით კურდიუმივკას მისადგომებთან სასანგრე პოზიციების შტურმთან ერთად ორივე მხრიდანაა ჩართული სატანკო ნაწილები. უკრაინელები აშკარად ჯაბნიან როგორც მობილურობასა და ინიციატივის ქონაში, ისე სატანკო დუელებშიც. ყოველდღიურად რამდენიმე სანგრის აღებასა და ასეული მეტრით წინ წაწევას ვუყურებთ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთი უკრაინული კონტრშეტევის მთავარი ბირთვი ჯერ არ არის, ბახმუტის ირგვლივ მოვლენების გაშუქება საკმაოდ ლიმიტირებულია და შეიძლება რამდენიმე ვიდეოთი შემოიფარგლოს ხოლმე. ამასთან, ბახმუტის სიახლოვეს უკრაინელებმა მოიერიშე შვეულმფრენი კა-52 ჩამოაგდეს.
- ოკუპირებულ ხერსონის ოლქში ქალაქ კახოვკასთან მდებარე რუსული იარაღის საწყობი დაიბომბა. დაბომბვას შემდგომი აფეთქებების სერია მოჰყვა. კახოვკა და ნოვა კახოვკა სხვადასხვა ქალაქია. კახოვკა ნოვა კახოვკას თავზე, ჩრდილოეთით მდებარეობს.
- კვლავ დაიბომბა ბერდიანსკიც, ზაპორიჟიას ოლქში. რუსული არმიის ლოჯისტიკური და სამეთაურო ცენტრი ბერდიანსკში პრაქტიკულად ყოველდღიური დარტყმის ქვეშაა.
- წუხელ რუსული დრონები და რაკეტები უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 95%-ნი წარმატებით მოხდა მათი განეიტრალება, რუსებმა მაინც დაბომბეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ლვივში (ლვოვი). არაა განმარტებული თუ რა მოიაზრება კრიტიკულ ინფრასტრუქტურად, მაგრამ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ენერგეტიკასთან ისე სამხედრო საწარმოსთან, ბაზასთან, საწვრთნელ ცენტრთან, რკინიგზასთან და სხვა.
- ლუგანსკის ოლქში კრემინას ტყეში და ბილოჰორივკას მიმართულებით წამოწყებული რუსული იერიში ჩიხში შევიდა. როგორც ვუჰლედარის მისადგომებთან ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ნაღმებზე დატოვეს თავის ეკიპაჟიანად, ახლაც იგივე ვხედავთ ლუგანსკის ოლქში, სადაც იერიშზე გადასული რუსული ტექნიკა იწვის.
- დღეს უკრაინული დრონები აქტიურად მუშაობდა რუსეთში, როსტოვის ოლქში. რა იყო სამიზნეები და მოხდა თუ არა მათი განადგურება, არაა ცნობილი. მუშაობდა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც.
- აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ჩინეთისაგან მიიღო გარანტიები რუსეთისათვის ლეტალური იარაღის მიწოდების დაუშვებლობის შესახებ. იგი იმედოვნებს, რომ ჩინეთი აღნიშნულ რაციონალურ პოზიციას შეინარჩუნებს და მეტ სიფხიზლეს გამოიჩენს იმ კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც ფარულად თანამშრომლობენ რუსეთთან. რეალურად აშშ პეკინს მოუწოდებს ნუ ჩაჯდება იმ ნავში, რომელსაც ჩინეთის ეკონომიკისათვის დიდი დარტყმის მიყენება შეუძლია. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ რა შეიძლება სურდეს და რა შეიძლება არ სურდეს ჩინეთს, მაგრამ კვლავ ორიოდე ფრაზით რომ ვთქვათ, ნათელია, ჩინეთისათვის ყველაზე ოპტიმალური სცენარით მასზე ჩამოკიდებული რუსეთი და ომით გადაღლილი დასავლეთი იქნება.
- ევროკავშირმა ომის შემდეგ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტების წილი 90%-ით შეამცირა. რუსეთის შემოსავლების ერთ-ერთი ღერძი სწორედ ნავთობპროდუქტები იყო. ეს იმაზე უფრო დიდი დარტყმაა ვიდრე გაზზე უარის თქმა.
მიყევით ბმულს - გიორგი კობერიძე