გამოქვეყნდა საქსტატის ანგარიში 2021 წლის ეკონომიკურ ზრდაზე. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა ნომინალურად 22.3%-ით გაიზარდა და მშპ-ის ზომამ 60.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა 10.4% იყო. ეს 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია საქსტატის წინა ანგარიშზე, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, გასულ წელს ეკონომიკური ზრდა 10.6% იყო.
როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოს ნომინალური მშპ გასულ წელს 22.3%-ით გაიზარდა, საიდანაც დეფლატორის წილი 10.8%; რეალური ეკონომიკური ზრდის წილი კი 10.4% იყო.
საქსტატის თანახმად, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა. შესაბამისად, გასული წლის მაღალი ეკონომიკური ზრდა მეტწილად სწორედ “საბაზო ეფექტით” იყო განპირობებული, რადგანაც ის 2020 წლის მაჩვენებლებს დარდებოდა.
თუკი 2021 წლის რეალურ ეკონომიკას შევადარებთ 2019 წლის, ანუ პანდემიამდელი პერიოდის ეკონომიკასთან, გამოდის, რომ 2019 წელთან მიმართებით 2021 წლის ეკონომიკა მხოლოდ 3.6%-ით გაიზარდა.
ეკონომიკის დარგებს შორის 2021 წელს რეალური ზრდა ასე ნაწილდება:
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 19.9%;
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 27.6%;
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 43.1%;
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 28.7%;
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 23.5%;
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 9.2%;
● დამამუშავებელი მრეწველობა - 9.0%;
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 29.8%;
● ენერგეტიკა - 33.5%;
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 23.9%;
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 13.5%;
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში:
● მშენებლობა - -21.8%;
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - -1.4%;
● განათლება - -2.3%;
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128