გია ვაწაძე: ბანკში თავდებად ანგოლაში დაბადებული ემიგრანტი დამიდგა
პროფესიით ინჟინერი ვარ. თბილისში საკუთარი პატარა ბიზნესი ყოველთვის მქონდა. ჯერ კოოპერტივი, მერე პლასტმასის საამქრო, ვულკანიზაცია, შამპანურის ქარხანა... რა არ მიკეთებია, მაგრამ ქვეყნის საქმესთან ერთად, ჩემი საქმეც აირია და ბევრი წვალებისა თუ ფიქრის შემდეგ, წარმატების საძიებლად სხვა ქვეყანაში წასვლა გადავწყვიტე. კონკრეტულად სად მივდიოდი არ ვიცოდი. ბინა გავყიდე, წინ მსოფლიო რუკა დავიდე და თვალდახუჭულმა ავირჩიე ადგილი, სადაც მეუღლესთან ერთად, მომავალი წლები უნდა გამეტარებინა...
პორტუგალიაში 2000 წელს ჩავედით. როგორც ემიგრანტთა უმრავლესობას, ჩვენც აფერისტის მსხვერპლი აღმოვჩნდით:.. დღემდე არ ვიცი რა ეროვნების კაცი იყო. ქართულ-სომხური აქცენტით ლაპარაკობდა გივი კვარაცხელიშვილად გაგვეცნო... პირველსავე დღეს, ბოლო ორასი დოლარი გამოგვართვა. გივის `ორგანიზებულ~ მშენებლობაზე ერთი თვე ვიმუშავე. ხელფასი აქაურ ესკუდოებში – ორას ორმოცდაათი დოლარი ავიღე... დაპირებული ორი ათას დოლარიანი `სტროიკები” კი არსად ჩანდა. მალე გივიც გაიქცა... არალეგალი ემიგრანტების სტატუსით, უცხო ქვეყანაში მარტონი დავრჩით...
გამოსავლის ძიებაში
პორტუგალიის სამხრეთი მხარე, სადაც ჩვენ ვართ, ტურისტული ზონაა. ირგვლივ ბევრი მშენებლობაა თუმცა, სამუშაო მხოლოდ ლეგალურ ემიგრანტებს აქვთ. ისიც მცირე ანაზღაურებით. ჩვენი დასაქმება პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. მათთვის, ვინც არალეგალს სამსახურში აიყვანს მაღალი ჯარიმებია დაწესებული. 2000 წლის ბოლოს, პურის საცხობში ვიპოვნე ადგილი. თვენახევარში, პროფესიონალი ხაბაზი გავხდი... ღამით თონეში ვმუშაობდი. დღისით კი ვფიქრობდი რა საქმე შეიძლებოდა წამოეწყო ოცდათექვსმეტი წლის ქართველ ემიგრანტს, რომელმაც თბილისში უკანასკნელი ქონება გაყიდა და ქვეყნის დასალიერში გადაიხვეწა. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ თონის უფროსი ანგოლაში დაბადებული ემიგრანტი იყო. კონტრაქტი გამიფორმა. ხუთასი დოლარი ხელფასიც მომცა. თავი როგორღაც გაგვქონდა, მაგრამ ბევრ ჩვენებურს უჭირდა... მაშინ, ქართველთა ასოციაციის შექმნა და გაზეთ "ემიგრანტის" გამოშვების იდეა მომივიდა თავში.
პირველი ასოციაცია და გაზეთი ემიგრანტებისთვის პორტუგალიაში
2001 წელს, საქართველოს ემიგრანტთა ასოციაციაცია დავაარსეთ. ეს იყო დრო, როდესაც პორტუგალიამ საშუალება მისცა ყველა ტურისტული ვიზით ჩამოსულ ემიგრანტს, ეპოვნა სამსახური, ჰქონოდა სამუშაო კონტრაქტი და პირველი დროებითი ერთწლიანი ვიზა... გარდა ამისა, გამოვუშვით გაზეთი ემიგრანტებისთვის. სადაც ქართულ, მოლდავურ, რუსულ და უკრაინულენოვან გვერდებზე კონკრეტულად ამ ქვეყნების და მსოფლიოს სხვა ახალ ამბებს ვაშუქებდით... თონის უფროსმა წარმოუდგენელი გულითადობა გამოიჩინა. ბანკში თავდებად სწორედ ის დამიდგა. თანხა ამაღებინა, კარგი ადვოკატიც მაპოვნინა და მირჩია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ემიგრანტთა ასოციაციად დავრეგისტრირებულიყავით, თუმცა ძირითადი ბირთვი მაინც ქართველები ვიყავით. დამკაბადონებლის ძებნაში ორი თვე ამაოდ დავკარგე. ბოლოს, ამ საქმის საკუთარ თავზე აღება გადავწყვიტე. მანამდე კომპიუტერთან შეხება არასოდეს მქონია. ისიც კი არ ვიცოდი ინტრნეტში სტატიები სვეტებად თუ ეწერა... ვიყიდე კომპიუტერი და დავიწყე სწავლა. ჯერ ჩართვა-გამორთვა ავითვისე, მერე ბეჭდვა, მალე ინტერნეტიც ჩავრთე... ძალიან გამიტაცა. ორ-სამ თვეში, უკვე გაზეთს ვაწყობდი. ღამე თონეში ვმუშაობდი, დღისით ემიგრანტთა ასოციაციის საკითხებს ვუძღვებოდი. გაზეთიდან შემოსული თანხით კი ადვოკატს ვუხდიდი ხელფასს, რომელიც ასოციაციაში მოსულ ემიგრანტებს სამუშაოს პოვნასა და ლეგალიზებაში ეხმარებოდა.
უკრაინელები
ის ის იყო საქმე გავმართე, რომ უკრაინელმა ვითომ ძველმა ბიჭებმა ფულის “სუნი იგრძნეს” და სახლში მომადგნენ... იყო ლაპარაკი როგორ უჭირთ უკრაინელ "ბლატნოებს” "ჟიტომირის კრიტში” და რომ მათ, როგორც ქურდებისგან უფლებამოსილებს, პორტუგალიაში აგროვილი "ობშჩაკი” რეგულარულად უნდა ეგზავნათ უკრაინაში... მითხრეს: ცოლთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობ, ვინმემ რომ რამე შემოგიგდოს გინდაო? ხომ იცი როგორია ცხოვრება, ათასი მოშურე გაგიჩნდება, ჩვენ კი ამ მხარეში უკვე ძალა ვართ და `დაგკრიშავთო”. მათი დინჯი, დამაჯერებელი ლაპარაკი მუქარას არ ჰგავდა... ერთი კი ვკითხე, აგროვებული ფულის ნახევარი “ჟიტომირის კრიტში” რომ გავაგზავნოთ, და მეორე ნახევარი თბილისის “კრიტში”, ეგრე არ შეიძლება? თუ, იქ არ არიან გაჭირვებულები და "ბლატნოები?” ან ქურდულმა სამყარომ, ევროპაში მშრომელი ხალხისთვის წართმეული ფულით არსებობა როდიდან დაიწყო-მეთქი? ერთმანეთს გადახედეს, ადგნენ და ოფიციალური “სტრელკა” მეორე დღისთვის დამინიშნეს.
შეხვედრა უკრაინელებთან
პირისპირ ოთხი შეგვხვდა... როგორც მერე გავიგე, თორმეტი შეიარაღებული ადამიანი იქვე ჰყავდათ გადამალული... ორ ქართველ ბიჭთან ერთად მივედი... პირდაპირი და მკაცრი საუბარი გვქონდა. ბოლოს, გადაწყვიტეს, მშრომელი ემიგრანტების მჩაგვრელთა წინააღმდეგ ჩვენთან ერთად "ებრძოლათ”... ვითომ მეგობრობას მეფიცებოდნენ, სინამდვილეში კი ბოღმა ახრჩობდათ. მაქსიმალურად ვცდილობდი ჩვენს საქმეში არ ჩამერია. ისინი კი მხოლოდ ჩვენი წასვლის შემდეგ მოდიოდნენ ოფისში. ასოციაციის ოფისს იყენებდნენ შეხვედრის ადგილად, ბჭობდნენ ალბათ თავიანთ “საგმირო” საქმეებზე... და ჩვენი ასოციაციის და რედაქციის ხელში ჩაგდებასაც ფიქრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებისამებრ, ჩვენს საქმეში არ ვახედებდით, დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაზეთში დიდი ფული ტრიალებდა. ასოციაცია კი თავისი მიზნებისთვის უნდოდათ... იმ პერიოდში "ვესტერნ იუნიონის" მთავარი ოფისიდან დამიკავშირდნენ და გაზეთში, ერთი წლის ვადით, რეკლამის განთავსება მთხოვეს. 72 000 ევროს იხდიდნენ. თავიდან გადმორიცხეს თანხის ნახევარი, რომელიც მაშინვე ასოციაციის წევრებს და ასოციაციის დაგროვილ ვალებს მოვახმარეთ. უკრაინელებმა ეს ამბავი გაიგეს, გაგიჟდნენ და როდესაც რეკლამის დამკვეთთან კონტრაქტის გასაფორმებლად გავემგზავრე, ორი კაცი, ვითომ დასაცავად, უკან გამომაყოლეს. არაფერი შემიმჩნევია... "კომპანიონები” კი გაცივდნენ და ოფიციალურები გახდნენ. ერთ დღეს, ოფისის ხარჯების განაწილება მოვთხოვე და ამ ფაქტის შემდეგ პირისპირ აღარც შევხვედრილვარ... ასოციაციის ტერიტორიიდან გაქრნენ, სამაგიეროდ, 70 000 ევროს ჩარიცხვამდე რამდენიმე დღით ადრე, დილით სამსახურში მისულმა იატაკზე მიმოღვრილი ბენზინი, თავღია კოკა-კოლის ბოთლები და დამწვარი დაკუჭული ქაღალდი აღმოვაჩინე... ღმერთმა გადაგვარჩინა... პოლიციამ ვერავის კვალს მიაგნო... ერთ კვირაში კი ტელეფონზე პირველი მუქარა გაისმა – ან რეკლამის სრულ თანხას გადაგვიხდი, ან შემდეგი შენი ბინა იქნებაო! პირისპირ შეხვედრასა და ლაპარაკზე უარი მითხრეს. ურთულეს სიტუაციაში ავღმოვჩნდი, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო... ერთი თვე, გაუხდელად გვეძინა. გაზეთის გამოცემა შეწყდა. დამკვეთმა გადახდილი ფულის დაბრუნება ჯარიმის ორმაგ თანხასთან ერთად მოითხოვა... ისევ ვალები დაგვედო... ერთი თვის თავზე, უკრაინელები უკვე გადახვეწილები რომ გვეგონენ, საშინელი ამბავი მოხდა: ჩემს თანამშრომელს, შუა ქუჩაში, ექვსმა კაცმა მოულოდნელად და ულაპარაკოდ სროლა აუტეხა. პოლიციელებს კი, რომლებიც ძალიან მალე მოვიდნენ, ბანდიტები გაქცეული დახვდათ... არადა, ასეთი წყნარი მხარე მთელ ევროპაში არ არის. აქ დღემდე იმ სროლაზე ლაპარაკობენ... დაინტერესდა აქაური პრესა, ჩამოვიდა ტელევიზია... მოკლედ, მთელი ამბავი იყო... უკრაინელები ისევ დაიკარგნენ... ამასობაში, ჩვენ რეკლამის შემკვეთს მოველაპარაკეთ, რომ ექვსი თვე რეკლამას უფასოდ დავუბეჭდავდით და მუშაობა განვაახლეთ... თუმცა, მაინც ყურადღებით ვიყავი. ამბავი მოვიდა, დაფიცებული აქვთ სანამ შედეგს არ მიაღწევენ არ დაოკდებიანო... გავიგე, ისიც, რომ მანქანაში მიპირებდნენ აფეთქებას... ავტომობილს ყოველი გაჩერების მერე ვამოწმებდი... ერთ-ერთმა იმათიანმა დამირეკა, და გამაფრთხილა, ბინაც დაგინაღმესო... იმ კაცის წყალობით გადავრჩით. ოთახი პრიმიტიულად დანაღმული დაგვხვდა რუსული წარმოების სამი ხელყუმბარა კარის შიგნიდან ჰქონდათ მიმაგრებული და რგოლებში გაყრილი თოკი კარის სახელურზე იყო მოხვეული...
კოშმარის და ასოციაციის დასასრული...
ამასობაში, ნაძირლების "საგმირო საქმეები" ჟიტომირის კრიტამდეც მივიდა. ერთ დილას, სახლთან ორი ავტომობილი გაჩერდა. ბიჭები უკრაინიდან იყვნენ... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როგორც იქნა, გამოჩნდა ნორმალური ხალხი... არაფრის მოყოლა არ მაცალეს. მხოლოდ ის მითხრეს, ყველაფერი ვიცით, მაგათ განაჩენი "ჟიტომირის კრიტში” გამოუტანეს და აქედან ისე არ წავალთ სანამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთო. ორი შეიარაღებული კაცი ჩვენს სახლში დარჩა, სხვები კი გავიდნენ... სამ-ოთხ საათში დაურეკეს და ესენიც წაყვნენ. წასვლის წინ დამემშვიდობნენ და მითხრეს – ნუღარაფერს იდარდებ, იმუშავე და დაივიწყე ეგენიო... მას შემდეგ, მათ შესახებ აღარაფერი მსმენია... თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ჩვენმა სტამბამ, გამომცემლობამ და ასოციაციამ შესძლო ხელახლა ფეხზე დადგომა და მხრებში გამართვა...
გია ვაწაძესთან ეს ინტერვიუ 11 წლის წინ ჩავიწერეთ, მას მერე მასთან კავშირი აღარ გვქონია. თუ ვინმემ იცით რაიმე სიახლე გიასთან დაკავშირებით შეგვეხმიანეთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ისტორიას...