USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
15 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  492

15 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 74–ე დღე (ნაკიან წლებში - 75–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 291 დღე.

დღის მოვლენები

ძვ. წ. 44 : რომის რესპუბლიკის დიქტატორი, იულიუს კეისარი, სასიკვდილოდ დაჭრეს მარკუს ბრუტუსმა, გაიუს კასიუს ლონგინუსმა, დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსმა და კიდევ რამდენიმე რომაელმა სენატორმა მარტის იდებზე.

1493 : ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა ამერიკაში თავისი პირველი ექსპედიციიდან.

1776 : სამხრეთი კაროლინა ამერიკის პირველი კოლონია გახდა, რომელმაც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარი მთავრობა შექმნა.

1820 : მენი აშშ-ის 23-ე შტატი გახდა.

1848 : დაიწყო რევოლუცია უნგრეთში.

1892 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი ლივერპული.

1939 : ნაცისტურმა არმიამ დაიკავა ჩეხეთი.

1985 : პირველი ინტერნეტ დომენური სახელი დარეგისტრირდა (symbolics.com).

1990 : მიხაილ გორბაჩოვი არჩეულ იქნა სსრკ-ის პირველ პრეზიდენტად.

1991 : გერმანია ფორმალურად იბრუნებს სრულ დამოუკიდებლობას ოთხი პოსტ-მმო ოკუპაციური ძალებისგან (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი).

2016 : ფერმას დიდ თეორემაში ახალი მტკიცებულებების გამო ბრიტანელი ენდრიუ უაილზი აბელის პრემიის ლაურეატი გახდა.

2019 : ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთებში სროლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.

ამ დღეს დაბადებულნი

1493 : ან დე მონმორანსი — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე

1516 : ელქას მირზა ― ისმაილ I-ის მეორე ძე

1767 : ენდრუ ჯექსონი — აშშ-ის პრეზიდენტი (1829-1837)

1789 : გეორგ ზიმონ ომი — გერმანელი ფიზიკოსი.

1825 : ანიბალ პინტო — ჩილეს პრეზიდენტი (1876–1881)

1830 : პაულ ფონ ჰაიზე — გერმანელი მწერალი

1830 : ელიზე რეკლიუ — ფრანგი გეოგრაფი

1835 : დიურინევ ქადინ ეფენდი — ოსმალეთის სულთნის, აბდულაზიზის პირველი ცოლი

1854 : ემილ ადოლფ ბერინგი — გერმანელი ბაქტერიოლოგი.

1855 : ვასილ ყიფიანი — ქართველი პედაგოგი

1863 : ალი-აღა შიხლინსკი — რუსეთის საიმპერატორო არმიის და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მხედართმთავარი

1865 : ივანე ფიგუროვსკი — რუსი კლიმატოლოგი.

1868 : თედო სახოკია — ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი

1878 : რეზა-შაჰ ფეჰლევი — ქართული წარმომავლობის ირანელი, რომელიც გახდა ირანის პირველი შაჰანშაჰი ფეჰლევის დინასტიიდან.

1880 : მალაქია ტოროშელიძე — ქართველი საბჭოთა პარტიული და საზოგადო მოღვაწე

1882 : იოსებ აბაკელია — ქართველი ფთიზიატრი

1910 : გრიგოლ ჩიქოვანი — ქართველი მწერალი.

1920 : ნგუენ თი დინი — ვიეტნამელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე ქალი

1920 : ანდრო კობალაძე — ქართველი მსახიობი

1930 : ჟორეს ალფეროვი — რუსი ფიზიკოსი

1937 : შოთა იამანიძე — ქართველი ფეხბურთელი

1943 : დევიდ კრონენბერგი — კანადელი კინორეჟისორი

1944 : ნებაჰათ ჩეჰრე— თურქი მსახიობი

1948 : ლევან თედიაშვილი — ქართველი მოჭიდავე

1953 : კუმბა იალა — გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი (2000–2003)

1957 : როლანდ კოპალიანი — ქართველი აგრონომიის მკვლევარი-სპეციალისტი

1958 : მიხეილ არკადიევი — რუსი დირიჟორი, პიანისტი

1959 : რენი ჰარლინი — ფინელი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი

1968 : საბრინა სალერნო — იტალიელი მომღერალი

1969 : კიმ რეივერი — ამერიკელი მსახიობი.

1975 : ვესელინ ტოპალოვი — ბულგარელი მოჭადრაკე

1975 : ევა ლონგორია — ამერიკელი მსახიობი და მოდელი

1981 : ხანა ომარხალი — რუსეთის რელიგიათმცოდნე

ამ დღეს გარდაცვლილნი

ძვ. წ. 44 : იულიუს კეისარი — რომაელი სახელმწიფო მოღვაწე

1723 : გიუნთერი, იოჰან კრისტიან — გერმანელი პოეტი

1937 : ლავკრაფტი, ჰაუარდ ფილიპს — ამერიკელი მწერალი

1945 : იტიკავა სიოიტი — იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე

1959 : დადიანი, შალვა — ქართველი მწერალი, დრამატურგი.

1975 : ონასისი, არისტოტელეს — ბერძენი მილიარდერი

დღესასწაულები

ბელარუსი : კონსტიტუციის დღე

უნგრეთი : რევოლუციის დაწყების დღე (1848 წ.)

საქართველო : არტილერიის დღე

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თეოდოტე კვირინელი

ევთალია ქალწული

ტროადი ჭაბუკი

აღათონ მეგვიპტელი

440 იტალიელი მოწამე

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати