USD 2.6963
EUR 3.1646
RUB 3.3149
Tbilisi
12 აპრილს საქართველომ $500-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს
Date:  931

12 აპრილს საქართველოს მთავრობამ 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა - $500 მილიონი დოლარი უნდა დაფაროს. ვალის მომსახურება მისი რეფინანსირებით უნდა მოხდეს, რაც მის სანაცვლოდ ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციების გამოშვებას ნიშნავს.

საქართველოს მთავრობამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები მარტში დაიწყო. ამ მოლაპარაკებების შედეგების და ახალი ევრობონდის გამოშვების თარიღის შესახებ მთავრობას საჯაროდ ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. შესაბამისად, იზრდება ალბათობა რომ ამ სესხის მომსახურებისთვის ორშაბათს არა ახალი სესხი, არამედ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე არსებული ბიუჯეტის ნაშთი გამოიყენოს და დანაკლისი მხოლოდ შემდგომში ახალი $500-მილიონიანი ვალის აღების შემდეგ შეივსოს.

2011 წელს გამოშვებული სუვერენული ევროობლიგაციის განაკვეთი 6.875%-ს შეადგენდა. იმის გამო, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი 2011 წლის შემდგომ გაუმჯობესებულია, სავარაუდოდ რისკის პრემია, რასაც ინვესტორები რეფინანსირებულ $500 მილიონიან სესხს დააკისრებენ 6.875%-ზე ნაკლები უნდა იყოს.

ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულ მხარეებს წარმოადგენენ ქართული საინვესტიციო ბანკები Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. მარტის ბოლოს TBC Capital-ის ხელმძღვანელმა მერი ჩაჩანიძემ BMG-ს განუცხადა, რომ, მათი მოლოდინით, ახალი ვალის მოზიდვას საქართველო ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძლებს.

“როგორც სახელმწიფოს, ასევე ბანკებს, რომლებიც ჩართული ვართ ამ პროცესში, გვაქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვნად დაბალ კუპონში მოხდება ობლიგაციების განთავსება. საქმე ისაა, რომ საქართველო დღეს ბევრად განსხვავებული ქვეყანაა, ვიდრე იყო 2008 ან 2011 წელს; დღეს ბევრად გაუმჯობესებულია ქვეყნის სუვერენული რეიტინგი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკეთესი პროცენტი გვექნება. ასეთი საჯარო განთავსების დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, თუ რა სიტუაციაა ბაზარზე და დღესდღეობით, იანვრიდან მოყოლებული, ფასიანი ქაღალდების ბაზარი იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში. ამის შესანიშნავი მაგალითია სომხეთი, რომელმაც უპრეცედენტოდ დაბალ კუპონში შეძლო ფასიანი ქაღალდის გამოშვება, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს ჩვენზე ორი საფეხურით დაბალი რეიტინგი აქვს”,- BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.

საქართველომ $500-მილიონიანი ევროობლიგაციები პირველად 2008 წელს გამოუშვა, ამ ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება 2011 წელს მოხდა, სწორედ მათი მომსახურება უნდა მოხდეს 12 აპრილს. მნიშვნელოვანია განსხვავება ლარებში ამ ვალდებულებების მოცულობებს შორის. 2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარი იყო, ამჟამად კი $500 მილიონი 1.71 მილიარდი ლარია, რაც 10 წლის წინანდელ თანხას 2-ჯერ აღემატება.

ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა BMG-ს გასული წლის ოქტომბერში განუცხადა, რომ მთავრობა ევრობონდების რეფინანსირებასთან ერთად მათი ახალი ვალის აღების გარეშე განიხილავდა. თუმცა, წლის ბოლოს გაუარესებული ეკონომიკური პირობების ფონზე, მთავრობამ ვალის რეფინანსირების გადაწყვეტილება მიიღო.

economics
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - სომხური პროდუქცია საქართველოს გავლით, შესაძლოა, აზერბაიჯანში გავიდეს

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხური პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტის საკითხი დღის წესრიგშია. მინისტრის თქმით, მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების „საკმაოდ ფართო პოტენციალი“ არსებობს.

პაპოიანის განმარტებით, ვაჭრობის განვითარებისთვის ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას „საქართველოს რკინიგზის“ ხაზით ტრანზიტის კონკურენტული ღირებულება წარმოადგენს.

„შესაძლებელია არა მხოლოდ იმპორტი [აზერბაიჯანიდან], არამედ ექსპორტიც. ამ ეტაპზე, საკმაოდ კონკურენტული ფასი [ტრანზიტის ტარიფი] მივიღეთ საქართველოს რკინიგზისგან. შესაბამისად, ბევრი შესაძლებლობაა“, - განაცხადა მან.

მინისტრმა ჩამოთვალა იმ საქონლის სიაც, რომლის მიწოდებაც სომხეთს მეზობელი ქვეყნისთვის შეუძლია:

  • მეტალურგია: ალუმინი, ალუმინის ფოლგა, ფერომოლიბდენი;
  • სოფლის მეურნეობა: ხილ-ბოსტნეული, პირუტყვი;
  • მსუბუქი მრეწველობა: ტექსტილის სხვადასხვა ნაწარმი;
  • სასმელები.

 

ამ ეტაპზე მიწოდების ორგანიზაციული საკითხების განხილვა მიმდინარეობს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ თბილისი და ბაქო „მორიგი წარმატებული გარიგების შესახებ“ მალე გამოაცხადებენ.

ორი დღით ადრე, 26 დეკემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია. მისი თქმით, თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო და არსებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა, რამაც აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა. ბაირამოვის განმარტებით, საკითხში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერთო და კომპანიებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე.

აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, შეთანხმება საქართველოს რკინიგზასთან შედგა. ბაირამოვმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. ამ ეტაპზე საჯაროდ არ სახელდება ტარიფის კონკრეტული განაკვეთი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.

See all
Survey
By the way